მთავარი,სიახლეები

როდის შეგიძლიათ საარჩევნო უბნის შეცვლა და რა დრო დაგრჩათ სიაში მონაცემების შესამოწმებლად

09.09.2024
როდის შეგიძლიათ საარჩევნო უბნის შეცვლა და რა დრო დაგრჩათ სიაში მონაცემების შესამოწმებლად

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.

ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება კი, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის ან სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით ვებგვერდზე: voters.cec.gov.ge

ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko. [iOS , Android ]

ამომრჩეველს ასევე შეუძლია მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.

სიებში ცვლილებების შეტანა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საარჩევნო უბნის მისამართის გაგება შეგიძლიათ ამ ბმულზე. შესაბამის ველში შეიყვანეთ პირადი ნომერი და გვარი. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაცემებს და ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი. შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ცესკოს ნომერზე – 2 51 00 51.

შესაძლებელია თუ არა ხმის მიცემა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით? – ცესკოში აცხადებენ, რომ – არა.

„ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შესაბამის უბანზე და არ განიხილება დროებითი რეგისტრაცია. ხმის მისაცემად უბნის შეცვლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ოფიციალურად შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს“, – გვითხრეს ცესკოში.

ანუ, თუ ამომრჩეველი რეგისტრირებულია დავუშვათ ბათუმში და ფაქტობრივად ცხოვრობს სხვაგან, მას ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ბათუმში, შესაბამის უბანზე.

იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი გააუქმებს რეგისტრაციას ბათუმში და დარეგისტრირდება სხვაგან [ანუ თუ ამოეწერება და ჩაეწერება სხვაგან], ხმას მიცემს ახალი რეგისტრაციის ადგილზე, შესაბამის უბანში.

ამასთან, რეგისტრაციის ადგილის შეცვლით საარჩევნო უბანი შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შეცვლა მოხდება 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ანუ 9 ოქტომბრამდე.

„ასეთ შემთხვევაში იუსტიცია გვიგზავნის მონაცემებს და ცვლილებები ავტომატურად შედის საარჩევნო სიაში. თუმცა, 9 ოქტომბრიდან ასეთი ცვლილებები საარჩევნო სიაში, რეგისტრაციის ადგილის შეცვლის მიუხედავად, ვეღარ განხორციელდება“, – გვითხრეს ცესკოში.

შესაბამისად, ამომრჩევლებმა, რომლებმაც მუდმივი რეგისტრაციის ადგილი უკვე შეიცვალეს, ან 8 ოქტომბრის ჩათვლით შეიცვლიან, საკუთარი მონაცემები აუცილებლად უნდა გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში. იმ შემთხვევაში, თუ სიაში ცვლილება არ იქნება ასახული, ამომრჩეველმა უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას – ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც 9-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით უსრულდებათ 18 წელი, მონაცემებს იუსტიცია გზავნის ცესკოში და ამ მოქალაქეებს ხმის მიცემა თავისუფლად შეეძლებათ თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნებზე.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ

  • არ შეგიძლიათ ხმა მისცეთ დისტანციურად. ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანში პირადად გამოცხადების შემთხვევაში.
  • არ შეგიძლიათ სხვის მაგივრად მისცეთ ხმა. საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად [მათ შორის მინდობილობით] ხმის მიცემა.
  • თუ ამომრჩეველი სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეც არის, მას შეუძლია არჩევნებზე ხმის მიცემა.

ცესკოს ინფორმაციით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყანაში სულ 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 2 262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართება. მაგალითად, აჭარაში არის 66 უბანი, სადაც არჩევნები ძველი წესით, არაელექტრონულად ჩატარდება.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში. ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კი ამ დროისთვის ერთიან სიაში 3 426 250 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: