ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება

05.03.2026
ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება. მან სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით ის გამარჯვებულად გამოაცხადეს და შესაბამისი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უკვე დანიშნეს.

მერიის ინფორმაციით, „არჩილ გირკელიძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს ჩესტერის უნივერსიტეტში 2010–2011 წლებში. ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფინანსებსა და ბიზნესის ადმინისტრირებაში კავკასიის უნივერსიტეტში, 2005–2009 წლებში.

აქვს 15 წლამდე სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არჩილ გირკელიძე რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელია, თუმცა ამ დროისთვის მას წილები კომპანიებში უკვე გასხვისებული აქვს.

კერძოდ, არჩილ გირკელიძე შპს „B.G.C.“- ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ის კომპანიის 50 პროცენტს ფლობდა. ეს კომპანია 2011 წელს მას რევაზ ბჟალავასთან ერთად დაუფუძნებია. 2025 სექტემბერში მან კომპანიის თავისი წილები უსასყიდლოდ დაუთმო ელდარ კახაძეს და მასვე გადააბარა კომპანიის დირექტორის თანამდებობაც.

2023 წელს არჩილ გირკელიძეს დაუფუძნებია შპს „პი ენ ჯი სტუდიო“, ის თავად ფლობდა კომპანიის ასივე პროცენტს და დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. 2025 წლის სექტემბერში მან კომპანიის წილების ასივე პროცენტი უსასყიდლოდ გადასცა ელდარ კახიძეს და დირექტორის თანამდებობაც მასვე გადააბარა.

არჩილ გირკელიძე არის ასევე შპს „სფარქს ქოფის“ თანადამფუძნებელი. ეს კომპანია 2025 წლის მაისში ოთხმა პირმა დააფუძნა, თანადამფუძნებლები კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებდნენ, 2025 წლის სექტემბერში არჩილ გირკელიძემ ამ კომპანიის წილებიც უსასყიდლოდ დათმო.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი წანაწყენიშვილმა თანამდებობა გასული წლის ნოემბერში დატოვა. ის დაბრუნდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც ბათუმის მერიაში დასაქმებამდე მუშაობდა.

ამ დრომდე სამსახურის უფროსის მოვალეობას გიორგი კილაძე ასრულებდა.

ქაოსური განაშენიანება და მასთან დაკავშირებული პრობლემები ბათუმის მთავარი გამოწვევაა, რომლის მოგვარებასაც მერია თავს დღემდე ვერ ართმევს, ცათამბჯენებზე ნებართვების გაცემას კი აგრძელებს.

გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა ქალაქში ამ გამოწვევების პარალელურად იზრდება.

2025 წელს ბათუმის ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით 5 მილიონამდე ლარი შევიდა. ბათუმს არც უკანონო მშენებლობები აკლია. სამაგიეროდ, უკვე 20 წელზე მეტია მერია ასეულობით ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, თუმცა უშედეგოდ. ქალაქში დაუძლეველი გამოწვევების ჩამონათვალშია კანალიზაციის, პარკინგის ადგილების, ეზოების და ასე შემდეგ პრობლემები.

ასევე, ბათუმს ისევ არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: