მთავარი,სიახლეები

ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

17.12.2025
ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი [ლანჩხუთი-ლესა] გაიხსნა დღეს, 17 დეკემბერს.

ახალგახსნილი 4 -ზოლიანი მონაკვეთი იწყება ლანჩხუთში და მთავრდება სოფელ ლესაში. შესაბამისად, ავტობანით მოძრავი ავტოტრანსპორტი სოფელ ჯაპანადან სოფელ ლესამდე [და პირიქით] მონაკვეთში ისე იმოძრავებს, რომ აღარ გაივლის ქალაქ ლანჩხუთს.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი მაქსიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მხოლოდ ორი მონაკვეთია დასრულებული/გახსნილი:

  • ლოტი 1 – სამტრედია-ჯაპანა [დაუსრულებელია]
  • ლოტი 2 – ჯაპანა-ლანჩხუთი [გახსნილია]
  • ლოტი 3 – ლანჩხუთი-ხაჯალია [დაუსრულებელია, დღეს გაიხსნა ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი / დარჩენილია ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი]
  • ლოტი 4 – ხაჯალია-სუფსა [გახსნილია]

აღნიშნული გზის სამტრედია-ჯაპანის მშენებარე მონაკვეთზე [ლოტი 1] 2023 წლის თებერვალში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. მანამდე, 2 წლით ადრე კი, ამ მონაკვეთის დასასრულებლად ბიუჯეტიდან 72 მილიონი ლარის გამოყოფა გახდა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დონორების მიერ იყო დაფინანსებული.

რაც შეეხება ლანჩხუთი-ხაჯალიის მონაკვეთს [ლოტი 3] – სამუშაოები აქ 2022 წელს განახლდა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით 2024 წელში უნდა დასრულებულიყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დღევანდელი ინფორმაციით „სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.“

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი [ლოტი 1] კომპანია Road Building ALTCOM LLC-ს უნდა აეშენებინა, ხოლო მესამე მონაკვეთი [ლოტი 3] – Todini Costruzioni Generali S.p.A-ს, თუმცა, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ კომპანიებმა თავის დროზე ვალდებულებები არ შეასრულეს. მაშინ „ბათუმელებს“ დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ მათ ყველა სასამართლო დავა მოიგეს:

„რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟში (პარიზი, საფრანგეთი) მოგებულ დავებს, საერთაშორისო არბიტრაჟმა Road Building ALTCOM LLC-ს მიაკუთვნა დაახლოებით 64 მილიონი ლარი, Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 56 მლნ ლარი და Astaldi S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 68 მლნ ლარი. გარდა აღნიშნულისა, გაცნობებთ, რომ მთლიანად საერთაშორისო კონტრაქტორების მიმართ ამოქმედებული გარანტიების ფარგლებში ამოღებულ იქნა 123,7 მლნ ლარი. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან 2022 წლის ოქტომბერში.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა საბოლოოდ გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთით ქობულეთის შემოვლით გზას უნდა შეუერთდეს, თუმცა, გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კილომეტრიანი გზაც დათქმულ ვადაში არ დასრულდა და ჯამში მხოლოდ 11 კილომეტრია გახსნილი.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანი / სოფელი ლესა / ფოტო: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: