ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მე-III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას გეგმავს.
სამი ერთეული ასეთი მანქანის შესასყიდად მუნიციპალურმა ინსპექციამ ელექტრონული ტენდერი 223 ათას 200 ლარით გამოაცხადა.
„შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.
შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან“ – აღნიშნულია ტენდერში.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 3 ასეთ ავტომობილს ყიდულობს / ავტომანქანების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები ტენდერიდან
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ახალი მანქანების შეძენას გეგმავს, მის საკუთრებაში არსებული მანქანებისთვის ქალაქში პარკირების ადგილებს ზოგჯერ ვერ პოულობს, თუმცა არასწორი პარკირებისთვის სხვებს აჯარიმებს.
ამ თემაზე: მუნიციპალური ინსპექცია ისევ წვალობს მანქანის გასაჩერებელი ადგილის საპოვნელად | ფოტოამბავი
მუნიციპალური ინსპექცია პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს თავის ფეისბუქგვერდზე პერიოდულად აქვეყნებდა, თუმცა ასეთი სტატისტიკა ამ სამსახურს 2025 წლის ივლისის შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია:

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბოლო რამდენიმე თვეა თავის ფეისბუქგვერდზე ძირითადად „უნებართვო“ და „უსახური“ კაფე-ბარების ნგრევის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.
ამ თემაზე: რა დარჩა ბათუმის მერიას დასანგრევი – „უნებართვო კაფე-ბარების“ დემონტაჟისთვის 170 ათასი ლარი იხარჯება
„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე შეისწავლა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მსუბუქი მანქანების შესყიდვები. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტის ფულით სულ ცოტა 175 მილიონ 292 ათასი ლარის მსუბუქი ავტომანქანაა შეძენილი.
2026 წელს კი, 7 მაისის მდგომარეობით უკვე ნაყიდი ავტომანქანების ფასები, ასევე კონსოლიდირებული თუ ჩვეულებრივი ტენდერების სავარაუდო ღირებულებები რომ შევაჯამოთ, მსუბუქი და სპეციალიზებული ავტომანქანების შესაძენად 36 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.
ამ თემაზე ვრცლად:
„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს
მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ფეისბუქგვერდიდან






