დღეს, 22 მაისს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფის“ შესასვლელთან ბათუმელმა ელექტრომობილებისა და კვადროციკლების მფლობელებმა აქცია გამართეს. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ბათუმის ბულვარში ტურისტულ სეზონზე ელექტრომობილებს, მოპედებსა და კვადროციკლებს აქირავებდნენ.
ბათუმის მერიამ თვითდასაქმებულ პირებს ბათუმის ბულვარში მუშაობა აუკრძალა, რასაც პროტესტი მოჰყვა. კვადროციკლებისა და მოპედების მფლობელებმა ათზე მეტი საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, მერიასთან, თუმცა ამაოდ.
როგორც ისინი ამბობენ, ბათუმის მერიას მხოლოდ ერთი შეთავაზება აქვთ მათთვის, – იმუშაონ ახალი ბულვარის ბოლოს, რასაც მოპედების მფლობელები არ ეთანხმებიან.
ისინი დღეს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთან შეიკრიბნენ და მისთვის ხმის მიწვდენას შეეცადნენ.

ივანიშვილის სასტუმროსთან მოპედების მფლობელები აქცია მართავენ. 22 მაისი, 2026 წ.
„მთელი ძალაუფლება ივანიშვილის ხელშია, მას შეუძლია ეს პრობლემა მოგვიგვაროს. ამიტომ ვართ აქ, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა“- უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„აგვიკრძალეს მუშაობა და გამოგვიშვეს ბულვარიდან. თუ ივანიშვილმა არ უთხრა, ისე ზემდგომები არ გვეხმარებიან. ამდენი ხალხი უმუშევარი დაგვტოვეს და გამოსული ვართ ქუჩაში. თვე-ნახევარია ვეღარ ვმუშაობთ.
შემოსავალი არ მაქვს. სესხები, პრობლემები მაქვს, ამიტომ ვარ იძულებული, რომ გამოვიდე გარეთ და მივაწვდინოთ ხმა [ივანიშვილს].
ჩვენ არაფერი დაგვიშავებია.
ისეთ ადგილზე გვთავაზობენ მუშაობას, იქ არ მოვა ტურისტი. თანაც ერთ ლოკაციაზე, რომ 200 მოპედი ჩამოაწყო, იქნება ხმაური და უსიამოვნება“- ამბობს აქციის მონაწილე.

აქცია შეკვეთილში
ივანიშვილის დახმარების იმედით მოვიდა „პარაგრაფთან“ პაატა საგინაძეც. ისიც ელექტრომოპედების გამქირავებელია.
„ბათუმის ბულვარში აგვიკრძალეს მუშაობა და ივანიშვილს ვთხოვთ დახმარებას, ოჯახში ლუკმა პური რომ შევიტანოთ. ხელის შეშლა ძალიან ცუდი ვარიანტია. 8 წელია ვმუშაობთ ბულვარში და ახლა გაუფრთხილებლად რომ შეგვიწყვიტეს ტურისტული სეზონის წინ მუშაობის უფლება და გარეთ გამოგვიშვეს, ეს ძალიან ცუდია. გვაქვს ბანკები და ამას გადახდა ხომ უნდა.
ერთკილომეტრიან მონაკვეთზე რომ 300 მოტოციკლი, სამაკატი, სუვენირები, წვენები – ყველა ერთად განთავსდება, იქ იქნება ქაოსი და ხმაური. ერთმანეთსაც ხელს შევუშლით. ეს არ იქნება იერ-სახის დამახინჯება?
გვქონდა შეთავაზებაც, რომ ბავშვებს აღარ დავსვამთ მოპედებზე, სიჩქარესაც მოვაკლებთ, მარტო მოპედებს დავიტოვებთ და სხვა ტექნიკას შევამცირებთ-მეთქი, მაგრამ მაინც ყველაფერზე წინააღმდეგი არიან“- ამბობს პაატა საგინაძე.
აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის ბულვარში 300 თვითდასაქმებული მუშაობდა მოპედების გაქირავებაზე და ახლა ყველა შემოსავლის გარეშე დარჩა.
მოპედების გამქირავებლებს ვკითხეთ, თუ რა გზა გაიარეს, სანამ ივანიშვილის სასტუმროსთან მოვიდოდნენ. მათი თქმით, არაერთი აქცია გამართეს მთავრობის და მერიის შენობებთან, თუმცა მათ ხმა არავინ შეისმინა.
თუ „ოცნების“ მთავრობა და მერია არ ისმენთ თქვენს ხმა, რატომ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი მოგისმენთ?- ვკითხეთ მათ.
„შეიძლება არ მივიდა მის ყურამდე ჩვენი გასაჭირი, იმედია ნახავს ამ პროტესტს და დაგვეხმარება“- მიიჩნევს პაატა საგინაძე.

აქცია ივანიშვილის სასტუმროსთან შეკვეთილში.
ჯუმბერ შევარდნაძეც თვითდასაქმებულია. ისიც ივანიშვილის სასტუმროსთან დგას და ელოდება როდის გამოიჩენს ივანიშვილი მათ მიმართ ყურადღებას.
„ჩვენ გვინდა, რომ კანონიერად ვიმუშაოთ და ჩვენი ოჯახები გადავარჩინოთ. ყველას გვაქვს ბანკი, ლომბარდი და ამ ყველაფერმა ჩვენზე იმოქმედა. თან არ გვისმენენ. ერთი და ორი კაცის ახირება იყო ეს ყველაფერი როგორც გვეუბნებიან, ჩვენ ვაკეთებდით იმდენს, რომ ოჯახი გვერჩინა. ეს არის ჩვენთვის დიდი დარტყმა, სეზონის წინ რომ აგვიკრძალეს მუშაობა, არ შეიძლება ხალხთან ასეთი მიდგომა.
ჩვენ არც იარაღით ვარ მოსული და არც დანა-ხანჯლით, საჭიდაო მოედანზე კი არ ვართ, გვინდა, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ“- ამბობს ჯუმბერ შევარდნაძე.
მისი თქმით, დღეს ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაა ყველა სფეროში და კიდევ 300 ადამიანის უმუშევრად დატოვება, კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას.
„ხალხს უნდა დაეხმარონ, ყველა სფეროში გაჭირვებაა. ზოგი პენსიაზეა დამოკიდებული, ზოგი სოციალურზე, დასასვენებლადაც კი არ გავსულვართ ამდენი წელია, იმდენს ვშოულობდით, რომ პურის ფული გვქონდეს“- ამბობს ის.
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა მხოლოდ, ოფიციალურად იგი თანამდებობის პირი არ არის, თუმცა პროტესტში მყოფი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომ იმედს იტოვებენ, რომ ივანიშვილის მათ ხმას შეისმენს და კვლავ მიეცემათ ბათუმის ბულვარში მუშაობის უფლება.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან:






