მთავარი,სიახლეები

რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

12.05.2025 •
რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 5 წლის წინ  უნდა დასრულებულიყო, დღესაც გრძელდება. ინფორმაციას „ოცნების“ მთავრობის ახალშექმნილი ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს და აცხადებს, რომ მინისტრი რევაზ სოხაძე „საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარეობას და გამოწვევებს გურიის მხარეშიც გაეცნო“.

სამინისტრო „გამოწვევებსა“ და მშენებლობის დასრულების ვადებზე ამჯერად არაფერს ამბობს, თუმცა, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მთავარი „გამოწვევა“ ისაა, რომ ეს გზა მაქსიმუმ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო.

ლანჩხუთი-ხაჯალიის გზის მშენებლობა / ფოტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფეისბუქგვერდიდან / 11.05.2025

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და 2025 წლის მაისის მდგომარეობით მხოლოდ ორი მონაკვეთია დასრულებული/გახსნილი:

  • ლოტი 1 – სამტრედია-ჯაპანა [დაუსრულებელია]
  • ლოტი 2 – ჯაპანა-ლანჩხუთი [გახსნილია]
  • ლოტი 3 – ლანჩხუთი-ხაჯალია [დაუსრულებელია]
  • ლოტი 4 – ხაჯალია-სუფსა [გახსნილია]

აღნიშნული გზის სამტრედია-ჯაპანის მშენებარე მონაკვეთზე [ლოტი 1] 2023 წლის თებერვალში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. მანამდე, 2 წლით ადრე კი, ამ მონაკვეთის დასასრულებლად ბიუჯეტიდან 72 მილიონი ლარის გამოყოფა გახდა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დონორების მიერ იყო დაფინანსებული.

რაც შეეხება ლანჩხუთი-ხაჯალიის მონაკვეთს [ლოტი 3] – სამუშაოები აქ 2022 წელს განახლდა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით 2024 წელში უნდა დასრულებულიყო.

ვრცლად ამ თემაზე: ავტობანის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ლანჩხუთში განახლდება – დეპარტამენტი

„გრძელდება სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 12 კმ-იანი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას. ამ ეტაპზე, ყრილის, ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა მიმდინარეობს“ – წერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2025 წლის 11 მაისს.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი კომპანია Road Building ALTCOM LLC-ს უნდა აეშენებინა, ხოლო მესამე მონაკვეთი – Todini Costruzioni Generali S.p.A-ს, თუმცა, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ კომპანიებმა თავის დროზე ვალდებულებები არ შეასრულეს. მაშინ „ბათუმელებს“ დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ მათ ყველა სასამართლო დავა მოიგეს:

„რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟში (პარიზი, საფრანგეთი) მოგებულ დავებს, საერთაშორისო არბიტრაჟმა Road Building ALTCOM LLC-ს მიაკუთვნა დაახლოებით 64 მილიონი ლარი, Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 56 მლნ ლარი და Astaldi S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 68 მლნ ლარი. გარდა აღნიშნულისა, გაცნობებთ, რომ მთლიანად საერთაშორისო კონტრაქტორების მიმართ ამოქმედებული გარანტიების ფარგლებში ამოღებულ იქნა 123,7 მლნ ლარი. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან 2022 წლის ოქტომბერში.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა საბოლოოდ გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთით ქობულეთის შემოვლით გზას უნდა შეუერთდეს, თუმცა, გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კილომეტრიანი გზაც დათქმულ ვადაში არ დასრულდა და ჯამში მხოლოდ 11 კილომეტრია გახსნილი.

„სამუშაოები აქტიურად გრძელდება და დარჩენილ 3 კმ მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება“ – აცხადებდა 2023 წელს გზების დეპარტამენტი.

„გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები“ – წერს 2025 წლის 11 მაისს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ვინაიდან ავტომაგისტრალების თითქმის არცერთი მონაკვეთი ხელშეკრულებებით განსაზღვრულ თავდაპირველ ვადებში არ დასრულებულა, ახალშექმნილი ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაუსრულებელი გზების დასრულების ახალ ვადებს აღარ ასახელებს.

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით მთლიანად ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.

ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

მთავარი ფოტო: ლანჩხუთი-ხაჯალიის გზის მშენებლობა / ფოტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფეისბუქგვერდიდან / 11.05.2025

გადაბეჭდვის წესი


ასევე: