მთავარი,სიახლეები

კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში

21.04.2026
კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში

ბათუმის ბულვარში 20 ავტომანქანით შესვლის ამბის გახმაურების შემდეგ, აჭარის მთავრობამ გამოაქვეყნა კლიპი, სადაც მოქალაქეებს უამბობენ, თუ რა სამუშაო გასწიეს ქალაქის მთავარი სარეკრეაციო სივრცის იერ-სახის მოსაწესრიგებლად. ამავე კლიპის მიხედვით, ბულვარში ამ დროისთვის ასამდე კომერციული ობიექტი დაანგრიეს: მათ შორის მცირე კომერციული ობიექტი, გასართობი სივრცეები, რესტორნები და ე.წ. ბრენდირებული სანაპიროები.

დღემდე ფუნქციონირებს რესტორანი G17, მიუხედავად იმისა, რომ ისიც უკანონოა. ეს რესტორანი ახალი ბულვარის სანაპიროზე, ხიმშიაშვილის ქუჩის #13-ის მიმდებარედაა.

როგორ აგრძელებს რესტორანი G17 მუშაობას სანაპიროზე ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულებით, მაშინ, როცა იმავე მიზეზით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბულვარში 50-მდე კომერციული ობიექტი დაანგრია? – მერიაში ამ კითხვას დუმილით უპასუხეს.

რესტორნის მფლობელ კომპანიას საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2024 წელს გაუვიდა, თუმცა ის დღემდე შეუფერხებლად მუშაობს. დაზუსტებით არც ის ვიცით, შეესაბამება თუ არა შენობა და პირსი სანაპიროზე ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის მიერ დამტკიცებულ სანებართვო პირობებს.

რესტორნის შესასვლელი

როგორ ახერხებს რესტორნის მფლობელი კომპანიის, შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპის“ მფლობელი ბიზნესმენი, ედნარ პაპუნაიშვილი ბულვარში უკანონოდ მუშაობას. ამ საკითხზე მერიისა და მისი ქვემდებარე სტრუქტურების დუმილი აჩენს კითხვებს დიდი ფულის ძალასა და კორუფციაზე. 

ვისაც ბერკეტი აქვს, აგვარებს – დაახლოებით ასე ახსნა ბათუმის მერიის ქალაქმშენელობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ედნარ პაპუნაიშვილის სხვა ობიექტთან დაკავშირებული ცვლილება ბულვარის გენგეგმაში. ვისაც „ბერკეტი“ არ ჰქონდა, დაანგრიეს.

ჩვენს კითხვებს არც რესტორნის მფლობელი კომპანიის დირექტორმა უპასუხა, დაგვპირდა: „ახლა არ მცალია და დაგირეკავთ“ , თუმცა უშედეგოდ.

ამის პარალელურად, ამ დრომდე არც ერთი უწყებიდან, რომლებსაც ბულვარის, როგორც სარეკრეაციო სივრცის დაცვა ევალებათ, არ მოგვისმენია რაიმე სახის განცხადება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობაზე, ვისაც ბულვარში ავტომანქანების შესვლა არ უნდა დაეშვა.

ამ ამბავს საჯაროდ არც მერიის მაკონტროლებელი ორგანოდან, საკრებულოდან გამოხმაურებია ვინმე.

როგორ მოხდა, რომ ბულვარში 20 ავტომანქანა შევიდა ისე, რომ ადმინისტრაციამ კანონდარღვევა ვერ აღკვეთა, ასე იცავს ბულვარს ახალი პოლიციელი ხელმძღვანელი?

 

 

ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები ბულვარში, 19 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, მოქალაქემ გადაიღო და გაავრცელა. ამ ვიდეოს მიხედვით ირკვევა, რომ ავტომანქანებით ბულვარში რესტორან G17-ის სტუმრები გადაადგილდებიან.

რამდენიმე ავტომანქანას აქვს სასტუმროს და კაზინო „ბილიონერის“ ლოგო.

ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერდნენ, რომ ბულვარში რიგითი ადამიანი ავტომანქანით შესვლას ვერ შეძლებს და ამის გაკეთება მხოლოდ „დიდი ფულისა და გავლენის მქონეს შეუძლია“.

ბულვარში ავტომანქანების ესკორტის შესახებ განცხადება ბულვარის ადმინისტრაციამ 20 აპრილს გაავრცელა. ამ განცხადებაში განმარტეს, რომ „ბულვარის ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება. ინფორმაცია შს სამინისტროს გადაეგზავნა და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.“

როგორც „ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, მძღოლები 100-100 ლარით დააჯარიმეს. ამ განცხადებაში განმარტებული არ არის, როდის დააფიქსირეს დარღვევა, მას შემდეგ, რაც ის მოქალაქემ გადაიღო და მედიით გავრცელდა, თუ მანამდე?

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბულვარში ავტომანქანით შესვლას რიგითი მოქალაქე გადაწყვეტს, უფლებამოსილი პირი მხოლოდ დააფიქსირებს ამას და გადასცემს შს სამინისტროს რეაგირებისთვის? – აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ იქვე საპატრულო ეკიპაჟიც იმყოფებოდა. კადრში კარგად ჩანს, რომ პოლიცია ადგილზეა და არ რეაგირებს. პირიქით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ავტომანქანებში მყოფების უსაფრთხოებას იცავენ.

ბულვარში სასწრაფო დახმარების მანქანის შესვლასაც კი ყოველთვის აკონტროლებს პოლიცია, რა მოხდა ამ შემთხვევაში? – ამაზე პასუხი არავის გაუცია.

რესტორანი G17 ბულვარის სანაპიროზე მათ შორისაა, რომლის იერ-სახე და მასშტაბი ბათუმის ბულვარის გენგეგმას არ შეესაბამება. თუმცა კითხვაზე – არის თუ არა რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოება მერიაში ამ რესტორანთან დაკავშირებით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში არ გვიპასუხეს.

კანონიერია თუ არა ამ რესტორნის შენობა სანაპიროზე, მოქმედია თუ არა საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას მერიასთან აქვს გაფორმებული? – ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ პასუხი ბათუმის მერიაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიას ამ კონკრეტულ ნაკვეთზე მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება არ აქვს. ამას ადასტურებს დოკუმენტებიც. ჩვენთვის ცნობილია, რომ 2024 წელს ბათუმის მერიამ იჯარის შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა პროცედურის დასრულება ვერ შეძლო. 

გადაწყვეტილების დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ განცხადებას, რომლითაც მერიამ რეესტრს მიმართა, თან ახლდა იჯარის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი რეესტრმა ერთი მიზეზით დაიწუნა: ელექტრონულად არის ხელმოწერილი და მისი გადამოწმება ვერ ხერხდებაო.

იმავე დოკუმენტში რეესტრი განმარტავს:

„მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან განცხადებას თანდართული დოკუმენტი/ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, დაინტერესებული პირის განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავი ნივთის იდენტიფიკაციის საშუალებას ან არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები“.

ზემოთ ნახსენები წუნის გამოსწორება მერიას უმოკლეს ვადაში შეეძლო, თუმცა აღარ უცდია – ადმინისტრაციული წარმოება აღარ განაახლა. მერიამ რეესტრს აღარ მიმართა.

ადგილი, სადაც ახლა რესტორანი G17 მდებარეობს, ბათუმის მერიამ რესტორნის მფლობელ კომპანიას შპს „გთმ ჰოსპიტალითი ჯგუფს“ საიჯარო წესით 2019 წელს ხუთი წლის ვადით გადასცა. 2024 წლის ივლისში, როცა მერიამ რეესტრს მიწის ნაკვეთის საიჯარო შეთანხმებიდან გათავისუფლება მოსთხოვა, ეს ვადა გასული იყო.

რესტორანი G17

თუ კომპანიას ხელშეკრულებას გაუგრძელებდნენ, ეს რეესტრში უნდა აესახათ, თუმცა 2024 წლის მცდელობის შემდეგ ამონაწერი განახლებული არ არის.

G17-ის მფლობელი კომპანია შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპია“. ეს კომპანია მილიონერ ბიზნესმენს, ედნარ პაპუნაიშვილს ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის ასევე შპს „ხიდი 2006“, რომელიც ფლობს კაფე „სანრემოს“ ბულვარის სანაპიროზე.

„სანრემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა – ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. ამ კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა და კომპანიას დღემდე თავად ფლობს. ბათუმის მუნიციპალიტეტმა კომპანიას ქონება 49-წლიანი იჯარით 2018 წლის მაისში გადასცა.

30 მარტს საკრებულომ „სანრემო“ ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ასახა, როგორც არსებული ობიექტი, თუმცა შენობა ჯერ დასრულებული არ არის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, უკანონო რესტორანთან – G17-თან მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებდნენ სახელმწიფო უწყებები და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: