მთავარი,სიახლეები

„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ“ – მოქალაქე

29.05.2026
„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ“ – მოქალაქე

„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ. 47 წლის ვარ და 47 წელია საქართველოში ვცხოვრობ. ესაა სამართალი? უკვე 8 თვე გავიდა, რაც სომხეთიდან საქართველოში არ მიშვებენ… ქობულეთში მელოდება მოხუცი დედა, ძმა, რომელიც კლინიკაშია და მე უნდა ჩამოვიდე, რომ კლინიკიდან გავიყვანო, 4 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე,“ – ამბობს ერნესტ ავაქიმიანი.

ერნესტ ავაქიმიანს საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ შეუწყვიტეს – მას შემდეგ, როცა მან სომხეთის მოქალაქეობა მიიღო.

„სომხეთის მოქალაქეობა ავიღე აგვისტოს ომის შემდეგ, იმ წლებში, როცა გართულდა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლა. მინდოდა, პერიოდულად რუსეთშიც მემუშავა, ჩემი და რუსეთში ცხოვრობს, მაშინ ავიღე სომხეთის მოქალაქეობავ, ვიფიქრე, რომ შემდეგ ორმაგს მომცემდნენ, როგორც ეს ხდება სხვა შემთხვევებში,“ – გვიყვება ერნესტ ავაქიმიანი, რომელსაც სოციალურ ქსელში ვესაუბრეთ. მისი თქმით, იგი ახლაც სომხეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ცხოვრობს და ელოდება საქართველოდან პასუხს: როდის მისცემენ საქართველოში დაბრუნების უფლებას.

„შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა შემიწყვიტეს და 3 წლის წინ დამაჯარიმეს საზღვარზე 400 ლარით, თუმცა მაშინ შემომიშვეს საქართველოში. მერე მივედი იუსტიციაში და მოქალაქეობა ვითხოვე… იუსტიციაში ისიც ვუთხარი, რომ სულ აღარ მჭირდება სომხეთის მოქალაქეობა, უარს ვიტყვი სომხეთის მოქალაქეობაზე, მთავარია, საქართველოს მოქალაქეობა აღმიდგინონ-მეთქი. იუსტიციაში ასე მითხრეს, რომ უკვე დარღვეული მაქვს საქართველოში ყოფნის ვადები, ამიტომაც, ისევ უნდა წავსულიყავი სომხეთში და რომ დავბრუნდებოდი უკან, მერე შემეძლო შემეტანა განაცხადი მოქალაქეობის აღდგენაზე.

იუსტიციაში მიღებული ამ პასუხის გამო  წავედი სომხეთში 2025 წლის სექტემბერში, მაგრამ უკან აღარ მიშვებენ. სომხეთში ნათესავი არავინ მყავს. მე-9 თაობა საქართველოში ვარ და 300-წლიანი საფლავები გვაქვს უკვე საქართველოში. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბოლო 9 წელია ქობულეთში ვცხოვრობთ ნაქირავებში.

მუსიკოსი ვარ, სხვადასხვა ადგილას ვმღერი და ამით ვირჩენდი თავს. ახლა იმ მდგომარეობაში ჩამაგდეს, გავყიდე ყველაფერი: მუსიკალური ინსტრუმენტები და ავტომანქანაც, უფულოდ ვარ დარჩენილი სომხეთ-საქართველოს საზღვართან,“ – გვითხრა ერნესტ ავაქიმიანმა.

„ძალიან გვიჭირს, სოციალურ შემწეობაზე ვართ დამოკიდებული, ნაქირავებში ვცხოვრობთ… ერნესტია ჩვენი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მე ბავშვებთან ვარ, დედამთილი ავადაა, ჩემი მაზლიც ავადაა და კლინიკაშია, ვერ გამოგვყავს, ვის მივმართო საშველად?“ – ამბობს ანა სნიკოვა. იგი ერნესტ ავაქიმიანის ცოლია.

„უარი საზღვრის კვეთაზე არის უკანონო. როგორც სასამართლომ, ისე საპატრულო პოლიციამ დაარღვია ოჯახის ერთიანობის პრინციპი. ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები ითვალისწინებენ ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვას,“ – ამბობს ადვოკატი დავით საფარიძე. იგი სასამართლოში ერნესტ ავაქიმიანის ინტერესებს იცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ივანე აღნიაშვილს 2026 წლის  21 მაისს უარი უთქვამს ერნესტ ავაქიმიანის ოჯახის საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საჩივრით მოთხოვნილი იყო საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილების გაბათილება. საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც  ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

დავით საფარიძე, ადვოკატი: „მოქალაქე ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 2025 წლის 24 და 27 სექტემბერს. ერნესტის ცოლმა საპატრულოს ეს უარი ჯერ შსს-ში, შემდეგ კი, სასამართლოში გაასაჩივრა.

არ იყო დასაბუთებული შსს-ს უარი. საზღვრის კვეთის უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო მხოლოდ კანონით გათვალისწინებული „სხვა მიზეზით“. რეალურად, რის გამო უთხრეს ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში შემოსვლაზე უარი, გაუგებარია.

არც სასამართლოში არ წარმოუდგენია არგუმენტები შსს-ს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვარებია, მაგრამ იგი არ არის დასაბუთებული.

ერნესტის ჰყავს 4 მცირეწლოვანი შვილი 7-დან 16 წლამდე, ასევე ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა, ძმა, ცოლი. ისინი არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. მნიშვნელოვანია, რომ მისი ოჯახის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები, თავად ერნესტი საქართველოს ყოფილი მოქალაქეა და მას უნდა მიეცეს საშუალება, საქართველოში შემოვიდეს, შემდეგ განიხილება უკვე მოქალაქეობის მინიჭების საკითხი,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით საფარიძემ.

რა ეტაპზეა მოქალაქეობის აღდგენის პროცედურა? – ადვოკატი ამბობს, რომ იგი ამ ნაწილში არაა ჩართული და, პირველ რიგში, ასაჩივრებდა საზღვრის კვეთაზე უარს.

საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლება საქართველოს პრეზიდენტს აქვს, თუმცა როგორც ირკვევა ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნა ერნესტ ავაქიმიანს არ დაუფიქსირებია.

რაც შეეხება მოქალაქეობის აღდგენას იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი დაბადებით საქართველოს მოქალაქეა, იურისტები განმარტავენ, რომ მოქალაქეობის მინიჭების 4 წესიდან, უმჯობესია, ერნესტ ავაქიმიანმ ე.წ. საგამონაკლისო წესით ისარგებლოს, თუმცა ეს წესი 2027 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებს.

ამ სფეროში მომუშავე უფლებადამცველების განმარტებით, არც ამ შემთხვევაშია გამორიცხული, სახელმწიფომ არ დააკონკრეტოს და დაბადებით საქართველოს მოქალაქესაც კი, უარი უთხრას მოქალაქეობის მინიჭებაზე იგივე „უსაფრთხოების საფუძვლით“. ამ საფუძვლით უცხო ქვეყნის არაერთ მოქალაქეს ეუბნებიან საქართველოში უარს ბინადრობაზეც კი.

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3587 პირს, რომელთაგან უმეტესობა იყო რუსეთიდან 2361. 

ამ თემაზე:

რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: