მთავარი,სიახლეები

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყდა – სამინისტრო

27.07.2025
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყდა – სამინისტრო

„ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია.

„სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, შესაბამისად, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება კონტრაქტორთან უკვე გაგზავნილია.

ვმუშაობთ, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში განახლდეს სამუშაოები და წელს უკვე მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება“ – აცხადებს რევაზ სოხაძე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტორის მხრიდან არაერთი ვალდებულების დარღვევა.

„შესაბამისად, გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა და კონტრაქტორისგან მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სახის ზიანის ანაზღაურება“ – წერს სამინისტრო.

გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთზე, რომელიც E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა.

პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას.

სამუშაოებს თურქული კომპანია – ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAPA ახორციელებს.

გრიგოლეთი–ქობულეთის გზის მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში, 228 მილიონი ლარით ფინანსდება.

_____________

ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ამ თემაზე:

გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე პრობლემებია – კომპანია გააფრთხილეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: