მთავარი,სიახლეები

„უცხოური გავლენის“ პროექტები აჭარაში – წყალი, კანალიზაცია, ავტობუსი, სახანძრო კიბე

22.02.2023 • 1402
„უცხოური გავლენის“ პროექტები აჭარაში – წყალი, კანალიზაცია, ავტობუსი, სახანძრო კიბე

სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ბათუმში, ათ წელზე მეტია ეტაპობრივად ხორციელდება, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აფინანსებს. გარდა ძველი და მწყობრიდან გამოსული სისტემის სრულად ახლით ჩანაცვლებისა, ამ პროექტის ფარგლებში დააფინანსეს და ააშენეს გამწმენდი ნაგებობებიც.

თითოეული ფაზის განხორციელებისთვის მილიონობით ევრო დაიხარჯა.

პროექტის მეხუთე ფაზის დაწყების შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, გასული წლის მეორე ნახევარში ამცნო საზოგადოებას.

„გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს [KfW] შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები. შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოიყოფა 53 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი, ხოლო 2 მილიონი ევრო – გრანტი“.

ამას დაემატება 25 მილიონი ევრო, როგორც თანადაფინანსება ბათუმის ბიუჯეტიდან.

ბათუმის მერია 80-მილიონიან პროექტს იწყებს – კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე

გარდა ამისა, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 10 მილიონი ევრო, გრანტი, დაიხარჯება პროექტში, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირი აფინანსებენ. ამ პროექტის ფარგლებში აჭარის დაბებსა და სოფლებში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები უნდა მოეწყოს გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით.

ბათუმში სტანდარტული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის აჭარის მთავრობამ 7 მილიონი ევრო მიიღო. აქედან  3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ახალი ნაგავსაყარი / ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან ახალი ნაგავსაყარის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება, რომელიც მდინარე ჭოროხის პირას წლებია ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ გამოყოფილი 1,5 მილიონი ევრო დაიხარჯა ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. ტექნიკური აღჭურვილობა კი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის, ბათუმი 7 მილიონ 500 ათას ევროს მიიღებს გრანტის სახით.

„აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდის მიერ გამოყოფილი 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტი დაიხარჯა ბათუმში ელექტროავტობუსების შესაძენად.

გასულ წლებში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის [EBRD] დაბალპროცენტიანი სესხით შეისყიდა ასევე ბათუმის მერიამ ლურჯი ავტობუსები.

2020 წელს ბათუმის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან [GIZ] გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმში, საპილოტე ტერიტორიაზე საპარკინგე პოტენციალის კვლევაზე  დაიწყო მუშაობა.

პროექტი ხორციელდება რეგიონულ პროგრამასთან „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში” (Mobility4Cities) თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იწყება ტყის მდგრადი მართვის პროექტი, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ და რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 7,4 მლნ ევროს. პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმი აერთიანებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისს, ორგანიზაცია HessenForst-ს.

77 ათას 235 აშშ დოლარი გრანტით შეიძინა ქედის მუნიციპალიტეტმა ელექტრომიკროავტობუსი. ეს გრანტი იაპონიის საელჩომ გამოყო. ამავე საელჩომ ბათუმს 140 ათას ევროს ღირებულების 40 მეტრი სიმაღლის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეუძინა.

სახანძრო მანქანა, რომელიც ბათუმს იაპონიის საელჩომ გადმოსცა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: