რამდენი იქნება სკოლაში მოსწავლის ვაუჩერი და ექიმის/ექთნის ხელფასი – ახალი დადგენილება

„ოცნების“ მთავრობამ 2026 წლისთვის საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობები განსაზღვრა. შესაბამის დადგენილებას, რომელიც 12 იანვრიდან შევიდა ძალაში, ირაკლი კობახიძემ ხელი 9 იანვარს მოაწერა.

ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობები გასულ, 2025 წელთან შედარებით, გაზრდილია.

ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი დამტკიცდა შემდეგი ოდენობით:

საჯარო სკოლებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 456 ლარი [მაგალითად, იყო 405 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 426 ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 330 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 231 ლარი [იყო 210 ლარი];

მაღალმთიან დასახლებაში კი:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 726 ლარი [იყო 660 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 495 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 381 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 330 ლარი [იყო 315 ლარი];

 საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარი [იყო 435 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 441 ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 360 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 315 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 261 ლარი [იყო 240 ლარი];

მაღალმთიან დასახლებაში კი:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 786 ლარი [იყო 720 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 720  ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 555 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 441 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 390 ლარი [იყო 375 ლარი].

ახალი დადგენილებით:

სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით შერჩეულ საჯარო სკოლებს, აღნიშნული დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, კერძოდ:

  • სკოლის ექიმის შემთხვევაში − 960 ლარი [იყო 800 ლარი]
  • სკოლის ექთნის შემთხვევაში − 800 ლარი [იყო 670 ლარი]
  • ასევე + საპენსიო შენატანისათვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტი.

იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის მანდატურის სამსახური, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის − 150 ლარი [+საპენსიო შენატანისთვის – დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით].

არაქართულენოვან საჯარო სკოლებში/სექტორებზე ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების სპეციალისტის შრომის ანაზღაურებისათვის − 1130  ლარი [+საპენსიო შენატანისთვის – დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით].

მთავრობის ახალი დადგენილებით ცვლილებები „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის 2015 წლის დადგენილებაში შევიდა.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

კადიროვი უარყოფს ინფორმაციას, რომ თირკმლები გაეთიშა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, უარყო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და თირკმლის უკმარისობის შესახებ, რომელიც უკრაინულმა მედიამ სადაზვერვო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

„ამბობენ, რომ თირკმელები გამეთიშა და საავადმყოფოში ვარ… ტელევიზიითა და სოციალურ მედიაში ჩემი ნახვის შემდეგაც კი, ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ ავად ვარ და ვკვდები“ – კადიროვის ციტატას რუსული მედია ავრცელებს.

ასევე, მედიის ცნობით, მან მოუწოდა ჩეჩნეთში შესაბამის უწყებებს, გააძლიერონ ბრძოლა ონლაინ სივრცეში განზრახ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ.

კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია.

___________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.

ამავე თემაზე: 

კადიროვს თირკმლები გაეთიშა – უკრაინული მედია

 

 

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი გააგზავნა. საქმე შეეხება ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასა და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას.

ციალა ქათამიძე პოლიციამ 1 წლის წინ, 2025 წლის იანვარში, ბათუმში, ადმინისტრაციული წესით დააკავა და მოგვიანებით, მის მიმართ ერთსა და იმავე ფაქტზე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. ორივე საქმეზე სასამართლომ ციალა სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძვლით (173-ე მუხლი) – 2000 ლარის, ხოლო სტიკერის ქვაფენილზე დაკვრით იერსახის დამახინჯების საფუძვლით (150-ე მუხლი) – 1000 ლარის ოდენობით.

„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ ციალა ქათამიძის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ისეთი უფლებები, როგორებიცაა – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი) და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11).

კერძოდ:

  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი) 

როგორც ცნობილია, 2025 წლის 11 იანვარს, ციალა ქათამიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ, ე.წ. შლაგბაუმთან, ქვაფენილზე წარწერით – „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო, დააკავეს.

იმ მომენტში, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ირაკლი დგებუაძემ განმარტა, რომ ციალა ქათამიძე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე, შენობის იერსახის დამახინჯებისათვის. უკანონო დაკავების გასამართლებლად, ციალა ქათამიძის მიმართ პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე გაყალბებული ოქმი შეადგინა, რომელიც, მომჩივნის მტკიცებით, მცდარ ინფორმაციას შეიცავდა, მათ შორის, დამკავებელი პირის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში ხაზგასმულია, რომ ციალა ქათამიძის დაკავება იყო რუტინული და თვითნებური და არ შეფასებულა საქმის ინდივიდუალური გარემოებები.

  • საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი)

საჩივარში ვდავობთ, რომ 173-ე მუხლის საქმეზე დაირღვა კონვენციის 6(1) და 6(2) მუხლით გარანტირებული უფლებები, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო უსაფუძვლო, ხოლო დადგენილი ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებები იყო მცდარი და არაჯეროვანი.

რეალურად საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელიც ციალა ქათამიძის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას დაადასტურებდა. ორივე ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტებს არღვევს.

  • შეკრებისა თავისუფლება (კონვენციის მე-11 მუხლი) / გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი)

საჩივარში, ასევე, ვდავობთ, რომ ციალა ქათამიძე მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციის სხვა მონაწილის დაკავების გამო. შესაბამისად, არ არსებობდა გაერთიანების / გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის გამამართლებელი საფუძველი“ – წერს საია.

_________________

ფოტოზე: ციალა ქათამიძის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ვინ რა ჰონორარი მიიღო 428 ათასი ლარიდან – ბათუმში საახალწლო კონცერტები დასრულდა

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება.

თავდაპირველად ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეი იყო. კონცერტებში მონაწილეებთან [ჰონორარის მიმღებ პირებთან თუ მათ მენეჯერებთან] გაფორმებულ ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის ცენტრი ეტაპობრივად აქვეყნებს შესყიდვების პორტალზე.

6 იანვრის მონაცემებით ცენტრის მიერ 46 ასეთი ხელშეკრულება იყო შესყიდვების პორტალზე ატვირთული. დღეის, 13 იანვრის მონაცემებით, ცენტრმა დამატებით კიდევ ათობით ხელშეკრულება გამოაქვეყნა.

ნახეთ, ვის რამდენი ჰონორარი გადაუხადეს/გადაუხდიან ბათუმის ბიუჯეტიდან საახალწლო კონცერტებში მონაწილეობისთვის:

შპს „ჩვენი თეატრი“ – 27 650 ლარი – გასართობი პროგრამა.

კახაბერ ცისკარიძე – 25 510 ლარი – მუსიკალური პერფორმანსის (კახაბერი და ხანუმები) უზრუნველყოფა (მომღერლის მომსახურება).

დავით ბარნაბიშვილი – 15 151 ლარი – ჯგუფი New One-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წთ.).

ლაშა ჩხაიძე – 12 600 ლარი – გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.

ლევან ვეშაპიძე – 12 121 ლარი – ანსამბლი „ქართული ხმები“-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წუთი).

ალექსანდრე კობახიძე – 10 102 ლარი – ანსამბლ „ალილოს“ საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წთ. საკონცერტო პროგრამა).

კობა ჭეფხოძე – 8 928 ლარი – თეატრალური კვარტეტის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 4 საკონცერტო ნომერი).

თორნიკე ჭანტურიშვილი – 6 377 ლარი – ბათუმური კვინტეტის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წთ.).

ელისაბედ ბაგრატიონი – 6 377 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა.

ნატო მეტონიძე – 6 377 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა.

მანანა თოდაძე – 6 377 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა.

თორნიკე კანდელაკი – 5 050 ლარი – კვარტეტი „რანინა“- საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წთ.).

ირაკლი სირაბიძე – 5 050 ლარი – ტრიო „გოგლაურა“ და ბენდი „ქართული“-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (თითოეული არანაკლებ 30 წთ.).

არჩილ გოგიტიძე – 5 102 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა.

თედო თხილაიშვილი – 4 040 ლარი – ანსამბლი „რერო“-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 4 საკონცერტო პროგრამა).

თითოეულთან 3 030 ლარზეა ხელშეკრულება გაფორმებული შემდეგ პირებთან: დმიტრი ხლინინ [ბენდი HIT wave-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა – არანაკლებ 30 წთ.], მარიამ მაჭარაშვილი [ბენდი „კონიაკი“ – არანაკლებ 30 წთ], პაატა ძიძიგური [ბენდი „მელომანიაკი – არანაკლებ 30 წთ.], გიორგი ბურჭულაძე [ბენდი „ასტეროიდი“ – არანაკლებ 30 წთ.], ჯულიანა ავეტისიანი [ბენდი WHY NOT-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა – არანაკლებ 30 წთ.].

3 030 ლარზეა გაფორმებული ხელშეკრულება გიორგი ცინცაძესთან dj მომსახურება [DJ BENE], ხოლო ასევე dj მომსახურებაზე ხელშეკრულებები 1 275 ლარზე გაფორმებულია – ბექა კალანდაძესთან და ნუგზარ ხიმშიაშვილთან.

არანაკლებ 1 სიმღერისთვის 2 551 ლარზეა დადებული ხელშეკრულებები შემდეგ შემსრულებლებთან: მარიამ ებრალიძე, თათული კილაძე, რუსუდან მორჩილაძე, მორის მელაძე.

არანაკლებ თითო სიმღერაში თითოეულს 1 275 ლარი უნდა გადაუხადონ შემდეგ მონაწილეებს: ნუგზარ ერგემლიძე, გიორგი ბერიძე, ვაჟა ტუღუში, თამარ მიქელაძე, თამაზი მირიანაშვილი [სალომე მირიანაშვილის პროდიუსერი], ლუკა ზაქარიაძე, სანდრო კურცხალიძე, სოფიო ნანაძე, არჩილ ჯაიანი, ბაიარ შაჰინი, მზია ფარტენაძე, მარიტა ცეცხლაძე.

1 311 ლარზე შეუთანხმდნენ შლომო ელჰარარს, ასევე არანაკლებ 1 სიმღერისთვის.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის მიერ საახალწლო კონცერტებში მონაწილეთა ჰონორარებზე გაფორმებული ხელშეკრულებების გამოქვეყნების შემთხვევაში „ბათუმელები“ ინფორმაციას აქვე მოგაწვდით.

___________

ფოტოზე: საახალწლო კონცერტი ბათუმში. ფოტო: ბათუმის მერია 

რაც შეეხება ცენტრის მიერ 7 იანვრამდე გამოქვეყნებულ ხელშეკრულებებს, ვინ რამდენი ჰონორარი მიიღო, ნახეთ ამ ბმულზე:

1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებმა ჰონორარების გარეშე

ბათუმში მოსალოდნელია ნალექი, შტორმი, მთაში მოთოვს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, დროგამოშვებით – ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
    ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-6 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 15-16 იანვარს მოსალოდნელია ზოგან ნალექი, მთაში – თოვა.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ვენესუელაში გამოჩნდა აშშ-ს რამხელა უპირატესობა აქვს – ინტერვიუ გენერალთან რუსეთ-უკრაინის ომზე

„რუსეთს თვალსა და ხელს შუა ააცალეს მეგობარი ქვეყანა – ვენესუელას პრეზიდენტი მოიპარეს თავისი საძინებლიდან და საღ-სალამათი ჩააბრძანეს ამერიკაში,“ – გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ სუსტდება რუსეთის პოზიციები.

„რუსეთმა ბაქი-ბუქი ატეხა, რომ „S 300“-ები და ათეული მილიარდობით პროდუქცია მიჰყიდა ვენესუელას, ჩინური წარმოების ვითომდა მაღალტექნოლოგიური რადარები, რომელიც მთელ სანაპიროზე იყო განლაგებული. სულ რაღაც საათ-ნახევარში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ჩინური რადარები დამწვარი ჯართის გროვა გახდა…

ფაქტია, რომ გამწარებულია პუტინი. უკვე 1418 დღე გავიდა ამ ომის დაწყებიდან – იგივე დრო, რაც ე.წ. სამამულო ომის [როგორც რუსებს უყვართ დარქმევა] ხანგრძლივობა იყო, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ რუსებმა ვოლგიდან დაიწყეს და ბერლინში ჩავიდა საბჭოთა ჯარი, ხოლო პუტინი ჯერ კიდევ კუპიანსკის და კრამატორსკის აღებაზე ვერ ლაპარაკობს,“ – აღნიშნა გადამდგარმა გენერალმა „ბათუმელებთან“.

სამხედრო ანალიტიკოსის კიდევ ერთი აქცენტი შავ ზღვაზე თურქეთის ფლოტის გაძლიერებაა:

„თურქეთი უკვე აღარ თვლის რუსეთს ძალად შავ ზღვაზე თავისი საზღვაო ძალებიდან გამომდინარე. თურქეთი უკვე უკრაინასთან იწყებს თანამშრომლობას იგივე უკრაინის შავი ზღვის ფლოტის აღდგენასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, უკრაინელები აწვდიან თურქებს საზღვაო დრონების ტექნოლოგიებს,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, კიევში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი გათბობის გარეშე დარჩმას შემდეგ, რაც რუსეთმა ისევ მოახერხა მასობრივი თავდასხმა კიევზე. რამდენად ცვლის ეს ამბავი რუსეთ-უკრაინის ომის მოცემულობას?

ეს ისეთივე ამბავია, როგორც რუსეთში ბელგოროდია დაბნელებული, იქ 500 000 კაცზე მეტია დარჩენილი შუქის გარეშე, ასევე, კასპიის ზღვაში მოხდა დარტყმები რუსეთის მცურავ, საბურღ ჭაბურღილებზე…

ახალი აქ არაფერია. ასეთი თავდასხმით კრემლს აქცენტი გადააქვს  სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ფაქტია, რომ გამწარებულია პუტინი. უკვე 1418 დღე გავიდა ამ ომის დაწყებიდან – იგივე დრო, რაც ე.წ. სამამულო ომის, როგორც რუსებს უყვართ დარქმევა, მაგრამ იქ განსხვავება ის იყო, რომ ვოლგიდან დაიწყეს და ბერლინში ჩავიდა საბჭოთა ჯარი, ხოლო პუტინი ჯერ კიდევ კუპიანსკის და კრამატორსკის აღებაზე ვერ ლაპარაკობს. რუსეთი ისე ჰგავს საბჭოთა კავშირს, როგორც ტაქსა კავკასიურ ნაგაზს!

  • თავდასხმა კიევზე უფრო პუტინის უსუსურობის მაჩვენებელია, ვიდრე წარმატების? ის ვერაფერს აღწევს ფრონტის ხაზზე და ცდილობს, გათბობის გარეშე დარჩენილი მოსახლეობას აიძულოს დათმობა?

უდავოდ ამაზეა აქცენტი. პლუს აქ არის, რა თქმა უნდა, მორალურ-საინფორმაციო შემადგენელი: აი, რას ვუშვრებით ხომ ხედავთ უკრაინელებს? ვანადგურებთ უკრაინის ქალაქებს. რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს თავისი ძალა.

„ორეშნიკით” რუსებმა გაზის გამანაწილებელს დაარტყეს, ერთი კორპუსი, დაახლოებით 400 კაცი დარჩა დროებით გაზის გარეშე. თვითონ რუსები იძახიან, სულ არ გაეშვათ, ჯობდაო, ამის იმედი მაინც გვქონდაო. როგორც ნამსხვრევების დათვალიერებიდან ჩანს, „ორეშნიკის“ მრავალი დეტალი ჯერ კიდევ 60-იან წლებშია გაკეთებული, არაფერი ახალი მიღწევა რუსებისა ამაში არაა. ესაა 60-იანი წლების საბჭოთა რაკეტის ცოტათი გაუმჯობესებული ვარიანტი.

  • უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა იცვლება, რა სიახლეებია?

ამინდის ცვლილებებით გარკვეულწილად ისარგებლეს რუსებმა, ვინაიდან ნისლიანი, ცივი ამინდები იყო და ნიადაგიც მოიყინა. რუსებს გარკვეული, ტაქტიკური წინსვლა ჰქონდათ ზაპოროჟიეს რაიონში გულიაიპოლეს მიდამოებში, თუმცა სრულ კონტროლქვეშ ვერ მოაქციეს. მთელი ქალაქი მაინც „ნაცრისფერ ზონაში“ რჩება, სადაც უკრაინელებს ჰყავთ ცალკეული მცირე ჯგუფები და ახერხებენ რუსების ბლოკირებას გარკვეულ რაიონებში.

რუსებმა გამოიყენეს ნისლიანი ამინდები, როცა უკრაინელების მხრიდან დრონების მოქმედებას არ ჰქონდა მაღალი ეფექტიანობა, მაშინ როცა მოწმენდილი ცის პირობებში ზოგჯერ ერთეულ მიზანზე 12-14 დრონიც კი მოქმედებდა. ამან საშუალება მისცა რუსებს, ჯავშანტექნიკა გამოეყენებინათ უფრო აქტიურად.  შეეცადნენ 2-3-კაციანი ცალკეული ჯგუფების ნაცვლად, ათეული-ოცეულის ზომის დანაყოფებით შეეტიათ, რაც ასევე გამოწვეული იყო რაიმე ხელშესახები წარმატების მიღწევის მცდელობით.

ყველაზე მეტად წარმატება მაინც გულიაიპოლესთან აქვთ რუსებს, ტაქტიკური და მცირე ზომის წარმატება, რაც გულისხმობს იმას, რომ გულიაიპოლე ფაქტობრივად ალყაშია მოქცეული. ამის მიუხედავად უკრაინელები ახერხებენ ქალაქში ბრძოლას და გარკვეულ კონტრშეტევებს, პლუს კიდევ დრონებით მოქმედებენ, როცა ამინდი უწყობს ამას ხელს.

გულიაიპოლე რუსებისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქედან მათ შეუძლიათ ზალიზიჩნის მიმართულებით წინ წაწევა. ზალიზიჩნი აკონტროლებს ტრასას, რომელიც აკავშირებს ზაპოროჟიეს დნეპრთან.

უკრაინელების მხრიდან მისაღებია დროული გადაწყვეტილება: რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა გულიაიპოლესთვის. ასევე, მისაღებია გადაწყვეტილება: დროზე გაიყვანონ ჯარები, თუ გააგრძელონ ბრძოლა? მიჭირს რამის თქმა, ვინაიდან იმავეს ვიძახდი პოკროვსკის მიმართულებაზე, რომელიც ფაქტობრივად აღებული ჰქონდათ რუსებს, თუმცა ისიც დღემდე ვერ გააკონტროლეს ბოლომდე.

  • იქ ალყაში აგრძელებენ ბრძოლას უკრაინელები ისევ?

ალყაში იყო მირნოგრადი, რომელიც პოკროვსკის მომიჯნავე ქალაქია. პოკროვსკის ჩრდილოეთი მონაკვეთები კი უკრაინელებს აქვთ კონტროლქვეშ აღებული, რაც არ აძლევს საშუალებას რუსებს, საბოლოოდ შეკრან ალყა ამ აგლომერატის მიმართულებით.

კუპიანსკზე კი ისევ სტაბილური ვითარებაა: რუსების ჩარჩენილ 100-150-კაციან დაჯგუფებას მეთოდურად ანადგურებენ უკრაინელები. კუპიანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთია რუსების გარკვეულწილად კონტროლქვეშ, ე.წ. ნაცრისფერი ზონა.

აქვე განვმარტავ, რომ ტერმინი „ნაცრისფერი ზონაა“ არის ტერიტორია, როცა მას ბოლომდე ვერ აკონტროლებს მოწინააღმდეგე, ის ჯერ კიდევ ბრძოლის არენაა. „შავ ზონას“ მთლიანად აკონტროლებს მოწინააღმდეგე. „შავ ზონამდე“ ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ რუსები.

შედარებით აქტიურად  მიმდინარეობს ბრძოლები ასევე ყოფილი კახოვკის წყალსაცავის რაიონში – სტეპნოგორსკის და პრიმორსკის მიმართულებებზე. აქ რუსები ფაქტობრივად მიადგნენ უკვე მდინარე კონკას დელტას, მაგრამ მისი გადალახვის უნარი და ტექნიკური შესაძლებლობები არ გააჩნიათ. ამიტომაც, იძულებული იქნებიან შეიცვალონ შეტევის ვექტორი უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით.

რუსები აკონტროლებენ სევერსკის, თუმცა ისევ „ნაცრისფერი ზონაა“, მას ვერ აკონტროლებენ სრულად, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან უკრაინელები გავიდნენ.

სწორად მოიქცნენ ტაქტიკური თვალსაზრისით უკრაინელები, მათ დატოვეს ქალაქი, რომელიც არის ჩავარდნილ ადგილას. მისი ძველი სახელიც კი ადრე იყო „იამა”, ანუ ორმო. ამიტომაც, უკრაინელებმა დაიკავეს მის გარშემო მდებარე გაბატონებული სიმაღლეები და იქიდან არ აძლევენ რუსებს საშუალებას, სევერსკი მთლიანად დაიკავონ იგივე დრონების და არტილერიის დარტყმების საშუალებებით.

მსგავსი სიტუაცია ჰქონდათ უკრაინელებს ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის ქალაქებში. მაშინ ტყუილად შეალიეს ძალები სევეროდონეცკის დაცვას, როცა ლისიჩანსკიც სიმაღლეზეა. ამიტომაც, სჯობდა ლისიჩანსკი დაეკავებინათ, შემდეგ იქიდან შეეფერხებინათ რუსები, მაგრამ მაშინ ეს შეცდომა დაუშვეს და ორივე ქალაქი დაკარგეს.  ახლა მსგავს შეცდომას უკრაინელები არ უშვებენ.

ძალიან ნელა, დიდი დანაკარგებით, რაღაც გარკვეული ტაქტიკური წინსვლა გააჩნიათ რუსებს, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს ფრონტის ხაზზე. უკრაინელებს კი, უჭირთ, პირველ რიგში, ცოცხალი ძალა, ვინაიდან გადაჭიმული ფრონტის გამო როტაცია რთულდება.

მაგალითისთვის, რუსების დანაკარგის 50-70% მოდის უკრაინელების დრონებზე, რომლის დანაყოფებიც მხოლოდ 2%-ს შეადგენენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.  უპილოტო ძალების მეთაურის – მადიარის გათვლებით, 5%-მდე რომ გაიზარდოს ეს შესაძლებლობები, დამატებით, მომზადებული 1500 ოპერატორი მაინც არის საჭირო. ეს ხალხი მოსაზიდია და მოსამზადებელია. ისიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ამ ტიპის ოპერატორობა ყველას არ შეუძლია და ყველას ვერ ასწავლი.

ამის გამოძახილია სავარაუდოდ გერმანიის გადაწყვეტილებაც, რომ ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცების დეპორტაციას განახორციელებს გერმანიიდან, რათა დაბრუნდნენ და იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისათვის. თუ ეს განხორციელდა, რამდენიმე ათასი ახალგაზრდა მამაკაცი დაუბრუნდება უკრაინას. ეს იქნება გარკვეული რეზერვი უკრაინისთვის.

  • ასევე, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და უკრაინამ 6 იანვარს ხელი მოაწერეს უსაფრთხოების გარანტიების დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს მრავალეროვნული სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი მზადყოფნა თურქეთმაც გამოხატა, სხვა ქვეყნებმაც, მაგრამ ეს ეხება ცეცხლის შეწყვეტას.

  • თქვენი დაკვირვებით, რა რესურსი რჩება ამ მოცემულობაში ცეცხლის შეწყვეტისთვის?

მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც რესურსი რჩება, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ბინოკლი აშშ-ს გადატანილი აქვს სხვა მიმართულებაზე: ეს იყო ვენესუელა, ახლა ირანია.

რაც უფრო მეტ ზარალს მიაყენებენ უკრაინელები რუსებს, მით უფრო ჩქარა მოხდება ცეცხლის შეწყვეტა. იმედი მქონდა, რომ ეს  ახალ წლამდე მოხდებოდა, მაგრამ არ მოხდა, ვინაიდან ძნელია რუსეთის პროგნოზირება, მითუმეტეს ამას დაემატა ტრამპის არაპროგნოზირებადობაც.

ვფიქრობ მაინც, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთს ისე გაუჭირდება, მოუწევს დაფიქრება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთი საკითხია ამ პუნქტებში, რაზე შეთანხმებაც ვერ ხერხდება – ტერიტორიების დატოვების საკითხი. დანარჩენი ფაქტობრივად შეთანხმებულია.

უკრაინას უჭირს, მაგრამ არ ულხინს არც რუსეთს: დონბასში ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყალი არ არის უკვე რამდენი ხანია, არც შუქია. ამას ემატება გაზრდილი გადასახადები, ფასების ზრდა, მოკავშირეების დომინოს პრინციპით ხელიდან გამოცლა რუსეთისთვის.

  • თქვენი აზრით, როგორ აისახება მადუროს დაპატიმრება და ირანში გააქტიურებული პროტესტი რუსეთ-უკრაინის ომზე?

ფაქტია, რომ ირანი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო რუსეთისა ტექნოლოგიურად და შეიარაღებითაც. იგივე „შაჰედები” გავიხსენოთ. ირანის გამოკლება მთლიანად კავკასიის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ყოფნას ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ირანი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ამ რეგიონში. ირანი თუ ასე გამოაკლდა რუსეთს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, ფაქტობრივად, საქართველოში თუ დარჩება რუსეთს გავლენა.

მეორე საკითხია დარტყმა პოლიტიკურ-საინფორმაციო თვალსაზრისით: რუსეთს თვალსა და ხელს შუა ააცალეს მეგობარი ქვეყანა – ვენესუელას პრეზიდენტი მოიპარეს თავისი საძინებლიდან და საღ-სალამათი ჩააბრძანეს ამერიკაში.

ბოლო წლებში რუსეთმა ბაქიბუქი ატეხა, რომ “S-300“-ები, „ბუკები“, „გრომები“ და ათეული მილიარდობით ღირებულების პროდუქცია მიჰყიდა ვენესუელას. ასევე, მილიარდობით დოლარის ჩინური წარმოების ვითომდა მაღალტექნოლოგიური რადარები, რომელიც მთელ სანაპიროზე იყო განლაგებული, მიწოდებული იქნა ბოლო პერიოდში.  მადუროს პირადი დაცვა კუბელი სპეცდანაყოფის მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული, ჯარების წვრთნებს ხელმძღვანელობდნენ რუსი ინსტრუქტორები და რა?! სულ რაღაც საათ-ნახევარში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ჩინური რადარები დამწვარი ჯართის გროვა გახდა.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩინურ სამხედრო ძალასთან შედარებით რამხელა ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს აშშ-ს სხვა ყველაფერთან ერთად.

ამ ყველაფრის შემდეგ რომელმა ქვეყანამ უნდა მოინდომოს და რუსეთიდან შეიარაღება იყიდოს ან ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები? რის იმედი უნდა ჰქონდეთ რუსეთის მოკავშირეებს, თუკი მათ უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება?

ამას დაემატა რუსულ ჩრდილოურ ტანკერებზე ამერიკელების აბორდაჟული ჯგუფების გადასხმა და მათი დაკავება, როცა გვერდზე წყალქვეშა ნავი და რუსული სამხედრო ხომალდი იმყოფებოდა. მგონი, იმ გემებიდან არც დაუსტვენიათ, ისე იდგნენ და უყურებდნენ, როგორ ცხვირწინ დააკავეს ვითომდა მათი დაცვის ქვეშ მყოფი გემები. ამ ყველაფერს ხედავენ რუსეთის მოკავშირეები, ან მომავალი მოკავშირეები.

  • ეს რა სიგნალი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთისთვის უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში?

გზავნილი უნდა დაინახოს რუსეთმა – აშშ თავის საქმეს აკეთებს!

ჯერ თვითონ უკრაინა იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არ არის ძალა, რომელთანაც დაპირისპირება არ შეიძლება. აშშ აჩვენებს, რომ რუსეთს არ თვლის მოწინააღმდეგედ აბსოლუტურად, ის აკეთებს იმას, რაც უნდა. ეჭვი მეპარება აშშ-მ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაიმე აქტიურობა დაიწყოს, ვინაიდან მას სჭირდება მოკავშირეები ირანთან მიმართებაში და ევროპასთან დაპირისპირება არ აწყობს.

არ არის გამორიცხული ევროპამ გრენლანდიის საკითხი აშშ-ს მხრიდან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის კონტექსტში გამოიყენოს.

  • კასპიის ზღვაში ლუკოილისსაბურღ პლატფორმაზე დარტყმები როგორ შეძლო უკრაინამ და ეს რა მასშტაბის ზიანია რუსეთისთვის?  

უკრაინას აქვს ამის შესაძლებლობა იგივე „ფლამინგო” და იგივე „შორი ნეპტუნი”. თანაც, ეს პირველი დარტყმა არაა კასპიის ზღვაში. სამ ჭაბურღილს დაარტყეს კასპიის ზღვაში და კიდევ მხარდამჭერ გემს დაარტყეს.

უკრაინელებს აქვთ საშუალება, აწარმოონ დრონები, რომლებიც მიწვდებიან მსგავს სამიზნეებს.

საერთოდ, რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები რომ საკმარისი არ აქვს, ამას აჩვენებს რუსეთის სხვადასხვა ენერგო ობიექტზე გამუდმებით დარტყმაც.

საინტერესოა ის ინფორმაციაც, რომ ბრიტანეთი უშუალოდ უკრაინისთვის დაიწყებს NAIGHTFALL-ის ბალისტიკური რაკეტების წარმოებას.  დარწმუნებული ვარ, მის მაგალითს სხვებიც მიბაძავენ.

  • რამდენად ახერხებს ევროკავშირი აშშ-ს აქტიური ჩართულობის გარეშე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისე, რომ რუსეთს მოუწიოს უკან დახევა?

ჩემი აზრით, ახერხებს. ჯერ კიდევ არ ამუშავებულა ბოლომდე ეს მანქანა. მთავარია, რომ დაწყებულია ეს პროცესი. დღეს არამარტო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა საუბარი, არამედ უკრაინისთვის მხარდაჭერაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ცალკეული ქვეყნების ძალისხმევა: მაგალითად, ბოლო პერიოდში თურქეთის შავი ზღვის ფლოტი მნიშვნელოვნად ძლიერდება. მოგეხსენებათ, ერდოღანმა 2 იანვარს განაცხადა, რომ თურქეთი იწყებს თავისი წარმოების წყალქვეშა ნავის, ნაღმოსნისა და ავიამზიდის მშენებლობას.

ამავდროულად, თურქეთის შავი ზღვის ფლოტი გაცილებით ძლიერია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დარჩენილ ნაწილზე.

თურქეთი უკვე აღარ თვლის რუსეთს ძალად შავ ზღვაზე თავისი საზღვაო ძალებიდან გამომდინარე.

თურქეთი უკვე უკრაინასთან იწყებს თანამშრომლობას, იგივე უკრაინის შავი ზღვის ფლოტის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩაშვებულია და გამოცდებს გადის უკრაინისთვის წარმოებული კორვეტი „ივან მაზეპა“.  სამაგიეროდ, უკრაინელები აწვდიან თურქებს საზღვაო დრონების ტექნოლოგიებს.

საპატრულო პოლიცია 575 ათას ლარად 300 სამკერდე კამერას შეიძენს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, „ექსკლუზიური უფლებამოსილების“ საფუძველზე, ტენდერის გარეშე გეგმავს 300 კომპლექტი სამკერდე კამერის შეძენას, რაშიც ჯამში 575 700 ლარს გადაიხდის. ამ შესყიდვის შემდეგ უწყების ბალანსზე არსებული კამერების რაოდენობა 3 560-მდე გაიზრდება.

როგორც დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ მიმართვაში განმარტავს, საჭიროება პირადი შემადგენლობის ზრდამ და დაზიანებული ტექნიკის ჩანაცვლებამ განაპირობა. საუბარია AXON BODY 2 მოდელის კამერებზე. უწყების განმარტებით, ვინაიდან 2018 წლიდან სისტემა სწორედ ამ კომპანიის ინფრასტრუქტურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, სხვა მწარმოებლის აპარატურის ინტეგრირება შეუძლებელია.

„საპატრულო პოლიციის მიერ 2018 წლიდან გამოიყენება და დღეის მდგომარეობით გვაქვს 3 260 ერთეული [აღნიშნული] მოდელის სამკერდე კამერა“ – წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც გამარტივებული წესით კამერების შეძენაზე თანხმობას ითხოვს.

საპატრულო პოლიცია სამკერდე კამერებს იყიდის / წყარო: შესყიდვების პორტალი

საპატრულო დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, კამერების მომწოდებელია შპს „ენ ჯი თი ჯგუფი“, რომელიც მწარმოებლის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, AXON-ის ერთადერთი ავტორიზებული დისტრიბუტორია საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციამ ამავე კომპანიისგან 2025 წლის მარტშიც შეიძინა 350 კამერა და 200 ლიცენზია, რაშიც 849 500 ლარი გადაიხადა.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა“, – წერდა მაშინაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.

ამ თემაზე: 

პოლიციელი ცრუმოწმე

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 220 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 544 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 899 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 36 024 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 600 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 270 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 105 354 ერთეული [+933]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 73 887 ერთეული [+145]
  • სპეცტექნიკა – 4 042 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 108 665 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 085 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 640 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 538 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 51 609 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვენესუელაში გამოჩნდა აშშ-ს რამხელა უპირატესობა აქვს – ინტერვიუ გენერალთან რუსეთ-უკრაინის ომზე

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მზიას თხოვნაა ეს აქცია სინდისის ყველა პატიმარს მიეძღვნას“ – მანანა ამაღლობელი

„მზიას უხერხულობის განცდა აქვს იმის გამო, რომ აქციის მთავარ ბანერზე მისი სახელია. მისი თხოვნაა, რომ ასე არ უნდა იყოს და აქცია უნდა მიეძღვნას უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს“ – უთხრა მანანა ამაღლობელმა, მზია ამაღლობელის ძმისშვილმა „ნეტგაზეთს“. ის დღეს, 12 იანვარს, თბილისში მიმდინარე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ საპროტესტო მარში მონაწილეობს.

დღეს, 12 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი დააკავეს და ამიტომაც საპროტესტო მარში თბილისში დაიგეგმა მზია ამაღლობელისა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით.

მარში „მზიას თავისუფლებისთვის“ დღეს, 12 იანვარს 20 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყო, აქციაზე შეკრებილები პარლამენტისკენ დროშებით, ტრანსპარანტებითა და შეძახილებით გაემართნენ. აქციაზე იმყოფებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები.

  • რა ხდება?

2025 წლის 12 იანვრიდან, დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, იგი ბათუმში გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ ლიდერების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების მონაწილეობით, პროპაგანდა მაქსიმალურად ცდილობდა მის დისკრედიტაციას და რეპუტაციის შელახვას.

მზია ამაღლობელის საქმე ერთ-ერთია სინდისის პატიმრების საქმეებს შორის. მისი გათავისუფლება მოითხოვა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ასევე: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ; ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა პინა პიჩერნომ, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ევროპარლამენტმა და ა.შ.

2025 წლის 22 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ, მისი სისხლის სამართლის საქმე კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა განიხილონ.

ყულევის ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობი მიაწოდეს – რა ვიცით ნავთობტანკერ NOSTOS-ზე

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობტანკერმა NOSTOS [IMO: 9258014], ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობის მორიგი პარტია ჩამოუტანა.

40 143 ტონა ნედლი ნავთობით დატვირთული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში 8 იანვარს შევიდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნავთობტანკერმა NOSTOS ყულევის ნავსადგური 12 იანვარს დატოვა და უკან, ნოვოროსიისკის პორტისკენ გაემართა.

„[ნავთობტანკერი] დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი 40 143 ტონა ნედლი ნავთობი“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ნედლი ნავთობი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის იყო განკუთვნილი.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე, არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში – მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება,“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც, რომელიც წერს, რომ „გემის რეგისტრირებული მფლობელი და კომერციული ოპერატორი წარმოადგენენ საერთაშორისო რეესტრებში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (საბერძნეთი), გემი დაფარულია საერთაშორისო სადაზღვევო მექანიზმებით, მათ შორის ბერმუდის, ნორვეგიული ფილიალის P&I დაზღვევით, გააჩნია მოქმედი Hull & Machinery დაზღვევა (ბერძნული) და იმყოფება ავტორიტეტული ფრანგული საკლასიფიკაციო საზოგადოების Bureau Veritas ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ“.

  • რა ვიცით ნავთობტანკერ NOSTOS-ის შესახებ

ნავთობტანკერი NOSTOS 2003 წელსაა აგებული. ის საშუალო დისტანციის ნავთობპროდუქტების ტანკერია. ძირითადად ნავთობპროდუქტებისა და თხევადი ტვირთების გადასატანად გამოიყენება.

გემის მიმოსვლის მარშრუტის მიხედვით, ბოლო წლებში NOSTOS-ი უმეტესწილად შავი ზღვის რეგიონში გადაადგილდება.

AIS-ის (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის) მონაცემების მიხედვით კი, NOSTOS-ი ხშირად შედის თურქეთის, საბერძნეთისა და შავი ზღვის პორტებში.

გემზე ინფორმაცია იძებნება უკრაინის თავდაცვის დაზვერვის – GUR-ის მიერ შექმნილ საინფორმაციო პორტალზე War & Sanctions (ომი და სანქციები), რომელზეც ქვეყნდება ინფორმაცია ცალკეულ პირებზე, კომპანიებსა და ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მიხედვით, მონაწილეობენ რუსეთის აგრესიაში, ან ეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში.

War & Sanctions-ზე გამოქვეყნებულია ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის NOSTOS-ის [IMO: 9258014] შესახებ ინფორმაცია.

ამ ინფორმაციის თანახმად, გემი ამ ეტაპზე არაა სანქცირებული, თუმცა War & Sanctions-ის მონაცემებით, „NOSTOS-ი ჩართული იყო მრავალრიცხოვან გემი-გემზე (STS) გადატვირთვებში ქერჩის სრუტესა და საბერძნეთის სიახლოვეს“.

„NOSTOS-მა 2022 წლის ივლისიდან დაიწყო რუსული ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, მანამდე კი მონაწილეობდა ირანული ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში.

G7-ისა და ევროკავშირის მიერ რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ნავთობის ემბარგოსა და ფასის ზედა ზღვრის (price cap) პოლიტიკის მოქმედების პერიოდში, ტანკერი მონაწილეობდა რუსული ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში რუსეთის პორტებიდან.

NOSTOS იყენებდა მოტყუებით და მაღალი რისკის პრაქტიკებს – AIS-ის გამორთვას, ე.წ. „ბნელ აქტივობებს“, გემი-გემზე (STS) გადატვირთვებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან ახლოს, რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერატორებთან აფილირებული გემების მონაწილეობით.

გემი შედიოდა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე პორტებში, კერძოდ – კამიშ-ბურუნის პორტში 2025 წლის სექტემბერში.

2025 წლის სექტემბერში ტანკერმა ნოვოროსიისკის პორტიდან, მათ შორის შესხარისის ტერმინალიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით გადაიტანა 65 000 ტონაზე მეტი რუსული ნავთობპროდუქტი,“ – ნათქვამია War & Sanctions-ზე გამოქვეყნებულ ნავთობტანკერის პროფილში.

ამავე თემაზე:

რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – ნავთობი რუსული კვალით

ბათუმის მერმა რეორგანიზაცია გამოაცხადა – ვინ დაკარგავს სამსახურს

ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ რეორგანიზაცია გამოაცხადა. მერის ბრძანების მიხედვით ცვლილებები შეეხებათ მერიის ორგანიზაციებსაც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერი სავარაუდოდ მხოლოდ გადაადგილებებით არ შემოიფარგლება და ათეულობით თანამშრომელმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. ამ ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ, თუმცა – უშედეგოდ.

მერიიდან მოგვწერეს, რომ ჯერ რეორგანიზაციის გეგმაა შესამუშავებელი:

„ამ დროისთვის გამოცხადებულია რეორგანიზაციის პირველი ეტაპი, რაც ითვალისწინებს რეორგანიზაციის განსახორციელებელი გეგმის შემუშავებას, ასევე რეორგანიზაციის მეორე ეტაპის დაწყებისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის შემდგომი ეტაპების განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. რეორგანიზაციის მიზანია მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება“.

ბათუმის მერი თავის ბრძანებაში აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია „მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის“ სჭირდება.

ბრძანების მიხედვით ბათუმის მერს სჭირდება „სამსახურების მიზნებისა და ფუნქციების, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების ახლებური განსაზღვრა და ჩამოყალიბება, მერიის მთლიანად ან ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, შტატების გადაადგილება ან/და შემცირება“. 

რეორგანიზაციის დაწყების ბრძანება 2026 წლის 9 იანვრით თარიღდება.

მერთან ერთად რეორგანიზაციის კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებაზე პასუხისმგებლები არიან მერის მოადგილეები: ნუკრი დეკანაძე და სოფიკო ხალვაში.

რეორგანიზაციის ჩატარება დაევალათ ასევე მერიის ადმინისტრაციის უფროსს მარიამ ხაზარაძეს, ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს – კახა დიასამიძეს და ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – მუხრან ჯორბენაძეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით მერის ბრძანება რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე მერიის თანამშრომლების ნაწილს უკვე გააცნეს და ეს ხელმოწერითაც დაადასტურებინეს.

კანონის შესაბამისად რეორგანიზაციის დასასრულებლად მერიამ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი უნდა გამოაცხადოს, თუმცა რიგ თანამდებობებზე მერს შეუძლია პირდაპირ დანიშნოს თავისი კანდიდატურა, მაგალითად ვიცე-მერი.

ამ დროისთვის მერიის ადმინისტრაციას ახალი კადრი, მარიამ ხაზარაძე ხელმძღვანელობს, ის გიორგი ცინცაძემ დანიშნა.

მარიამ ხაზარაძის გამოცდილების შესახებ მერიის ვებგვერდზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ იძებნება. ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დენის სალუქვაძის მეუღლეა. დანის სალუქვაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მარიამ ხაზარაძე იურისტია და მერიაში დასაქმებამდე კერძო კომპანიებს უწევდა იურიდიულ დახმარებას.

ირაკლი დგებუაძის ქონებრივი დეკლარაციები აღარ იძებნება

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძის ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე აღარ იძებნება. ამ დროისთვის დგებუაძე შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა.

მაღალი რანგის საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო უნდა იყოს მისი გათავისუფლების შემდეგაც. კითხვაზე რატომ არ იძებნება დგებუაძის ქონებრივი დეკლარაცია, ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდიდან მოგვწერეს, რომ ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით უნდა გამოვითხოვოთ და კანონით გათვალისწინებულ ვადაში გვიპასუხებენ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ანტიკორუფციულმა ბიურომ „სტუდია მონიტორს“ ასე უპასუხა:

„ამ ეტაპზე იმყოფება იმ პოზიციაზე, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია. შესაბამისად, ამიტომ არ დევს საიტზე მისი დეკლარაცია“.

საქმე ისაა, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით საჯარო არ არის თანამდებობის პირის დეკლარაცია, რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული“.

პოლიციელი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია. ის მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად ცნეს – ბათუმის პოლიციის იმდროინდელი უფროსის ჩვენების მიხედვით, სილის გაწვნის შედეგად მან ტკივილი განიცადა და ლოყა გაუწითლდა.

„ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების დროს ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. პოლიციის უფროსის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა პროკურატურამ არ გამოიძია.

პროევროპულ აქციებზე დაკავებული არაერთი სხვა პირი ადანაშაულებდა ირაკლი დგებუაძეს ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში. არც ერთი ეს შემთხვევა პროკურატურას არ გამოუძიებია.

2026 წლის 12 იანვარს წელი შესრულდა, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.

დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, იგი ბათუმში გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ ლიდერების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების მონაწილეობით, პროპაგანდა მაქსიმალურად ცდილობდა მის დისკრედიტაციას და რეპუტაციის შელახვას.

მზია ამაღლობელის საქმე ერთ-ერთია სინდისის პატიმრების საქმეებს შორის. მისი გათავისუფლება მოითხოვა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ასევე: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ; ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა პინა პიჩერნომ, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ევროპარლამენტმა და ა.შ.

2025 წლის 22 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ, მისი სისხლის სამართლის საქმე კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა განიხილონ.

ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს სცემეს – რა ჩანს შსს-ს ვერსიით?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 2 არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთის ბიძია, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი სცემეს. მას თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება.

სუსის თანამშრომელი თავის არასრულწლოვან დისშვილთან ერთად, რომელსაც ასევე აქვს დაზიანებები, საავადმყოფოში მოათავსეს.

„საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა [სუსის თანამშრომელი] მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა. მას აღნიშნული იარაღი წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა – მეორე არასრულწლოვანის ბიძამ, რომელმაც მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღი თავად წარმოუდგინა გამოძიებას.

ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, მის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა.

გამოძიების დასრულებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 12 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი დააპატიმრეს – მას საპროცესო გაუფორმეს და 5 წელი მიუსაჯეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ჯერჯერობით პროკურატურას არ განუმარტავს რა პირობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის მხარეს მებრძოლ ასობით პირს

ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლ 261 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცახნა წერს X-ზე დღეს, 12 იანვარს.

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – აღნიშნავს მარგუს ცახნა.

„აგრესორი სახელმწიფოს ასობით ათასი მებრძოლი მონაწილეობდა ამ სასტიკ ომში, ჩაიდინეს სისასტიკე და გაავრცელეს ძალადობა. მათ ადგილი არ აქვთ ესტონეთსა და შენგენის ზონაში.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსი ყოფილი მებრძოლებისთვის კარი დახურული დარჩეს და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ“ – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა“ – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 13 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი, მთაში თოვლის სახით.

სააგენტოს ინფორმაციით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

„დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.

ევროკავშირის და საელჩოების გამოხმაურება მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიები საქართველოში ეხმიანებიან მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას.

„დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ,“ – დაწერა ფეისბუქზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

2025 წლის 6 აგვისტოს განცხადება გავრცელდა ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების სახელით.

„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა,“ – ეს განცხადება 2025 წლის 6 აგვისტოს გააკეთა 24-მა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დღეს 1 წელი გავიდა რაც ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.

ამავე თემაზე: 

„სასჯელის ზომა 2 წელი“ – მოსამართლემ მზია ამაღლობელის ბრალი გადააკვალიფიცირა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 220 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 541 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 892 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 35 973 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 598 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 270 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 104 421 ერთეული [+353]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 73 742 ერთეული [+98]
  • სპეცტექნიკა – 4 042 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 108 458 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 074 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 640 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 517 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 51 537 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კადიროვს თირკმლები გაეთიშა – უკრაინული მედია

 

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ სამ საბურღ პლატფორმას დაარტყეს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კადიროვს თირკმლები გაეთიშა – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

აღნიშნულ ინფორმაციას მედია უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კადიროვი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთში, საკუთარ საავადმყოფოში იმყოფება და მის სანახავად ოჯახის წევრები, მათ შორის უცხოეთიდანაც, მივიდნენ.

უკრაინული გამოცემა РБК-Украина თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კადიროვს თირკმლები გაეთიშა და კრემლი მის შემცვლელს ეძებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მის მემკვიდრედ რამზან კადიროვი შვილს, ადამ კადიროვს მოიაზრებს.

აქვე – ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მედიაში ინფორმაცია ვრცელდება რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ.

რუსულ მედიაში ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აქტიურია კადიროვის ტელეგრამ გვერდიც, სადაც ბოლო ტექსტი დღეს, 11 იანვარს გამოქვეყნდა.

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ სამ საბურღ პლატფორმას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ სამ საბურღ პლატფორმას დაარტყა.

უკრაინის გენშტაბის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იარაღი გამოიყენეს ობიექტებზე თავდასხმისთვის.

გენშტაბის ცნობით, „ლუკოილის“ აღნიშნული ობიექტები რუსეთის საოკუპაციო არმიის მხარდასაჭერად გამოიყენება.

ზიანის მასშტაბები უცნობია.

ჯერჯერობით [18:10 სთ] რუსეთში ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

_____________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/telegram

„მზიას თავისუფლებისთვის“ – 12 იანვარს თბილისში მარში გაიმართება

12 იანვარს, თბილისში გაიმართება მარში „მზიას თავისუფლებისთვის“.

მარში 20 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტისკენ გაემართება.

12 იანვარს, გამთენიისას, ზუსტად ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია.

2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს.

პირველად ის ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საშვთა ბიუროს კედელზე საწებავი სტიკერის გაკვრის გამო.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო უკანონო, რადგან სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.

ადმინისტრაციული პატიმრობიდან ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს – ამჯერად სისხლის სამართლის მუხლით – აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც პროკურატურამ შეაფასა თავდასხმად.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, პოლიციის უფროსმა მას შეაფურთხა და მისკენ იწევდა საცემად, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დგებუაძე ამჟამადაც პოლიციის მაღალჩინოსანია – ის თბილისში გადაიყვანეს.

ამ თემაზე: „ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას. გაჩერდა და სახეში შემაფურთხა“ – მზია ამაღლობელი დგებუაძეზე

დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, იგი ბათუმში გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ ლიდერების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების მონაწილეობით, პროპაგანდა მაქსიმალურად ცდილობდა მის დისკრედიტაციას და რეპუტაციის შელახვას.

მზია ამაღლობელის საქმე ერთ-ერთია სინდისის პატიმრების საქმეებს შორის. მისი გათავისუფლება მოითხოვა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ასევე: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ; ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა პინა პიჩერნომ, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ევროპარლამენტმა და ა.შ.

2025 წლის 22 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ, მისი სისხლის სამართლის საქმე კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა განიხილონ.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში – „გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის“

რომელ ქუჩებზე გაითიშება ბათუმში გაზი 12 იანვარს

„სოკარის“ ცნობით, 12 იანვარს 10:00 საათიდან 12 იანვარს 18:00 საათამდე ბათუმში 2587 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

კომპანიის განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

გაზი შეუწყდებათ: 26 მაისის, მელიქიშვილის, მემედ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, კლდიაშვილის, ყაზბეგის, გორგილაძის, ეგნატე ნინოშვილის, ვაჟა ფშაველას, ვახტანგ გორგასლის, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტების ნაწილს.

„სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 12 იანვარს 18:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

„მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – იუწყება შსს.

_____________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან – ზოგან წვიმა, მთაში თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 13-14 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ქალი პოლიტიკოსების აქცია რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად

11 იანვარს, რუსთავის ქალთა კოლონიასთან, პოლიტიკოსებმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, შეკრება სიმბოლურია, რადგან სწორედ ხვალ, 12 იანვარს სრულდება ერთი წელი ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან.

„აქ იმიტომ ვართ, რომ ყველაზე ახლოს ვიყოთ მზიასთან და სხვა პატიმრებთან. ვითხოვთ როგორც მის, ისე ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლებას,“ — განაცხადა თეონა ჭალიძემ ჟურნალისტებთან.

ხვალ, 20:00 საათზე, მზიას თავისუფლებისთვის თბილისში მარში გაიმართება. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ დაიძვრება.

მზია ამაღლობელი გამოცემების — „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. 2025 წლის 22 ოქტომბერს მას ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებათა სფეროში — სახაროვის პრემია მიენიჭა.

ამავე თემაზე: 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 218 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 541 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 23 885 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 35 952 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 598 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 104 068 ერთეული [+654]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 73 644 ერთეული [+134]
  • სპეცტექნიკა – 4 039 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 108 406 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 057 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 638 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 498 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 51 456 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი უკრაინას „ისკანდერითა“ და ასზე მეტი დრონით დაესხა თავს, შეტევის სამიზნე იყო ოდესაც

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსეთი უკრაინას „ისკანდერითა“ და ასზე მეტი დრონით დაესხა თავს, შეტევის სამიზნე იყო ოდესაც

10 იანვრის ღამეს, რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ითა და 121 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სისტემებმა 94 დრონის ჩამოგდება და გაუვნებელყოფა შეძლეს.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ბოლო მონაცემებით, შეტევა დილითაც გრძელდებოდა.

10 იანვრის დილას აფეთქებების ხმა გაისმა ოდესაშიც. ინფორმაციას ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია და უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

„ქალაქში ხმაურია! დარჩით უსაფრთხო ადგილებზე“, — მიმართა მოსახლეობას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.

რუსულმა მხარემ იერიში ოდესის რაიონის სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. უკრაინული მხარის განმარტებით, თავდასხმის შედეგად საპორტო საწარმოს ტერიტორიაზე დაზიანდა ცარიელი რეზერვუარი და ცეცხლი გაუჩნდა საიზოლაციო მასალას. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მათმა ავიაციამ უკრაინის 153 რაიონში სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საწვავის საცავებზე მიიტანა იერიში. რუსული მხარე ასევე ამტკიცებს, რომ დაარტყეს უკრაინული შენაერთებისა და „უცხოელი დაქირავებული მებრძოლების“ დროებითი დისლოკაციის პუნქტებს.

____________

ფოტოზე: 9 იანვარი, კიევი, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში კორპუსი დაზიანდა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YULIIA OVSIANNIKOVA

ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი პირი დაშავდა

დღეს, 10 იანვარს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 217 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 530 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 882 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 35 908 ერთეული [+16]
  • MLRS – 1 597 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 103 414 ერთეული [+653]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 155 ერთეული [+18]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 73 510 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 4 039 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 108 276 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 042 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 637 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 484 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 51 345 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მიტროპოლიტი დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს: „თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია“

კიევში ოთხი დაიღუპა და 24 დაშავდა 9 იანვარს რუსეთის თავდასხმის შედეგად

საჭიროა მსოფლიოს მკაფიო რეაქცია – ზელენსკი რუსეთის კიევზე შეტევის შემდეგ აშშ-ს მიმართავს

კლიჩკო ხალხს კიევის დატოვებას ურჩევს – რუსული დაბომბვის გამო დედაქალაქი გათბობის გარეშეა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მიტროპოლიტი დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს: „თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია“

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს და გამძლეობას უსურვებს. მიმართვის ტექსტი რუსულ ენაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გამოაქვეყნა.

„ამ სტრიქონებს გწერთ გულისტკივილითა და დიდი თანაგრძნობით.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ინგრევა თქვენს თვალწინ ქალაქები, როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები, მოხუცები — ადამიანები, რომლებიც არასოდეს უნდა გამხდარიყვნენ ომის მსხვერპლნი.

თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია.

თქვენი სიმტკიცე — ეს არის ხმა მთელი კაცობრიობისა, რომელმაც იცის: თქვენ მარტო არ ხართ.

თუნდაც დღეს თქვენს ირგვლივ აფეთქებების ხმა, შიში და გაურკვევლობა იყოს, იცოდეთ — მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში ფიქრობს თქვენზე, ლოცულობს თქვენთვის და გისურვებთ მშვიდობას.

არცერთი ცრემლი, არცერთი დანაკარგი არ არის დავიწყებული.

ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც თქვენი ქალაქები კვლავ აივსება სიცილით, როდესაც ბავშვები ითამაშებენ მშვიდობიანი ცის ქვეშ, როდესაც სირენების ნაცვლად სიცოცხლის მუსიკა აჟღერდება.

უფალმა დაგიფაროთ, მოგცეთ ძალა ამ საშინელი დროის გადასატანად, დაე, ნუ გაქვავდება თქვენი გული და ნუ ჩაქრება იმედი.

უღრმესი პატივისცემითა და მხარდაჭერით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი“ – ვკითხულობთ მიმართვაში.

რას უპირებს ბათუმის მერია დაზიანებულ მოსაცდელებს

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებების ბევრ ადგილას არ არის მოსაცდელები; ზოგან ისინი საერთოდ აიღეს, ზოგან კი კონსტრუქციები დაზიანებულია და თვეების განმავლობაში არავინ აკეთებს.

ქალაქის მერიაში დღეს, 9 იანვარს, „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „მუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი ჩანაცვლდება“.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებისთვის 2026 წლის ქალაქის ბიუჯეტში 24,3 მილიონი ლარია გამოყოფილი, კონკრეტულად მოსაცდელების შეძენა-მონტაჟისთვის თანხა გაწერილი არ არის.

