„რატომ გეცინებათ, წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული?!“ – ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვის მე-10 დღე

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ათი დღეა მიმდინარეობს „ოცნების“ სარჩელის განხილვა, რომლის თანახმადაც „ოცნება“ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. აქ გიყვებით, რა ხდებოდა დღეს, 11 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში. 

თავდაპირველად, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ უპასუხა მოსამართლე ევა გოცირიძის რამდენიმე შეკითხვას, რომელიც მან წუხელ, სხდომის დასრულების ეტაპზე გააჟღერა. ერთ-ერთი შეკითხვა „ოცნებასთან“ ეხებოდა იმას, თუ რა შემთხვევაში უნდა გაემიჯნოს პარტია სხვა პოლიტიკური პარტიის წევრის, თუ ლიდერის ქმედებას?

არჩილ გორდულაძემ ამ საკითხზე „ბატასუნას საქმე“ გაიხსენა – ეს ესპანეთის შემთხვევაა, სადაც სამი პოლიტიკური პარტია აკრძალეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო.

„სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი მოქმედებდნენ, როგორც ერთიანი ორგანიზმი…“ – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ეს ფრაზა, „ერთიანი ორგანიზმი“, „ოცნების“ სარჩელში ბევრგან ჟღერდება ოპოზიციური პარტიების მისამართით, როგორც ბრალდება.

„მათ ტერორიზმი არ დაგმეს – ეს ერთი საკითხია. ჩემი შეკითხვაა, ერთი პარტიის ქმედება როგორ შეერაცხება მეორეს?“ – მოსამართლე ევა გოცირიძემ დაკონკრეტება არჩია – ევროპაში მომხდარი ამბავი უშუალოდ ტერორიზმს უკავშირდებაო.

„ისინი ქმედითად არ ემიჯნებიან არაკონსტიტუციურ ქმედებას… აქ მთავარია, როგორ პოზიციონირებენ… გამიჯვნის ნაცვლად, ისინი კოალიციურ ერთობას ქმნიან,“ – არჩილ გორდულაძემ სცადა საკითხი ისე წარმოეჩინა, თითქოს ოპოზიციურ ძალებს შორის ალიანსი, ან კოალიციური კავშირები დანაშაული და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყოს.

„ერთიან ორგანიზმად მოქმედებენ,“ – მეტი დამაჯერებლობისთვის კვლავ ახსენა ეს ფრაზა არჩილ გორდულაძემ და ამ ერთიანად მოქმედებაში ის პარტიები დაადანაშაულა, რომლებიც, მაგალითად, 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობდნენ. მან პარტიების ძველი განცხადებაც გაიხსენა:

„რას ნიშნავს ეს განცხადება: „დილით მივიდეთ არჩევნებზე, საღამოს – აქციაზე“. რა არის ეს, თუ არა მოქალაქეები წახალისება, რომ არაკონსტიტუციურ ქმედებაში მიიღონ მონაწილეობა?“ – იკითხა „ოცნების“ დეპუტატმა.

„ეს ფაქტები, რაც იყო 2012 წლამდე, შეერაცხება სხვა პარტიებს იმიტომ, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობენ და ეს უნდა გახდეს მათი აკრძალვის საფუძველი?“ – იკითხა ისევ მოსამართლე ევა გოცირიძემ.

„იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ გამარჯობას ეუბნებიან, ან ხელს ართმევენ… დადასტურებულია, რომ აპირებენ ერთად შექმნან კოალიციური მთავრობა…“ – ისე თქვა არჩილ გორდულაძემ, თითქოს ოპოზიცია გამოიჭირა დიდ საიდუმლოში.

„თითქოს არაფერი არ ყოფილა წარსულში და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება, ასე ვერ იქნება,“ – დასძინა გორდულაძემ.

„მაგალითად, „ლელოს“ ის ქმედებები არ ჩაუდენია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა,“ – მოსამართლეებს „ლელოს“ წარმომადგენლებისკენ ხელით მიუთითა გიორგი კახიანმა, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, – „მაგრამ როცა „ლელო“ კოალიციაში შედის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იციან, რა არაკონსტიტუციური ქმედებები აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ეს ქმედებები მათაც შეერაცხებათ…

2018 წლიდან ამან მიიღო სისტემური ხასიათი… კოალიციურად თავს ესხმიან დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს,“ – თქვა გიორგი კახიანმა.

მოსამართლე ევა გოცირიძემ ალეკო ელისაშვილის შესახებ იკითხა, რომელიც ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს. წინა სხდომებზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებას იმავე დღეს გაემიჯნნენ.

„საერთოდ უარყვეს ელისაშვილის კავშირი „ლელოსთან“, მაგრამ 2024 წელს საარჩევნოდ წარდგენილ სიაში მე-20 ადგილზე იყო ალეკო ელისაშვილი,“ – თქვა არჩილ გორდულაძემ და „ლელოს“ წარმომადგენელი სიცრუეში დაადანაშაულა, თუმცა წინა სხდომებზე, როცა „ლელოს“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს თავიანთი განმარტება სასამართლოს, აღნიშნეს, რომ ალეკო ელისაშვილი პარტია „ლელოს“ წევრი არასდროს ყოფილა და ორგანიზაციულად ელისაშვილს ამ პარტიასთან კავშირი არ აქვს.

ამ დრომდე ალეკო ელისაშვილი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერია.

20 ივნისის აქციის დაშლა და ჩორჩანას ეპიზოდი – მოსამართლე ევა გოცირიძე გახარიას პარტიის აკრძალვისთვის „ოცნების“ მიერ დასახელებულ არგუმენტებსაც შეეხო.

„ეს ფაქტები გახარიას დღევანდელ პარტიას თუ უნდა შეერაცხყოს და რატომ?“ – იკითხა მოსამართლემ.

საინტერესო ამ ნაწილში ისაა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ თავად „ოცნებამ“ გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის გამოც გახარიას წლების შემდეგ ახლა ასამართლებენ და ასამართლებენ მას შემდეგ, როცა გახარიამ ივანიშვილის „ოცნება“ დატოვა.

რატომ არ გაემიჯნა თავის დროზე თავად „ოცნება“ გახარიას, თუ მისი ქმედებები არაკონსტიტუციური და დანაშაულებრივი იყო? – ეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა წინა სხდომაზე იკითხეს, თუმცა მოსამართლეებს იგივე კითხვა „ოცნების“ მისამართით არ გასჩენიათ.

არჩილ გორდულაძემ გახარიას „მართლმსაჯულებისგან დამალული“ უწოდა.

მოსამართლე ვასილ როინიშვილმა აქ „ოცნების“ წარმომადგენლებს ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე შეახსენა – პარტიები სადაც აკრძალეს, საქმე ეხებოდა რელიგიურ ექსტრემიზმს, ან ტერორიზმსო.

„ისე მსჯელობენ, თითქოს ფაქტების ანალოგია უნდა მოხდეს,“ – გამოსავალი იპოვა გიორგი კახიანმა, „ოცნების“ პარლამენტის წევრმა და სცადა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს „ოცნებაც“ ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად ითხოვს ოპოზიციის გაუქმებას.

„სტრასბურგის სასამართლო ადგენს პრინციპებს. ეს არის მოქმედებები, რომელიც არის დემოკრატიისთვის შეუთავსებელი,“ – დასძინა კახიანმა.

აქვე „ოცნების“ დეპუტატებმა დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად საპროტესტო აქციები დაასახელეს, სადაც 170 სპეცრაზმელი დაშავდა.

„სად არის ამის მტკიცებულება, მიგვითითეთ“, – პლენუმის თავმჯდომარეს უფლება არ მიუცია, მაგრამ მაინც იკითხა მარიკა არევაძემ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ ოპოზიციონერებს უთხრა, რომ არ აქვთ უფლება, „ოცნების“ წარმომადგენელს შეეპასუხონ, ოპოზიციონერებმა კი, მოსამართლეს გუშინდელი გადაწყვეტილება შეახსენეს – მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თუკი რაიმე დასახელდება არარელევანტურად, იმას გამოვიკვლევთო.

„კითხვა-პასუხის ეტაპზე იქნება ჩაქსოვილი მტკიცებულებების გამოკვლევაო, ქალბატონმა ევამ გვითხრა… ქსოვს ბატონი არჩილი და იქნებ ჩვენც მოგვცეთ შესაძლებლობა, ვთქვათ, რა არის სიმართლე“, – მოსამართლეებს მიმართა ბერდია სიჭინავამ, გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

არჩილ გორდულაძემ ლეპტოპში დაშავებული ადამიანების ფოტო გახსნა და მოსამართლეებს წინ დაუდგა.

„ფოტოები გასაგებია, მაგრამ გვაინტერესებს მტკიცებულება, რომლითაც რაოდენობა დასტურდება,“ – გორდულაძეს მიმართა ისევ მოსამართლე ევა გოცირიძემ.

„გამოვითხოვთ ამ ინფორმაციას… მოკვლევა მიმდინარეობდა შსს-ში“ – დაიწყო არჩილ გორდულაძემ და მას მალევე თორნიკე ჭეიშვილი მიეშველა, აი, შსს-ს განცხადება, 2024 წლის 20 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს 171 თანამშრომელი დაშავდაო – „ოცნების“ დეპუტატმა მობილური ტელეფონიდან ამოიკითხა სახელდახელოდ მოძიებული ინფორმაცია.

შეკითხვა „ოცნების“ წარმომადგენლებს პლენუმის თავმჯდომარემმ რევაზ ნადარაიამაც დაუსვა. მისი შეკითხვა ოპოზიციის მხრიდან „ოცნების“ დასანქცირების მოთხოვნას შეეხებოდა.

რატომ არის ეს არაკონსტიტუციური? – იკითხა მოსამართლემ.

არჩილ გორდულაძის თქმით, ერთობლიობაში უნდა შევხედოთ ოპოზიციური პარტიების ქმედებებს, ისიც კი თქვეს, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრების აცილებასაც ვითხოვთ, ვინც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა დანიშნაო.

„ეს არის ერთობლივი და სისტემური მცდელობა, დამოუკიდებლობა იყოს ხელყოფილი,“ – დაასკვნა არჩილ გორდულაძემ.

რატომ არის პარტიების აკრძალვა ერთადერთი გამოსავალი? – მორიგ შეკითხვაზე გადავიდა რევაზ ნადარაია. „ოცნების“ წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა მას უთხრა, რომ კანონმდებლობა სხვა ალტერნატივას არ ითვალისწინებს.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის პროცესზე პირველად დასვა შეკითხვა მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა, რომელიც მას შემდეგ გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, როცა მისმა მამამ – ხვიჩა კიკილაშვილმა მოულოდნელად უარი თქვა საკონსტიტუციოს მოსამართლეობაზე.

მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა იკითხა ამომრჩევლის ნების რეალიზების გარეშე დარჩენაზე – თუ ოპოზიცია აიკრძალება, ვინ აირჩიოს ოპოზიციის ამომრჩეველმა? „ოცნების“ ცესკოს დათვლებითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ახლა აუქმებენ, ჯამურად დაახლოებით 800 ათასი ხმა მიიღეს.

„როდესაც პარტიები მანდატს უგულებელყოფენ და არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს არის მათივე ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება,“ – თქვა არჩილ გორდულაძემ, „ოცნების“ დეპუტატმა. „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, გიორგი კახიანის თქმით კი, პარტიები ამ საკითხით მანიპულირებენ, რადგან პარტიების აკრძალვა კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

გიორგი კახიანმა გორდულაძისგან განსხვავებით ხაზი გაუსვა იმას, რომ პარტიებს აქვთ უფლება, მაგალითად, არჩევნების შედეგი არალეგიტიმურად გამოაცხადონ, მაგრამ „რა მიზანს ემსახურება ეს, როგორი ხასიათი აქვს ამ ქმედებებს? ეს არ არის ერთჯერადი ქმედება და თან ახლავს ძალადობრივი ფაქტები ე.წ. მშვიდობიანი დამხობის კონტექსტში,“ – აღნიშნა მან.

აქ მოსამართლე ევა გოცირიძემ იკითხა – ძალადობრივი პროტესტი კი ვნახეთ, მაგრამ სად არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ოპოზიციური ძალების ძალადობასთან კავშირს?

„რომელ ძალადობრივ პროტესტზეა საუბარი?“ – მოსამართლე შეაჩერა „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ თევზაძემ.

ევა გოცირიძემ დააკონკრეტა, რომ 2019 წლის აქციას გულისხმობს, ანუ 20 ივნისის ცნობილ აქციას.

„ეს თქვენს მთავრობას ეწერება, რაც მაშინ მოხდა, ასეა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,“ – რეპლიკა ესროლა ნიკა გვარამიამ „ოცნების“ წარმომადგენლებს.

„უშუალოდ პარტიების ჩართულობაზე კონკრეტული მტკიცებულებები თითქოს წარმოდგენილი არ არის… ზოგჯერ არც უშვებდნენ მიკროფონთან პოლიტიკოსს,“ – დასძინა მოსამართლე ევა გოცირიძემ. მისი თქმით, პარტიები გაცხადებულ მიზნებში არც დაწერენ რამე ისეთს, რაც შესაძლოა ანტიკონსტიტუციური იყოს.

„ვერ დაგეთანხმებით“ – მოსამართლე ამჯერად „ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ შეაჩერა და მან ოპოზიციური ძალების მიერ ერთობლივად ხელმოწერილი ერთ-ერთი დოკუმენტი მოიმარჯვა: აქ წერია, რომ უცხოეთიდან უნდა განხორციელდეს ზეწოლა, ანუ ზეწოლა ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზეო.

„ეს პირდაპირ ხელყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს,“ – დამაჯერებელი სახის მიღება სცადა არჩილ გორდულაძემ.

„მთელი კამპანია ჰქონდა როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ახალს“ – შევიკრიბოთ მშვიდობიანად დასამხობად 4 ოქტომბერსო“, – არჩილ გორდულაძეს ხმამაღალი რეპლიკით სიტყვა თენგიზ თევზაძემ შეაწყვეტინა: „ეს ფაქტობრივი ტყუილია“.

არჩილ გორდულაძემ ამჯერად მურთაზ ზოდელავა და პაატა ბურჭულაძე ახსენა. ეს პირები 4 ოქტომბრის საქმეზე გაასამართლეს. გორდულაძის თქმით, ზოდელავა და ბურჭულაძეც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული.

„ამ პარტიის წევრი არცერთი არ ყოფილა, ახლა ვინმეს კურსელი თუა, მაგის გამო თქვენ თუ გაგასამართლებენ, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეთ ციხეში, ყველა კურსელები ხართ, ვინც დაღუპეთ ეს ქვეყანა,“ – მიმართა „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატს ნიკა გვარამიამ.

„ვინც დაღუპა, ყველანი ხართ აქ,“ – უთხრა ნიკა გვარამიას არჩილ გორდულაძემ.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ვინმესთან მეგობრობა არ უნდა განიხილებოდეს პარტიასთან კავშირში:

„მე რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ გადატრიალების მომწყობი ვართ ყველა ერთად?“ – იკითხა ნიკა გვარამიამ.

სასამართლოში ეს შეკამათება შეაფასა წესრიგის დარღვევად რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ და სხდომიდან გააძევა ჯერ ნიკა გვარამია, შემდეგ კი „ახალის“ კიდევ ერთი ლიდერი, მაია კოპალეიშვილიც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

„ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო დავალება „ოცნებიდან“… ეს არის სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა… შუამდგომლობას დავაყენებთ. რატომ გეცინებათ, წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული?“ – მიმართა რევაზ ნადარაიას მაია კოპალეიშვილმა და დასძინა, რომ შუამდგომლობას აუცილებლად დააყენებს და სხდომაზე დაბრუნებას მოითხოვს.

„თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ გაგაძევოთ, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ?“ – იკითხა რევაზ ნადარაიამ. 

„თქვენ აქ კონსტიტუციის მცველები ხართ და არა ჩვენი უფლებების შემზღუდველები, მაგრამ მცველები ალბათ ბრჭყალებში. ეს არის ძალის დემონსტრირება… „ოცნება“ იქნება ბედნიერი, რომ არ იქნება ჩვენგან კითხვები, მათ შორის, ალბათ თქვენც“, – მიმართა უშუალოდ მოსამართლეებს მაია კოპალეიშვილმა, ვიდრე საკუთარ ნივთებს მოაგროვებდა და დარბაზს დატოვებდა.

YouTube video player

შესვენების შემდეგ, მაია კოპალეიშვილის და ნიკა გვარამიას სხდომაზე დაბრუნების შუამდგომლობა დააყენა თენგიზ თევზაძემ, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას დაბრუნებას დასთანხმდა, კოპალეიშვილისას – არა. ნადარაიას თქმით, კოპალეიშვილმა წესრიგის დარღვევის გარდა, მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა.

„რაც შეეხება ქალბატონ კოპალეიშვილს, მან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა, რომ სასამართლო თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს,“ – აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

11 ნოემბერს მოსამართლე ევა გოცირიძემ უკვე აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა.

„ოცნების“ აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი აგვისტოს ომის დასაწყებად.

„სარჩელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს, რომ მან დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს რეზოლუციას,“ – აღნიშნა ევა გოცირიძემ და „ოცნების“ წარმომადგენლებს მიუბრუნდა:

„თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წარმომადგენლებმა არასწორად მოაწერეს ხელი ამ რეზოლუციას და ამით საფრთხე შექმნეს საქართველოსთვის, ამის აღიარებას და დადასტურებას რატომ სთხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ, მაგალითად, საქართველომ დაბომბა ცხინვალი?“ – იკითხა ევა გოცირიძემ.

ევროსაბჭოს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რაზეც „ოცნება“ თავის სარჩელში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას „რუსეთის საპასუხო იერიშად“ მოიხსენიებს, ენმ-ს წარმომადგენლებმა სასამართლოს წინა პროცესზე აღნიშნეს, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, რადგან პირველად დაერქვა ამ რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტი, ხოლო ამ და სხვა მსგავსი ჩანაწერების გაკეთება მოითხოვეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომლებიც შემდეგ „ოცნების“ წევრები გახდნენ.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, სადაც ცალსახად იკვეთება რუსეთის ბრალი.

არჩილ გორდულაძის ლოგიკით კი, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერამ მინიმუმ გააჩინა კითხვების ქართველი სამხედროების მხრიდან ომის დანაშაულის ჩადენაზე. მისივე თქმით, ეს ენმ-მ ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება.

„ასეც რომ იყოს, ეს არის ის თემა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ასე ღრმა განხილვაში?“ – იკითხა ისევ მოსამართლე ევა გოცირიძემ.

რატომ ითხოვს „ოცნება“ პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვასაც, ჯერ ხომ არჩევნების გზით მათი რეიტინგი არ შეფასებულა? – ამ საკითხით დაინტერესდა მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი. შეგახსენებთ – „ოცნება“ სარჩელში მიუთითებს იმას, რომ პატარა პარტიების აკრძალვას ამ ეტაპზე არ ითხოვს, არგუმენტით – მაინც არც აქვთ არსებითი გავლენაო.

„ასეა, მაგრამ ამ პარტიის წევრია, მაგალითად, ბოკერია, რომელიც 2016 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. შემდეგ ხელოვნური გამიჯვნა მოხდა… დემოკრატიული საწყისების წინააღმდეგ ყოველთვის ერთად მოქმედებდნენ,“ – თქვა არჩილ გორდულაძემ.

კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა 11 ნოემბრის სხდომაზე კიდევ ერთხელ ითხოვა მოსამართლე ევა გოცირიძემ და დასძინა, აქვე, მონიტორზე გავუშვებთ, თუ თავმჯდომარე იქნება თანახმაო.

„იქნებ გავუადვილოთ სასამართლოს და მაინც ცალკე წარმოადგინოთ პოლიტიკური პარტიების იმ ქმედებების ნუსხა იქნება თუ მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდება ძალადობასთან მათ კავშირს… ან ვთქვათ ვიღაცის ოფისში აღმოჩნდა, ძალადობის რამე იარაღი ან კონკრეტული განცხადება ძალადობის შესახებ ან დაფინანსების ფაქტი, ან რაღაც.

შეგვიძლია აგერ ვაჩვენოთ კიდევაც, თუ თქვენთვის, ან მოპასუხე მხარისთვის საინტერესო იქნება.

აი, ეს ფაქტი მინდა, რომ ყველაზე მეტად იყოს კარგად გამოკვლეული და ჩვენც დავრწმუნდეთ რასთან გვაქვს საქმე და საზოგადოებაც დარწმუნდეს. თუ შეიძლება, რომ აი, ამის თაობაზე უფრო მეტად ერთიანი ასე ვთქვათ, რაიმე ან წერილობითი დოკუმენტი მოგვაწოდოთ და ვისაუბროთ ამაზე ხვალ,“ – მიმართა არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილსა და გიორგი კახიანს მოსამართლე ევა გოცირიძემ.

სხდომის დახურვამდე პლენუმის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ საქმის განხილვა სავარაუდოდ შემდეგი კვირის დღეებში გაგრძელდება, ვიდრე კითხვა-პასუხის ეტაპი არ ამოიწურება, შემდეგ კი მხარეებს რამდენიმე დღეს მისცემენ დასკვნითი სიტყვებისთვის მოსამზადებლად.

 საკონსტიტუციო სასამართლოში „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სტატიები ამ თემაზე:

„გაუგებრობას აქვს ადგილი“ – მოსამართლე პარტიების აკრძალვის საქმის მე-9 დღის განხილვაზე

რა ხდებოდა „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვის მე-8 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში – რეპორტაჟი 

„ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს“ – მოსამართლის რეპლიკა ოპოზიციის გაუქმების საქმის მე-7 დღეს

„ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღე 

„მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-5 დღე

„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა

მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“

ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე

რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან

 

თაგოს საბაგიროს პროექტი აჭარის ბიუჯეტში ისევ ჩასვეს, ამჯერად გოდერძისთან ერთად

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში საჰაერო-საბაგირო ხაზების განვითარების ხელშესაწყობად 37 მილიონ 860 000 ლარი გაითვალისწინეს.

პროექტის განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაციით, ამ თანხით მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ახალი საბაგირო ხაზის და  ხულო-თაგოს საბაგირო ხაზის მშენებლობის დაფინანსებას გეგმავს.

მესამე წელია ხულო-თაგოს საბაგირო გზა გაჩერებულია და მოსახლეობას ერთადერთი საავტომობილო, შემოვლითი გზით უწევს სარგებლობა. არსებული საბაგიროს მოწყობას აჭარის მთავრობა უკვე 3 წელზე მეტია გეგმავს და თავი ვერ მოაბა, შედეგად კი სოფელი იცლება და წელს თაგოს სკოლაში ერთი მოსწავლეც კი არ ჰყავთ. ადგილობრივები სოფლიდან ოჯახების წასვლას სწორედ საბაგიროს გაჩერებას და შემოვლითი გზის გაუმართაობას ასახელებენ.

პროექტის მიხედვით, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობისთვის 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო დარჩენილი თანხა – 14 მილიონ 860 000 ლარი – ხულო თაგოს საბაგიროს უნდა მოხმარდეს.

გასული წლის ბოლოს აჭარის მთავრობა ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წერდა, რომ წინასაპროექტო კვლევისათვის საჭირო დოკუმენტაცია შეიმუშავა და უახლოეს მომავალში ბაზრის კვლევას დაიწყებდა, შემდეგ კი ტენდერს გამოაცხადებდა პროექტის შედგენასა და შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიზნით.

რა ბედი ეწია პროექტს, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშში ვერ ვიპოვეთ.  შესაბამისი კვლევის მომზადების მიზნით კი აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში 200 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
2027 წლის ბიუჯეტის კვლევის მიხედვით ეს კვლევა უკვე მზად არის.

ხულოს საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მუშაობა არ შეუწყვეტია 2024 წლამდე. ეს საბაგირო წლების განმავლობაში დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებდა ერთმანეთთან. საბაგირო გზის სიგრძე 1720 მეტრია, სიმაღლე კი – 280 მეტრი. საბაგიროთი მგზავრობისას ხულოს ხედების დათვალიერებაა შესაძლებელი, რის გამოც ის ტურისტების დიდ ინტერესს იწვევდა.

საბაგიროს განახლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა. თავდაპირველი ვერსიით ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 368 000 ლარი იყო.

ამავე თემაზე:

ხულო-თაგოს საბაგირო მესამე წელია გაჩერებულია, უგზოობის გამო კი სოფელი იცლება

რა ჰკითხეს მოწმეს ბრალდებულმა პოლიციელებმა – ქობულეთის პოლიციაში მომხდარი ძალადობის საქმე

დღეს, 11 ნოემბერს, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმეზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა შსს-ს გენინსპექციის თანამშრომლის, გიორგი ხიდაშელის ჩვენება მოისმინა.

მოწმის თქმით, მას „პირადმა კონტაქტმა“ – ვის ვინაობასაც ვერ დაასახელებს, 2026 წლის 4 თებერვალს შეხვედრა სთხოვა და პოლიციელების მიერ სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გადასცა.

გამოძიების ვერსიით, ასე დაიწყო ქობულეთის პოლიციაში მომხდარი ძალადობის გამოძიება.

საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 

ამ საქმეზე. პროკურატურის ვერსიით, 2022 წლის 2 ივლისს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში „გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“. 

2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა, მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“, – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.

32 წლის გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, სწორედ იმის გამო, რომ მან პოლიცია ამხილა.

დღევანდელ პროცესს კი, ბრალდებულების ახლობლებიც დაესწრნენ. პროცესს დისტანციურად დაესწრო ბრალდებული მიხეილ ჯინჭარაძე. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკურად პროცესზე ვერ მივიდოდა.

ამ საქმეში კიდევ ორი ბრალდებულია: ირაკლი კაციტაძე და ბექა კუხალაშვილი. ისინი დღეს სხდომას ესწრებოდნენ.

გენინსპექციის თანამშრომლის თქმით, რომელმაც დღეს მისცა ჩვენება სასამართლოს, მას შემდეგ, რაც მან ძალადობის ამსახველი კადრები ნახა, ინფორმაცია ხელმძღვანელს მიაწოდა და გამოძიება დაიწყო.

დღეს სხდომაზევე აჩვენეს ძალადობის ამსახველი კადრები.

მოწმემ აღწერა, როგორ დაადგინეს პოლიციელების ვინაობა – კადრებში პოლიციელები სახით პირდაპირ არ ჩანან, მაგრამ ზოგიერთი პროფილითაა დაფიქსირებული, ზურგით, ზოგიც ტანსაცმლით და საათით ამოვიცანითო – განმარტა მან.

პროკურორი მოსამართლის მდივანთან ჩამოდგა და პერიოდულად უთითებდა მონაკვეთებს, სადაც ძალადობის ამსახველი კადრი უნდა დაეპაუზებინათ.

„არაფერი არ ვიცი“,- ისმის ჩანაწერში დაკავებულის ხმა, რომელიც იატაკზეა ჩაკეცილი და ზურგით კედელს ეყრდნობა. სავარაუდოდ პოლიციელი მას აგინებს და წიხლებს ურტყამს…

„ვინ გადაიღო ეს კადრები, სავარაუდოდ პოლიციელების მიერაა გადაღებული,“- ამჯერად გენინსპექციის თანამშრომელს ადვოკატმა დავით ბრეგაძემ მიმართა.

„არ მიკითხავს“,- მოკლედ უპასუხა შეკითხვას შსს-ს თანამშრომელმა.

„საიდან მოიპოვა ამ პირმა ეს ჩანაწერი? ახლა რატომ მოგიტანეს, 4 წლის შემდეგ?“ „თქვენთან მოტანამდე რამდენჯერ დაამუშავეს ეს კადრები?“ – სხვა კითხვებიც ჰქონდა ადვოკატს.

„ფიზიკურად არ მახსოვს, დიდი დროა გასული, ვერ ვიხსენებ… 7 თვის წინ შევხვდი“- აწუწუნდა შსს-ს თანამშრომელი.

„აღნიშნეთ პირად კონტაქტს ქუჩაში შევხვდიო. ეს არის დარღვევა, არ შეიძლება…,“- გენინსპექციის თანამშრომელს მიმართა ბრალდებულმა ბექა კუხალაშვილმა და დასძინა, მეც მაქვს გავლილი პირად კონტაქტებთან ურთიერთობაზე სწავლებაო.

„თქვენ პატაკი ამ შემთხვევაზე არ შეგიდგენიათ… ეს არის სამსახურებრივი გულგრილობა,“- თქვა ამჯერად ბექა კუხალაშვილმა, თუმცა ის მოსამართლემ შეაჩერა: შეკითხვა უნდა დასვათ, შეფასებები მერეო.

ვინ მოიპოვა ეს ჩანაწერები? – იკითხა დისტანციურად პროცესზე ჩართულმა ბრალდებულმა, მიხეილ ჯინჭარაძემაც, თუმცა მოსამართლეს მას განუმარტა: შეიძლება ტექნიკური ხარვეზის გამო ხმა ვერ გაიგეთ, ასე თქვა, არ მიკითხავსო.

ამ მოწმის დაკითხვით საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა – სამივე ბრალდებული პოლიციელი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. მათ სასამართლოს ჩვენების მიცემაზე უარი უთხრეს, თუმცა უცნობია, ისარგებლებენ თუ არა, საბოლოო სიტყვის უფლებით.

მოსამართლემ თქვა, დასკვნით სიტყვებსაც კი მოვისმენდი, მაგრამ კიდევ რამდენიმე სხდომა მელოდებაო. ამ მიზეზით მან ამ საქმის კიდევ ერთი სხდომის თარიღი ჩაინიშნა, სადაც, სავარაუდოდ, მოსამართლე განაჩენსაც გამოაცხადებს, რადგან ბრალდებულების 9-თვიანი პატიმრობის ვადა უკვე იწურება.

პროკურორის თქმით, წინა სხდომაზე ექსპერტმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ ვიდეო კადრები, რაც გამოძიებამ სასამართლოში წარმოადგინა, უწყვეტია, არ დგინდება მონტაჟის კვალი და მასზე გამოსახული პირები იდენტიფიცირებადია.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას – პროკურორმა ერთი სიტყვით უპასუხა ამ შეკითხვას წინა სხდომაზე: „ეს გამორიცხულია“.

სამი ბრალდებული პოლიციელიდან ორს პოლიცია გამოძიების დაწყების შემდეგ – 2026 წლის 5 და 6 თებერვალს დაუტოვებია თავისივე სურვილით, ერთს კი – 2024 წელს.

მთავარ ფოტოზე: კადრები მოქალაქეებზე პოლიციელების ძალადობის ამსახველი ვიდეომასალიდან.

ამ თემაზე:

რას მალავს პროკურატურა მოძალადე პოლიციელების საქმეში – პროცესი ხვალ გაიმართება

მაშველებმა ზღვიდან კაცი გამოიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს

დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში, ზღვაში შესული კაცი მაშველებმა ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა, კაცის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კაცი ზღვიდან გამოყვანისას უგონო მდგომარეობაში იყო.

კაცის გარდაცვალებას ადასტურებს შსს-ც.

გარდაცვლილი კაცი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

პროკურატურამ „ქურდული გარჩევის“ საქმეზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

„იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის გადაწყვეტაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს უთანხმოება მოუვიდა ორ „კანონიერ ქურდთან“ და იგი ცდილობდა კონფლიქტის მოგვარებას, როგორც საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე, საზღვარგარეთ მყოფი სხვა „კანონიერი ქურდის“ მეშვეობით, რომლის მიზანი იყო ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, რის შედეგადაც ქურდული სამყაროს წევრსა და კანონიერ ქურდებთან არსებული დავა დროებით დასრულდა“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [,,ქურდული სამყაროს“ წევრობა] და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით [„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა] წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ – აცხადებს პროკურატურა.

___________

ფოტო არქივიდან.

 

„ამბასადორი აილენდზე“, BNI-სთან თანამშრომლობით პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ პირველ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საერთაშორისო ბიზნესქსელ BNI-სთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად პოლონური კომპანიებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორები მონაწილეობდნენ.

ფორუმზე „ამბასადორი აილენდი“ ქართულ გლობალურ ინიციატივად წარადგინეს. მიმდინარე საინვესტიციო სიახლეები მონაწილეებს კუნძულის ინვესტორებმა, Holme Developments-მა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და Origami Holding-მა (საქართველო)  გააცნეს. პრეზენტაციები გამართეს პოლონური კომპანიების წარმომადგენლებმაც. აღნიშნული კომპანიები ავიაციის, ინვესტიციების, მარკეტინგის, საბროკერო საქმიანობის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ოპერირებენ. მათ შორის იყვნენ F-Trust iWealth, PWS AluSystem, POiD, GEM Technology, Radmir, 4Results, Manufaktura Dubiński, Götz Group, MOSiR Radom, CI OD Nieruchomości და Trustark Human Solutions.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „ამბასადორი აილენდზე“ ამჟამად 10 საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. მათი შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს შეუწყობს კუნძულზე საინვესტიციო გარემოს გამჭვირვალობის, სანდოობისა და დაცულობის გაუმჯობესებას.

BNI-სთან თანამშრომლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ვარშავაში BNI Poland-ის ქსელს შეუერთდა. BNI მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 355 000-ზე მეტ ბიზნესლიდერს აერთიანებს, პოლონეთში კი მისი ქსელი დაახლოებით 2 500 კომპანიას მოიცავს. თანამშრომლობის მიზანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება, ერთობლივი საწარმოების შექმნა და ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა.

„ჩვენი საერთაშორისო პოზიციონირების სტრატეგია ითვალისწინებს, რომ „ამბასადორი აილენდი” არამხოლოდ საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცე გახდეს, არამედ ისეთი ადგილი, სადაც რეგულარულად გაიმართება ეკონომიკური ფორუმები და მიიღება გრძელვადიანი ბიზნეს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ამბასადორი აილენდს” ფორუმის ორგანიზებისთვის, რომელიც თავის მხრივ, გამორჩეულ ღონისძიებას წარმოადგენს და ქმნის სივრცეს, რათა გავაერთიანოთ ბიზნესის ძალები და ერთობლივად შევქმნათ ურთიერთგაგების ხიდები. ის რაც აქ ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით ხდება, მართლაც გასაოცარია და გვაძლევს უდიდეს ინსპირაციას, რათა აქ ჩამოვიყვანოთ პოლონელი მეწარმეები, ვუჩვენოთ მათ განვითარების ის შესაძლებლობები, რაც ამ პროექტშია წარმოდგენილი და განვახორციელოთ ინვესტიციები.” – განაცხადა BNI-ს ელჩმა, რობერტ დებიცკიმ.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ფორუმები კუნძულზე რეგულარულად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი ტურიზმის განვითარებას მთელი წლის განმავლობაში.

ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეზღუდულია

ქობულეთის შემოვლითი გზის ერთ მონაკვეთში [ჩაქვის ტერიტორიაზე] სავალი ნაწილის დაზიანების გამო სატვირთო მანქანების მოძრაობა ბათუმიდან ფოთის მიმართულებით ამ ეტაპზე აკრძალულია. რაც შეეხება საპირისპირო მიმართულებას [ფოთი-ბათუმი] ნებისმიერი ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თავისუფალია მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობაც ნებისმიერი მიმართულებით.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ქობულეთის შემოვლითი გზის ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთში, ბათუმი-ფოთის მიმართულებით დროებით აკრძალულია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა წონა 3 500 კგ-ს აღემატება.

ბათუმიდან ფოთის მიმართულებით მოძრავი მძიმეწონიანი ავტომანქანები ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან ე.წ. ძველი გზით გააგრძელებენ მოძრაობას და ქობულეთთან არსებულ სატრანსპორტო კვანძით კვლავ დაუბრუნდებიან ქობულეთის შემოვლით გზას.

„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი] – სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, სარფი–ფოთის მიმართულებით, დროებით იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.

შეზღუდვის მიზეზია აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესი, რის შედეგადაც ჩამოიშალა გზის გამაგრებული გვერდულის ნაწილი და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე.

შეზღუდვის მოქმედების პერიოდში 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ალტერნატიული მარშრუტით:

  • სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი აღნიშნული კატეგორიის ავტოტრანსპორტი გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის [გვირაბის შემოსავლელი] საავტომობილო გზაზე და 72-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუბრუნდება სენაკი–ფოთი [ასაქცევი]–სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.

მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ შეუზღუდავად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს და შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა დამეწყრილი ადგილის მიმდებარე გზაზე 2026 წლის 10 ნოემბრიდან არის აკძალული. მეწყრული პროცესი კი აქ წინა დღით განვითარდა.

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა „ბათუმელების“ არქივიდან

„დაწყებულია წინასამობილიზაციო სამუშაოები გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად“ – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 9 ნოემბერს.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

 

ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი ოპოზიციის აკრძალვის საქმის სხდომიდან გააძევეს – „ეს იყო დავალება „ოცნებიდან“

დღეს, 11 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს პარტია „ახალის“ ლიდერები – ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლეების კითხვებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პასუხობენ. მოსამართლე ევა გოცირიძემ „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებს ჰკითხა: აქვთ თუ არა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ოპოზიციური პარტიების მხრიდან ძალადობაში მონაწილეობას ან ძალადობის წახალისებას.

ამ კითხვის პასუხად არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის წევრმა „ოცნებიდან“, მურთაზ ზოდელავა და პაატა ბურჭულაძე ახსენა. ეს პირები 4 ოქტომბრის საქმეზე გაასამართლეს. გორდულაძის თქმით, ზოდელავა და ბურჭულაძეც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებულნი.

„ამ პარტიის წევრი არც ერთი არ ყოფილა, ახლა ვინმეს კურსელი თუა, მაგის გამო თქვენ თუ გაგასამართლებენ, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეთ ციხეში, ყველა კურსელები ხართ, ვინც დაღუპეთ ეს ქვეყანა,“ – მიმართა „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატს ნიკა გვარამიამ.

„ვინც დაღუპა, ყველანი ხართ აქ,“ – უთხრა ნიკა გვარამიას არჩილ გორდულაძემ.

ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ ვინმესთან მეგობრობა არ არის პარტიასთან კავშირში: „მე რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ გადატრიალების მომწყობი ვართ ყველა ერთად?!“ – იკითხა მან.

ეს შეკამათება შეაფასა „წესრიგის დარღვევად“ რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ და სხდომიდან გააძევა ჯერ ნიკა გვარამია, შემდეგ კი მაია კოპალეიშვილიც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

„ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო დავალება „ოცნებიდან“… ეს არის სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა… რატომ გეცინებათ, წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული?“ – მიმართა რევაზ ნადარაიას მაია კოპალეიშვილმა და დასძინა, რომ შუამდგომლობას აუცილებლად დააყენებს და სხდომაზე დაბრუნებას მოითხოვს.

თუ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლოში ამ საქმის განხილვის დასრულებამდე ვერცერთ პროცესს ვეღარ დაესწრებიან.

აქ რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს უთხრა, თავისთავად, შეგიძლიათ შუამდგომლობის დაყენება, სამწუხაროა, რომ კანონი არ იცით, აქ იყავით 10 წელიო.

„ეს არის შეურაცხყოფა,“ – პლენუმის თავმჯდომარეს მიმართა პარტია „ახალის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, თენგიზ თევზაძემ.

„საკუთარ თანაგუნდელს მიხედეთ,“ – თევზაძეს მიმართა ამჯერად რევაზ ნადარაიამ.

„თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ გაგაძევოთ, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ?“ – იკითხა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, ვიდრე ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ.

„თქვენ აქ კონსტიტუციის მცველები ხართ და არა ჩვენი უფლებების შემზღუდველები, მაგრამ მცველები ალბათ ბრჭყალებში. ეს არის ძალის დემონსტრირება… „ოცნება“ იქნება ბედნიერი, რომ არ იქნება ჩვენგან კითხვები, თქვენც ალბათ, მათ შორის“, – მიმართა უშუალოდ მოსამართლეებს მაია კოპალეიშვილმა, ვიდრე დარბაზს დატოვებდა.

უკვე მეათე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის  განხილვა მიმდინარეობს. „ოცნება“ გეგმავს საქართველოში აკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები.

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

23 ნოემბრამდე თბილისი მასპინძლობს გამოფენას „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა“. ექსპოზიცია კინემატოგრაფისა და მოდის ისტორიულ კავშირს გადმოცემს და ამავდროულად მოდისა და დიზაინის გამორჩეული წარმომადგენლების შემოქმედებასა და პროფესიონალიზმს ასახავს. გამოფენის ორგანიზატორია იტალიის საელჩო საქართველოში, მთავარი მხარდამჭერი კი – თიბისია.

უკვე ათწლეულებია, თიბისი მხარს უჭერს ხელოვნების განვითარებას და საერთაშორისო კულტურული კავშირების გაძლიერებას. იტალიის საელჩოსთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტი განხორციელდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რადგან ასეთი პროექტები ქვეყნებს შორის კულტურულ კავშირებს აძლიერებს, ქართულ აუდიტორიას ახალ გამოცდილებას სთავაზობს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს იტალიური მოდისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობისა და კრეატიულობის სამყაროში ამოგზაურებს და სახელგანთქმული დიზაინერების საკულტო ნამუშევრებს აცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია იტალიური მოდის ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სამოსის ექსკლუზიური კოლექცია, რომლის თითოეული ექსპონატი მოგვითხრობს ოსტატობაზე და გვაჩვენებს იტალიის გავლენას მსოფლიო მოდის განვითარებაზე.

ექსპოზიცია მოიცავს 35 უნიკალურ სამოსს, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა კინოსა და პოპ-მუსიკის ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა სოფია ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, ინგრიდ ბერგმანი, ანიტა ეკბერგი, ჯულია რობერტსი, მონიკა ბელუჩი, სკარლეტ იოჰანსონი, მადონა, ბიონსე და სხვები.

მნახველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ლეგენდარული კინოკოსტიუმები, რომლებმაც კინოსა და მოდის ისტორია შექმნეს, გლობალურ ტრენდებად იქცნენ და ხელი შეუწყეს შეუდარებელი იტალიური სტილის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში.

გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებლებისთვის აჟღერდა მუსიკა კინოფილმებიდან, რომელიც იტალიელმა პიანისტმა და დირიჟორმა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა კომპოზიტორმა და არანჟირების ავტორმა პაოლო ვივალდიმ შეასრულა.

გამოფენის იდეის ავტორი და კურატორია “Made in Italy“-ს დესპანი მსოფლიოში სტეფანო დომინელა, ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ კომპანია Mariotto-სთან თანამშრომლობით.

მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 27.

ორდღიან ფესტივალ „განდაგანაში“ ბიუჯეტიდან 731 ათასი ლარი დაიხარჯება – ვის ამღერებენ ფესტივალზე

ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს წელს 731 ათას 367 ლარი დაუჯდება. აქედან 151 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებში, დანარჩენი კი – ფესტივალის ორგანიზებაში დაიხარჯება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალი „განდაგანა“ 2026 წლის 14 და 15 ნოემბერს ჩატარდება ბათუმში, ევროპის მოედანზე.

ფესტივალში მონაწილე მუსიკალური ჯგუფები და ჰონორარის ოდენობა, რომელსაც მათ აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტენდერის გარეშე გადაუხდის:

  • ჯგუფი „ურსა“ – საკონცერტო შესრულება [60 წთ.] – 25 000 ლარი
  • „კახაბერი და ხანუმები“ – საკონცერტო შესრულება [1 სთ.] – 24 000 ლარი
  • ანსამბლი „აფხაზეთი“ – ცეკვებისა და სიმღერების ერთსაათიანი პროგრამა – 20 000 ლარი
  • ანსამბლი „შვიდკაცა“ – ღონისძიების მუსიკალური გაფორმება – 16 000 ლარი
  • ანსამბლი „ქართული ხმები“ – 15 000 ლარი
  • ჯგუფი „გორდელა“ – საკონცერტო შესრულება [60 წთ.] – 15 000 ლარი
  • ჯგუფი „თეატრალური კვარტეტი“ – 30-40 წუთიანი საკონცერტო პროგრამა – 13 000 ლარი
  • ჯგუფი „ოდა“ – საკონცერტო შესრულება [60 წთ.] – 10 000 ლარი
  • ტრიო „მასპინძელი“ – საკონცერტო შესრულება [45 წთ.] – 4 000 ლარი
  • ანსამბლი „რასა“ – საკონცერტო შესრულება  – 4 000 ლარი
  • ტრიო „გოგლაურა“ – საკონცერტო შესრულება 2 დღე [45 წთ.] – 4 000 ლარი
  • ბენდი „ნართი“ – საკონცერტო შესრულება [30 წთ.] – 1 000 ლარი

მონაცემები აღებულია იმ ინვოისებიდან, რაც აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიაწოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

„ფესტივალი „განდაგანა“ ითვალისწინებს როგორც ქალაქური, ისე ეთნომუსიკის შემსრულებლების მონაწილეობას.

ღონისძიების კონცეფციიდან გამომდინარე, მხოლოდ გარკვეული ბენდების რეპერტუარი შეესაბამება ღონისძიებას და შესაბამისად მიზანშეწონილია წინასწარ შერჩეული, მაღალი პოპულარობითა და ფართო მსმენელთა აუდიტორიით გამორჩეული ბენდებისა და შემსრულებლების მოწვევა.

ორდღიანი მუსიკალური ფესტივალის პროგრამა შეირჩა ისე, რომ მორგებული ყოფილიყო სხვადასხვა სეგმენტის, ასაკისა და მუსიკალური გემოვნების აუდიტორიას.“ – წერს ტურისტული პროდუქტების სააგენტო განაცხადში.

სააგენტო ასევე წერს, რომ „მუსიკალური მომსახურება გათვალისწინებულია ერთჯერადად, მხოლოდ 2026 წლის 14 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში – 2 დღე. დაგეგმილი ღონისძიების მაღალ დონეზე, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, რეპერტუარი ჩამოყალიბებულია ერთიან პროგრამად. შესაბამისად, ვთვლით, რომ მიზანშეწონილი ალტერნატივით ჩანაცვლება შეუძლებელია“.

რაც შეეხება ფესტივალის ორგანიზებას, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ამ კუთხით 4 ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულებთან კი ხელშეკრულებები ჯამში 580 ათას 367 ლარზე აქვს გაფორმებული.

მათ შორის:

შპს „მარკა“ – 124 900 ლარი – „ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებისა და წარმოდგენების ორგანიზება, რომელიც მოიცავს კულინარიის სივრცეში – თიხის, ნაქარგობებისა და კულინარიის მასტერკლასებს, საბავშვო სივრცეში – თითების, თოჯინების თეატრის, სახეზე მოხატვისა და საპნის ბუშტების აქტივობების, ხოლო ღოსნიძიების სივრცეში – გიგანტური თოჯინების, ოჩოფეხების, თემატური კოსტიუმებისა და პერსონაჟების წარმოდგენების ორგანიზებას“.

შპს „ჯეოვოისი“ – 123 000 ლარი – „ბათუმში, ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანსა და აბაშიძის ქუჩაზე ორი სცენისა და პროექციის მოწყობა: ერთი – მასშტაბური საკონცერტო-მუსიკალური სცენა, მასშტაბური ლედ ეკრანებით, განათებებით, ეფექტებით, გახმოვანებით, ლაივ ჩართვებით, ბექ სთეიჯებით, მასშტაბურობა გათვლილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებისთვის. მეორე – კულინარიული მასტერკლასებისა და სხვადასხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი სცენა, ასევე ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, სატელევიზიო სადგურის მომსახურებით, პროექციითა და თემატური ინსტალაციებით“.

შპს „ბეტა ივენთი“ – 152 567 ლარი – „კულინარიული სივრცის მოწყობისთვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს მასიური ხის ჯიხურებისა და კერძების მომზადებისთვის საჭირო სრული ინვენტარის უზრუნველყოფას, კულინარიული მასტერკლასებისთვის სადემონსტრაციო სივრცის მოწყობას, ინგრედიენტებისა და ინვენტარის სრული უზრუნველყოფით ორი დღის განმავლობაში კულინარიული მასტერკლასების ორგანიზებით“.

შპს „კრეატივ-ჯგუფი“ – 179 900 ლარი – „დეკორაციულ-კონსტრუქციული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიების ტერიტორიის მოწყობას სივრცითი დეკორაციებით: თემატური ინსტალაციებით, კვების ზონებით, კვების ჯიხურებით, ეთნოკუთხეებით, ნალიით, ლაუნჯებით, მასშტაბური თაღებით, დროშებით და მათი მოწყობა-განთავსება-განათებით ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე.“

ამ ტენდერების მიხედვით ფესტივალის ჩატარება ოქტომბრის თვეში იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ნოემბრის თვეში გადმოიტანეს.

_____________

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

„დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ – მიტროპოლიტი იობი

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) თქმით, „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“.

მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, 10 ნოემბერს, გააკრიტიკა ხელისუფლება და ის სასულიერო პირებიც, რომლებიც, მისივე თქმით, „კასტად ჩამოყალიბდნენ“.

ქადაგებისას მან თქვა, რომ „საქართველოში კორუფცია ყვავის“ და „განგაშის ზარებია“ დასარეკი:

„ჩვენ ვიცით წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გადაირჩია ხალხმა, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს.

ეს არის ის ნაკლი, რომ ნარკოტიკების გავრცელება და განარკომანდა დიდი ნაწილი ახალგაზრდების. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებით და ამის ხელშეწყობით.

…კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობა არის და იჭერენ, თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ჰყავთ. ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს, დავით-გარეჯი  ჩვენთვის მეორე იერუსალიმია. თუნდაც არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდება საერთოდ…

…განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა ამ ხელისუფლებამ.

როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესები აღარ არის ქვეყანაში.

ისმის ბუნებრივი კითხვა, რატომ შენდება ამდენი კორპუსები? – ბუმია მშენებლობის მთელს საქართველოში. თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს ამ კორპუსებში?

უცხოტომელები? ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას საქართველოში და დასაქმდეს ახალგაზრდები.

ხომ შეიძლება სტიმული მიეცეს ახალ ოჯახებს, ხომ შეიძლება ყოველ მესამე შვილზე დაწესდეს 1000 ლარი, ყოველ მეოთხე შვილზე ბინა გადაეცეს ოჯახებს?!“ – თქვა მიტროპოლიტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება „მშვიდობის ნიღბის ქვეშ“:

„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“.

მიტროპოლიტი იობი შეეხო ე.წ. სუს-ის კრებსების საკითხსაც და თქვა, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს. ამ თემაზე საუბრისას მან ახსენა ბიძინა ივანიშვილიც:

„სანამ სუს-ის კრებსები გამოქვეყნდებოდა და გამომზეურდებოდა, ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, უნდა შეელახათ მისი იმიჯი.

მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება მასაც შეცდომები ჰქონდეს… სწორედ ამას მოჰყვა მერე სუს-ის კრებსები“ – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

მიტროპოლიტმა ქადაგებისას გააკრიტიკა ის სასულიერო პირებიც, რომლებიც, მისივე თქმით, „თანამდებობის პირებს დაემსგავსნენ”.

„დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია, დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. რაში გამოიხატება ეს? – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება, ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა.

დღეს, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსნენ, თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრევლისთვის ძალიან რთული გასაგებია. ქადაგებ, რომ გაჭირვება დაითმინო, ქადაგებ, რომ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ, რომ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ,“ – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასწორ ქმედებაზე ხელისუფლებას სასულიერო პირებმა უნდა მიუთითონ:

„ჩვენ ამას სიძულვილით კი არ ვაკეთებთ, კი არ ვმტრობთ, სიყვარულით ვამბობთ“ – დასძინა მან.

_____________

ფოტოზე: მიტროპოლიტი იობი,

 

დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა დ მისი დაკავება თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

„ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 614 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 580. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 468 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 706 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 52 231 ერთეული [+73]
  • MLRS – 2 266 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 756 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 604 910 ერთეული [+1 559]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 122 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 173 526 ერთეული [+513]
  • სპეცტექნიკა – 4 894 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 196 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„გაუგებრობას აქვს ადგილი“ – მოსამართლე პარტიების აკრძალვის საქმის მე-9 დღის განხილვაზე

დღეს, 10 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში „პარტიების აკრძალვის საქმის“ არსებითი განხილვა გაგრძელდა. დღევანდელი დღე ისევ შუამდგომლობების განხილვას დასჭირდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა არც ამჯერად შეუცვლია: „არ დაკმაყოფილდეს“.

თავდაპირველად „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ მოსამართლეებს სთხოვა, კითხვა-პასუხის ეტაპის დაწყებამდე იქნებ ჯერ მტკიცებულებები გამოვიკვლიოთო.

„ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას ძირითადად ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე ითხოვს. სარჩელში ასევე მითითებულია სხვადასხვა ბმული, რაც ასახავს ამა თუ იმ პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლას, განცხადებას.

„დავიწყოთ საქმეზე დართული ბმულების ყურება?“ – პოლიტიკოსს მიმართა რევაზ ნადარაიამ. პლენუმის თავმჯდომარემ ისე დასვა შეკითხვა, თითქოს შუამდგომლობა არასერიოზული იყო.

„დიახ“ – მიმართა პლენუმის თავმჯდომარეს ლევან სამუშიამ. მან ხაზი გაუსვა კანონის დათქმას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება და გამოკვლევა უნდა მოხდეს, რაც „ოცნებამ“ სარჩელში მიუთითა.

სამუშიამ დასძინა ისიც, რომ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევა პროცესზე არ მოხდება, „სასამართლო ვეღარ დაეყრდნობა“.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სულ სხვა არის…“ – შეედავა ოპოზიციონერ ლევან სამუშიას რევაზ ნადარაია. მან თქვა, რომ საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც მოიპოვოს, გამოიკვლიოს მტკიცებულებები.

„…შეჯიბრებითობა არავის არ გაუუქმებია ინკვიზიციურობის პარალელურად,“ – კატეგორიულობა დაეტყო ნიკა გვარამიას, როცა რევაზ ნადარაიამ ისაუბრა „ინკვიზიციურობის პრინციპზე“.

ინკვიზიციურობის პრინციპის მიხედვით – საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელება და მტკიცებულებების მოპოვება თუ გამოთხოვა მხოლოდ მხარეების უფლება-მოვალეობა არ არის. ამ დროს სასამართლოს, მოსამართლეს დომინანტური როლი აკისრია.

დისკუსიაში ბერდია სიჭინავა ჩაერთო, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. მან ამ საქმეზე მტკიცებულების სახით დართულ ე.წ. წულუკიანის დასკვნაზე ისაუბრა, რომელშიც დასახელებულია, მაგალითად, „ნორა კვიციანის საქმეც“.

„მაინტერესებს, მომემართება თუ არა დადგენილება ნორა კვიციანის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, როცა მე ვიყავი პროკურორი და ვმონაწილეობდი მისი გამართლების პროცესში?… მოსარჩელე იძახის, რომ ყველას ყველაფერი მიემართება…

როგორ მომემართება, მაგალითად, 7 ნოემბერი მე, როცა პირველკურსელი ვიყავი?“ – „ოცნების“ წარმომადგენლებს გახედა ბერდია სიჭინავამ.

„რა ვქნათ, განაჩენებიც წავიკითხოთ?“ – ბერდია სიჭინავას მიმართა ამჯერად პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ და  აღნიშნა, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაზე კონკრეტული განაჩენებიცაა მითითებული.

„დასკვნას [ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა] ვერ დაეყრდნობა სასამართლო, იქ მოყვანილ ფაქტებს შეიძლება დაეყრდნოს, რასაც გამოკვლევა სჭირდება,“ – ნიკა გვარამიამ პლენუმს შეახსენა, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია.

„გაუგებრობას აქვს ადგილი,“ – კამათში ჩაერთო მოსამართლე ევა გოცირიძე, რომლის აზრითაც, „მტკიცებულებათა გამოკვლევა ყველაზე უფრო სისხლ-ხორცეულად არის ჩაქსოვილი….“ კითხვა-პასუხის ეტაპში, განსაკუთრებით კი, მაშინ, როცა მხარეები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს.

სიტყვის თქმის უფლება მაია კოპალეიშვილმა ითხოვა – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მას უთხრა, რომ სიტყვას არ აძლევს.

„ვგავარ იმ ადამიანს, რომელსაც შეაშინებთ?“ – არ გაჩერდა მაია კოპალეიშვილი. მან პლენუმის თავმჯდომარეს უთხრა, რომ რადგან სასამართლოში პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ ეძლევა, ფეისბუქპოსტს დაწერს.

„დაწერეთ მერე რა იყო, თქვენი ფეისბუქპოსტებით ვის აშინებთ“ – ყოფილ მოსამართლეს მიუბრუნდა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია.

მტკიცებულებებს ცალკე გამოიკვლევენ? – ამ საკითხის გადასაწყვეტად პლენუმი სათათბიროდ გავიდა, იქიდან დაბრუნებულმა მოსამართლეებმა კი თქვეს, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდება. „ნაწილობრივ დაკმაყოფილება“ გამოვიდა ის, რომ თუ რომელიმე მტკიცებულების რელევანტურობა, ანუ ამ საქმესთან შემხებლობა სადავო გახდება, სასამართლო ამ მტკიცებულებას გამოიკვლევს, ცალკე ეტაპი კი, მას არ დაეთმობა.

„ერთსულოვანი იყო პლენუმი,“ – კმაყოფილი სახით დაამატა ეს რევაზ ნადარაიამ და კითხვა-პასუხის ეტაპზე გადასასვლელად მოემზადა, მაგრამ აქ ნიკა გვარამიამ მიმართა პლენუმის თავმჯდომარეს: სამართლებრივი შედეგის დადგომის ვადის შესახებ გვაქვს შუამდგომლობაო.

თუ სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული, ამ გადაწყვეტილების ამოქმედების ვადა არ იყოს 1 თვეზე ნაკლები გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – ეს მოითხოვა ნიკა გვარამიამ იმ დასაბუთებით, რომ პარტიებს, მაგალითად, შეეძლოთ მიმართონ ევროსასამართლოს, ევროსასამართლომ კი, გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

„ეს არის მოტივაცია ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენებას რომ არ დაეკარგოს ეფექტი…. რომ მას შეეძლოს საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად უბრძანოს, რომ არ აღასრულოს გადაწყვეტილება?“ – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

„არა, რატომ უნდა უბრძანოს? გადაწყვეტილება მიიღოს,“ – სიტყვა „ბრძანება“ გამოკვეთილად თქვა ნიკა გვარამიამ და დასძინა:

„პარტიის გაუქმება ნიშნავს მისი რეგისტრაციის გაუქმებას… საჯარო წესრიგში არაფერი არ ირღვევა, თუ ერთთვიანი გარდამავალი ვადა იქნება,“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ „ოცნების“ მიერ უკვე შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ პარტიებს აკრძალავს, პარტიის წევრები ახალ პარტიას ვეღარ შექმნიან, პარტიის ქონება ხაზინას გადაეცემა. შესაბამისად, დგება გამოუსწორებელი ზიანი.

„ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს არასერიოზული იქნება, გამონაკლისი გაავრცელოს ასეთ შემთხვევაზე… სხვადასხვა თემა უნდა იყოს შესწავლილი, დღეს ეს საკითხი ვერ გადაწყდება,“ – თავისი პოზიცია სათათბიროდ გასვლამდე დააფიქსირა მოსამართლე ევა გოცირიძემ. მისი აზრით, ამ შუამდგომლობაზე სასამართლომ მაშინ უნდა იმსჯელოს, თუ ის რომელიმე პარტიის აკრძალვის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამასობაში, გამოჩნდა, რომ სასამართლოს ეჩქარება „პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვის დასრულება: დიალოგში მოსამართლე ევა გოცირიძემ ახსენა, დასკვნითი სიტყვები შესაძლოა შემდეგ კვირაშიც იყოსო… ეს იმის ხაზგასასმელად, რომ ასეთ მოკლე დროში სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე.

„თქვენს ნებაზე არაა ეს საკითხი? ნუ იქნება შემდეგ კვირაში და იყოს, მაგალითად, 3 თვის შემდეგ დასკვნითი სიტყვები,“ – ევა გოცირიძეს მიმართა ნიკა გვარამიამ.

„სასამართლო თუ ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, გამოვა, რომ ის წინასწარ იტყვის, რა იქნება გადაწყვეტილებაში. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს,“ – ფეხზე წამოდგა არჩილ გორდულაძე, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი.

„ბუნებაში ის არ არსებობს, რომ 5 პარტია ერთად აეკრძალოთ, ყოფილა ბუნებაში სადმე?“ – „ოცნების“ დეპუტატებს მიუბრუნდა ნიკა გვარამია და პლენუმს იქვე ისიც უთხრა, თუ პარტიების აკრძალვაზე მიიღებთ გადაწყვეტილებას, შემდეგ, მაგალითად, პარლამენტში მყოფი ოპოზიციონერების მანდატების შეწყვეტაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვიდან 14 დღეში ექნება გადაწყვეტილება მისაღები.

„არ დაკმაყოფილდეს“ – სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ მოსამართლეებს ადგილზე სათათბიროდ, გადასაჩურჩულებლად და გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.

„დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი,“ – დასძინა პლენუმის თავმჯდომარემ.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა. პლენუმის თავმჯდომარემ თავდაპირველად კითხვების დასმის უფლება ვასილ როინიშვილს მისცა. ის „პარტიების აკრძალვის საქმეზე“ მომხსენებელი მოსამართლეა.

კითხვა-პასუხის ეტაპზე ჯერ მოსამართლეები უსვამენ შეკითხვას მოსარჩელეს, ამ შემთხვევაში „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებს.

„რომ დაგვიკონკრეტოთ მმართველი პარტიის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა,“ – იკითხა ვასილ როინიშვილმა.

კითხვის პასუხად არჩილ გორდულაძემ რუსული კანონები ჩამოთვალა – ასეთი კანონები მივიღეთ, მაგრამ ხალხმა მაინც ჩვენ აგვირჩია და მანდატი მოგვცაო.

„თუმცა სახელმწიფო არ უდრის რომელიმე პარტიას,“ – დასძინა არჩილ გორდულაძემ.

ვასილ როინიშვილმა „ოცნების“ დეპუტატს შეახსენა ის, რაც ახსნა-განმარტების ეტაპზე თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა: თუ დანაშაულთან გვქონდა საქმე, კონკრეტული თანამდებობის პირები აგებდნენ ამაზე პასუხს, ვიღაცამ მოიხადა სასჯელი, ვიღაცის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ პარტია რა შუაშიაო?

არჩილ გორდულაძემ თურქეთისა და ესპანეთის შემთხვევები გაიხსენა, სადაც პარტიებს მოსთხოვეს, რომ ძალადობის ნაწილში ლიდერებს არ გაემიჯნონ.

გორდულაძემ ნიურნბერგის პროცესს გაუტოლა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულები, ოღონდ „მცირე მასშტაბით“.

ევა გოცირიძემ „ოცნების“ დეპუტატს დაკონკრეტება სთხოვა: თანამდებობაზე მყოფი პარტიის ლიდერის ქმედების გამო პასუხი პარტიამაც უნდა აგოს იმიტომ, რომ ლიდერს არ გაემიჯნა, თუ იმიტომ, რომ ლიდერი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ დაისაჯა?

„უმეტესობა დაისაჯა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,“ – თქვა ევა გოცირიძემ, რასაც ოპოზიციონერთა ფლანგიდან მოჰყვა წამოძახილი: „მიმანიშნებელ კითხვას უსვამთ“.

კითხვის პასუხად არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანაშაულზე რეაგირება არ ხდებოდა და დამნაშავეს პირიქით, ახალისებდნენ, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდაო.

აქ რევაზ ნადარაიამ თქვა, რომ ჯერ კითხვები ვასილ როინიშვილმა უნდა ამოწუროს, თუმცა ვასილ როინიშვილმა პლენუმის თავმჯდომარეს გადაულაპარაკა: მანდილოსანს დავუთმობო.

„რა მიგაჩნიათ კონსტიტუციური წყობილების ნაწილად?“ – ევა გოცირიძემ შეკითხვის ფორმულირების დროს ახსენა კონსტიტუციის 78-ე მუხლი [ევროინტეგრაცია].

„საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, კონსტიტუციური წყობილების განუყოფელ ნაწილად მიგაჩნიათ თუ არა?“ – იკითხა ევა გოცირიძემ.

„პასუხს კარნახობთ უკვე მერამდენედ,“ – ლევან ბეჟაშვილმა გააპროტესტა მოსამართლის შეკითხვა.

„78-ე მუხლს დამოუკიდებლად ვერ განვიხილავთ, ეს უნდა იყოს განხილული სხვა მუხლებთან კონტექსტში,“ – უპასუხა მოსამართლეს გიორგი კახიანმა, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა.

„კონსტიტუცია რამდენჯერმე შეიცვალა, ამით კონსტიტუციური წყობილება შეიცვალა?“ – ჩაეკითხა კახიანს მოსამართლე ევა გოცირიძე.

„არა, მმართველობის მოდელის ცვლილებით არ იცვლება კონსტიტუციური წყობილება,“ – თქვა კახიანმა და იქვე „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა მიმართა მოსამართლეს: 78-ე მუხლის გარდამავალი დებულებაა, „დროებითი ნორმა და დროებითი მიზნისკენ ორიენტირებულიო…“

„თუ ხელისუფლება არღვევს 78-ე მუხლს, ამით არღვევს კონსტიტუციურ წესრიგს და ემზადება, რომ აიკრძალოს?“ – ევა გოცირიძის მორიგ შეკითხვაზე ყველამ „ოცნების“ წარმომადგენლებს შეხედა და გაეცინათ.

გამოსავალი ისევ თორნიკე ჭეიშვილმა იპოვა, 78-ე მუხლში იგულისხმება „გონივრული ზომების“ მიღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად, თორემ თუ საუბარია არაგონივრული ზომების მიღებაზე, მაშინ პრიორიტეტი კონსტიტუციით განმტკიცებულ დემოკრატიულ და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების დაცვას ენიჭებაო.

რა შემთხვევაში შეიძლება მოეთხოვოს პარტიას, გაემიჯნოს სხვა პარტიის ლიდერების ქმედებებს – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა ევა გოცირიძემ გააჟღერა იმ პირობით, რომ ხვალ დილით მოისმენს „ოცნების“ პასუხებს.

„ხვალ, დილის 11-ზე ვიწყებთ,“ – სხდომა დასრულებულად გამოაცხადა პლენუმის თავმჯდომარემ.

„რთული შეკითხვებია, 12-ზე დავიწყოთ,“ – წამოიძახეს ისევ ოპოზიციის ფლანგიდან.

„კარგი, 12-ზე დავიწყოთ,“ – თქვა რევაზ ნადარაიამ.

ამავე თემაზე: 

რა ხდებოდა „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვის მე-8 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში – რეპორტაჟი 

„ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს“ – მოსამართლის რეპლიკა ოპოზიციის გაუქმების საქმის მე-7 დღეს

„ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღე 

„მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-5 დღე

„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა

მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“

ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე

რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან

რატომ შემოღობა დეპუტატ გია ჭყონიას ოჯახის კომპანიამ ძეგლის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძეზე

ბათუმში, მემედ აბაშიძის #45-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ბათუმის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც მეტ-ნაკლებად შემორჩენილი აქვს ავთენტური სახე.

ძეგლის სტატუსი აქვს ამ სახლის გვერდით და მოპირდაპირედ მდებარე შენობებსაც.

ბათუმი, მემედ აბაშიძის # 45

ბათუმში მოქალაქეებისთვის უკვე ცნობილია, რომ სახლი, რომელიც სამშენებლო ღობით შემოსაზღვრეს, „ოცნების“ დეპუტატის, გია ჭყონიას შვილების კომპანიამ შპს „თაუერ ჯგუფმა“ იყიდა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება.

„თაუერ ჯგუფის“ 100 პროცენტი „ჯი აი კაპიტალს“ ეკუთვნის, ამ კომპანიის წილებს კი ლია და თეა ჭყონიები ინაწილებენ. „თაუერ ჯგუფი“ 2022 წელს გია ჭყონიას დაფუძნებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „ბათუმი ცენტრალმა“ დააფუძნა. ახლა ეს კომპანიაც „ჯი აი კაპიტალის“ საკუთრებაა.

მემედ აბაშიძის #45-ში მდებარე ძეგლის სამშენებლო ღობით შემოღობვას მოქალაქეები სოციალურ ქსელში მწვავედ გამოეხმაურნენ, ფეისბუქჯგუფ „ბათომში“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ასზე მეტი კომენტარი მოჰყვა, სადაც გაჟღერებული კითხვები ძირითადად იმას შეეხებოდა, ხომ არ გეგმავს „ოცნების“ დეპუტატი ძეგლის კორპუსით ჩანაცვლებას.

საზოგადოების კითხვების შემდეგ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მერიას და მფლობელ კომპანიას, მით უმეტეს დეპუტატს, თავი არ შეუწუხებიათ მოქალაქეების, თუნდაც თავისი ამომრჩევლისთვის მაინც იმის ასახსნელად, თუ რას გეგმავენ მემედ აბაშიძის #45-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე, სადაც არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული.

საინტერესოა ისიც, რომ 2026 წლის 6 ნოემბერს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე იპოთეკის ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით რეესტრს ბანკმა „ქართუმ“ მიმართა. რას გულისხმობს ცვლილება, ეს რეესტრში ჯერ ასახული არ არის.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებაში გადაწყვეტილებებს არა მერია, არამედ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იღებს, ამიტომაც სააგენტოს ვკითხეთ, შეთანხმებული აქვს თუ არა შპს „თაუერ ჯგუფს“ მემედ აბაშიძის #45-ში დაგეგმილი სამუშაოები.

სააგენტოდან მოგვწერეს, რომ კომპანია ძეგლის რესტავრაციას გეგმავს, რაც სააგენტოსთან შეთანხმებულია და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია. კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს პროექტი ძეგლზე დაშენებას, სააგენტოში არ გვიპასუხეს.

„2026 წლის 27 მაისს, შპს „თაუერ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა ნებართვა ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის №45-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სააგენტოს მიერ შესწავლილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, შენობა როგორც კონსტრუქციული მდგომარეობის, ისე ესთეტიკური თვალსაზრისით საჭიროებს გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, მისი კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფასა და სრულ რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავარიული შენობის შიდა სივრცის სრული რეკონსტრუქცია, ახალი მზიდი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა, ასევე, შენობის ინტერიერის თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში მოწყობა და ეზოში შესასვლელი ნაწილის მოწესრიგება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტი არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შენობის შენარჩუნებისა და მისი კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. სააგენტოს შეფასებით, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

საპროექტო ორგანიზაცია, შპს „ალფა არქიტეტურამ“, რომელიც დიდი ალბათობით რესტავრაციის პროექტის ავტორია, გამოაქვეყნა ძეგლის რესტავრაციის პროექტის რენდერი, რომლის თანახმადაც რეაბილიტაციის პროექტი დაშენებასაც ითვალისწინებს, რაც ფაქტობრივად ძეგლის ავთენტური სახით შენარჩუნებას არ ნიშნავს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რესტავრაციის პროექტების მსგავსი მაგალითი ბათუმში ბევრია.

რესტავრაციის პროექტი – რენდერი

Three Misleading Claims by Georgia’s Ruling Party About the European Commission’s 2026 Enlargement Report

According to a statement by Georgia’s Ministry of Foreign Affairs, “although the European Commission’s Enlargement Report on Georgia has largely been used to voice biased assessments and reinforce political speculation”, the Georgian side will examine the document in detail and submit substantiated comments to the European Commission.

However, while the Ministry of Foreign Affairs is preparing its official response, Georgian Dream has already developed several misleading claims, which the ruling party and pro-government media have been promoting.

This article examines three of them.

“A one-sided report”

“The report was prepared without the involvement of the Georgian government or relevant agencies, as Brussels is boycotting Georgia. Consequently, the report does not reflect reality, since it is based entirely on disinformation supplied by the opposition,” pro-government media outlets such as Imedi, POSTV, Newshub, ongo.ge and others reported in unison.

Levan Makashvili, Chair of Parliament’s European Integration Committee, who is well aware of how EU institutions operate, claimed that the report had been prepared unilaterally, with “no communication with Georgia, no communication with ministries, no communication with experts”.

“This is a report written unilaterally by five or six people from Brussels, looking out of their windows and writing from their offices,” Makashvili said.

According to Shalva Papuashvili, “Brussels has declared a boycott of Georgia, and it is impossible to prepare such a report without cooperating with the Georgian authorities, obtaining information and verifying it”.

In reality, however, as Georgia’s Ministry of Foreign Affairs itself acknowledges, the European Commission’s report assesses progress made over the course of the year based on information submitted by candidate countries.

The Foreign Ministry also identifies the dialogue formats established under the Association Agreement as another mechanism for assessing progress. It expresses regret that, during the reporting period, the EU side once again failed to hold any of the meetings envisaged by the Association Agreement, at any level, citing the suspension of dialogue with the Georgian side following the European Council conclusions of 27 June 2024. According to the Ministry, this “significantly limits the European Commission’s ability to assess progress objectively”.

“The theory that we have no communication and no contacts with the government is simply not true. The Enlargement Report is a very heavy work the result of 60 colleagues here working in the EU Delegation and hundreds of colleagues working in Brussels, who are following all the developments very closely.

We have consulted all stakeholders. But, the most important input –  the Enlargement Report came from the Georgian authorities. We received two inputs: the first one on the 27th of April, the second on the 7th of September. All together – colleagues just informed me – over 530 pages of very detailed information. All this information has been assessed and this is a result in front of you – 90 pages of enlargement report,” said Pavel Herczynski, the EU Ambassador to Georgia.

The Enlargement Report, which covers the period from 1 September 2025 to 1 September 2026, states that it draws on information from various sources, including material submitted by the Georgian government and EU Member States, European Parliament reports, as well as data from various international and non-governmental organisations.

The report also incorporates comparative assessments and indices prepared by other stakeholders, particularly in the field of the rule of law.

“Appointing judges from abroad”

According to Georgian Dream, the EU is demanding that judges be appointed from abroad.

“When they talk about judges being appointed in Georgia from outside the country, this directly confirms what we have been saying all along: European bureaucracy fails to understand the importance of the rule of law, democracy and constitutionalism, and therefore comes up with such proposals, which are simply disgraceful,” Irakli Kobakhidze said.

“As long as I am a member of Parliament and Speaker of Parliament, I will not allow Georgia’s Constitution to be violated or a foreigner to appoint a judge in this country. Period,” Shalva Papuashvili said.

In fact, the Enlargement Report does not call for judges to be appointed by foreigners. Rather, it refers to so-called vetting — a mechanism for assessing the integrity of judges appointed to senior positions, not all judges. The European Commission has been recommending such a mechanism for years, including in relation to other candidate countries, such as Ukraine and Moldova.

In other words, the EU is calling for integrity checks and financial scrutiny of judges holding senior positions in the judiciary, not seeking the authority to appoint anyone to a judicial post.

According to the Commission’s recommendation, Georgia should launch a more comprehensive reform of its judicial system next year. Specifically, it should reform the High Council of Justice in line with the recommendations of the Venice Commission, including addressing the issue of reappointing its members and introducing restrictions on reappointment by establishing fixed, non-renewable terms of office.

It should also establish an extraordinary integrity vetting mechanism involving international experts, who would play a decisive role in the process. The checks should apply both to candidates and to those currently holding all key positions within the judicial system, namely members of the High Council of Justice, Supreme Court judges and chairpersons of common courts.

Although the European Commission does not explicitly use the term vetting, legal experts say that the wording effectively calls on the authorities to introduce precisely such a mechanism. This would involve reassessing judges’ integrity, including by scrutinising their financial assets, examining possible nepotistic connections and conducting other checks.

The leadership of the judiciary, incumbent judges — with a few exceptions — and Georgian Dream all oppose the introduction of an integrity assessment mechanism involving foreign experts, describing it as unacceptable interference in the country’s internal affairs.

However, there are judges who are not opposed to undergoing such checks, including with the participation of foreign experts.

It is worth noting that, after coming to power, Georgian Dream actively cooperated with Thomas Hammarberg, the EU Special Adviser to the Georgian Government on Constitutional and Legal Reform and Human Rights. However, Hammarberg did not have any “decisive role” in the country’s legal reforms.

“Should we release someone who threw a Molotov cocktail?”

The European Commission is calling on the Georgian authorities to “release all persons arbitrarily detained, including politicians, journalists and activists”.

Georgian Dream interprets this as a demand to release people who threw Molotov cocktails and as an attempt to encourage violence.

“What exactly are they asking us to do — release someone who threw a Molotov cocktail or someone who insulted a police officer? They cannot give us any names because they have none. In that case, it would mean openly endorsing violence and the throwing of Molotov cocktails, which is something they do not want to do. They prefer to speak in general terms, but that will not work. Let them have the decency to provide the names of those they want released,” Irakli Kobakhidze said.

It is true that the report does not include a named list of people who should be released.

EU Ambassador Pavel Herczynski said that he could not go into detail, but that various human rights organisations had submitted different lists. He stressed that the decision ultimately rests with the Georgian courts, while emphasising that the EU wants people who have been unfairly handed disproportionate sentences to be released as soon as possible.

Two people are currently in detention on charges of throwing Molotov cocktails at police officers: Davit Lomidze and Temur Zasokashvili. Dozens of other prisoners are serving sentences in cases where the only evidence presented against them consists of police officers’ testimonies.

Elene Khoshtaria, whose health is in a serious condition, is in prison for writing an inscription on a banner. According to the EU’s assessment, this is a clear example of a disproportionate punishment.

Journalists and activists are being arrested for standing on pavements and exercising their freedom of expression on social media. These arrests are also selective, as representatives of Georgian Dream have never been fined for “indecency”.

“The European Union does not support violence, looting, vandalism, throwing Molotov cocktails – in Georgia or anywhere else. .. Claims to the contrary are simply part of a smear campaign against the European Union, and in this deplorable situation in which we are here today with Georgia’s accession de facto halted is also part of this smear campaign. My plea is to Georgian politicians, but also to Georgian journalists, who also have responsibilities: do not take part in this anti-European rhetoric,” Herczynski said.

Ending the disinformation campaign against the European Union is one of the recommendations in the European Commission’s Enlargement Report.

Georgia remains an EU candidate country in name only and is at risk of losing its visa-free travel regime. This is the European Commission’s main conclusion regarding Georgia in its 2026 Enlargement Report.

According to the European Commission’s assessment, the ruling Georgian Dream party continues to undermine the country’s path towards EU membership by attacking democratic principles, the rule of law and fundamental rights, while further facilitating state capture.

ბსუ-ს სტუდენტ ბიჭს მინიმუმ 4 გოგო სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს

„გოგოებო, უფრთხილდით, ეს არის სექსმანიაკი, თუ მასთან არ დაიწყებთ ურთიერთობას, ყველას აშანტაჟებს და ემუქრება საგნების შეტენვით!“ – ამ შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ჯგუფში 2026 წლის 7 ნოემბერს.

პოსტი, რომელიც ავტორმა ანონიმურად დაწერა, მალევე წაიშალა, თუმცა ანონიმურმა ავტორმა ის კიდევ ორჯერ გამოაქვეყნა.

პოსტს თან ახლდა სქრინი ბსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტის ფეისბუქ პროფილიდან. ანონიმი ავტორის მტკიცებით, პირი, რომელიც სქრინზე ჩანდა, ბსუ-ს სტუდენტ გოგოებს სექსუალურად ავიწროებდა.

სქრინი ბსუ-ს სტუდენტური საჯარო ჯგუფიდან

ანონიმური პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე ბსუს-ს საჯარო ჯგუფში ათობით პოსტი დაიწერა, დაიდო სქრინები პირადი მიმოწერიდან. ბსუ-ს რამდენიმე სტუდენტი გოგო ბსუ-ს სტუდენტ ბიჭს სექსუალურ შევიწროებაში, უხამს ქცევასა და საკუთარი გავლენის გოგონების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენებაში სდებდა ბრალს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, იყო სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ასევე იყო დაახლოებული ლექტორებთან და პირად კომუნიკაციაში თავს პარტია „ქართული ოცნების“ წევრად წარადგენდა.

სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ პოსტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქჯგუფში დაიდო.

სტუდენტი გოგოები ანონიმურად ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს.

ყველა ისტორიას აქვს ერთი საერთო ხაზი – შევიწროებაში დადანაშაულებული სტუდენტი ბიჭი ახლო ურთიერთობაში შედიოდა პირველ ან მეორეკურსელ გოგოებთან, ურთიერთობაში იყენებდა თავის სტატუსს, თავდაპირველად სთავაზობდა დახმარებას სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში, ამყარებდა მეგობრულ ურთიერთობას თითოეულ მათგანთან, მოგვიანებით კი ეს მეგობრული მიმოწერა სექსუალური შინაარსის მესიჯებით ან შეთავაზებებით მთავრდებოდა.

„ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა მინიმუმ 4 გოგოს, რომლებიც ამბობენ, რომ ბსუ-ს სტუდენტი ბიჭი მათ სექსუალურად ავიწროებდა.

გოგოებმა სრული კონფიდენციალურობა ითხოვეს, რასაც “ბათუმელები” მკაცრად იცავს. გთავაზობთ მათ მონათხრობს:

  • სტუდენტი გოგო – პირველი ისტორია

„კრასავიცა, ახლა ჩაგეხუტებოდი. არც გაცვია რამე ხო? რა იყო“, – ეს არის მიმოწერიდან ნაწყვეტი, რომლის შემდეგაც სტუდენტმა გოგომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბიჭი სოციალურ ქსელში დაბლოკა.

„ეს ბიჭი გავიცანი უნივერსიტეტში, სადაც იყო ერთ-ერთი ფაკულტეტის თავმჯდომარე. რაღაც შეხვედრაზე ვიყავით და იქ შევხვდით. ინსტაგრამზე დამამატა და პირველად რუსულად მომწერა „კაკაია კრასავიცა“. მე ეს მონაწერი მივიღე კომპლიმენტად.

შემდეგ უკვე სთორებზე მპასუხობდა, გულებს მიგზავნიდა. რაღაც ეტაპზე, როდესაც ნდობაში შემოვიდა, დაიწყო საზღვრების დარღვევა – მწერდა: „რა კარგი ტანი გაქვსო“, „მოტკეცილები ძალიან გიხდებაო“ და ა.შ.

ბოლო მესიჯი, რის შემდეგაც დავბლოკე, იყო ასეთი შინაარსის. რას შვრებიო? მეთქი ვწევარ. „ახლა ჩაგეხუტები, ალბათ არც არაფერი გაცვიაო“. მაგ მესიჯის მერე ჩავთვალე, რომ ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და დავბლოკე“, – უყვება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გოგო, რომელიც ამბობს, რომ ბსუ-ს სტუდენტმა ბიჭმა მასთან ურთიერთობაში საზღვრები დაარღვია.

სქრინი, რომელიც “ბათუმელებს” სტუდენტმა გოგომ მოაწოდა. გოგო ამ მიმოწერის ფიგურანტია

სტუდენტი გოგოს თქმით, მანამ, სანამ დაბლოკავდა, როცა ბიჭს უნივერსიტეტში ხვდებოდა, ეს ბიჭი ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას და ახსენებდა, რომ თუკი რაიმე დასჭირდებოდა, შეეძლო მისი იმედი ჰქონოდა.

სტუდენტი გოგო ამბობს, რომ საკუთარი ისტორიის გაზიარება ერთადერთი მიზეზით გადაწყვიტა – მხარი დაეჭირა იმ გოგოებისთვის, ვინც ხმის ამოღება და სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ საუბარი გადაწყვიტა.

  • სტუდენტი გოგო – მეორე ისტორია

„უნივერსიტეტში რაღაც საკითხში დახმარება მჭირდებოდა. ეგ ბიჭი ბსუ-ში ცნობილია, როგორც პირი, რომელიც ყველასთან ახლოსაა და ყველას ეხმარება – ვგულისხმობ ლექტორებთან ურთიერთობას თუ ვინმე თანამდებობის პირთან.

მნიშვნელოვანი საკითხი მქონდა მოსაგვარებელი, რომლის მოგვარებაში დახმარებას დამპირდა და მომიგვარა კიდეც. როცა პირველ კურსზე ხარ, ახალი ხარ უნივერსიტეტში, ჯერ გარემოს ეგუები, კარგად არ იცი, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ მეგონა, რომ ეს ბიჭი გულწრფელი დამხმარე იყო პირველკურსელების.

თავიდან თბილი კომუნიკაცია დაიწყო, ზედმეტი ყურადღების გამოჩენა. სთორებზე პასუხით – „უხ, რა ეშხიანი ხარ, უხ, რა სასწაული ტანი გაქვს“ და მსგავსი კომენტარები.

ასე გაპარებდა – ნელ-ნელა რომ ცდილობს ადამიანი კომუნიკაციაში ჩაგითრიოს. მე ამაზე გავგიჟდი, ვეჩხუბე და მერე არაფერი აღარ მიმიწერია.

ერთ საღამოს როცა ყველაფერი ჩამოარაკრაკა, მომწერა. სექსუალური შინაარსის ტექსტი იყო, რას როგორ გააკეთებდა. ოღონდ ეს იყო მისი ბინძური ფიქრები. მე პასუხი არ გავეცი, რადგან ძალიან შემრცხვა და თან მომერიდა ჩხუბიც, უკვე უხერხული იყო და წავშალე ეგ ადამიანი ყველაფრიდან.

ბევრი ადამიანი ჰყავს, ვინც ზურგს უმაგრებს. სულ ცდილობს, რომ ლექტორებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, რომ მერე გამოიყენოს ისინი.

არაერთგზის ჰქონდა ჩემთან მცდელობა, დაეწყო სექსუალური ურთიერთობა. უკითხავს – აი, შენ არ გინდა ჩემთან რაღაც გააკეთო და მსგავსი რამეები. არ ვპასუხობდი, არც ვხვდებოდი.

თვითმმართველობის წევრია, მგონია, რომ ალბათ მაგან გადაარჩინა აქამდე, რადგან ბევრი კუთხით აქვს გავლენები“.

  • სამართლებრივი შეფასება

უფლებადამცველი, იურისტი ანა თავხელიძე, სექსუალურ შევიწროებად აფასებს ბსუ-ს სტუდენტი გოგონების მონაყოლს.

„როცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრი თავის სტატუსს იყენებს სხვა სტუდენტების, მით უფრო არასრულწლოვნების ნდობის მოსაპოვებლად და შემდეგ მათ სექსუალურად შესავიწროებლად, ეს მხოლოდ კონკრეტული პირის ინდივიდუალური ქცევა არ არის.

თვითმმართველობა უნივერსიტეტის სისტემის ნაწილია და ეს სტატუსი სტუდენტს უნივერსიტეტისგან აქვს.  განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ვსაუბრობთ სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ.

ამიტომ, როცა სტატუსი შევიწროების/ძალადობის ინსტრუმენტად იქცევა, უნივერსიტეტის ინსტიტუციური პასუხისმგებლობა დგება.

აღწერილი ქმედება სულ მცირე სექსუალური შევიწროებაა, რომელიც გულისხმობს არასასურველ სექსუალური შინაარსის ქცევას.

ჩნდება კითხვები სექსუალურ ძალადობაზეც და ეს გამოძიების საგანი უნდა გახდეს. გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანომ გამოძიება დაიწყოს, თუნდაც დაზარალებულებმა არ მიმართონ. დასადგენია, ხომ არ ყოფილა სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება.

თუ ქმედების ჩამდენი სრულწლოვანი იყო, ხოლო ადრესატი თექვსმეტ წლამდე, შესაძლოა საქმე გარყვნილ ქმედებასაც ეხებოდეს. გოგოებთან სისტემატური, არასასურველი კომუნიკაცია კი შეიძლება ადევნებადაც შეფასდეს. ეს ყველაფერი დანაშაულია. ქმედებების სწორი სამართლებრივი შეფასება მხოლოდ მიუკერძოებელი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების პირობებშია შესაძლებელი.

ეფექტიანი გამოძიებისგან დამოუკიდებლად არსებობს უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა, რომელიც ვალდებულია, სტუდენტებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს შევიწროებისგან დაცვის მექანიზმი და ზრუნავდეს ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ახლა კი, როცა ეს ფაქტები საჯაროდ გახდა ცნობილი, დაუყოვნებლივ და ადეკვატურად უნდა მოახდინოს რეაგირება.

გოგოებს აქვთ უფლება, საჯაროდ ისაუბრონ განცდილ ძალადობასა და შევიწროებაზე. მათ ვურჩევ დაიწყონ სამართლებრივი ბრძოლა, ამით სხვა გოგოებსაც დაიცავენ. მნიშვნელოვანია, რომ მათი ვინაობა მკაცრად კონფიდენციალური დარჩეს. თუ მეორე მხარე მათ გასაჯაროებით დაემუქრება, უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

ანა თავხელიძე
  • რა პოზიცია აქვს ბსუ-ს

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა უფლებების დაცვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა უმთავრესი პრიორიტეტია. უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციისა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს თითოეულ საკითხზე, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სტუდენტთა უფლებების დარღვევას.

გუშინ, 2026 წლის 9 ნოემბერს, უნივერსიტეტში შემოვიდა ერთ-ერთი სტუდენტის წერილობითი მომართვა, რომელიც დადგენილი წესით დარეგისტრირდა ბსუ-ს კანცელარიაში. უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტს არ აქვს ინფორმაცია, მიმართეს თუ არა სავარაუდო დაზარალებულებმა სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, წერილში არ არის მითითებული სავარაუდო დაზარალებულ პირთა ვინაობა, რის გამოც უნივერსიტეტს მათი იდენტიფიცირების და გამოვლენის შესაძლებლობა არ აქვს.

უნივერსიტეტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მსგავს საკითხებს და იმოქმედებს სტუდენტთა უფლებების, კონფიდენციალურობისა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით,“ – ნათქვამია ბსუ-ს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ კომენტარში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შსს-ს ვკითხეთ, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე სავარაუდო დანაშაულის შესახებ, ხომ არ დაუწყია გამოძიება.

შსს-სგან ამ საკითხზე განმარტება არ მიგვიღია. ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა საქმის ფიგურანტ სტუდენტ ბიჭს. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით WhatsApp-ის აპლიკაციით გავუგზავნეთ კითხვები.  მან ეს კითხვებიც უპასუხოდ დატოვა.

და ბოლოს,

ფეისბუქ ჯგუფში, სადაც თავდაპირველად სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, ათამდე გოგომ დაწერა საკუთარი გამოცდილების შესახებ. თუმცა „ბათუმელებმა“ ამ სტატიაში მხოლოდ ის ისტორიები მოიყვანა, რომელთა ფიგურანტებსაც პირადად შეხვდა და მათთან ინტერვიუ ჩაწერა.

თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც მსგავსი ისტორია გაქვთ, გთხოვთ დაუკავშირდით რედაქციას. კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული.

პატიმრობა შეუფარდეს მასწავლებელს, რომელსაც ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან

პატიმრობა შეუფარდეს მასწავლებელს, რომელსაც პროკურატურა ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავება.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო. ბრალდებულ კაცს ხელბორკილები სასამართლო სხდომათა დაბრაზშივე დაადეს.

სავარაუდო დანაშაული დაახლოებით 27 წლის წინ მოხდა. დაზარალებული ქალის ინტერესებს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ იცავს.

ორგანიზაციის ცნობით, 1 წლის წინ მათ 40 წლამდე ქალმა მიმართა და ბავშვობაში სპორტის მასწავლებლის მხრიდან ძალადობის შესახებ უამბო. ქალი მაშინ 7 წლის იყო. ის ჰყვება, რომ მასზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ.

ქალს აინტერესებდა, იყო თუ არა შესაძლებელი გამოძიების დაწყება ამდენი წლის შემდეგ. როგორც იურისტი, მარი ვარამაშვილი ამბობს, დაზარალებული ქალისთვის ამ თემაზე საუბრის ბიძგი გახდა „საფარის“ მიერ გამოძებული პედოფილიის სხვა შემთხვევები. ქალი სოციალურ ქსელში გადააწყდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია ბავშობაში ძალადობაგადატანილ ქალებთან მუშაობდა და მათ ეხმარებოდა.

„მთელი ამ დროის [ერთი წლის] განმავლობაში იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა“, – წერია„საფარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულ კაცს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. უწყების ცნობით, ბრალის დამტკიცებს შემთხვევაშ მას 20 წლით პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება გრძელდება.

ამავე თემაზე:

შიფერი, როგორც კიბოს გამომწვევი – ომბუდსმენის ანგარიში აზბესტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და რეკომენდაციები

საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას აზბესტის საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის კიბოს იწვევს, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ აზბესტცემენტის მასალების [განსაკუთრებით ე.წ. „შიფერის“] ექსპლუატაციის ვადა ათწლეულებს მოიცავს, ხოლო მათი მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა ამ დრომდე არ განხორციელებულა.

მეტიც, საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში საქართველოში შემოტანილია ჯამში 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აზბესტცემენტისგან და სხვა ანალოგიური მასალებისგან ნაწარმოები საქონელი, აზბესტის ბოჭკო და უშუალოდ აზბესტის ნაწარმი.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა [WHO] და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს [IARC] კვლევები ცალსახად ადასტურებს, რომ აზბესტის ზემოქმედება იწვევს ისეთ სერიოზულ და ხშირად ფატალურ დაავადებებს, როგორიცაა მეზოთელიომა, აზბესტოზი და ფილტვის კიბო.

საქართველოში აზბესტ-ცემენტის მასალების [ე.წ. „შიფერის“] მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა არ განხორციელებულა. შესაბამისად, საცხოვრებელი, საჯარო და სამრეწველო ნაგებობების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შეიძლება შეიცავდეს ამ სახიფათო მასალას.

WHO-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [ILO] ერთობლივი შეფასებით, აზბესტთან პროფესიული ექსპოზიციის შედეგად მსოფლიოში წლიურად 200 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ეს სამუშაოსთან დაკავშირებული სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის 70%-ზე მეტია“, – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეხვედრების დროს აღმოჩნდა, რომ აზბესტის საფრთხეების შესახებ ცნობიერება დაბალია, როგორც მოსახლეობაში, ისე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებში.

„მონაწილეები სისტემატურად სვამდნენ კითხვებს, რომლებზეც ოფიციალური, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არსებობს. მათ შორის, აინტერესებდათ:

  • როგორ უნდა გაიწმინდოს უსაფრთხოდ ტერიტორია დამტვრეული შიფერისგან;
  • რა ქმედებები უნდა განხორციელდეს, თუ აზბესტის შემცველი მასალა აღმოჩნდა სკოლაში, საბავშვო ბაღში ან სხვა საზოგადოებრივ შენობაში;
  • ვის უნდა მიმართოს პირმა, თუ მეზობელი აზბესტის შემცველი სახურავის დემონტაჟს არასწორად ახორციელებს;
  • არსებობს თუ არა აზბესტის შემცველი მასალების [მაგ. ე.წ. შიფერის] ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდგომ აზბესტის ჰაერში გაფრქვევის პრევენციის საშუალებები [მაგ. აზბესტის შემცველი მასალების მოვლის საშუალებები];
  • საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, როგორია აზბესტის შემცველი მასალების დემონტაჟის/უტილიზაციის უსაფრთხო პროცედურა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორს – „შესაძლებლობის ფარგლებში დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები აზბესტის საფრთხეებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.“

სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“ ახორციელებს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, თუმცა, ცენტრს ცნობიერების ამაღლების პროგრამები, რომლებიც შეეხებოდა აზბესტის მავნე ზემოქმედებას, არ განუხორციელებია.“

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე.

კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე. გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამ უფლებების რეალიზების წინაპირობაა.

პირს, რომელსაც არ მიეწოდება ინფორმაცია ზემოქმედების წყაროსა და თავდაცვის საშუალებების თაობაზე, ფაქტობრივად ერთმევა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

„საქართველოში აზბესტის მოხმარების ისტორიული მოცულობის შესახებ ოფიციალური და სისტემატიზებული სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა პრობლემის მასშტაბის აღსაქმელად შესაძლებელია რეგიონული კონტექსტის გამოყენება. ესტონეთის მაგალითზე ჩატარებული კვლევების თანახმად, საბჭოთა კავშირში წლიურად ერთ მოსახლეზე საშუალოდ 12-14 კგ აზბესტი და მისი შემცველი პროდუქცია იწარმოებოდა.

საბჭოთა ერთიანი ინდუსტრიული სტანდარტებისა და ცენტრალიზებული მიწოდების ჯაჭვის გათვალისწინებით, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ საქართველოშიც ანალოგიური პრაქტიკა არსებობდა. აზბესტცემენტის მასალების [განსაკუთრებით ე.წ. „შიფერის“] ექსპლუატაციის ვადა ათწლეულებს მოიცავს, ხოლო მათი მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა არ განხორციელებულა“, – წერს სახალხო დამცველი თავის მიმართვაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის ბრძანებით აზბესტის ბოჭკოების მრეწველობაში გამოყენება აკრძალულია.

მიუხედავად ამისა, საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2015 წლიდან დღემდე პერიოდში საქართველოში შემოტანილია:

  • 13 731 100 აშშ დოლარის ღირებულების – „ნაწარმი აზბესტცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან“. აქედან 1 მილიონი აშშ დოლარის მარტო 2026 წელს.
  • 1 709 200 აშშ დოლარის ღირებულების – „ბოჭკო აზბესტისა დამუშავებული; აზბესტის ნაწარმი“.

ამ თემაზე:

აზბესტი – კიბოს წყარო სახლების სახურავებზე ბათუმში

 

 

ბათუმში ლპება საჩოგბურთო კომპლექსი, რომლის განახლებაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ბალახშია ჩაფლული საჩოგბურთო კომპლექსის ინფრასტრუქტურა, სადაც ახლა ბავშვები უნდა ვარჯიშობდნენ, სადაც, როგორც „ოცნების“ მთავრობა ჰპირდებოდა მოსახლეობას, „ღვაწლმოსილებს მომავალი თაობები უნდა აღეზარდათ. კიდევ ბევრი ტურნირი და მედალი უნდა მოეგოთ“.

ტბეთის ქუჩაზე საჩოგბურთო კომპლექსის განახლებას ბავშვებს 2022 წელს დაჰპირდნენ და 2024 წელს ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო, თუმცა რას დაასრულებდნენ, რაც სინამდვილეში არც დაწყებულა.

აქაურობა უკვე წლებია ბალახითა და ტალახით არის დაფარული, შენობის ნაწილი კი ლპება და ყარს.

საჩოგბურთო მოედანი დღეს
შენობის ეს ნაწილი ნაგვითაა სავსე და ყარს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიას“ ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაციიის მცდელობა სამჯერ ჰქონდა, რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოაცხადა: 2023 წელს – ორჯერ, 2026 წელს კი – ერთხელ. თუმცა, სამივე ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.

ბოლო, ანუ 2026 წლის ტენდერი „პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოცხადებიდან მალევე იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ „პროექტის გადამუშავება“ გახდა საჭირო.

ბიუჯეტში ამ კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2023 წელს 3,8 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მიმდინარე, 2026 წელს კი – 3,9 მილიონი ლარი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი 2022 წელს არის მომზადებული და იგივეა, რომლითაც ტენდერი 2023 წელს ჰქონდათ გამოცხადებული. როგორც ჩანს, 4 წლის შემდეგ ისე გამოაცხადეს განმეორებითი ტენდერი 2022 წელს მომზადებული პროექტით, რომ ის არავინ წაიკითხა.

პროექტის ტენდერით გათვალისწინებული საწყისი ფასი ამჯერად 3 მილიონ 963 052 ლარის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა.

როგორც ტენდერის შეწყვეტის ოქმშია მითითებული, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გამოვლინდა,  რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადამუშავებასთან ერთად საჭირო იყო „კორექტირებების შეტანა“.  საინტერესოა, რატომ განიხილეს სატენდერო დოკუმენტაცია ტენდერის გამოცხადების შემდეგ და არა მანამდე, რამ შეუშალა ამას ხელი, არც ერთ დოკუმენტში არ წერია.

პროექტის რენდერი – პროექტი ბათუმში, თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე #6-ში არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, რომელიც მოედნის ჩათვლით 5111 კვ.მეტრ ტერიტორიას მოიცავს.
რენდერი

შესყიდვის პირობა იყო ასევე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმროს, ღია და დახურული კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც ითვალისწინებდა ორსართულიანი სასტუმროს შენობის და ერთსართულიანი დამხმარე შენობის [ტრიბუნით] დემონტაჟს იმავე ადგილზე.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2026 წლის 15 ივლისს მეორედ გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტებს თან დაურთეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის 2022 წელს გამოცემული ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები ტენდერში გამარჯვებულს 1 ლარად უნდა გადაეცეს.

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას აჭარის მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს და როგორც ამ ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლები გვიყვებიან, „დღემდე საშველი ვერ დააყენა“.

ამავე თემაზე:

ვიდრე „ოცნება“ სპორტსმენების ოქროს ითვლის, სპორტული ინფრასტრუქტურა მოუვლელობის გამო ლპება

გარდაიცვალა 75 წლის მზისა გაბეშია, რომელიც პროტესტს მარტვილიდან მარტო უერთდებოდა

დღეს, 10 ნოემბერს, გარდაიცვალა 75 წლის მზისა გაბეშია, მარტვილელი აქტივისტი ქალი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მარტვილიდან უერთდებოდა ყოველ დღე, სანამ ჯანმრთელობა აძლევდა ამის საშუალებას.

„თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „არა ძალადობრივ რეჟიმს“, „წადი“, – ამ პლაკატებით გამოხატავდა ის თავის სათქმელს აქციაზე.

მზისა გაბეშია „ბათუმელებს“ უყვებოდა, რომ 24 წელი იმუშავა საავადმყოფოში ექთნად. როცა მისმა შვილმა თბილისში სწავლა დაიწყო, თავადაც იქ გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ისევ მარტვილში დაბრუნდა.

„ყველანაირ ამინდში იქ ვდგავარ, ვაპროტესტებ. მზიას და ყველა პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვ. სამართლიანობა მინდა“- უთხრა მან „ბათუმელებს“ 2025 წელს.

იგი თავად ამზადებდა ხელნაწერ ტრანსპარანტებს და ისე გადიოდა აქციაზე მარტვილის მერიასთან იმის დასტურად, რომ პროტესტის ხმა ისმის მარტვილშიც.

_________________

ამ თემაზე:

„მზიას და ყველა პატიმრის თავისუფლებას ვითხოვ“ – ერთი ქალის პროტესტი მარტვილში

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა

თბილისში რეგიონული კონფერენცია გაიმართა. მთავარი თემები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ვაჭრობის დაფინანსება, შესაბამისობა და ტრანსსასაზღვრო გადახდები იყო. ღონისძიებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა (ICC Georgia), რაიფაიზენ ბანკ ინთერნეიშენალმა (RBI), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უმასპინძლეს.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის (CIS) რეგიონიდან – მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიებამ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა: გასცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს; მიეღოთ ინფორმაცია მარეგულირებელ ცვლილებებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება რეგიონში წამყვანი სპეციალისტებისგან, კომერციული ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების მაღალი რანგის პროფესიონალებისგან.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე, შესაბამისობის მოთხოვნები და მათი გავლენა ბიზნესის საქმიანობაზე. ასევე ისაუბრეს ევრაზიული სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების როლზე,  განიხილეს რეგიონში ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებიც. პირისპირ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თიბისი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და Argos Advisory.

ქობულეთში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

დღეს, 10 ნოემბერს, ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე [ახალსოფლის დასახლებაში], ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულია დედა-შვილი. როგორც ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაშავებულებს ზედაპირული დამწვრობა აქვთ და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

წინასწარი ინფორმაციით,  აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

დეტალებს აზუსტებენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხობს თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

3.4 მლნ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების დახურული დაწესებულებისთვის

2026 წლის ბოლომდე 3 445 000 ლარი დაიხარჯება 10-14 წლის ბავშვებისთვის დახურული ტიპის დაწესებულების შექმნისთვის.

საუბარია „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრზე“, რომლის შესაბამისი კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. 

ცენტრის შექმნის იდეას ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა: ბავშვთა უფლებადამცველების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შეფასებით, სახელმწიფო აშენებდა ბავშვთა ციხეს. მოზარდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტების თქმით, ბავშვების მოთავსება დახურული ტიპის დაწესებულებაში ვერ შეასრულებს განსაზღვრულ მიზანს – რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. უფრო მეტიც, ისინი აცხადებდნენ, რომ ცენტრს არა პრევენციის, არამედ დასჯის ფუნქცია ექნებოდა.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონპროექტში „პრინციპული გამოწვევები“ დაინახა სახალხო დამცველმაც.

28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება ცენტრის 2026 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე.

დოკუმენტით ირკვევა, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ს 139 თანამშრომელი ჰყავს. მათ, 2026 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, ჯამში 719 000 ლარს გადაუხდიან.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება, ცხადია, ცენტრის თავმჯდომარეს აქვს – 10 000 ლარი, თავმჯდომარის 1-ელ მოადგილეს – 8 900, ხოლო მოადგილეს – 8 400 ლარი.

ცენტრში დასაქმებულთა შორის ყველაზე ნაკლები ანაზღაურება აქვთ საქმისწარმოების სპეციალისტს, ახალგაზრდულ ლიდერებსა და უსაფრთხოების თანამშრომლებს – თითოეულს 2 560 ლარი.

დოკუმენტის თანახმად, ცენტრს 7 ფსიქოლოგი (მათგან 2 პროფესიული ზედამხედველი), 10 სოციალური მუშაკი (მათგან 2 პროფესიული ზედამხედველი), 3 ექიმი, 4 ექთანი, 8 აღმზრდელი და 7 „ახალგაზრდული ლიდერი“ ჰყავს. 

ამავე დროს, ცენტრს ჰყავს 48 „უსაფრთხოების სპეციალისტი“. 

„ბათუმელებისთვის“ უცნობია ჰყავს თუ არა, ან ვინ არის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი. ვიცით მხოლოდ ის, რომ საშტატო ნუსხის მიხედვით, მისი ანაზღაურება 4 160 ლარია. ამიტომ, ახალშექმნილი სსიპ-ის შესახებ ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელები“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

იუსტიციის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი 2026 წლის 1-ელი მაისიდან ფუნქციონირებს.

„ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები აფასებენ ცენტრში გადმომისამართებული არასრულწლოვანების ინდივიდუალურ საჭიროებებს და რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მათ მშობლებთანაც მუშაობენ.

შეფასების შედეგების საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ და ითვალისწინებს არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესებსა და მოსაზრებებს, აგრეთვე მათი კანონიერი წარმომადგენლების მოსაზრებებს.

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საკითხს სასამართლო ჯგუფის შუამდგომლობით წყვეტს, ხოლო სახლში სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი ღონისძიებები, მათ შორის თერაპიული მუშაობა, თითოეული ბავშვის საჭიროებების შესაბამისად ხორციელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე იძებნება ცენტრის თავმჯდომარის, ნათია ახმეტელის დეკლარაცია. მან დეკლარაცია 1-ელ ივლისს შეავსო, ანუ ცენტრის ოფიციალურად ამოქმედებიდან 1 თვეში. დეკლარაცია გასული, 2025 წლის მონაცემებს ასახავს.

დოკუმენტით ირკვევა, რომ 31 წლის ნათია ახმეტელი 2025 წელსაც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობდა. კერძოდ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ახმეტელი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს ხელმძღვანელობდა, სადაც ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 51 222 ლარი აიღო (თვეში დაახლოებით 4 200 ლარი). გარდა ამისა, იმავე პერიოდში ის იყო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერიც, სადაც გაწეული სამსახურისთვის 361 ლარი გადაუხადეს.

რატომ შეიქმნა „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“?

„ქართულმა ოცნებამ“ კანონის მიღება იმით ახსნა, რომ გაზრდილია 14 წლამდე მოზარდების მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევები. თუმცა, ამ ასაკის ბავშვებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. იდეის ავტორები („ქართული ოცნების“ დეპუტატები – რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა და ალუდა ღუდუშაური) განმარტავდნენ, რომ ქვეყანაში არ არსებობდა 14 წლამდე ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმი. მათი განცხადებით, ცენტრი სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ უნდა შექმნილიყო.

ამავე თემაზე: ეს იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულება – იონათამიშვილი ბავშვთა „რეაბილიტაციის სახლზე“

კანონის მიხედვით, ცენტრში არასრულწლოვანის გადამისამართების უფლება აქვს პროკურორს. ინდივიდუალური პროგრამების გავლის შემდეგ, თუ ამის საჭიროება კვლავ იქნება, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და მოსამართლის თანხმობით ბავშვები არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართდებიან.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცემა მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც უარს იტყვის ცენტრთან თანამშრომლობაზე, ან არ შეასრულებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

  • რატომ აკრიტიკებენ ამ ინიციატივას ბავშვთა უფლებადამცველები?

მთავარი არგუმენტი, რაც ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს – ფსიქოლოგებს, იურისტებს, მედიატორებს, სოციალურ მუშაკებს აქვთ, არის ის, რომ დახურული ტიპის დაწესებულებაში ბავშვის იძულებით მოთავსება არის დასჯა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. უფრო მეტიც, მათი შეფასებით, ამგვარმა მიდგომამ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნას – გამოიწვიოს კონკრეტული ბავშვების იზოლაცია და მათ მიერ კანონის დარღვევის წახალისება.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია და არა მათი დასჯა უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ.

„მოზარდების რთული ქცევა არის არაჯანსაღი გარემოს სიმპტომი. შესაბამისად, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ გრძელვადიან, მდგრად შედეგებზე გავიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თავად გარემოს შეცვლაზე ვიზრუნოთ – ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა და არ მოვახდინოთ ბავშვის იზოლაცია“, – ამბობდა ფსიქოლოგიის დოქტორი თინათინ ბანძელაძე ჯერ კიდევ კანონპროექტის დამტკიცებამდე.

ის წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სექტორში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, რითაც ხელმძღვანელობდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებისას, რომელზეც თავადაც მუშაობდა.

__

ამავე თემაზე:

მოვუწოდებთ “ოცნებას”, დასჯის ნაცვლად, ბავშვთა მხარდაჭერასა და ოჯახების გაძლიერებაზე ორიენტირდეს – SJC

 

 

„ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს მატლიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, 3 მლნ-იანი ტენდერი მოიგო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემწირველ იაშა ჩაჩუას კომპანია „ლუკა 2005“-მა 26 ოქტომბერს რუსთავის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვების 2.98 მილიონი ლარის ღირებულების უკონკურენტო ტენდერი მოიგო.

შვიდი თვით ადრე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ჩაჩუას მეორე კომპანიას, „ილი ჯგუფს“, სისტემატური დარღვევების გამო პატიმრების კვების ხელშეკრულება შეუწყვიტა. ახლა იმავე ბიზნესმენის კომპანიამ რუსთავის ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეები უნდა გამოკვებოს.

შვიდი ტენდერი, ხუთი უკონკურენტო

როგორც „გამჭვირვალობა“ წერს, 2021 წლის აგვისტოდან რუსთავის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფის შვიდივე ტენდერი ჩაჩუას კომპანიებმა მოიგეს. „ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 15.5 მილიონი ლარია. პირველ ოთხ ტენდერში შპს „ილი ჯგუფმა“ გაიმარჯვა (2021-2023 წლებში), ბოლო სამში კი – შპს „ლუკა 2005“-მა (2024-2026 წლებში).

შეიცვალა კომპანია, თუმცა მფლობელი იგივე დარჩა: იაშა ჩაჩუა „ლუკა 2005“-ის 100%-ს და „ილი ჯგუფის“ 71%-ს ფლობს.

მანამდე, სულ მცირე 2017 წლიდან, რუსთავის სასადილოებს შპს „ალიონი“ ემსახურებოდა. „ილი ჯგუფმა“ ეს ადგილი 2021 წლის აგვისტოში დაიკავა, როდესაც „ალიონზე“ დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს.

მომდევნო ტენდერში, 2022 წლის იანვარში, „ალიონის“ შეთავაზება „ილი ჯგუფის“ შეთავაზებაზე 155 000 ლარით ნაკლები იყო, თუმცა სატენდერო კომისიამ „ალიონი“ ტენდერიდან მოხსნა.

დისკვალიფიკაციის საბოლოო საფუძველი იყო ის, რომ ფასების დაზუსტებულ ცხრილში თანხები სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ორი ათწილადის ნაცვლად ოთხი ათწილადით იყო მითითებული.

წესები განმეორებით დაზუსტებას არ ითვალისწინებს. შედეგად კონტრაქტი „ილი ჯგუფს“ ერგო, რუსთავის მერიას კი მომსახურება 155 000 ლარით უფრო ძვირი დაუჯდა.

მას შემდეგ ტენდერში მონაწილეობა სხვა არც ერთ კომპანიას აღარ მიუღია. ბოლო ხუთ ტენდერში, 2022 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე, ჩაჩუას კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო და შესაბამისად საბიუჯეტო თანხები ფაქტობრივად არ დაზოგილა. შედარებისთვის, კონკურენციის პირობებში ჩატარებულ ორ ტენდერში ფასი სავარაუდო ღირებულებაზე 28%-ით და 10%-ით ნაკლები იყო.

მანამდე, 2018-2020 წლებში, იაშა ჩაჩუამ, შპს „ილი ჯგუფის“ მეწილე ლაშა უღრელიძემ და შპს „ლუკა 2005“-ის დღევანდელმა დირექტორმა იუზა ჯოგლიძემ „ქართულ ოცნებას“ და პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას ჯამში 245 000 ლარი შესწირეს:

ჩაჩუამ 60 000 ლარი, უღრელიძემ 110 000 ლარი, ჯოგლიძემ – 75 000 ლარი. სულ კი 2019 წლიდან დღემდე „ლუკა 2005“-ს 44.3 მილიონი ლარის ღირებულების 51 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული“-წერს „გამჭვირვალობა“.

ციხის კვების სკანდალი

„2019 და 2023 წლებში „ილი ჯგუფმა“ პატიმრების კვების უზრუნველყოფის ორი ტენდერი მოიგო ჯამში 186.8 მილიონი ლარის ღირებულებით. პრობლემები თავიდანვე გამოჩნდა. „რადიო თავისუფლების“ გამოძიების თანახმად, ინსპექტორებმა ხაჭაპურში ხოჭო, პაშტეტში მატლები და სოსისზე ობი აღმოაჩინეს.

მხოლოდ 2019-2021 წლებში პენიტენციურმა სამსახურმა კომპანია 3.3 მილიონი ლარით დააჯარიმა. ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ კომპანიამ ხელშეკრულება 29-ჯერ დაარღვია, თუმცა კონტრაქტი არ შეუწყვეტიათ და კომპანიაც „შავ სიაში“ არ შეუყვანიათ. 2023 წლის იანვარში კი კომპანიამ პატიმრების კვების ახალი, 103.5 მილიონი ლარის ხელშეკრულებაც გააფორმა.

დარღვევები კვლავ გაგრძელდა.

2026 წლის მარტში, „რადიო თავისუფლების“ ახალი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, პრობლემა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც აღიარა. შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში აღწერილი ინსპექტირების შედეგების თანახმად, პატიმრები, მათ შორის დიაბეტითა და ტუბერკულოზით დაავადებულები, მათთვის განკუთვნილ საკვებს ვერ იღებდნენ. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში კი პატიმრის ულუფაში ტარაკანი იპოვეს. 10 მარტის მდგომარეობით 375 დარღვევა იყო გამოვლენილი და 34.9 მილიონი ლარის პირგასამტეხლო დაკისრებული. 12 მარტიდან პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

საკვების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები რუსთავის სასადილოებშიც ისმოდა. 2021 წლის დეკემბერში „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ „ილი ჯგუფის“ მართვაში არსებული ოთხი უფასო სასადილოს ბენეფიციარები ლობიოში ქვებსა და მატლებზე, ასევე დაობებულ პურზე ჩიოდნენ, სოსისში კი საქონლის ხორცი საერთოდ არ იყო. ამ სასადილოებს პურით „ლუკა 2005“ ამარაგებდა. რუსთავის მერიას ეს გარემოებები სხვა მიმწოდებლის მოძიების საფუძვლად არ მიუჩნევია“.

ცნობები სუს-ის მფარველობის შესახებ

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ჯერ კიდევ  2021 წლის დეკემბრის სტატიაში „რადიო თავისუფლება“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კომპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი მფარველობდა.

„2020 წლის ივნისში, „ფორმულა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით „ილი ჯგუფს“ სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს უკავშირებდა.

ლილუაშვილმა უწყება 2025 წელს დატოვა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სამ თვეში „ილი ჯგუფმა“ ციხის კონტრაქტი დაკარგა“- წერს გამჭვირვალობა-საქართველო.

გაფრთხილება „შავი სიის“ ნაცვლად

გამჭვირვალობის შეფასებით, ეს შემთხვევა იმასაც აჩვენებს, თუ რა მარტივია სატენდერო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლისთვის ნებისმიერი ნეგატიური შედეგის თავიდან არიდება.

„ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ლუკა 2005“ საკვების მიწოდების ხელშეკრულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შესყიდვების „შავ სიაში“ შეიყვანა. „შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიას ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობა ეკრძალება, თუმცა ეს შეზღუდვა მის მფლობელებზე არ ვრცელდება. 2021 წლის აგვისტოში, როდესაც შპს „ლუკა 2005“ ჯერ კიდევ „შავ სიაში“ იმყოფებოდა, რუსთავის ტენდერი ჩაჩუას მეორე კომპანიამ, „ილი ჯგუფმა“ მოიგო.

2026 წელს, მიუხედავად უმძიმესი დარღვევებისა, სააგენტოს „შავ სიაში“ შპს „ილი ჯგუფი“ არ შეუყვანია. უწყებამ დაადასტურა, რომ ამის საფუძველი არსებობდა, თუმცა 7 მაისს კომპანიას მხოლოდ გაფრთხილება მისცა, რაც მას ტენდერებში მონაწილეობას არ უკრძალავს.

კანონი გაფრთხილებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ეს წესი სააგენტომ თავად დააწესა და მისი ხარვეზიც სააგენტოს პასუხისმგებლობაა.

გარდა ამისა, სადავოა, რომ „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ნახევრად მაინც ჰქონდა შესრულებული: 97% გადახდილ თანხას ასახავს, ხელშეკრულება კი სწორედ არაჯეროვანი შესრულების გამო შეწყდა. საკვების ფორმალური მიწოდება შესრულებად არ უნდა ჩაითვალოს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა –-საქართველო“ ჯერ კიდევ 2018 წელს მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ კორუფციასა თუ თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აკრძალვოდათ და ეს შეზღუდვა ასეთი კომპანიების მფლობელებზეც გავრცელებულიყო, რადგან ამ შეზღუდვის გარეშე მფლობელს შეუძლია იგივე საქმიანობა უბრალოდ სხვა იურიდიული პირის მეშვეობით განაგრძოს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში 2026 წლის მაისის ცვლილება ამას ნაწილობრივ ასახავს: 2026 წლის 1 დეკემბრიდან აკრძალვა გავრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებიც „შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიასთან მფლობელობით ან მართვით არიან დაკავშირებული. თუმცა მანამ, სანამ სააგენტო საკუთარ წესს ინარჩუნებს, „ილი ჯგუფის“ მსგავსი მიმწოდებელი კვლავ მხოლოდ გაფრთხილებას მიიღებს და შეზღუდვა მფლობელის სხვა კომპანიებს ვერ შეეხება“-წერს გამჭვირვალობა.

„ამბასადორი ჯგუფმა“ და Ria Keburia Foundation-მა ამბასადორის კუნძულისთვის ახალი საკოლექციო უძრავი ქონების კონცეფცია წარადგინეს

„ამბასადორი ჯგუფისა“ და თანამედროვე ხელოვნების ფონდის, Ria Keburia Foundation-ის ორგანიზებით, სპეციალურად “ამბასადორი აილენდ ბათუმისთვის” შექმნილი, საკოლექციო უძრავი ქონების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე, სახელწოდებით „როდესაც არქიტექტურა თავად იქცევა ხელოვნებად” საზოგადოებას პირველად წარედგინა Ambassadori Art Apartments-ის კონცეფცია ორი ტიპის აპარტამენტისთვის, რომლებიც სპეციალურად „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტისთვის შეიქმნა.

Ambassadori Art Apartments-ის კონცეფციის ინიციატორი რია ქებურიაა, რომლის ხედვაც ორი საცხოვრებელი აპარტამენტის საკოლექციო ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნას გულისხმობდა, არქიტექტურის, დიზაინისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანების გზით.

Ambassadori Art Apartments-ის კონცეფცია არქიტექტურულმა ბიურომ Arabidze Architects-მა და კვლევითმა ლაბორატორიამ AD1369105-მა შექმნეს. აპარტამენტების საკოლექციო ღირებულება კონკრეტულ მახასიათებლებს ეფუძნება: სივრცის ყველა ელემენტი: დივანი, მაგიდა, სავარძლები, განათება და სარკეები სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა, რაც გამორიცხავს მზა კატალოგების გამოყენებას. ინტერიერში გამოყენებულია კაკლის ხე, ბუნებრივი ქვა, დამუშავებული ლითონი და სარკის ინსტალაციები. ხის კონსტრუქციული ელემენტები კი, ადგილობრივი ოსტატების მიერ, ხელით არის დამზადებული.

ზურაბ არაბიძე ქართველი არქიტექტორი და ხელოვანია, რომლის შემოქმედებაც არქიტექტურულ სიზუსტესა და მინიმალისტურ მხატვრულ გამომსახველობას აერთიანებს. მისი ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენებზე არაერთხელ ყოფილა წარმოდგენილი.

„ჩემთვის საკოლექციო უძრავი ქონება არის საცხოვრებელი გარემო, სადაც თითოეული დეტალი მხატვრული გამოცდილების წყარო ხდება. ჩვენი ფონდი წლებია ავითარებს საერთაშორისო არტ და კულტურულ ინიციატივებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტმა კი მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა საკოლექციო უძრავი ქონების ახალი პრეცედენტი. ზურაბ არაბიძესთან და Arabidze Architects-თან თანამშრომლობით შევქმენით აპარტამენტები, სადაც არქიტექტურა, ავეჯი და ხელოვნება ერთიან, გაუყოფელ სისავსეს ქმნიან, რაც მათ განსაკუთრებულ კულტურულ და საინვესტიციო ღირებულებას ანიჭებენ.“ – აღნიშნა Ria Keburia Foundation-ის დამფუძნებელმა, რია ქებურიამ.

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში – გათიშულია 10 ათასამდე აბონენტი

10 ნოემბერს, დილიდან, ბათუმის რიგ ქუჩებზე გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყო.

კომპანია „სოკარში“ „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გაზის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე გათიშულ აბონენტებს გაზი მიეწოდებათ.

„სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს ავარიული დაზიანების შედეგად  გაზის მიწოდება შეუწყდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 1-ელ ჩიხში, რეჯებ ნიჟარაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლეხ და მარია კაჩინსკების, ადლიის, ზღვისპირის, გურიელისა და გრიგოლ ელიავას ქუჩებზე მცხოვრებ 9357 აბონენტს.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

გოდერძიზე სეზონს ორდღიანი ფესტივალით გახსნიან – ბიუჯეტიდან ₾109 ათასი დაიხარჯება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ხულოში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნას ორდღიანი ფესტივალით გეგმავს.

ფესტივალის ორგანიზებისთვის 109 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ ხარჯს კი შემდგომში იმ ჰონორარის თანხაც დაემატება, რასაც ფესტივალზე მოწვეულ DJ-ეებსა და მუსიკოსებს გადაუხდიან.

ამ ეტაპზე უცნობია სეზონის გახსნის, ანუ ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი.

„ფესტივალის ჩატარება იგეგმება დეკემბრის თვეში, რომელიმე შაბათს/კვირას. ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი დამოკიდებულია ამინდსა და თოვლის სიმაღლეზე.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში, რომელიც დეპარტამენტმა გამოაცხადა.

ფესტივალის წინასწარი პროგრამა [ტენდერიდან]:

დღე 1

ფესტივალის გახსნა [ოფიციალური ნაწილი]
საბავშვო აქტივობები
მუსიკალური პროგრამა – მოწვეული ბენდი
მუსიკალური პროგრამა – ადგილობრივი ბენდი 1
მუსიკალური პროგრამა – ადგილობრივი ბენდი 2
კოცონი
DJ 1, DJ 2, DJ3

დღე 2

ელექტრონული მუსიკა [DJ 1], [DJ2]
საბავშვო აქტივობები
კოცონი
მუსიკალური პროგრამა – ადგილობრივი ბენდი 1
ელექტრონული მუსიკა [DJ 3]

ფესტივალის წინასწარი პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ფესტივალის დეკორაციის, ფოტოზონების, ინსტალაციების საორიენტაციო ვიზუალები მაგალითისთვის კი ნახეთ ამ ბმულზე.

„სამთო – სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნის, კურორტ გოდერძის პოპულარიზაციისა და კურორტზე სათხილამურო სეზონის დაწყების შესახებ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირების მიზნით ორდღიანი ფესტივალის ორგანიზებაზე“ ტენდერი 109 ათას 900 ლარითაა გამოცხადებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 15 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება.

„ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღები ეცნობება მიმწოდებელს, ფესტივალის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე“ – წერია სატენდერო პირობაში.

________________

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 611 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 465 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 696 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 52 158 ერთეული [+46]
  • MLRS – 2 266 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 754 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 603 351 ერთეული [+1 331]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 117 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 173 013 ერთეული [+525]
  • სპეცტექნიკა – 4 892 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 196 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეს არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა“ – ვახტანგ ხმალაძე ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე

ხვალ, 10 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება რამდენიმე სახის საფრთხეს ქმნის, მათ შორის, უმთავრესი „სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა“.

ვახტანგ ხმალაძე სარჩელის იმ ნაწილზე მიუთითებს, სადაც „ოცნება“ ენმ-ს ადანაშაულებს აგვისტოს ომის დროს საოკუპაციო ძალის შესაჭრელად ნიადაგის შექმნაში.

„…თუ დაადასტურა, რომ არაკონსტიტუციური იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, ეს იქნება იმის გაცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა გაარკვიოს: ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს და თუ გააღიზიანებს, მაშინ უარი თქვას ამ მოქმედებაზე. მაშინ, როცა ეს მოქმედება შესაძლებელია აუცილებელია საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს ნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას სახელმწიფოს სუვერენიტეტზე. თუ ქვეყნის ხელისუფლებამ წამდაუწუმ ჩრდილოეთით უნდა გაიხედოს, ხომ არ ეწყინება ეს რუსეთს, ეს არის  სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა,“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

რა არის მთავარი საფრთხე, თუ „ოცნების“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს და ოპოზიციური პარტიები აიკრძალება? – „ბათუმელებმა“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია.

  • ბატონო ვახტანგ, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის იმიტომ, რომ „ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციას არ ცნობს, ივანიშვილის დაჯგუფება ოპოზიციის აკრძალვას აპირებს. უნდა განეხილა არსებითად ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს? 

ჩემი აზრით, არ უნდა შესულიყო არსებით განხილვაში სასამართლო, რადგან სარჩელი რამდენიმე სუბიექტის მიმართ არის შედგენილი. მკაფიოდ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რომელ სუბიექტს რა ბრალს უყენებს „ოცნება“, ან ყველა სუბიექტს ერთსა და იმავე ბრალს უყენებს თუ არა, რაც ამ სარჩელის მიხედვით არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ხარვეზი და მისი გამოსწორების შემდეგ შეიძლება იმსჯელოს მიღებაზე.

ვახტანგ ხმალაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო დასაშვებობის ეტაპზე ეს სარჩელი არ მიეღო განსახილველად, რადგან სარჩელში არ ჩანდა მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ვარაუდი, რომ მოპასუხეებმა, ან რომელიმე მოპასუხემ დაარღვიეს კონსტიტუციით დაწესებულები აკრძალვები.

  • გულისხმობთ იმას, რომ „ოცნების“ ამ სარჩელის მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე თქვა, რომ საპარლამენტო კომისიის დასკვნა პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია და იგი ვერ გამოიწვევს სამართლებრივ შედეგს?

დიახ, ეს აბსოლუტურად სწორია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნული მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, ან საერთო სასამართლომ ეს მიიღოს, როგორც მტკიცებულება. ეს შეიძლება იყოს განხილული, როგორც მოსაზრება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული, როგორც ფაქტი.

გამოდის, საკონსტიტუციო სასამართლო შეეწინააღმდეგა ამ საქმეზე მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ვერ იქნება პრეიუდიციული ძალის მქონე დოკუმენტი. სასამართლო როცა უთითებს სხვა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ის უკვე აღარ შედის ამ ფაქტის განხილვაში, რადგან ის დაადგინა სასამართლომ. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება საპარლამენტო კომისიის დასკვნა.

პარტიის აკრძალვის საფუძველი მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით და არანაირი სხვა საფუძვლით პარტიის აკრძალვა არ შეიძლება. პირველი ამ ჩამონათვალში არის შემთხვევა, თუ პარტიის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა.

  • დიახ, სარჩელი ამ ბრალდებით იწყება კიდეც: ჩვენს ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ და ამით უქმნიან საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებასო. 

კონსტიტუციაში გვიწერია, რომ სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა. კონსტიტუციური წყობილებისო და არა მთავრობის. ეს სხვადასხვა რამეა. რამდენიმე პარტიამ თქვა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციას, რადგან არსებობდა მთელი რიგი დარღვევები. ეს საფუძვლიანია, თუ არა, ეს არ არის არსებითი.

არსებითია ის, რომ აქ საუბარია მთავრობის ლეგიტიმურობის არაღიარებაზე და არა იმაზე, რომ კონსტიტუციური წყობილება – პარლამენტი, მთავრობა, პარლამენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლება – მაშინ ამის დამხობას უნდა აცხადებდეს თავის მიზნად პარტია, ან არ აცხადებდეს, მაგრამ თავისი მოქმედებით ცდილობდეს ამ წყობილების დამხობას.

აბა, ვინმემ მითხრას: სად იყო მსგავსი მცდელობა, ან მსგავსი მიზნის გაცხადება? რას ითხოვდნენ ეს პარტიები? – აცხადებდნენ, რომ არჩევნების დროს დაფიქსირდა დარღვევები, რაც გასაჩივრდა, პარლამენტის შეკრება არ იყო კანონიერი, კონსტიტუციის და რეგლამენტის დარღვევით მოხდა შეკრება, ამიტომაც, ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

  • „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ ერთმანეთის გამომრიცხავი სიტყვების შეხამებააო – „ოცნების“ სარჩელში ვკითხულობთ…   

ეს არის ჟონგლიორობა სიტყვებით. ყურადღება მივაქციოთ პარტიების მოთხოვნებს: დავნიშნოთ ხელახალი არჩევნები, რათა მისი შედეგები იყოს სარწმუნო. ეს მოთხოვნა, ცხადია, არანაირად არ ეხება კონსტიტუციურ წყობილებას. პირიქით: ეს პარტიები ამბობდნენ, რომ პარლამენტი შეიკრიბა კონსტიტუციის დარღვევით, ამიტომ არის არალეგიტიმური და მოდი, ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები და ჩავატაროთ კონსტიტუციის მოთხოვნების დაცვით, რათა ხელისუფლება იყოს ლეგიტიმური.

აქ არსად ჩანს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა. მით უფრო, ძალადობით კონსტიტუციური წყობილების შექმნა.

ეს არგუმენტი შეუძლებელია გამოეყენებინათ გახარიას პარტიის წინააღმდეგ. ისინი აცხადებდნენ იმას, რომ არჩევნების შედეგი არალეგიტიმურია, თუმცა ამის მიუხედავად შევიდნენ პარლამენტში და დღემდე მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში.

სარჩელში არც ეს ნაწილია გამოკვეთილი: კონსტიტუციური წყობილების დამხობა, რასაც ისინი ამბობენ, არ ეხება გახარიას პარტიასო. სხვათა შორის, შუამდგომლობის სახითაც იყო დაყენებული ის, რომ მოსარჩელეს დაეკონკრეტებინა, რომელ მოპასუხესთან კონკრეტულად რა ბრალდება ჰქონდა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

  • ისევე, როგორც კიდევ 13 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ. მხოლოდ 1 შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, ისიც იმ ნაწილში, რაც „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებისთვისაც მისაღები იყო 

საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი მოქმედება – თუნდაც მხოლოდ შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობა, აჩენს ეჭვს სასამართლოს ობიექტურობის მიმართ.

  • ენმ-მ „შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემაო“, წერია სარჩელში და ხაზგასმულია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების დანაშაულია თითქოს ის, რომ არ გაემიჯნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ 

რას ნიშნავს „არ გაემიჯნენ“, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იმ დროს არსებული პარტიები ყველა გამოდიოდა მის წინააღმდეგ?

გახარიას პარტია ენმ-ს რანაირად გაემიჯნებოდა 2012 წლამდელ საქმეებზე, როცა არ არსებობდა? არც „ახალი“ არსებობდა, ან „ფედერალისტები“.

ან ეს გამიჯვნა რას ნიშნავს: ყველას წავუყენოთ მაშინ ბრალად, მათ შორის, „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაემიჯნენ კომუნისტებს.

გამიჯვნაზე როცა ვლაპარაკობთ, ეს შეიძლება ეხებოდეს შემთხვევას, როცა ხელისუფლება არის კოალიციური, მაგრამ იმ კოალიციაში წამყვანი როლი ერთ პარტიას აქვს, თუ რაღაც დაარღვია, კოალიციაში მყოფი სხვა პარტიები არ გაემიჯნენ წამყვანი პარტიის მოქმედებას. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვისაუბროთ გამიჯვნის საჭიროებაზე.

  • როგორც, მაგალითად, „ლელო“ გაემიჯნა ალეკო ელისაშვილის ქმედებას? „ოცნების“ სარჩელის მიხედვით, „ტერორისტულ აქტს“ „ლელო“ არ გაემიჯნა, რადგან ელისაშვილის დაპატიმრება „პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ შეაფასესო. „ლელოს“ წარმომადგენელმა კი, საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთ-ერთ პროცესზე თქვა, რომ ელისაშვილი „ლელოს“ წევრი არც ყოფილა, ის 2024 წლის არჩევნებზე „ლელოს“ საარჩევნო სიის წევრი იყო, ხოლო ქმედებას იმავე დღეს გამოეხმაურნენ. 

„ლელომ“ თქვა, რომ ელისაშვილის ეს მოქმედება იყო არასწორი. მეტი რა უნდა ეთქვა? მეტი რა უნდა იყოს გამიჯვნა? სიტყვა უნდა ჩაეწერათ მაინცადამაინც „ვემიჯნები“?

პარტიის ნებისმიერი წევრის, ან თანამდებობის პირის რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ შეიძლება შეერაცხოს ამ პარტიას, მით უმეტეს, როცა საარჩევნო სიაზეა საუბარი.

ახლახან თბილისის მერმა რომ განაცხადა ძაღლების დამცველების მიმართ, 5-6 დასაძინებელიაო, ამ განცხადების გამო მერს შეიძლება წარედგინოს ბრალი და დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რაც გამოიხატება მის გადადგომაში, მაგრამ არ შეიძლება ეს ბრალად შეერაცხოს „ქართულ ოცნებას“ მიუხედავად იმისა, რომ კალაძე არის „ოცნების“ გენერალური მდივანი.

„ოცნება“ თავის სარჩელში ჟონგლიორობს სხვადასხვა დარღვევით. საბოლოოდ, მიჰყავს საქმე იქამდე, რომ აი, ეს არის პარტიის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. ყველა ბრალდება, რაც წარდგენილია პარტიებისთვის, დაწვრილებით შეიძლება განვიხილოთ.

მე, როცა ამ სარჩელს გავეცანი, იქ ვერ დავინახე ვერცერთი საფუძველი, რომლის გამო შეიძლება დაისვას ნებისმიერი პარტიის აკრძალვის საკითხი, მათ შორის, 2008 წლის ომის ნაწილში.

  • „საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…“ – პოლიტიკოსების გარდა, იურისტებიც მიიჩნევენ, რომ ეს „ოცნების“ სარჩელის მთავარი საფრთხეა. თქვენ თუ ხედავთ საფრთხეს სამართლებრივად? 

სარჩელში ამ და სხვა ჩანაწერების მტკიცებულებად მოჰყავთ ტალიავინის კომისიის დასკვნა, მაგრამ კომისიის დასკვნა არაა ერთი აბზაცი. კეთილი ინებონ და მოიყვანონ დასკვნა სრულად, სადაც ნათლად ჩანს, რა წერია ამ დასკვნაში. იქ წერია, რომ ცხინვალის დაბომბვა იყო უკვე დაწყებული კონფლიქტის ესკალაცია და არ იყო ომის დაწყება – რუსის ჯარი უკვე შემოსული იყო საქართველოში. იმ დასკვნაში წერია, რომ რუსეთმა მოახდინა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია.

ამას გარდა არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ერთმნიშვნელოვნად ბრალი ედება რუსეთის ხელისუფლებას.

დავუშვათ, რომ ამ ომის დაწყებაში დამნაშავეა საქართველო, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ შეერაცხება კონსტიტუციის დარღვევად, რადგან ეს იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც წარმოადგენდნენ: პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებაც დამტკიცებული იყო პარლამენტის მიერ, ამიტომ თუ ბრალი შეერაცხებოდა ვინმეს, შეერაცხებოდა ხელისუფლებას და არა კონკრეტულ პარტიას. ეს სხვადასხვა რამეა.

მაგრამ საბედნიეროდ მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ იყო არაკონსტიტუციური. ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო რეაქცია იმ მოქმედებებზე, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში. ეს იყო ქართული სოფლების დაბომბვა, ადამიანების გატაცება, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების უმოქმედობა, რომელმაც არ აღკვეთა ოსური მხარის ეს მოქმედებები. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ანტიკონსტიტუციური მოქმედებების აღსაკვეთად.

მოსალოდნელია, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და თქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლების მოქმედება იყო ანტიკონსტიტუციური, რაც იმის ტოლფასი იქნება, რომ თქვა – ომი დაიწყო საქართველომ.

  • ეს ახალ სამართლებრივ მოცემულობას შექმნის? 

დიახ, სამწუხაროდ ასეა. უნდა მივაქციოთ ყურადღება, სარჩელში რა წერია: საქართველოს ხელისუფლების ამ მოქმედებამ გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, საპასუხო მოქმედება, რასაც მოჰყვა ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ეს თუ დაადასტურა სასამართლომ, რომ არაკონსტიტუციური იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, ეს იქნება იმის გაცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა გაარკვიოს: ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს და თუ გააღიზიანებს, მაშინ უარი თქვას ამ მოქმედებაზე.

ეს ნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას სახელმწიფოს სუვერენიტეტზე. თუ ქვეყნის ხელისუფლებამ წამდაუწუმ ჩრდილოეთით უნდა გაიხედოს, ხომ არ ეწყინება რუსეთს, ეს არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა.

ეს საფრთხეა ამ გადაწყვეტილებაში. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თუმცა ამის იმედი დიდად არ მაქვს.

  • რა არის კიდევ მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მივიღოთ, თუ მართლაც გააუქმებენ ქვეყანაში ოპოზიციას? 

პირველი რისკი არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა, ასევე გადაწყვეტილება შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს  საქართველოს წინააღმდეგ თავისი მოქმედებების გასამართლებლად.

მეორე რისკია ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება. დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლება ერთპარტიულია და სასამართლო ხელისუფლება არის პოლიტიკური ხელისუფლების მსახურად ქცეული, უკვე იურიდიულად გაფორმდება.

ამას მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები.

  • რატომ ელოდებით რიგგარეშე არჩევნებს?

აკრძალული ოპოზიციური პარტიების პირობებში ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სრული უმრავლესობა პარლამენტში, ფორმალურად არ იქნება ეს ერთპარტიული არჩევნები, ცალკე სუბიექტად იქნება, მაგალითად, „ხალხის ძალა“, ასევე „ნეიტრალური საქართველო“, კიდევ რამდენიმე პარტიას შეიყვანენ პარლამენტში, ხოლო „ოცნებას“ უკვე ექნება საკმარისი ხმები, რომ კონსტიტუცია შეცვალოს.

ამის შემდეგ კონსტიტუციიდან ამოიღებენ 78-ე მუხლს, ანუ გაუქმებენ ევროინტეგრაციის ვალდებულებას. ეს ფსევდო ოპოზიციაც, ცხადია, დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს. გვაქვს ისტორიის მაგალითი რუსეთის იმპერიასა თუ საბჭოთა კავშირში, სხვა სახელმწიფოებში, სადაც არსებობს მსგავსი დიქტატურები.

2028 წლამდე რომც არ ჩატარდეს არჩევნები, პარტიები ლეგალურად უკვე აღარ იარსებებენ და იქნებიან, როგორც კანონგარეშე. ასეთი პარტიები იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, როგორც საბჭოთა კავშირის დასაწყისში, ისე მისი დაშლის წინა პერიოდში. მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“ 1978 წელს დაარსდა, ასევე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ არსებობდა, ბოლო წლებში „ჰელსინკის კავშირი“, „კოსტავას საზოგადოება“. ესენი არ იყვნენ დარეგისტრირებული პარტიებად, მხოლოდ ერთი პარტია არსებობდა, „კომუნისტური პარტია“. ამ პარტიების ლეგალიზება მოხდა მხოლოდ 1990 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში.

უბედურება ის არის, რომ ვიდრე იარსებებს ლეგალურად ერთპარტიული ხელისუფლება, ქვეყანა ვერ განვითარდება. ქვეყანას სჭირდება განვითარება – განათლება, ეკონომიკა. ადამიანის თავისუფლების დაცვა შეუძლებელია ამ დროს. ზოგან დიდ ხანს გრძელდება ეს ერთპარტიულობა, ზოგან – ნაკლებ ხანს, მაგრამ საბოლოოდ მთავრდება იმ პარტიისთვის კატასტროფით, რომელმაც ასეთი რეჟიმი დაამყარა.

ქვეყანას კი ხელახლა უწევს ბრძოლა, რომ თანდათან გადავიდეს დემოკრატიულ რელსებზე, ამაში იხარჯება წლები, ზოგჯერ თაობები მიდიან ისე, რომ ვერ მოესწრებიან ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე გადასვლას.

  • თქვენ პოლიტიკური გამოცდილება დიდი გაქვთ: ამ ნაბიჯით, ივანიშვილი იმყარებს ძალაუფლებას, თუ პირიქით?

ფორმალურად იმყარებს, მაგრამ ფაქტობრივად ძალიან ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან არა მგონია, რომ ყველაფერი ასეთი ცუდი და მძიმე სცენარით განვითარდეს. იმედი მაქვს, რომ გადავრჩებით.

ივანიშვილი ვეღარ გადარჩება. ვერც „ქართული ოცნება“ ვერ გადარჩება.

„კენგურუს სასამართლოს კლასიკური ნიმუში“ – რაზე წერს ღარიბაშვილი ახალ წერილში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. ახალი წერილი მის ფეისბუქზე დღეს, 9 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად მისი სასამართლო პროცესის დახურვაზე წერს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ სასამართლო პროცესის დახურვის მიზეზი არის მედიაკონტროლის მოხსნა და იმის დამალვა, თუ როგორ მოქმედებს ზეწოლის მექნიზმები და ფაბრიკაციები. 

ამ წერილში ღარიბაშვილი აღარ ახსენებს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს, თუმცა სასამართლოს „კენგურუს სასამართლოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ პროცესს სამართალთან საერთო არაფერი აქვს და ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს. 

„2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა.

სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას.

ხელისუფლების მოტივი სასაცილო და უსაფუძვლოა. ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა.

სასამართლო პროცესის დახურვა მიზნად ისახავს იმის დამალვას, თუ როგორ იკვეთება ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესები, ზეწოლის მექანიზმები და ფაბრიკაციები. როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება.

ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანია პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“.

საერთაშორისო სამართლებრივი და ევროპული სტანდარტების მიხედვით, როდესაც სასამართლო სხდომების დახურვა ემსახურება არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური პროცესების დამალვას, ეს კონვენციის ფუნდამენტური დარღვევაა. ამასთან, დახურული, არასაჯარო და შერჩევითი სასამართლო პროცესები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს იმისა, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის ჩვეულებრივ დანაშაულთან, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან.

დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას.

მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს.

ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას – გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება.

როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება – შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია – ის „კენგურუს სასამართლოს“ (ფიქტიური მართლმსაჯულების) კლასიკური ნიმუშია.

შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა – მისი დახურვა – ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს“ – წერს ღარიბაშვილი.

მასწავლებელს ბრალი წარუდგინეს – მას 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან

30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წარედგინა მასწავლებელს – ინფორმაციას ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 1 წლის წინ მათ ქალმა მიმართა და 30 წლის წინ მომხდარი დანაშაულის შესახებ უამბო. ქალი მაშინ 7 წლის იყო. ის ჰყვება, რომ მასზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ.

„საფარის“ იურისტთან, მარი ვარამაშვილთან დაზარალებულის 1-წლიანი მუშაობის შემდეგ კაცს ბრალი წარუდგინეს.

„მთელი ამ დროის განმავლობაში იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.

პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა“, – წერია „საფარის“ განცხადებაში.

ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მასწავლებლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ხვალ, 10 ნოემბერს იმსჯელებს. ​ორგანიზაციის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამავე თემაზე:

ქობულეთის შემოვლითი გზა დაზიანდა – „მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვთან, სავალი ნაწილი ჩავარდა, რის გამოც შეფერხებულია ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილება.

„ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობის ჩაკეტვა დაგეგმილი არ არის.

„ქობულეთის შემოვლით გზაზე – სენაკი-ფოთი-სარფის 86-ე კმ-ზე გუშინ განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა არსებული მიწის ვაკისი, რის გამოც შევიწროვდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამოძრაო ზოლი, განთავსთა დროებითი საგზაო ნიშნები. მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის.

დაწყებულია წინასამობილიზაციო სამუშაოები გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად“ – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან დღეს, 9 ნოემბერს.

ამავე თემაზე: 

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ბათუმში გაზი შეუწყდა 10 ათასამდე აბონენტს

დღეს, 9 ნოემბერს, ავარიული დაზიანების შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმის რიგ ქუჩებს.

ინფორმაციას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 16:00 საათიდან ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 1-ელ ჩიხში, რეჯებ ნიჟარაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლეხ და მარია კაჩინსკების, ადლიის, ზღვისპირის, გურიელისა და გრიგოლ ელიავას ქუჩებზე მცხოვრებ 9357 აბონენტს.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 10 ნოემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – აცხადებს კომპანია.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

TAV Georgia-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი უამინდობაა.

ამ დროისთვის [17:00 სთ] თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდომას ისევ ცდილობს.

განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობისას [დაახლოებით 17:09 სთ] დაჯდა.

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა / 9.11.2026
სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაჯდა / 9.11.2026

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

შემუშავდეს ადვოკატის ჩანაწერების ციხეში შეტანა/გატანის პროცედურა – ომბუდსმენის რეკომენდაცია

ადვოკატების სამუშაო ჩანაწერები მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს – ასეთია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურისადმი.

ასე გამოეხმაურა ომბუდსმენი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ადვოკატებს ციხიდან ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს.

განცხადება სახალხო დამცველმა დღეს, 9 ნოემბერს გაავრცელა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პენიტენციურ სამსახურს, შეიმუშაოს ან დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული ჩანაწერების ციხეში შეტანისა და გამოტანის პროცედურები.

სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, რომ უწყებას ამ პრობლემის შესახებ არაერთმა ადვოკატმა მიმართა.

„სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის.

ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად.

სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით – შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა. ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში. პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები“, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება.

7 ოქტომბერს, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, ციხეში გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გამოტანის უფლება არ მისცეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტს, ჯუბა ქათამაძეს. ის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საიამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც პენიტენციური სამსახურის ჩარევა ადვოკატის საქმიანობაში. ასოციაცია განმარტავს, რომ პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით და იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.

საიას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური, რომელმაც მომხდარის გასამართლებლად კანონმდებლობა მოიშველია. უწყების განცხადებაში ეწერა, რომ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, გაეცნონ „კორესპონდენციის შინაარსს“.

„შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა“, – ეწერა პენიტენციურის განცხადებაში.

Exit mobile version