„არ მომწონდა კომუნისტები. დამოუკიდებლობა მომწონს. სხვანაირად არ გამიგოთ და არასდროს არ მიყვარდა რუსეთი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,“ – ამბობს 103 წლის ქეთევან ლორია.
ქეთევან ლორია ბათუმში ცხოვრობს. 103 წლის 14 მაისს გახდა.
„მშვიდად ვცხოვრობ ჩემს ძვირფას ოჯახთან ერთადო,“ – გვეუბნება და საკუთარი ცხოვრების ისტორიას გვიყვება.
ქეთევან ლორია 1924 წლის 14 მაისს სამტრედიაში, სოფელ მეორე ნიგორზღვაში დაიბადა. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. ქეთევანი და მისი და დედამ მარტომ გაზარდა.
სკოლა სოფელ საჯავახოში დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. თუმცა მალევე შეწყვიტა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში გადმოიტანა საბუთები.
პროფესიით ფილოლოგია.
„56 წელი ვიმუშავე სოფელ მეჯინისწყლის საჯარო სკოლაში. ქართულს ვასწავლიდი. ძალიან ბევრი ბავშვი მყავს აღზრდილი. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან ვუყვარდი ჩემს მოსწავლეებს.
ერთხელ ერთმა ჩემმა მოსწავლემ მითხრა: „ქეთო მასწავლებელო, თქვენი გაკვეთილებისთვის თუ მოვალ სკოლაში, თორემ ისე რა მინდა აქო“.
ყველას ვუყვარდი,“ – იხსენებს 103 წლის მასწავლებელი „ბათუმელებთან“.
ქეთევან ლორიას ერთი შვილი, რძალი და ორი შვილიშვილი ჰყავს. მათთან ერთად ცხოვრობს.
„ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო რა არის იცით? კაი რძალი მყავს. გადასარევი გოგოა, მივლის. კარგად ვარ, მშვიდად ვცხოვრობ მასთან.
ყოველთვის მშვიდი ცხოვრება მქონდა. ამ ოჯახში „გამიშვი-გაგიშობ“ არ არის. ყველა ტკბილად, თბილად და ერთმანეთის პატივისცემით ვცხოვრობთ. ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ჩემი ოჯახია,“ – ამბობს ქეთევან ლორია.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, მოესწრო ბევრ გარდამტეხ ცვლილებას, რამაც ქვეყნის ბედი შეცვალა.
ამბობს, რომ არ უყვარდა კომუნისტები, განსაკუთრებით უყვარს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
„არ მომწონდა კომუნისტები. დამოუკიდებლობა მომწონს. გამოვეყავით რუსეთს. 26 მაისი ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. რუსეთს არ ვემორჩილებით, გვაქვს ჩვენი რესურსები და ვცხოვრობთ დამოუკიდებლად.
ჩემს ქვეყანას ვუსურვებ სიკეთეს. ერთმანეთის გატანას.
„კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა: გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი“. ეს არის ჩემი სათქმელი მომავალი თაობისთვის,“ – ამბობს ქეთევან ლორია.
აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 ადამიანი ცხოვრობს. მათგან ყველაზე უხუცესი 111 წლის ნაქიფე დავითაძეა.






