„ასეთი უყურადღებობით და უმოქმედობით მთავრობას მივყავარ აქამდე, რომ სადმე შევიჭრა, სხვა რა გზა დამიტოვეს? მე ახალშენის პოლიციასაც დავუწერე, იცოდეთ, სადმე შევიჭრები, ამას ვაპირებ-მეთქი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მზია მეგრელიშვილი. იგი მარტოხელა დედაა და წლებია შვილთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში.
მზია მეგრელიშვილი ამბობს, რომ არაერთი წერილობითი მიმართვის შემდეგ, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებს აჭარის მთავრობისგან, ასევე ხელვაჩაურის მერიისგან – მარტოხელა დედა ბინით უზრუნველყოფას ითხოვს.
მზია მეგრელიშვილი ბინის ქირას ვერ იხდის. 2025 წელს გამოხატული პროტესტის შემდეგ მზია მეგრელიშვილის ხელვაჩაურის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორად დაასაქმა, თუმცა წლის ბოლოს გაათავისუფლა. მზია მეგრელიშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. 2026 წლის 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი კიდევ ერთხელ მივიდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში მიღებული აქვს, ჯამში, 13 800 ლარი.“
ამ დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასია მარტო 1 თვეში 13 600 ლარი.
„ამჯერად დამპირდნენ აჭარის მთავრობაში, რომ სარეზერვო ფონდიდან მომცემდნენ 3 ათას ლარს. ესეც შეღავათია, რომ რამდენიმე თვის ქირა გადავიხადო – დავალიანება მაქვს და მესაკუთრე ბინის დაცლას კატეგორიულად მთხოვს. ეს ფულიც არ მომცა მთავრობამ,“ – გვიყვება მზია მეგრელიშვილი. მისივე თქმით, აჭარის მთავრობაში უთხრეს, რომ მისცემენ ბინას იმ კორპუსებში, რომელიც ბიზნესმენ ოზთურქის ჩამოართვეს, თუმცა უცნობია – როდის.
აჭარის მთავრობა ადასტურებს, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა შესაბამისი ნაბიჯები ბათუმის მერიას ჯერ არ გადაუდგამს. არც იმას სწავლობს ვინმე, ვის ეკუთვნის ბინა. უსახლკაროებს ეჭვი აქვთ, რომ უკანონოდ აშენებული კორპუსების საცხოვრებლად გადაკეთება 2028 წლის არჩევნებამდე გაჭიანურდება.
„აჭარის მთავრობაში მითხრეს, გადაცემულია თქვენი საქმე ჯანდაცვაზე და ბინა სავარაუდოდ გექნებათო, მაგრამ უნდა მომზადდეს ეს ბინებიო. როდის იქნება, ვერ მითხრეს. ამ დროს მე სად წავიდე?
ხელვაჩაურის მერიას 50 დღის წინ მივმართე განცხადებით და ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიმიღია. პირდაპირ მოვითხოვე ბინით დაკმაყოფილება,“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი.

მზია მეგრელიშვილი 14 წლის შვილთან ერთად
რა გამოსავალს სთავაზობს მზია მეგრელიშვილის ხელვაჩაურის მერია და აჭარის მთავრობა? – „ბათუმელებმა“ ორივე უწყების პრესცენტრში დარეკა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ამ თემაზე:
„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე
![ვის [არ] შეხვდა ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/06/pataradze-kaveri.jpg)





