გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 იანვრის 21 საათიდან 10 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან წვიმა.
მაღალმთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, ელჭექი; ღამით ზოგან ძლიერი ქარბუქი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრამდე წამში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი – წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ა.მ. და 2000 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მდებარე გ.მ-ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალი ა.მ. და გ.ქ. რა დროსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მასპინძლის კუთვნილ თანხას.
„აღნიშნული ფაქტი სახლის მეპატრონემ მაშინვე შენიშნა და თანხის უკან დაბრუნებას შეეცადა, რამაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. გ.მ-მ საზოგადოებრივ უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ზარის განხორციელება სცადა, თუმცა მას ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი გასტაცეს და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულ თანხასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“ – წერს შსს.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.მ. და გ.ქ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
_____________
ფოტოზე: ერთ-ერთი ბრალდებული [შუაში] შსს-ს თანამშრომლებთან ერთად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 216 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 526 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 23 882 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 35 892 ერთეული [+18]
MLRS – 1 596 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 102 761 ერთეული [+687]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 137 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 73 426 ერთეული [+90]
სპეცტექნიკა – 4 037 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
108 206 უპილოტო საფრენი აპარატი
645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 020 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 637 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 463 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
51 287 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წერს, რომ მიმდინარეობს „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი.
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის – მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:
სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს ის“ – იუწყება სააგენტო.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს.
„Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.
ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული საკვების მიღებისას, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სასურველია დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს მკურნალობას ან მეთვალყურეობას.
აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა პოტენციურ რისკებს შეიცავდეს. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში“ – წერს სურსათის სააგენტო.
უწყება აღნიშნავს, რომ „ნესტლე საქართველომ“ დაუყოვნებლივ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარტიების იდენტიფიცირების და ამოღების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოში სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის ახალი წესი ამოქმედდა. წესი, რომელიც სერტიფიცირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე [საქაერონავიგაცია] ვრცელდება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა 2025 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით დაამტკიცა.
ამ „წესის მიზანია აეროდრომის დაცვის არის დადგენა და აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის კონტროლის მოთხოვნების განსაზღვრა.“
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აეროდრომის ექსპლუატანტ(ებ)მა, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან ერთად, 2026 წლის 31 აგვისტომდე უზრუნველყონ „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესით“ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება, განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა, შესაბამისი ანგარიშის და აეროდრომის დაცვის არის ნახაზების წარდგენა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დასამტკიცებლად“.
სააგენტო, აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობ(ებ)ის შეთანხმებული დასაშვები სიმაღლის შესახებ ინფორმაციას აწვდის აეროდრომის ექსპლუატანტს. აეროდრომის ექსპლუატანტი კი, დაბრკოლებების მართვის მიზნით, ნიშნავს შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს.
„აეროდრომის ექსპლუატანტი, დაბრკოლებების კონტროლის, ასევე აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის დაცვის არეში, ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას ან/და რეგულარულობას, ახორციელებს:
ყოველდღიურად – გარდამავალი ზედაპირის და მისი ფარგლებით შემოსაზღვრულ სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის ზედაპირების ვიზუალურ შემოწმებას;
სულ მცირე, კვარტალში ერთხელ – სააგენტოს მიერ შეთანხმებული მშენებლობების და/ან უნებართვო მშენებლობების კონტროლს.
მოქმედი წესის მიხედვით, „ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას ან/და რეგულარულობას, [ასევე არსებულ დაბრკოლებებზე, მწყობრიდან გამოსული შუქშემოღობვების აღმოჩენის შემთხვევაში] აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს, მფლობელს და სააგენტოს. ასევე, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.“
ამავე წესის მიხედვით:
„აეროდრომისდაცვისარე, ეს არის – აეროდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე არსებული, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედებს სიმაღლის შეზღუდვის რეჟიმი;
დაბრკოლება – ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილები, რომელიც განლაგებულია აეროდრომის სამიმოსვლო არეში [სამუშაო მოედანზე], კვეთს აეროდრომის დაცვის არის [აეროდრომის რაიონის] ზედაპირს ან მდებარეობს ამ ზედაპირის მიღმა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის;
ნიშანდება – საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის შემჩნევადობის ასამაღლებლად გამოყენებული საშუალება, რომელიც მოიცავს ობიექტის შეღებვას, მომნიშვნელს, ალმებით მონიშვნას, შუქ გადაღობვას ან მათ კომბინაციას.“
ახალ წესში აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება აეროდრომის დაცვის არის შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების პარამეტრების მოდიფიცირება, სააერნაოსნო კვლევის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში ერთვებიან „სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესით“ გათვალისწინებული მხარეები.“
აღსანიშნავია, რომ სააერნაოსნო კვლევის ჩატარება დაგეგმილია მაგალითად, ბათუმის აეროპორტში.
„ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევისა და სხვა მომსახურების შესყიდვაზე“ სახელმწიფო შპს „საქაერონავიგაციას“ ტენდერი აქვს გამოცხადებული.
„არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი მნიშვნელოვნად ზღუდავს [ბათუმის] ურბანულ განვითარებას… საჭიროა ამ ზედაპირების ხელახალი შეფასება…“ – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს 6 მოქალაქის ყოფნის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამოწმებს. სააგენტომ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა. დადასტურებული ფაქტიუა, რომ ტანკერი რუსული დროშის ქვეშ დაცურავს და ვენესუელიდან ნავთობს ეზიდებოდა.
„ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, – წერია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
გემზე ქართველი კაპიტნისა და მეზღვაურების ყოფნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა. სწორედ ამის შემდეგ გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განცხადება „ინფორმაციის დაზუსტების“ შესახებ.
პროკურატურის ცნობით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.
საუბარია 2026 წლის 6 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარ შემთხვევაზე.
შსს-ს გამოძიების თანახმად:
„სოფელ ყალაჯალაში, მამის ცემის გამო გაბრაზებული ბრალდებულები, დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და მამა-შვილს სცემეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულებს რამდენჯერმე განზრახ დააჯახა ავტომობილი.
მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა მოხერხდა“.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩადენილი ჯგუფურად ონი ან მეტი პირის მიმართ), 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 19,109-ე მუხლის „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
სააგენტოს ცნობით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი – 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. მარნეულში დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს, ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.
ბრალდებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი – წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული, გ.ბ. და 1977 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.
შსს იუწყება, რომ გამოძიების თანახმად, რომ ბრალდებულებმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით, 1979 წელს დაბადებული მ.წ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, სადაც სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს.
მ.წ-ს ბრალდებულებმა ასევე მოსთხოვეს მათ სახელზე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, რაც 32 000 ლარს შეადგენდა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. და მ.შ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან წვიმა.
მაღალმთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრამდე წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 215 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 521 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 23 874 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 35 874 ერთეული [+17]
MLRS – 1 596 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 102 074 ერთეული [+225]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 137 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 73 336 ერთეული [+112]
სპეცტექნიკა – 4 037 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
108 177 უპილოტო საფრენი აპარატი
644 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 992 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 637 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 445 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
51 197 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი X-ზე აქვეყნებს საშობაო მილოცვას და ქარდს წარწერით – „არ ეთამაშოთ რუსეთს“.
როგორც ჩანს, მედვედევი პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 იანვარს X-ზე გაზიარებულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოს, რომელზეც ეწერა: „არ ითამაშოთ პრეზიდენტ ტრამპთან“.
ფოტო მედვედევის X-ის გვერდიდან.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს მედვედევის პასუხია უშუალოდ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი, შინაარსის გარდა, ადასტურებს ვიზუალური მსგავსებაც. ორივე ფოტო, მედვედევის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული, შავ-თეთრია, წითელი წარწერით.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული დღეს, 7 იანვარს, შობის დღესასწაულს, ფეისბუქზე წერს, რომ ფასი არ აქვს სიტყვას, თუ ადამიანის ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ.
„ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ.
დღეს ქრისტეს შობაა და არა რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული.
ღმერთი განხორციელდა თავისი ჯვარცმისა და მასთან ერთად შენი აღდგომისთვის. ის ყველას გულის კართან აკაკუნებს და არავის უმტვრევს გულის ან სახლის კარებს. ის შენი სულის საცხოვრისში შემოშვების ნებართვას გთხოვს. ის მასთან სერობისათვის შენს ნებართვას, შენი ნების მონაწილეობას მოითხოვს.
ქრისტეს შობა ნამდვილი თავმდაბლობისა და სრულყოფილი ადამიანობის დღესასწაულია. თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ… რა ფასი აქვს შენ სიტყვას, ადამიანის გულსა და გონებაში ის როგორ შეაღწევს?!
ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს უსიცოცხლობის სიმბოლო – სიყალბე“ – წერს ზენონ იარაჯული.
6 იანვარს, შობის დღესასწაულის დადგომამდე სამებაში ილია მეორეს ეპისტოლე წაიკითხეს, რომელიც მოგვიანებით საპატრიარქომ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა.
ეპისტოლეს ტექსტში, ტრადიციულად, მორწმუნეები და არა მხოლოდ, ეძებენ მინიშნებებს, რაც ხშირად საპატრიარქოს პოზიციაზე მიუთითებს საზოგადოებისთვის ამა თუ იმ მწვავე, მოცემულ დროში მნიშვნელოვან თემაზე.
2026 წლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ერთი ნაწილი მოყვასის სიყვარულს ეხება, ილია მეორე ახსენებს სიტყვის თავისუფლებასაც და „მის ბოროტად გამოყენების“ საფრთხეს.
ეპისტოლეში ვკითხულობთ:
„მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ – ბოროტი, წარმატებული, თუ – წარუმატებელი, მდიდარი, თუ – ღარიბი, გონიერი, თუ – უგუნური…
ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი! – ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესასრულებლად!
უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ.
ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია.
მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.
სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 214 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 515 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 865 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 35 857 ერთეული [+26]
MLRS – 1 595 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 101 849 ერთეული [+406]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 137 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 73 224 ერთეული [+122]
სპეცტექნიკა – 4 037 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
108 035 უპილოტო საფრენი აპარატი
644 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 976 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 637 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 435 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
51 068 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში, საახალწლო დღეებში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად ორი ბავშვი დაშავდა. დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
„ბათუმელები“ ესაუბრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, ექიმ გუგა ქაშიბაძეს. მისი თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მათი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია, იმყოფებიან ბავშვთა განყოფილებაში, თუმცა აღენიშნებათ ღრმა დაზიანებები. სჭირდებათ მკურნალობა“ – გვითხრა გუგა ქაშიბაძემ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა „ოცნების ქალაქში“ მოხდა რამდენიმე დღის წინ.
თითქმის ყოველ წელს საქართველოში არაერთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, იღებს ზიანს პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად.
ბათუმის მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას, რომელიც 2025 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო, 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს.
ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეია.
შესაბამის ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის ცენტრი აფორმებს. ვინაიდან დეტალურად გაწერილი ჰონორარების სია ცენტრს გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების ეტაპზე არ გაუვრცელებია, კონცერტში მონაწილეებთან [ჰონორარის მიმღებ პირებთან თუ მათ მენეჯერებთან] გაფორმებულ ხელშეკრულებებს ბათუმის მუსიკალური ცენტრი ეტაპობრივად ახლა აქვეყნებს.
ამ დროისთვის [6 იანვარი] ცენტრის მიერ 46 ასეთი ხელშეკრულებაა შესყიდვების პორტალზე ატვირთული.
ნახეთ, ვის რამდენი ჰონორარი გადაუხადეს/გადაუხდიან ბათუმის ბიუჯეტიდან საახალწლო კონცერტებში მონაწილეობისთვის:
ლუკა აბაშმაძე – 38 383 ლარი – საბავშვო მუსიკალური პროექტი „რანინას“ არანაკლებ საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამა – 12 შემსრულებელი, ბენდი, წამყვანი.
ლაშა ნოზაძე – 23 838 ლარი – ჯგუფი „რეგიონი“-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 60 წთ.).
ზვიად ბოლქვაძე – 19 132 ლარი – ზვიად ბოლქვაძის საკონცერტო პროგრამის/პროექტის წარმოდგენა 25 დეკემბერს – ქრონომეტრაჟი არანაკლებ 60 წუთი. პროგრამაუნდა განხორციელდეს უშუალოდ ზვიად ბოლქვაძის და ბენდის მონაწილეობით.
დათო ევგენიძე – 15 789 ლარი – ბენდთან ერთად – „დათო ევგენიძე და ბენდი“.
დავით სირბილაძე – 15 151 ლარი – დავით სირბილაძის და დავით ნიჟარაძის ბენდის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 60 წთ.).
რევაზ ახრახაძე [თამარ გვერდწითელის მენეჯერი] – 8 928 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა.
ნინო ახობაძე – 8 928 ლარი – წარმოადგინოს ჯგუფი „ფორტე“-ს არანაკლებ 4 საკონცერტო ნომერი.
ირაკლი ნოზაძე – 7 070 ლარი – მუსიკალური ჯგუფის „ქუჩის ბიჭების“ მუსიკალურ-გასართობი პროგრამის წარმოდგენა, არანაკლებ 30 წთ.
კონსტანტინე ყიფიანი – 6 377 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა
გიორგი სუხიტაშვილი – 5 102 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა
ანრი გუჩმანიძე – 4 040 ლარი – ბენდი „ემოციას“-ს საკონცერტო პროგრამა (არანაკლებ 30 წთ.) 2025 წლის 25 დეკემბერს და ანრი გუჩმანიძის მონაწილეობა და არანაკლებ 1 სიმღერა – 29 დეკემბერს.
თემურ ყვითელაშვილი – 3 826 ლარი – არანაკლებ 1 კომპოზიცია
ბენდის არანაკლებ 30-წუთიანი საკონცერტო პროგრამის წარმოდგენაზეა გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულება, თითოეულთან 3 030 ლარზე, შემდეგ პირებთან: თეონა ქევანიშვილი [ბენდი The memmbers], დმიტრი ხლინინ [Jazz Do it], თათია კობალაძე [live-life], მანანა ნაჭყებია [„ლათინო ორკესტრალის“ საკონცერტო პროგრამა], ლაშა ქათამაძე [ბენდი CATFISH], ვლადიმერ გრიგორიანცი [4 ap], ილია ჯიქია [The Hapiness], სოფიკო ბედინაძე [„ლა ფიეტა“], გიგა ცინცაძე [road radio] და მიხეილ ბუაძე [ბენდი G sound].
არანაკლებ 1 სიმღერისთვის 2 551 ლარს მიიღებენ [თითოეული]: ლაშა ღლონტი, სულხან ჯაიანი, ნიკო ბერიძე, ოთარ ნაკაშიძე, გიორგი ნიკოლაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე, ანი კეკუა, თეიმურაზ თათარაშვილი.
2 020 ლარს მიიღებენ არანაკლებ 1 სიმღერისთვის: ნელი სებისკვერაძე, ნინო ქარსელაძე-ჟორდანია, მარიკა თხელიძე. ამდენივეს გადაუხდიან არჩილ დავითაძესაც DJ მომსახურებისთვის [DJ CHIKI].
DJ მომსახურებისთვის 1 275 ლარს მიიღებენ: ნიკოლოზ ლომინეიშვილი, თარაშ ტაკიძე, ნიკა გორდელაძე, ნიკო გორგოშაძე და რევაზ ზოიძე.
1 275 ლარს გადაუხდიან არანაკლებ 1 სიმღერისთვის: გიორგი ნაკაშიძეს, გურანდა დოლიძეს, ნონა კორიფაძეს, ნატო თურმანიძეს, სალომე ხარაბაძესა და ნანა ქარუხნიშვილს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ ის ნაწილია ჰონორარებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, რომლებიც ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა შესყიდვების პორტალზე ატვირთა. რამდენი ჰონორარი აიღეს კონცერტებში მონაწილე სხვა პირებმა, ამ ინფორმაციას „ბათუმელები“ დამატებით მოგაწვდით, როგორც კი მუსიკალური ცენტრი იმავე პორტალზე შესაბამის ხელშეკრულებებს ატვირთავს.
ახალი წლის ღონისძიებებისთვის ბათუმში მთლიანობაში 1 მილიონ 667 ათას 609 ლარი დაიხარჯება. მათ შორის:
ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბეტა პრინტთან“ ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული ჯამში 263 ათას 549 ლარზე;
საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი [მათ შორის მთავარი ნაძვის ხის აწყობა-დაშლა] ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ გაფორმებულია 976 ათას 60 ლარზე;
ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში კი 428 ათასი ლარი დაიხარჯება.
__________
ფოტოზე: საახალწლო კონცერტი ბათუმში. ფოტო: ბათუმის მერია
დეკემბრის ბოლოს, ახალი წლის წინა დღეებში, გერმანიაში ბანკი გაძარცვეს. ამ შემთხვევას მედიამ გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა უწოდა. ზარალი შესაძლოა 100 მილიონ ევროს აღემატებოდეს.
შემთხვევა ქალაქ გელზენკირხენში მოხდა. საშობაო არდადეგების დასრულების შემდეგ, 29 დეკემბერს, ორშაბათს, ბანკ Sparkasse-ის ფილიალის დაცვამ აღმოაჩინა, რომ გატეხილია ბანკის საცავი, დაახლოებით 3200 სეიფი, რომლებშიც ნაღდი ფული, ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები ინახებოდა.
მძარცველებმა ბანკში შენობის მიმდებარე ავტოსადგომიდან, კედლის გამონგრევის შედეგად შეაღწიეს.
გერმანულია მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მძარცველებმა მიწისქვეშა ავტოსადგომიდან თავდაპირველად არქივის განყოფილებაში შეაღწიეს, იქიდან კი, სპეციალური ბურღის გამოყენებით ბანკის საცავის რკინაბეტონის კედელში უზარმაზარი ხვრელი გააკეთეს.
უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ ჩაირთო სიგნალიზაცია.
ბანკის ცნობით, დამნაშავეებმა 3 250 მომხმარებლის შემნახველი სეიფების 95 პროცენტი გატეხეს. უცნობია, ზუსტად რა ოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა გატანილი, რადგან შემნახველ სეიფებში მომხმარებლები თავად ტოვებდნენ ფულსა და ძვირფასეულობას. თუმცა, პირველადი ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 100-მდე მილიონ ევროზე. ამჟამად ბანკი სეიფების მფლობელებს წერილებს უგზავნის, სადაც ინვენტარიზაციის სიას და სეიფების შიგთავსის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს, მაგალითად, ფოტოების სახით.
6 იანვრის მონაცემებით, პოლიცია მძარცველების კვალზე ჯერ არ გასულა, თუმცა 5 იანვარს, გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო dpa-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამომძიებლებმა ამოიღეს სანომრე ნიშნები, რომლებიც, როგორც ჩანს, მძარცველების მანქანას ეკუთვნის.
სანომრე ნიშნები დორტმუნდში იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, ეკუთვნოდა თუ არა ის რეალურად მძარცველებს.
ტაბლოიდი „ბილდი“ წერს, რომ სანომრე ნიშნები დორტმუნდის რკინიგზის სადგურთან მდებარე ტაქსის გაჩერებასთან ახლოს ნაგვის ურნაში იყო დატოვებული და ამის შესახებ პოლიციას ტელეფონით თვითმხილველმა აცნობა.
პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით ვიდეოთვალთვალის კამერებიდან აღებული რამდენიმე სურათი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია ეჭვმიტანილი, რომელსაც ბალაკლავა და მწვანე ხელთათმანები აცვია და ავტოსადგომის ბარიერთან დგას.
პოლიცია კვლავ ეძებს მოწმეებს, რომლებმაც ბოლო დღეებში საეჭვო ხმა გაიგონეს ან რამე დაინახეს დანაშაულის ადგილზე.
_____________
ფოტოზე: ბანკის სეიფის გამონგრეული კედელი. ფოტო: „დოიჩე ველე“
ბათუმში დღეს, 6 იანვარს, [დღის 17:00 საათის მონაცემებით], ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარედ ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი, ხოლო PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ამ მონაცემს ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული ავტომატური სადგური აფიქსირებს.
ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა გასული წლის ბოლო პერიოდში ხშირად ფიქსირდებოდა, თუმცა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე, გარემოს სააგენტო წერდა, რომ „აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათის იყო და სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით იყო განპირობებული.“.
ასეთი შენიშვნა ამჯერად პორტალზე არ არის.
ტრანსასაზღვრო დაბინძურების გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი
დღეს, 6 იანვრის 17:00 საათის მდგომარეობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის გაუარესებას აფიქსირებენ ასევე თბილისში შემდეგ მისამართებზე განთავსებული ავტომარტური სადგურები: მარშალ გელოვანის გამზირი №34, წერეთლის გამზირი №105 და აღმაშენებლის გამზირი №73ა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე სააგენტოს მიერ მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების მიხედვით:
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:
„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;
შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;
ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:
„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.
შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა“.
ახალქალაქში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩენილი ხანძრისას ქალი დაიღუპა – ინფორმაციას Jnews.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუშინ, 5 იანვარს მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხანძარი ღამით გაჩნდა ბინაში, რომელშიც 30 წლის ქალი, მოზარდი გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდნენ. ქალმა აივნიდან გადმოსვლა სცადა, რათა ცეცხლისგან თავის დაეღწია, თუმცა გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.
ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ბინაში მყოფი ადამიანების გადარჩენა შეძლეს. ახალგაზრდა კაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
დიდ ბრიტანეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს არაჯანსაღი საკვების ონლაინ რეკლამას და ზღუდავს ასეთი საკვების სატელევიზიო რეკლამას.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე 5 იანვარს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი რეგულაციებით, ბავშვები დაცულნი იქნებიან არაჯანსაღი საკვების რეკლამების ზემოქმედებისგან.
ახალი რეგულაციების თანახმად, ნაკლებად ჯანსაღი საკვების რეკლამების ჩვენება სრულად აიკრძალება ონლაინ, ხოლო ბრიტანულ ტელევიზიაში გამოჩენა მხოლოდ საღამოს 9 საათის შემდეგ იქნება დაშვებული.
შეზღუდვა ვრცელდება 13 კატეგორიის პროდუქტზე, აკრძალულია ცხიმით, შაქრითა და მარილით მდიდარი საკვების რეკლამირება. ესაა: დამატებული შაქრის შემცველი სასმელები (მათ შორის რძის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა იოგურტები), ჩიფსები, მარილიანი კრეკერები და ორცხობილები, სიმინდის ფანტელები და სხვა შაქრიანი ბურღულეული, პოპკორნი, შოკოლადი, საღეჭი რეზინი, ნაყინი, შაქრიანი ცომეული, პიცა და გაყინული საკვები.
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბავშვების 22.1 პროცენტი ჭარბწონიანია ან სიმსუქნით იტანჯება დაწყებით სკოლაში შესვლისას. სკოლის დამთავრებისთვის ეს მაჩვენებელი 35.8 პროცენტამდე იზრდება, ხოლო კბილების კარიესი ხუთიდან ცხრა წლამდე ასაკის ბავშვების ექიმთან ვიზიტის მთავარი მიზეზია.
მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი რეგულაციები ბავშვებში კალორიების მოხმარებას ყოველწლიურად 7.2 მილიარდით, ხოლო სიმსუქნით დაავადებული ბავშვების რაოდენობას 20 000-ით შეამცირებს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პედიატრის, პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში ამჟამად დომინანტურია H3N2 გრიპის, ე.წ. „ჰონგ კონგის“ ვირუსი.
ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ დღეს, 6 იანვარს განაცხადა თბილისში, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დამუშავებული უახლესი სტატისტიკის თანახმად, რომელიც მოიცავს უკვე გასული წლის 52 კვირის მონაცემებს, ქვეყანაში ცირკულირებს სამი ტიპის: H3N2, H1N1 და B ტიპის ვირუსები.
„ქვეყანაში გრძელდება გრიპის ვირუსის დომინაცია და შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა გრიპით გამოწვეული ინფიცირებაა. თუ კონკრეტულად ამ ვირუსის ტიპებს შევეხებით, აქაც გრძელდება გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმის, H3N2 ტიპის ვირუსის უპირატესობა. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70 პროცენტი არის გრიპის ვირუსი. აი, ამ 70 პროცენტში წამყვანი რჩება H3N2 ტიპის ვირუსი.
შედარებით ნაკლებია H1N1 ტიპის ვირუსის [ე.წ. „ღორის გრიპი“] რაოდენობა. ანუ ჰონგ კონგის ვირუსი რჩება წამყვანი, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ რომ სამივე ტიპის ვირუსი შედიოდა იმ ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შემადგენლობაში, რომელიც საქართველოში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 200 000-მდე ადამიანმა გაიკეთა.
„ერთი განსხვავება არის ის, რომ H3N2 ვირუსი, რომელიც ახლა მსოფლიოში ცირკულირებს, ცოტათი განსხვავებულია მისი ორიგინალი ფორმისაგან, იმ მუტაციის გამო, რომელიც მან განიცადა ივლისში და ამიტომ გახდა უფრო გადამდები, თუმცა ვაქცინა მასზეც მოქმედებს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მან ისაუბრა „ჰონგ კონგის“ ვირუსის ნიშნებზეც:
„ესაა კლასიკური ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, რომელიც გრძელდება დაავადების დაწყებიდან პირველი ორი-სამი დღის განმავლობაში, ესაა ტემპერატურის მაქსიმალური პერიოდი; ტემპერატურა ძნელად ემორჩილება დამწევს და ხშირად საჭირო ხდება ყოველ 4-6 საათში დამატებით სიცხის დამწევის გამოყენება; ახლავს ძლიერი ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა, რომელიც გრიპისათვის დამახასიათებელია.
ამ ვირუსს არ ახასიათებს ცემინება და ცხვირიდან გამონადენი, ეს უფრო სხვა ტიპის ვირუსებისთვის არის დამახასიათებელი.
ასევე, ბავშვებში ახასიათებს ძილის დარღვევა, მადის მკვეთრი დაქვეითება, შესაძლოა ნაწლავთა მოქმედების გახშირებაც ახლდეს თან“.
მისივე თქმით, ვირუსი განსაკუთრებით საყურადღებოა რისკ-ჯგუფებისათვის: ესაა 5 წლამდე ბავშვები, 60 წლისდაუფროსიასაკისხანდაზმულიპირები, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები და ა.შ.
ივანე ჩხაიძის თქმით, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ წინ არის და ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება იანვრის მეორე და მესამე კვირის მონაცემები.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად ქვეყანაში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი.
თურქეთის მოქალაქე ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილია.
თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, 55 წლის ნეჯლა ოზმენმა, რომელიც ანკარაში ცხოვრობს, 2025 წლის სექტემბერში სასამართლოში სარჩელიც შეიტანა დნმ-ის ტესტის ჩატარებისა და მამობის დადგენის მოთხოვნით.
ქალი ოფიციალურად რეგისტრირებულია სატი და დურსუნ ოზმენების შვილად. იგი აცხადებს, რომ გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ სიმართლე უთხრა.
კერძოდ, ნეჯლა ოზმენის თქმით, ქალმა, რომელმაც ის გაზარდა, თქვა, რომ მან საავადმყოფოში მკვდრადშობილი ბავშვი გააჩინა და რომ სხვა ქალმა, სოფიამ, რომელიც აშშ-ის მოქალაქე იყო და იმ დროს იმშობიარა, მას ახალშობილი აჩუქა, სოფია კი ტრამპთან ურთიერთობის შედეგად დაორსულდა და მიატოვა ბავშვი, რომელიც შემდეგ ოზმენების ოჯახმა იშვილა.
თურქეთის სასამართლომ მამობის დადგენის შესახებ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა კონკრეტული მტკიცებულებების არარსებობის გამო. სასამართლომ დაასკვნა, რომ ოზმენმა ვერ წარმოადგინა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი ან მტკიცებულება სასამართლო პროცესის გასამართლებლად.
მედიასთან საუბრისას ქალმა განაცხადა, რომ მან გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე მიმართა აშშ-ის საელჩოსა და სასამართლოებს შეერთებულ შტატებში. იგი იმედოვნებს, რომ ტრამპი დათანხმდება დნმ-ის ტესტს.
„მინდა გავიგო, ის ნამდვილად ჩემი მამაა თუ არა. არ მინდა მისთვის პრობლემების შექმნა. უბრალოდ, მინდა ვიცოდე სიმართლე“, – ამბობს ქალი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 იანვრის 21 საათიდან 7 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 213 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 512 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 23 863 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 35 831 ერთეული [+46]
MLRS – 1 593 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 101 443 ერთეული [+879]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 137 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 73 102 ერთეული [+157]
სპეცტექნიკა – 4 036 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
107 929 უპილოტო საფრენი აპარატი
643 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 951 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 636 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 415 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
50 955 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, შეიქმნა კომისია, რომელიც სურსათის ფასების საკითხზე იმუშავებს.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კომისიას უხელმძღვანელებს თავად ირაკლი კობახიძე
კომისიის წევრები არიან ოცნების მთავრობის შემდეგი წევრები:
1. მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2. დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
3. ლაშა ხუციშვილი – ფინანსთა მინისტრი
4. მიხეილ სარჯველაძე – ჯანდაცვის მინისტრი
5. მამუკა მდინარაძე – სუსის უფროსი
6. ლევან ჟორჟოლიანი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
7. ირაკლი ლექვინაძე – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე
ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებზე პირველად ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მაღაზიებში სურსათზე ფასების ზრდა სუპერმარკეტებისა და დისტრიბუტორების ქსელებს გადააბრალა. ამის შემდეგ პარლამენტმა შექმნა კომისია ამ საკითხის შესასწავლად, ხოლო სუს-მა მოკვლევა დაიწყო.
საჩხერეში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით საჩხერეში ორი [N6 და N7] მარშრუტი დაემატა.
B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ მუშაობდნენ. ამიტომ ამ დღეებში ჩანიშნული მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები [თუ სხვა ჯავშნების ვადა] სააგენტომ გადაავადა. დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე: პირველიდან 4 იანვრის ჩათვლით შსს-ს მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს – როდის იქნება გამოცდა?
ფინეთში ჰელსინკის საოლქო სასამართლომ კაბელის დაზიანებაში ეჭვიმატნილი სატვირთო გემ Fitburg-ის ეკიპაჟის ერთი წევრის დაპატიმრების ორდერი გასცა – ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დაკავებულია ეკიპაჟის წევრი, აზერბაიჯანის მოქალაქე. კიდევ ერთ, რუსეთის მოქალაქეს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
როგორც ცნობილია, ფინეთსა და ესტონეთის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟზე 14 პირი იყო. მეზღვაურები რუსეთის, საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები ეკიპაჟის ორი წევრის დაკავების შესახებ, თუმცა, საბოლოოდ, დასტურდება ერთი პირის დაკავება.
სატვირთო გემი „ფიტბურგი“ ფინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს დააკავა. პოლიცია ჯერ არ აზუსტებს, დაკავშირებულია თუ არა კაბელის დაზიანება რომელიმე სახელმწიფოსთან.
სატვირთო გემი სანქტ-პეტერბურგიდან ისრაელის ქალაქ ხაიფაში მიემართებოდა და ფოლადის ტვირთს გადაჰქონდა.
გასული წლის განმავლობაში ფინეთის ყურეში უცხოური გემების მონაწილეობით კაბელის გაწყვეტის რამდენიმე შემთხვევა მოხდა.
ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე [სანაპიროს გასწვრივ], ქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტისთვის ორი თვით, 2026 წლის 4 მარტამდე გადაიკეტა.
გზა გადაკეტილია ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, საბაგირო გზის სადგურის მიმდებარედ. მიზეზი გზის რეაბილიტაციაა, რომლის ფარგლებშიც გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ.
„პროექტის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებს შორის მონაკვეთში განხორციელდება არსებული ქვაფენილის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის, გზაგამყოფი მოაჯირების, ტროტუარების მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება“ – წერს ბათუმის მერია.
გზის ამ მხარეს სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიკეტება ქუჩის მეორე მხარეც, ანალოგიური სამუშაოების ჩატარების მიზნით.
ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა. აქ ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ / 5.01.2026
იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ორი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.
ერთი ტენდერი 12 906 207 ლარით [ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი]. ხელშეკრულება „ბონდი-2009“-თან გაფორმებულია 12 518 999 ლარზე.
მეორე ტენდერი გამოცხადებული იყო 9 415 400 ლარით [პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი]. ამ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „გზა“. ხელშეკრულება კი 9 415 227 ლარზეა გაფორმებული.
მიზეზი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2026 წლის 3 იანვრიდან მარტის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ლუკა ასათიანის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩამდე მონაკვეთში.
ბათუმში პოლიციამ 31 წლის კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს-1988 წელს დაბადებულ ა.თ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
„პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს – განზრახ მკვლელობის მცდელობა – რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორშაბათს, 5 იანვარს, ღამით, რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის რეგიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთმა კიევში კერძო სამედიცინო დაწესებულებას დაარტყა, აფეთქება მეორე სართულზე მოხდა, სადაც სტაციონარული განყოფილება იყო განთავსებული.
„ხანძარი ჩამქრალია. შენობის დათვალიერებისას ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. 25 ადამიანი ევაკუირებულია, სამი დაშავდა“, – იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური.
კიდევ ერთი ადამიანი, 1951 წელს დაბადებული კაცი დაიღუპა კიევის ოლქში, საკუთარ სახლში, რომელსაც რუსეთის მიერ ნასროლი დრონი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა კაცის ცხედარი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ აღმოაჩინეს.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთმა 165 დრონი გამოიყენა, მათ შორის დაახლოებით 100 „შაჰიდი“ იყო. უკრაინის თავდაცვამ მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა, 137, ჩამოაგდო ან გაანეიტრალა.
პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში დააკავა 1976 წელს დაბადებული მოქალაქე.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.ფ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.