„ნიკოლას პირველი დღე“, – ამ წარწერით აქვეყნებს თბილისის მერი, კახა კალაძე შვილის სკოლაში შესვლის ვიდეოს TikTok-ზე.
თბილისის მერმა და „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, თავის დროზე შვილების დაბადების ადგილად ევროპა აირჩია და განათლებაც ევროპული შეურჩია შვილებს. კერძოდ, ფრანგული სკოლა, რომელიც, როგორც ამ სკოლის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში 2006 წელს, საფრანგეთის საელჩომ დააარსა.
სასწავლო დაწესებულების ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და აქვს ბავშვზე ორიენტირებული, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა. ამ სკოლაში, დაწყებით კლასებში სწავლის საფასური 5600 ევროა წელიწადში.
კადრებში, სადაც ჩანს, თუ როგორ აცილებენ კალაძე და მისი მეუღლე შვილს სკოლაში, ჩანს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც.
წულუკიანს შვიდი წლის შვილი ჰყავს. სავარაუდოდ, მისი შვილიც ამავე სკოლაში იღებს განათლებას.
„ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა ბოლო წლებია განსაკუთრებით ანტიდასავლური და ჰომოფობიურია. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები თავიანთი ოჯახებისა და შვილების მომავლისთვის მაინც ევროპას ირჩევენ.
ამავე თემაზე: ღარიბაშვილი, რომელიც შვილს სასწავლებლად აშშ-ში უშვებს, უცხოელ ახალგაზრდებში საგანგაშო “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბრობს
მაგალითად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სულ ახლახან კიდევ ერთი ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და თქვა – „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსოს“. მდინარაძე გულისხმობდა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას.
რას ნიშნავს, როცა მთავრობის მაღალჩინოსნები ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას უფრო ენდობიან, ვიდრე ქართულს და შვილები საჯარო სკოლების ნაცვლად, ძვირადღირებულ, კერძო სკოლებში დაჰყავთ, ამის ფონზე კი ევროპას აკრიტიკებენ? – ვკითხეთ განათლების სპეციალისტს, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს სიმონ ჯანაშიას.
მისი თქმით, ფაქტია, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა და პრაქტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა და კერძო ინტერესები განსხვავებული აქვთ. მათი რიტორიკა, პოლიტიკა და პრაქტიკა ერთმანეთისგან აცდენილია.
ვხედავთ იმას, როგორ ცდილობენ თავიან შვილებს მისცენ დასავლური განათლება, ბიზნესი ჰქონდეთ დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით, მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ პოლიტიკას ისე ცვლიან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის იგივე შესაძლებლობების გამოყენება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
ეს არის მთავარი პრობლემა, რადგან პოლიტიკოსი, ნაცვლად იმისა, ცდილობდეს ხალხის მდგომარეობა გახადოს უკეთესი, თუნდაც განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით რომ აღმოიფხვრას პრობლემები, ამის საპირისპიროდ იქცევა.
ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა არის, მაგალითად, ის საერთაშორისო სტიპენდიები, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები მოიპოვებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში. ამ პოლიტიკით კი, რასაც საქართველოს მთავრობა ეწევა, პრობლემები ექმნებათ ახალგაზრდებს.
თუ დასავლეთთან კონფრონტაციის ეს ფორმატი გაგრძელდება, შემცირდება საერთაშორისო პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ წასვლას და იქ ხარისხიანი განათლების მიღებას“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ მთავრობის განცხადებები არ რჩება რიტორიკის დონეზე და ეს იწვევს ჩვენი ქვეყნისთვის ცუდ შედეგებს.
„სამწუხაროდ, ცუდი შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის ასეთ საუბარს და პირველ რიგში, ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც არ ჰყავთ შეძლებული მშობლები და ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
ბევრი სახელი შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს, უსინდისოც, ამორალურიც, რადგან ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიყალბეზე, საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირებასა და დაშინებაზე, რომ რაღაც საფრთხეებია თურმე და თუ „ოცნება“ არ დაგვიცავს, გვემუქრება ტრადიციული ღირებულებების შეცვლა ან საგარეო კატასტროფა და ომი. ეს არის მათი საარჩევნო პროგრამა და ასე ცდილობენ შემოიტანონ ახალი საფრთხეები.
ახლა პარტიების აკრძალვაზე დაიწყეს საუბარი, რაც რუსეთიდან მოდის და ეს არის დაშინების პოლიტიკის ერთი ნაწილი.
ამას ცდილობენ საგანმანათლებლო სისტემის კონტროლის ქვეშ მოქცევით, როცა ახლა, მაგალითად, კოლეჯის დირექტორები გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ არჩევნების შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება დირექტორი და ვინ – არა. კონკურსიც ჩაიშალა, რადგან ვერცერთი ადამიანი ვერ იპოვეს თურმე, რომელიც აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს არის პირდაპირი მაგალითი განათლების სისტემაზე ზეწოლის და დაშინების. ასე ხდება სკოლებშიც.
მოხსნეს სკოლის დირექტორებიც, რაც სიგნალია სხვა დირექტორებისთვის“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.
მის თქმით, ის, რაც ათი წლის წინ, ექსტრემისტული, მარგინალური ჯგუფების რიტორიკა იყო, დღეს ხელისუფლების რიტორიკა გახდა.
„რომ ევროპიდან შემოდის გარყვნილება და ჩვენ უნდა გვეშინოდეს დასავლეთის. არა იმიტომ, რომ თვითონ სჯერათ ამის, არამედ ამით ცდილობენ საზოგადოების კონტროლს.
იტყუება თუ არა ადამიანი, ეს მისი მორალის პრობლემაა, მაგრამ თუ თვალთმაქცობას იმისთვის იყენებს ხელისუფლება, რომ ჩვენ გვაკონტროლოს, ეს უკვე პრობლემაა.
მაგალითად, როცა (პანდემიის დროს) ვალდებული ვიყავით სახლში დავრჩენილიყავით, ისინი (მაღალჩინოსნები) აწყობდნენ ქეიფებს, – ესეც ამორალურია, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაყენებდა პირდაპირ ზიანს. მაგრამ როცა ჩვენ გვეუბნებიან – „თქვენ იყავით საქართველოში, ჩვენი შვილები კი ისწავლიან ევროპაში“ – აი, ეს, უკვე პრობლემაა.
როცა ჩვენ და ჩვენს შვილებს გვიმცირებენ შესაძლებლობებს, თან გვაშინებენ, რომ ეს ყველაფერი თუ არ გააკეთეს, გადავშენდებით, ეს პრობლემაა.
აშკარად გადავშენდებით, თუ ახალი არაფერი შემოვა ამ ქვეყანაში და იზოლაციაში მოვექცევით, რადგან ამ ფორმით გადარჩენილი ერები არ არსებობს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
_______________
მთავარი ფოტო: კახა კალაძეს შვილი შეჰყავს ფრანგულ სკოლაში/კადრში ჩანს თეა წულუკიანიც.