დაზიანებული მოსაცდელები მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე ბათუმში – მელიქიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე

„აღნიშნული მოსაცდელების კონსტრუქციის ერთი მხარე, რომელიც შედგება ბილბორდის მინისგან, ხშირად ზიანდება, მცირე ქარის დროსაც. ამ დროისთვის დაზიანებული მინა ამოღებულია და ტერიტორია დასუფთავებულია მინის ნამსხვრევებისგან.

კონსტრუქციის ხშირი დაზიანების გამო ბილბორდის მინა მანამდეც არაერთხელ შეიცვალა. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუშაობს ალტერნატიული კონსტრუქციის მოწყობაზე.

უახლოეს პერიოდში შემუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლდება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი,“ – მოგვწერეს დღეს, 9 იანვარს, „ბათუმელებს“ ქალაქის მერიიდან.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

270 გაჩერება ბათუმში მოსაცდელის გარეშე

 

კლიჩკო ხალხს კიევის დატოვებას ურჩევს – რუსული დაბომბვის გამო დედაქალაქი გათბობის გარეშეა

უკრაინული მედიის თანახმად, კიევის საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი, თითქმის 6000 კორპუსი, ამჟამად გათბობის გარეშეა, რადგან დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა „მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაზიანდა“.

მედიასთან ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

ქალაქში ასევე შეფერხებით მიეწოდება წყალი.

„კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, სოციალურ დაწესებულებებს, კერძოდ, საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებს ელექტროენერგიით მობილური წყაროებიდან ამარაგებდნენ“, – განაცხადა კლიჩკომ.

მისი განცხადებით, 9 იანვრის ღამეს კიევზე განხორციელებული ერთობლივი თავდასხმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ყველაზე მტკივნეული იყო.

„ქალაქის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სამწუხაროდ, პროგნოზის თანახმად, უახლოეს დღეებში ამინდის პირობები რთული იქნება.

მივმართავ დედაქალაქის მცხოვრებთ, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დროებით დატოვონ ქალაქი. წავიდნენ იქ, სადაც არის ელექტროენერგიისა და გათბობის ალტერნატიული წყაროები“, – დაასკვნა კლიჩკომ.

8 იანვრის საღამოს კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის დედაქალაქს რუსეთის ფედერაციამ დრონებით შეუტია. დესნიანსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელი შენობის სახურავს შეეჯახა.

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

კიევის რეგიონში დაზიანებისა და ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ცალკეული სამგზავრო მატარებლების მოძრაობაში შეფერხებულია.

9 იანვრის დილის მონაცემებით, რუსული დაბომბვის შემდეგ კიევსა და კიევის რეგიონში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტოენერგიის გარეშე დარჩა.

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

ახალი წელი სწორედ ის დროა, როდესაც ახლებურად იწყებ მოვლენების გადააზრებას, ახალი იდეების, საკუთარი და სხვისი შესაძლებლობების დაჯერებას, გეგმების დალაგებას, შენი თავისთვის და სხვებისთვის ახალი პირობების მიცემას. მაგრამ, წლის დასასრულს თუ დაჰკვირვებიხარ რამდენად შეასრულეთ 365 დღის წინ მიცემული პირობა, თუ ჩაფიქრებული გეგმა?

სწორედ საახალწლოდ ჩაფიქრებული მიზნების ძალას ეძღვნება თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube ვიდეოების ერთობლივი სერიის „არის ერთი ნიუანსის“ მე-5 ეპიზოდი: შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას?

აქვს თუ არა აზრი საახალწლოდ დადებულ პირობებს და დასახულ მიზნებს? რას ამბობს მეცნიერება? საახალწლო რეზოლუციების რამდენი პროცენტი სრულდება? –  ეს არის ამ ეპიზოდის მთავარი კითხვები, რომლებსაც ვიდეო-სერიების ავტორი, ნიკო ნერგაძე, მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეეცდება გასცეს პასუხები.

ვიდეო სერიების მიზანი ისეთ თემებზე საუბარია, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარტივდება საჯარო დისკუსიებში. რეალურად კი სიღრმისეულ ანალიზს, კონტექსტს და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს. ჭეშმარიტება იშვიათადაა შავ-თეთრი; ყოველთვის არის ნიუანსი, ყოველთვის არის კონტექსტი, სწორედ ეს ხდის საკითხს საინტერესოს.  ვიდეო ეპიზოდებში ნიკო ნერგაძე ეცდება აქტუალურ საკითხებს მეცნიერული კვლევებით გამყარებულ პასუხებს გასცემს.

„არის ერთი ნიუანსის“ ეპიზოდებში, ორ კვირაში ერთხელ, ნიკო ნერგაძე სხვადასხვა სამეცნიერო და სოციალური თემის სიღრმისეულ განხილვას სთავაზობს აუდიტორიას. გაეცანი წინა ეპიზოდებს:

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს. მთავარია გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს.

ვის შეუჩერებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება.

შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, 31 დეკემბერს მოაწერა და უკვე ძალაშია.

ბრძანებაში ვკითხულობთ:

„2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად“.

ახალი ბრძანების მიღებამდე კი, 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იყო მოეხდინა მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.

ახალ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ამ პუნქტის მიხედვით, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.

ამასთან, ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.

ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, დღეს, 9 იანვარს, სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილება შეეხება ამბულატორიული დაწესებულებების დაფინანსებას.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის – გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“ – წერს სამინისტრო.

გუდაური-კობის გზაზე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის გზაზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – წერს დეპარტამენტი.

ასევე, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, დღეს, 9 იანვარს, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იყო შეზღუდული მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად ამ გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

______________

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი/facebook

რუსეთი ადასტურებს, რომ ლვოვის რეგიონში „ორეშნიკით“ განახორციელა დარტყმა

დღეს, 9 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმა სარაკეტო სისტემა „ორეშნიკიდან“ მოხდა.

8 იანვარს, ღამით, ლვოვში საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ აფეთქებების ხმა გაისმა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს.

„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კრიტიკული სამიზნეების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს ხმელეთზე და ზღვაზე განლაგებული, შორ მანძილზე მოქმედი, სახმელეთო და საზღვაო ზუსტი იარაღის გამოყენებით, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო მანძილზე მოქმედი სახმელეთო სარაკეტო სისტემის, ასევე სადესანტო დრონების გამოყენებით“, – ციტირებს რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პასუხს.

რუსეთი აცხადებს, რომ ეს დარტყმა ნოვგოროდში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის პასუხი იყო. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 29 დეკემბერს პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ განაცხადა. უკრაინა ამ ბრალდებებს უარყოფს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს, რომ რუსეთის მიერ ლვოვის რეგიონში, ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან ახლოს, „ორეშნიკის“ ტიპის სარაკეტო დარტყმა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ტრანსატლანტიკური საზოგადოების გამოცდას წარმოადგენს. ჩვენ რუსეთის დაუფიქრებელ ქმედებებზე რეაგირებას მოვითხოვთ“, – წერს სიბიგა და დასძენს, რომ უკრაინა აშშ-სა და მის ევროპელ პარტნიორებს თავდასხმის დეტალების შესახებ აცნობებს.

სიბიგა გაეროს უშიშროების საბჭოსა და უკრაინა-ნატოს საბჭოს სასწრაფო სხდომის ინიციატივით გამოდის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა „აბსურდული“ უწოდა რუსეთის მტკიცებას, რომ უკრაინის მასიური დაბომბვა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის დრონებით სავარაუდო თავდასხმის საპასუხო ქმედებაა.

„აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს ამ დარტყმის გამართლებას პუტინის რეზიდენციაზე ყალბი „თავდასხმით“, რაც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს არ სჭირდება რეალური მიზეზები ტერორისა და ომისთვის.

…პუტინი საკუთარი ჰალუცინაციების საპასუხოდ რაკეტებს ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან იყენებს – ეს ნამდვილად გლობალური საფრთხეა. და ის გლობალურ რეაგირებას მოითხოვს“ – წერს ის.

„ორეშნიკი“ რუსეთის ახალი ბალისტიკური რაკეტაა. რუსეთმა ის უკრაინის წინააღმდეგ პირველად 2024 წლის 21 ნოემბერს გამოიყენა ქალაქ დნეპრში.

___________________

ფოტო: „ტასი“

Exit mobile version