„უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი განათლების მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია და მისი კავშირი განათლების სისტემასთან შემთხვევითია. მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია. ანუ ჩვენ გვყავს ორი ძალოვანი ფიგურა და ისინი მართავენ განათლების სისტემას. მათ არ იციან განათლების სფეროში არსებული პრობლემები. შესაბამისად, არ შეუძლიათ ახსნან, ბიუროკრატების მიერ მოფიქრებული სისტემები როგორ მუშაობს“, – ამბობს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია.
მას „ბათუმელები“ მასწავლებლის კარიერული განვითარების ახალ სქემაზე ესაუბრა.
- ბატონო სიმონ, გვინდა თქვენი, როგორც სპეციალისტის შეფასება მოვისმინოთ მასწავლებლის კარიერულ სქემასთან დაკავშირებით. თუ ხედავთ საკამათო ცვლილებებს?
სქემა თავიდანვე შემოღებული იყო ერთი მიზნით – ხელფასის მომატებაზე პასუხისმგებლობა გადაეტანათ მასწავლებელზე და არა გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. მასწავლებელი ხდებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჰქონდა დაბალი ხელფასი და არა სამინისტრო ან პოლიტიკური ფიგურები.
შექმნეს სისტემა, რომლითაც შეეძლოთ დაერეგულირებინათ ხელფასების მომატების სისწრაფე. სინამდვილეში, ხელფასი გაყვეს ოთხ ჯგუფად, ანუ ოთხ სახელფასო კატეგორიად და ამ ოთხ სახელფასო კატეგორიაში მოძრაობა შეზღუდეს სხვადასხვა ბარიერით. მათ შორის გამოცდებით, სკოლის შიდა და სასკოლო შეფასებებით, სკოლის გარეთ ჩასატარებელი აქტივობებით და ასე შემდეგ.
მასწავლებლებს ეუბნები, რომ ყველას შეუძლია გადასვლა ერთი კატეგორიიდან მეორეში, მეორე მხრივ კი ხელოვნურად ქმნი ბარიერს, რომელიც ხელს უშლის კარიერულ წინსვლაში. ერთ-ერთი ასეთი ხელოვნური ბარიერი იყო დრო, ანუ რამდენ ხანში ერთხელ შეეძლოთ აქტივობების ჩატარება, კრედიტების აღება და ასე შემდეგ.
2024 წელს კი, არჩევნების წინ, პრაქტიკულად სქემა იმიტომ გააუქმეს, რომ ხელფასი მოუმატეს ძირითადად ქვედა კატეგორიების მასწავლებლებს, ხელფასებს შორის სხვაობა რომ გაეთანაბრებინათ.
- რეალურად, დანამატები გაუუქმეს მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს, არა?
დიახ. და აქედან გამომდინარე უფრო მეტად მიაბეს საათებს. ამ ცვლილების შემდეგ სქემა იმდენად მნიშვნელოვანი აღარ იყო ხელფასის მატებისთვის – დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ კატეგორიაში ხარ.
- თუმცა, ამ სქემამ თავის დროზე ის მოტივაცია გაუჩინა მასწავლებლებს, რომ პროფესიულად გაზრდილიყვნენ და მაღალი ხელფასიც მიეღოთ. 1000 ლარზე მეტი ჰქონდათ დანამატის სახით. დღეს ეს დანამატი 117 ლარია.
ახლა პრობლემა ისაა, რომ აღარ იციან, როგორ უნდა მოუმატონ ხელფასები მასწავლებლებს. ძველი სქემა აღარ მუშაობს, საათებზე მიბმული სისტემა კი იმას გულისხმობს, რომ მასწავლებლისთვის ხელფასის დასამატებლად, საათის ღირებულება უნდა გაიზარდოს.
ვფიქრობ, ამ პრობლემის გადასაჭრელად მოიფიქრეს ეს ახალი მექანიზმიც – სქემაში, შიგნით უნდა დაყონ კატეგორიები ორ ნაწილად და სხვადასხვა საქმიანობით გადაანაწილონ.
- რა იგულისხმება ამაში, იქნებ განვმარტოთ?
ახალი სქემის მიხედვით ჩნდება ახალი პრინციპი – შენ შეიძლება იყო, მაგალითად, მენტორი სკოლის დონეზე ან მენტორი მუნიციპალიტეტის დონეზე.
ეს ახალ საფრთხეებსაც აჩენს. ერთი საფრთხეა ის, რომ ვისაც მენტორის სტატუსი უკვე აქვს სკოლის დონეზე, მაგრამ უნდა, რომ მოიპოვოს მუნიციპალიტეტის დონეზეც, ეს სხვა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. მუნიციპალიტეტების დონეზე უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ გაჩნდეს პოლიტიკური ინტერესები. არც ის ჩანს, რა პროცედურით უნდა შეირჩეს ეს კომისია – იქნება დემოკრატიულად შერჩეული, თუ დააკომპლექტებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით.
- როგორც ვიცით, სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს კომისიის შემადგენლობა, ასეა?
კი, მაგრამ პრინციპი არ ვიცით, რა პრინციპით განისაზღვრება. არც ის ვიცით, რამდენად განსხვავებული იქნება ხელფასი.
- ეს კითხვები ჰქონდათ მასწავლებლებსაც, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ. ისინი ამბობდნენ, რა მნიშვნელობა აქვს სკოლის დონეზე ვიქნები მენტორი თუ მუნიციპალიტეტის, თუ არ მექნება შესაბამისი ანაზღაურება. ფაქტია, რომ მასწავლებლებს განვითარების მოტივაცია დაუკარგა ახალმა სქემამ. რამდენად სწორი იყო ეს მიდგომა?
საქმე ისაა, რომ სქემაში საერთოდ არ ჩანს, რას უძღვება უფროსი ან წამყვანი მასწავლებელი, რადგან თავის თავში არ მოიცავს საქმიანობის ელემენტს. მენტორობა კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ უნდა გყავდეს შეგირდი, ან დამწყები მასწავლებელი, რომელსაც უწევ მენტორობას.
თუ მუნიციპალურ დონეზე არის უკვე ასეთი ფუნქციის მატარებელი ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ საკუთარი სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც უნდა ეწეოდეს მსგავს საქმიანობას. აქ ჩნდება კითხვა, უფინანსებენ თუ არა ამ საქმიანობას მენტორ მასწავლებელს, თუ იგულისხმება, რომ სკოლის სტატუსის ფარგლებში უნდა იმუშაოს მუნიციპალური დონის მენტორმა?
მაგალითად, ევალება თუ არა მუნიციპალური დონის მენტორს, არსებული დანამატის ფარგლებში სხვა სკოლის დამწყებ მასწავლებლებსაც უხელმძღვანელოს?
- თქვენი აზრით, რატომ არ გასცა ამ კითხვებს პასუხები „ოცნების“ განათლების მინისტრმა, მაგალითად სქემის პრეზენტაციის დროს, ხომ ამბობენ მასწავლებლებს ვხვდებითო.
უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია და მისი კავშირი განათლების სისტემასთან არის შემთხვევითი. პოლიციის აკადემიაში მუშაობდა და ეს არის მისი ძირითადი საგანმანათლებლო გამოცდილება. პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია. ანუ ჩვენ გვყავს ორი ძალოვანი ფიგურა და ისინი მართავენ განათლების სისტემას. მათ არ იციან განათლების სფეროში არსებული პრობლემები. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები ამ პრობლემიდან არ გამომდინარეობს.
არ შეუძლიათ ახსნან, ბიუროკრატების მიერ მოფიქრებული სისტემები როგორ მუშაობს. სისტემის მთავარი ინტერესია დაიმორჩილოს მასწავლებელი და საერთოდ, ყველა, ვინც განათლების სისტემაშია. მათ შორის მოსწავლეები და მშობლებიც.
აი, ამ ინტერესიდან გამომდინარე ცდილობენ, სქემაში რაღაც ელემენტები ჩართონ, მათ შორის მენტორების შერჩევის მექანიზმი მუნიციპალურ დონეზე.
- სკოლის დონეზე ვერ შექმნიდნენ მორჩილების მექანიზმს?
ავტორიტარულ სისტემებში – და ჩვენი სისტემა ნამდვილად ავტორიტარულია, მმართველი ძალა ცდილობს დაიქვემდებაროს ყველა, ვისაც სურს კარიერულად დაწინაურდეს.
უსამართლობაა ის, რომ მაგალითად თუ მასწავლებლებს ერთი სტატუსი უკვე აქვს ერთ სკოლაში, იგივე სტატუსი ვეღარ ექნება სხვა სკოლაში. უნდა აირჩიო. შესაბამისად, სახელმწიფო იმ ერთი სკოლის ფარგლებში მიღწეულ წარმატებას გიღიარებს და მეორე სკოლის ფარგლებში მიღწეულს – არა.
- სქემის მიხედვით, მასწავლებლებს ხომ ისედაც აღარ უტოვებენ სხვა სკოლაში მუშაობის უფლებას. ან ერთ სკოლაში დარჩით, ან მეორეშიო – ასე წერია დოკუმენტში.
ეს ცალკე ამბავია, რომ ნებართვა სჭირდებათ ორ სკოლაში მუშაობისთვის. ამითაც იქვემდებარებენ ზემდგომები. საკითხავია ამ უფლების მინიჭების დროს რა იქნება ძირითადი კრიტერიუმი – მათი პროფესიონალიზმი თუ პოლიტიკური ლოიალობა?
ჩვენ ისედაც ნაკლები მასწავლებლები გვყავს ცალკეულ საგნებში, თუ ასეთ პირობებში კიდევ უფრო დემოტივირებულები გახდნენ და წავიდნენ სისტემიდან, პრობლემა გვექნება სწავლის ხარისხთან დაკავშირებით. მაშინ მოუწევთ სკოლებში მიიღონ ახალბედები და ნაკლებად პროფესიონალები.
- სქემაში წერია, რომ სკოლა ავტონომიურია. რას წყვეტს სკოლა ავტონომიურად, თუკი მასწავლებლის დასაქმების, სტატუსების მინიჭების საკითხს სამინისტროს დამტკიცებული კომისია წყვეტს. თუკი ფორმის, ტელეფონების, სახელმძღვანელოების საკითხს სამინისტრო წყვეტს. რაში გამოიხატება სკოლის ავტონომია მაშინ?
სახელმძღვანელოების არჩევის უფლება, ეს არ არის მხოლოდ წიგნის არჩევის თავისუფლება, ეს არის მეთოდის არჩევის თავისუფლებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ერევიან პედაგოგიურ მიდგომებშიც და განუსაზღვრავენ მხოლოდ ერთ, სამინისტროსთვის მისაღებ სახელმძღვანელოს – ეს მასწავლებელს შინაარსობრივ ავტონომიასაც უზღუდავს.
მაგალითად, ტელეფონის აკრძალვა ან არაკრძალვა, სკოლის დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაა და ახლა ეს გადაწყვეტილებაც სკოლის გარეთ მიიღო სამინისტრომ.
სინამდვილეში ეს სისტემები ასე არ მუშაობს. გვინახავს საბჭოთა სკოლა, 90-იანების სკოლაც და ვიცით, რომ მასწავლებლები მაინც იმას აკეთებენ, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ. საბჭოთა კავშირის დროს, მაგალითად, ჩემი ისტორიის მასწავლებელი, პრინციპულად არ მასწავლიდა საბჭოთა კავშირის ისტორიას და მასწავლიდა მაგალითად როკის ისტორიას.
- ეს მაინც ინდივიდუალიზმამდე დადის, მთლიანობაში კი შეზღუდვები აზიანებს განათლების სისტემას, არა?
სანქციებს თუ შემოიღებ და მასწავლებელს დასჯი იმის გამო, რომ მის გაკვეთილზე ბავშვი მობილურს იყენებს, მერე უკვე დაიწყება დაპირისპირება მასწავლებლების კორპუსსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ამიტომ, ძალიან ბევრ რისკს აჩენს.
აი, მაგალითად, თუ ბავშვები ერთ დღეს გადაწყვეტენ, რომ პრობლემები შეუქმნან მასწავლებელს, შეუძლიათ ამოიღონ მობილურები გაკვეთილზე, გადაიღონ ვიდეოები და გაავრცელონ. ეს იქნება პრობლემების შექმნა სკოლისთვის, მასწავლებლისა და დირექტორისთვისაც. იმიტომ, რომ იქნება კანონის საწინააღმდეგო.
- იგივე შეიძლება მოხდეს ფორმასთან დაკავშირებითაც?
ფორმასთან დაკავშირებით გაუგებარია რა იქნება. მაგალითად, თუ არ ჩაიცვამს მოსწავლე ფორმას, მაშინ რას ვუშვრებით ამ მოსწავლეს?
- ალბათ არ დაუშვებენ გაკვეთილზე?
არ ვიცი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება. ამ უფლებას ხომ არ ჩამოართმევენ იმის გამო, რომ არ ემორჩილება რაღაცას – რას ვაკეთებთ მაშინ, ვართმევთ მშობლის უფლებას?
- ასეთი აკრძალვებით აღჭურვილი სქემა, შეიძლება იყოს მოტივაცია მასწავლებლისთვის?
ამ სქემაში არც ადრე იყო არანაირი მოტივაცია. მხოლოდ ფინანსური მოტივაციაც არ არის მთავარი, რომ მასწავლებელმა უკეთესად იმუშაოს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კოლეგების, სასკოლო საზოგადოების მიერ აღიარება. მასწავლებელი, რომელიც მადლობას იღებს მშობლისგან და მაგალითად, სკოლის დასრულების ცერემონიალზე აღიარებენ როგორც პატივსაცემ ადამიანს, ბევრად მეტი მოტივაციაა მასწავლებლისთვის, ვიდრე ის, რომ 200 ლარით მოუმატეს ხელფასი.
იყვნენ ისეთები, რომლებიც თავიანთ სტატუს-კვოს ამართლებდნენ ამით – ბევრი მშობელი თვლის, რომ სანდო და პროფესიონალი ხართ, თუ დამატებით სახლში ამეცადინებ მოსწავლეებს. ასეთ მასწავლებლებს საერთოდ არ სჭირდებათ სახელმწიფოს აღიარება.
- მასწავლებლების დიდი ნაწილი ვერ აბარებდა საგნის გამოცდას და მაინც მოუწია სახელმწიფოს მათთვის სტატუსების მინიჭება მინიმალური ქულით. ახალი სქემაც ამბობს, რომ არ მოეთხოვება პროფესიული წინსვლა უფროს მასწავლებლებს, მაგრამ თუ წამყვანი ან მენტორი ვერ გააკეთებს რაღაცას სათანადოდ, მათ წაართმევენ სტატუსებს. ეს სამართლიანია?
როცა სახელმწიფოს უნდა, რომ შეაფერხოს ხელფასების ზრდა, მაშინ ქმნიან ბარიერებს კონკრეტული ჯგუფებისთვის. შემდეგ უყურებენ, თითოეულ კატეგორიაში რამდენი მასწავლებელია და აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას.
ამას სკოლის განვითარებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებას იღებენ იქიდან გამომდინარე, რამდენი ფული აქვთ და არა იქიდან, რა სჭირდება განათლების სისტემას.
- თუ 100 ლარით უზრდი ხელფასს მასწავლებელს, რომელიც სხვაზე მეტს შრომობს, ვინ მოისურვებს ასეთ კარიერულ ზრდას. მით უფრო, თუ 200 ლარზე მეტს აიღებს რეპეტიტორობით?
საქმე ის არის, რომ ხელოვნურად ქმნიან რაღაც სტატუსებს, საფეხურებს და მიმართულებებს იმისთვის, რომ შექმნან შთაბეჭდილება, რომ არსებობს რაციონალური სისტემა, რომლის მიხედვითაც ისინი მართავენ მასწავლებლების განვითარებას. სინამდვილეში არანაირი განვითარება არ ხდება. ეს სქემა არ იწვევს განვითარებას.
რეალურად, ბევრი გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ სიმბოლური სტატუსები დაემატოს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამბიცია, მაგრამ რეალურად, ახლა აღარც ხელფასი აინტერესებთ ამ სქემასთან დაკავშირებით.
პრობლემაა ისიც, რომ მასწავლებლებს კონკურენციაში ყოფნა უწევთ საათების გამოც. დირექტორს სჭირდება ობიექტური საზომი იმისთვის, რომ ეს საათები გადაანაწილოს. შეიძლება მასწავლებლის პრესტიჟი და მისი ოფიციალური სტატუსი არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და მაშინ ჩნდება პრობლემა.
დირექტორები ითხოვენ ფორმალურ კრიტერიუმს და სახელმწიფოც ხანდახან ამ კრიტერიუმებს ქმნის ხელოვნურად, რომ დირექტორებს გაუადვილდეთ გადაწყვეტილების მიღება. ხელფასის დანამატი შესაძლოა არ იყოს ამ სქემაში ჩადებული, მაგრამ საათების განაწილებისთვის შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი და ამიტომ მოუნდეთ მასწავლებლებს კარიერულ კიბეზე ზევით იმოძრაონ.
- როცა მასწავლებელს სთხოვენ ხარისხს, უნდა მიაწოდოს სკოლამ ან სამინისტრომ რესურსებს, რაც საჭიროა ინოვაციური გაკვეთილების ჩასატარებლად. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რა სტანდარტს ქმნის სახელმწიფო?
ორი შეზღუდვაა მასწავლებლისთვის: ერთია რესურსების შეზღუდვა – ინტერნეტი იქნება ეს თუ სხვა დამხმარე მასალები, დრო, ბავშვების რაოდენობა კლასებში და ა.შ. და მეორე, არის პოლიტიკური შეზღუდვები, მაგალითად ის, რომ „ამ სახელმძღვანელოთი უნდა ასწავლო“, თუ პროგრამაც ცუდია, მაინც არ გაძლევენ უფლებას, აირჩიო სხვა საშუალებები.
ხშირად მასწავლებლები სწორედ ამაზე ესაუბრებიან მშობლებს, როცა მათი შვილების რეპეტიტორობას სთავაზობენ, რომ „უფლება არ მაქვს ვასწავლო შენს შვილს უკეთესი სახელმძღვანელოთი“, მოვიდეს ჩემთან სახლში და იქ ვიმეცადინოთ. თუ ბევრი ბავშვია კლასში, ეუბნებიან, რომ ხელს უშლიან სხვა ბავშვები და ამიტომ „სახლში გამეცადინებ“.
ახლა ასეთი არგუმენტები კიდევ უფრო გაიზრდება, ჩემი აზრით. მასწავლებელს შეუძლია თქვას, რომ უფლება არ მაქვს გასწავლო კარგი მათემატიკის სახელმძღვანელოთი, რადგან ერთი სახელმძღვანელოა, ამიტომ ვერ გასწავლი კარგად.
- გამოდის, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს კი არ შეასუსტებენ, პირიქით – გააძლიერებენ? მაშინ რა დატვირთვა ექნება „რეფორმის“ შედეგად გაჩენილ რეპეტიტორიუმს?
მათი რეპეტიტორიუმი რეალურად არაფერს შეცვლის – რეალურად, შეჯიბრი უმაღლესებში მოსახვედრად იზრდება, რადგან ადგილების რაოდენობა უნივერსიტეტებში მცირდება, უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნა კი იგივე რჩება.
შესაბამისად, ერთადერთი საშუალება, რომ ეს შიში დაძლიო, არის შემდეგი – შვილი უნდა მოამზადო რაც შეიძლება ბევრ მასწავლებელთან. სკოლაში რაც არ უნდა მოსამზადებელი კურსი იყოს, ეს არ გამორიცხავს, რომ სკოლის მერე ისევ არ წავა ბავშვი მოსამზადებლად.
- ხშირად მოუწესრიგებელია სკოლების ინფრასტრუქტურა, სკოლების ნაწილი 2 და 3 ცვლაშიც კი მუშაობს შენობის უქონლობის გამო, გადაღლილი არიან ბავშვები და მასწავლებლებიც, არ არსებობს ხელმისაწვდომობა სასწავლო რესურსებზე… რამდენად რეალურია განათლებაში იმ ხარისხის შექმნა, რის გამოც ანგრევენ დღეს არსებულ სისტემას?
მე ვიცნობ მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 500 მოსწავლეს ასწავლის ორ სხვადასხვა სკოლაში იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ხელფასია დაბალი, მეორეა ის, რომ კარგი მასწავლებელია და თანახმა არიან ეს სკოლები, რომ იმუშაოს ამ მასწავლებელმა. სასწავლო გეგმაც ისეა შემუშავებული, რომ ერთ მასწავლებელს შეიძლება ჰყავდეს 300, 400 და 500 მოსწავლე კვირის განმავლობაში.
ეს ხდება იმიტომ, რომ მცირესაათიანია საგნები და ასე შემდეგ. დაანონსებული ცვლილებები ამ პრობლემებს ვერ აგვარებს.
აი, მაგალითად, ფორმები ავიღოთ, რომელ პრობლემას აგვარებს? ეს არის ფასადი. დანგრეულ შენობას თუ შეუღებავ ფასადს, შეიძლება გეგონოს, რომ რაღაც შეიცვალა, მაგრამ საკმარისია შიგნით შეხვიდე და აღმოაჩენ ძველ სისტემას. ეს ფორმიანი ბავშვებიც ივლიან გაკვეთილებზე, სადაც მასწავლებელი მათ სახელებს და გვარებსაც ვერ იმახსოვრებს, რადგან 30 საათზე მეტს მუშაობს და გადატვირთულია კლასები.
პირიქითაც არის, გვაქვს სოფლის სკოლები, სადაც მასწავლებლები მუშაობენ 6-8 საათს და ამ ფულით ვერ ცხოვრობენ, იმდენად დაბალია მათი ხელფასები. მერე იძულებული არიან სხვადასხვა საგნის მასწავლებლები გახდნენ, მერე ეს სქემა წამოეწევათ და ეტყვიან, რომ არა მხოლოდ ერთ საგანში უნდა იყო წამყვანი, სხვა საგნებშიც.
იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს სწავლა-სწავლება, სკოლების ბიუჯეტი უნდა გაორმაგდეს. ახლა კი ვხედავთ, რომ კორუფციაა სისტემაში, სკოლის ასაშენებლად ქირაობს სახელმწიფო კომპანიას, რომელსაც საერთოდ არ აქვს სკოლის აშენების გამოცდილება და მერე ეს კომპანია მიაგდებს მშენებლობას შუა გზაზე.
ვიღებთ დაუმთავრებელ სკოლებს და დაჩაგრულ სასკოლო საზოგადოებას, რომელიც ცდილობს გაექცეს საჯარო განათლების სისტემას და გადავიდეს კერძო სკოლებში, სადაც შესაძლოა ნაკლები აქვს ხელფასი, მაგრამ შესაძლოა ყოველ წუთს უაზრო მოთხოვნებს არ უწესებდნენ.






