მთავარი,სიახლეები

2000-2000 ლარით დააჯარიმეს რუსული გემის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები – სასამართლო

11.08.2023 • 2878
2000-2000 ლარით დააჯარიმეს რუსული გემის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები – სასამართლო

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-2000 ლარით დააჯარიმა რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანები.

31 ივლისს, ბათუმში აქციაზე 23 პირი დააკავეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის თქმით, მისი ორგანიზაცია სასამართლოში იცავდა 6 პირის ინტერესებს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ექვსივე მათგანი – გენრი დოლიძე, თორნიკე კვერენჩხილაძე, გიორგი გველესიანი, გიზო სიჭინავა, დმიტრო ზაკრევსკი და მარინა ჩობანიანი სამართალდარღვევად ცნო. მოსამართლემ ექვსივე პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

3 პირს იცავდა სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ორგანიზაციის იურისტის, მარიამ შაინიძის თქმით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2 პირი – ირაკლი ხარჩილავა და გიორგი სანაძე 2000-2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო მირიან ჯალაბაძე, რომელიც საერთოდ არ იყო აქციის მონაწილე და მეგობარს ეძებდა, არ ცნეს სამართალდამრღვევად.

აქციაზე დაკავებულებს იცავდა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“. ორგანიზაციის იურისტის, ნინო ირემაძის თქმით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამივე მათგანი – ხათუნა ბერიძე, ირაკლი მეტრეველი და ლუკა წულაძე ასევე 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

კერძო ადვოკატი მალხაზ ზოიძე რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ 6 ადამიანს იცავდა, მათ შორის – ილია ანთაძეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლევან ანთაძის თქმით, მისი შვილის – ილია ანთაძის სასამართლო პროცესი მოსამართლემ 7 სექტემბრისთვის გადადო. როგორც ლევან ანთაძე ამბობს, „საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით“.

იმ პირებს შორის, ვის ინტერესებსაც მალხაზ ზოიძე იცავდა, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განსხვავებული სასჯელი შეუფარდა ლადო ჩიბურდანიძეს – ის 2500 ლარით დააჯარიმა. სხვა პირები კი – ლაშა მელაძე, ავთანდილ დოლიძე, მიხეილ აბზიანიძე, დავით თეთრაშვილი და გიორგი უკლება კი 2000 ლარით დააჯარიმა.

გიორგი უკლება აცხადებს, რომ ის აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა – გზად გაიარა.

___

27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერი შემოვიდა. გემ ASTORIA GRANDE-დან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ. იმავე დღეს, მოქალაქეები გემის შემოსვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“  შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.

_______________

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/478772/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: