მთავარი,სიახლეები

საკრუიზო კომპანია რუსული გემის ბათუმში შემოსვლას აანონსებს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს

18.05.2026
საკრუიზო კომპანია რუსული გემის ბათუმში შემოსვლას აანონსებს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს

რუსული გემი, რომელსაც 3 წლის წინ პროტესტის ნიშნად დაატოვებინეს ბათუმის სანაპირო, ბათუმში ისევ შემოდის. რუსული გემი Astoria Grande 28 მაისს, დილის 10 საათზე შემოვა.

საკრუიზო კომპანიის Astoria Grande-ის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რუსული გემი სოჭიდან 26 მაისს გამოვა, ჯერ ტრაბზონში ჩავა, ხოლო 28 მაისს ბათუმში შემოვა. რუსული გემი ბათუმში ერთი ღამით გაჩერდება. საკრუიზო პროგრამის მიხედვით, რუსული გემი ბათუმს 29 მაისს, საღამოს 7 საათზე დატოვებს.

2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მწვავე პროტესტის გამო რუსულმა გემმა მალევე დატოვა ბათუმის სანაპირო. მაშინ ლაინერმა მარშრუტებიდან საქართველოს მიმართულება საერთოდ ამოიღო.

წელს საქართველო რუსული გემის მარშრუტში დაბრუნდა.

„ბათუმელები“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

განახლებული ინფორმაცია:

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს შემოსვლის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში აღნიშნული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება,“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელსაც, როცა რუსული საკრუიზო გემი ავრცელებდა ინფორმაციას ბათუმში შემოსვლის შესახებ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებდნენ, რომ „საკრუიზო გემ Astoria Grande-ს ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შემოსვლასთან დაკავშირებით სააგენტოში 28 ივლისის საღამოს 9 საათამდე მომართვა არ მიუღიათ“. 

  • რა ხდება?

საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE-ს ბათუმში შემოსვლას 2023 წლის ივლისში საპროტესტო აქცია მოჰყვა, სადაც 23 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. აქციაზე დაკავებულები 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

მაშინ რუსული გემიდან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ. 

ირაკლი კობახიძე იმ პერიოდში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო და „ქაჯობად“  შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.

ამავე თემაზე:

2000-2000 ლარით დააჯარიმეს რუსული გემის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები – სასამართლო

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: