მთავარი,სიახლეები

რა დარჩა ბათუმის მერიას დასანგრევი – „უნებართვო კაფე-ბარების“ დემონტაჟისთვის 170 ათასი ლარი იხარჯება

07.05.2026
რა დარჩა ბათუმის მერიას დასანგრევი – „უნებართვო კაფე-ბარების“ დემონტაჟისთვის 170 ათასი ლარი იხარჯება

ბათუმის ბიუჯეტს ქალაქის ტერიტორიაზე „არსებული უნებართვო კაფე ბარების, საფეხმავლო ბილიკებზე განთავსებული რესტორნების მიშენებების, სანაპირო ზოლში არსებული კვებისა და გასართობი ობიექტების დემონტაჟი“ სულ ცოტა 170 ათას 617 ლარი დაუჯდება.

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელიც დემონტაჟს ახორციელებს, უკვე დახარჯა 119 ათას 992 ლარი, თუმცა ნგრევის სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, დარჩენილი ობიექტების დანგრევა-აღებაში დამატებით 50 ათას 625 ლარის დახარჯვას ამჯერად ტენდერის გარეშე გეგმავს.

„შესყიდვის ობიექტი გულისხმობს 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს [24 საათის განმავლობაში] სადემონტაჟო სამუშაოების [დაწყება-დასრულება] ოპერატიულ განხორციელებას.

ვინაიდან, ჩვენს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის ღირებულება სრულად იქნა ათვისებული და ვერ მოხერხდა დაწყებული სადემონდაჟო სამუშაოების ბოლომდე მიყვანა, წარმოიშვა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ დროულად იქნეს დასრულებული დაწყებული სადემონტაჟო სამუშაოები.“ – წერს მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რომელი ობიექტების დანგრევას გეგმავს ინსპექცია, თუმცა ცნობილია სამუშაოების მოცულობა, რაც 15 ივნისს უნდა დასრულდეს:

სადემონტაჟო სამუშაოების მოცულობები ბათუმში / წყარო: შესყიდვების პორტალი

მუნიციპალური ინსპექციის განაცხადის მიხედვით უნებართვო შენობა-ნაგებობები ქალაქის მერიისთვის „რეალურ საფრთხეს“ ქმნის.

„სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის მიწაზე განთავსებული უნებართვო შენობა/ნაგებობების არსებობა ქმნის რეალურ საფრთხეს შემსყიდველი ორგანიზაციის – ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის, ვინაიდან ზიანი ადგება სახელწიფოს და მუნიციპალიტეტის ქონებას, ინსპექცია ვერ უზრუნველყოფს კანონით დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებას.

სამართალდარღვევებზე დროული რეაგირების შეფერხება კი ზრდის უნებართვო ნაგებობების რაოდენობას, დაგვიანებული რეაგირება ზიანს აყენებს სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ინტერესებს.

 შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად, საჭიროა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მიმდინარე წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდი“. – წერს მუნიციპალური ინსპექცია.

ინსპექციის ინფორმაციით, „დაწყებული სადემონტაჟო სამუშაოები დასასრულებელია უმოკლეს ვადებში და სწორედ ამიტომაა საჭირო გადაუდებელი აუცილებლობის ქმედება დემონტაჟის ღონისძიებების სახით.

ინსპექციას არ აქვს ტექნიკა [ამწე მექანიზმი, მძიმე სამშენებლო ტექნიკა, და ა.შ.] და არ ჰყავს შესაბამისი პერსონალი დემონტაჟის ღონისძიებების განსახორციელებლად. დემონტაჟის სამუშაოებისთვის საჭიროა 50 625 ლარი.“

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ უნებართვო და უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟზე“ ინსპექციას ტენდერი 149 ათას 990 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი 2026 წლის 25 მარტს გააფორმა შპს „მარეთი 777“-თან 119 ათას 992 ლარზე.  შესყიდვების პორტალის მიხედვით 22 აპრილისთვის ეს თანხა კომპანიისთვის სრულად იყო გადახდილი.

ბათუმში, განსაკუთრებით ბულვარში, სულ ცოტა 100-მდე დიდი თუ მცირე ობიექტი დაანგრიეს. 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

ბულვარში ვისი კაფეები დაანგრიეს და ვისი დატოვეს, ანუ ვისი ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: