სუს-მა, ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით ერთ დღეში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. მანამდე იყო კიდევ ორი პირის დაკავების შემთხვევა იმავე ბრალდებით. ვის იჭერს და ვის ემუქრება „ოცნების“ ხელისუფლება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მრჩეველს, თეონა აქუბარდიას.
- ქალბატონო თეონა, დღეს მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „რეალური ჯაშუშები“ დავაკავეთ ჩვენ, მანამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილაო. თქვენი შეფასებით, რაზე მეტყველებს ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანების დაკავება ასე მოკლე დროში?
დავიწყებ იმით, რომ ჯაშუშების დაკავება აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პოლიგონი, განსაკუთრებით კი ოკუპანტი რუსეთის. რუსეთს ქსელიც ექნება, სავარაუდოდ, პრორუსული ნარატივებისთვის – ესეც არ არის ახალი.
ის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ერთი-ორი საქმე ვიცით, ასე ვთქვათ, ჯაშუშობის გამოვლენის და გაძევების, ამაზე თავად გრიგოლ ლილუაშვილი საუბრობდა, როდესაც საპარლამენტო ანგარიში წარმოადგინა და თქვა, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოავლინეს და გააძევეს. სხვა დანარჩენზე არაფერი ვიცოდით.
თუმცა, პოლიტიკური ხასიათის ჭრილში „პანდორას ყუთი“ გახსნა მამუკა მდინარაძემ, როცა ის კოორდინატორად გადაიყვანეს [სუს-ის უფროსობის მიუხედავად] და გვითხრეს, რომ დააკავეს ახალგორელი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით და ორი გაექცათ.
შემდეგ, სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა თანაგუნდელი უძილაურის დაკავებას, როდესაც თითი უქნიეს დასავლეთის სპეცსამსახურებს და თქვეს, რომ იცოდნენ რას აკეთებს აქ დასავლეთი და რომ გაიყვანონ თავიანთი ჯაშუშები. ეს მაშინ, როცა კანონში გვიწერია, რომ რუსეთია ოკუპანტი და არა დასავლეთი. ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის პირობებშია საქართველო რუსეთის მხრიდან და ამაზე დუმილს არჩევენ.
- ბრიფინგზე, პროპაგანდისტულმა მედიამ დაასახელა ქვეყნები – რუსეთი, ირანი, საფრანგეთი და პოლონეთი, რომ თითქოს ამ ქვეყნების ჯაშუშები დააკავა სუსმა, თუმცა მდინარაძემ პოლონეთი გამორიცხა. გამოდის, საფრანგეთი ჰყავდა მხედველობაში?
დავიწყოთ იქიდან, საერთოდ რა ხელწერაა ეს, როდესაც სუს-ი აკავებს საქართველოს მოქალაქეებს და რუსეთის არცერთი მოქალაქე არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეები, დარწმუნებული ვარ, გვარიანად მუშაობენ აქ, საქართველოს წინააღმდეგ.
მაგრამ ისინი აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და შემდეგ ჟონავს ხოლმე ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის „ჯაშუშია“ დაკავებული. გავიხსენოთ პირველი შემთხვევა, როცა „რუსთავი 2“-ს გააჟღერებინეს, რომ დაკავებული იყო რუსეთის ჯაშუში, შემდეგ დასავლეთის ჯაშუში [უძილაურზე თქვეს]. შესაბამისად, ინფორმაციის გაცემის ქსელი აწყობილი აქვთ ასე, რომ ჯერ სუს-მა უნდა თქვას, რომ რომელიღაც ქვეყნის ჯაშუში დააკავეს, შემდეგ მათი ტელევიზიები ასახელებენ, რომელი ქვეყნის ჯაშუში იყო.
შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკურ პროცესს და არა სპეცსამსახურების კლასიკურ მუშაობას სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
მე რასაც ვუყურებ, ეს არის პარტიული ინტერესების დაცვა და არა რეალური ჯაშუშების გამოვლენა. მით უფრო მაშინ, როდესაც დასავლეთზეა განსაკუთრებული აქცენტი და მამუკა მდინარაძის დღევანდელი მუქარა, რომ იცის ვინ რას აკეთებს და მათაც მიწვდებიან. ეს აღიქმება უფრო პოლიტიკურ მუქარად და არა ის, რომ ისეთი ძლიერია ჩვენი სპეცსამსახური, რომ უკან ჩამოვიტოვებთ ბრიტანეთს და ისრაელს.
- „უამრავ ადამიანზე გვაქვს ინფორმაცია“ – თქვა მდინარაძემ. რას ნიშნავს ეს „უამრავი“?
მაშინ, როდესაც მთელ ამ საქმეებს ადევს გრიფით საიდუმლო, ადვოკატი შეზღუდულია გაუთქმელობის გამო და არ შეუძლია საქმესთან დაკავშირებით რაიმე თქვას, ასე შეუძლიათ ყველა ის ადამიანი დააკავონ, ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, ვინც უცხოელს ელაპარაკება, ან დადის უცხოეთში. ასი წელი ვერაფერს გაიგებ, რატომ არის ეს თუ ის ადამიანი დაკავებული თუ არა პოლიტიკური სარჩული.
როდესაც მთელი დასავლეთი რუსეთის ჯაშუშებს აძევებს ქვეყნიდან და რუსეთს აღიარებენ მთავარ საფრთხედ, ამ ვითარებაში ოკუპირებული ქვეყნის კოორდინატორი და ყოფილი სუს-ის უფროსი, რომელიც სუს-ის ანგარიშში ღიად წერდა, რომ (ჯერ კიდევ პარლამენტშია შესული და არაფრით განიხილა პარლამენტმა) რუსეთს ყველაფერი აქვს მზად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისთვის, ახლა „დასავლეთის ჯაშუშებს“ ადებს ხელს.
- ძალიან მტრული განცხადება გააკეთა საფრანგეთმაო – ასე თქვა მდინარაძემ. რა იგულისხმა „მტრულში“?
სიმართლე გითხრათ, ცოტა არეულად ლაპარაკობდა და დიდი შინაარსი ვერც გამოვიტანე მისი ლაპარაკიდან, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად უნდოდა წარმოჩენილიყო კოორდინატორის პოზიციიდან.
მაგრამ რუსეთის, ირანის და საფრანგეთის გათანაბრება აჩვენებს, რომ პოლიტიკური შინაარსი, პოლიტიკური მდგენელი აქვს ამ დაკავებებს და არაფერ კავშირში არ უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესებთან. მით უფრო მაშინ, როცა ფარცხალაძე ჰყავს აშშ-ს დასანქცირებული და მხილებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში – ესენი ამბრაზურასავით გადაეფარნენ და გაატანეს ქვეყნიდან სანქცირებული ფული და ქონება.
თეონა აქუბარდია
მოქალაქეობაც კი დაგვიანებით ჩამოართვეს და დადიოდა ეს რომანოვ-ფარცხალაძე საქართველოში ისე, რომ პრობლემა არ შეჰქმნია, სანამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე არ წამოვიდა. ესეც ისევ და ისევ პარტიის ინტერესით და არა სამართლით.
შესაბამისად, მე ვერ ვხედავ რეალურ საფუძველს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ჯაშუშებს დასდევს – არა. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი.
- იმ პირებზე რას ფიქრობთ, ვინც დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით?
გულბაათ რცხილაძეს – ყველამ იცოდა, რომ ეს კაცი რუსეთის ინტერესებს ატარებდა საქართველოში და პრორუსულ საქმიანობას ახორციელებდა. არც ის იქნებოდა საიდუმლო, რომ, სავარაუდოდ, ჩემოდნით დაჰქონდა ფული, მაგრამ რატომ ჩასვეს ის დღეს და არა ორი წლის წინ ვთქვათ – რცხილაძემ გააკეთა განცხადება, რომ აპირებდა რუსოფობიის შესწავლას საქართველოში და მერე მოსთხოვდა მდინარაძეს რეაგირება მოეხდინა ამაზე.
არ უნდა დაგვავიწყდეს, პუტინს აქვს შესაბამისი აქტი მიღებული, რომ რუსოფობიული გამოთქმების გამო მათ შეუძლიათ ჯარიც კი გამოიყვანონ ოპონენტი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ ძალიან გაიჭედა ალბათ „ქართული ოცნება“, რადგან ის არ არის იმ დონეზე ძლიერი, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას თუნდაც იმ ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
- სხვა ადამიანებიც ვიცით, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ პრორუსები არიან, კრემლის წინ იღებენ ფოტოებს და პუტინს გულშემატკივრობენ. პრიმაკოვის რუსულ ფონდთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაგვისვამს, თუმცა არ გაუციათ პასუხი ამ კითხვებისთვის. რას აჩვენებს ეს?
მათი ინტერესი არ არის აქ რუსეთის გავლენის ინფრასტრუქტურის ამოძირკვა, მათი ინტერესია რეჟიმის დაცვა. შესაბამისად, რასაც ვუყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის დროსაც პოლიტიზებულად იყო ხოლმე ეს ინსტრუმენტი გამოყენებული, ეს მასშტაბი და ხარისხი ნამდვილად არ ყოფილა.
რაც მთავარია, მდინარაძემ თითი დაუქნია დასავლეთს და უთხრა, რომ შენი სპეცსამსახურების მუშაობა საქართველოში შეაჩერე, თორემ ნახე რას გიზამთ. იგივე არ გააკეთა რუსეთზე მაშინ, როდესაც მან შეგნებულად, თავისი სახელისუფლებო არხების მეშვეობით თქვა, რომ რუსეთი, ირანი და საფრანგეთი თურმე ერთად გვებრძვიან.
ბოლო რეზოლუცია, რომელიც იყო საფრანგეთის ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ესეც უნდა იყოს პოლიტიკური მოტივი. ეს მუქარაც, რომელიც დღეს მოვისმინეთ მდინარაძისგან, მიტოვებს ეჭვებს, რომ ალბათ დაიჭერენ ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლოა საფრთხე იყოს რეჟიმისთვის და დააბრალებენ დასავლეთის ჯაშუშობას.
კომპეტენცია და სახელმწიფო ინტერესები ნამდვილად არ ჩანს ამ ბრიფინგების სერიაში, რაც ჯაშუშობას უკავშირდება. თუმცა ვხედავთ, რომ ერთგვარი გათანაბრება ხდება დასავლეთის და რუსეთის, თუმცა თითის ქნევით საუბრობენ დასავლეთზე არა რუსეთზე. ეს, მგონი, ძალიან მკაფიოდ ჩანდა მდინარაძის ამ ბოლო ბრიფინგების სერიაში.
- მდინარაძე ივანიშვილის გარეშე ვერ დაუქნევს თითს დასავლეთს. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთთან ვერ გამონახა ივანიშვილმა საერთო ენა ვერცერთ საკითხში?
ისინი არ ცდილობენ დასავლეთთან ენის გამონახვას. ისინი ცდილობენ ტრანზაქციულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. ეს, ცხადია, არ გამოსდით. ისინი ცდილობენ დასავლეთს უთხრან, რომ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან.
დასავლეთისგან არც კრიტიკა წყდება და არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ორი წელია ისინი ფსონს დებენ მოსკოვზე, მაგრამ იმასაც ვხედავთ, როგორ სუსტდება მოსკოვი რეგიონში. ამასობაში, ამ არასწორი ფსონის გამო, თუ რამე სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა დასავლეთისგან, ყველაფერი გადავიდა სომხეთსა და აზერბაიჯანში და საქართველო მართლა ბედის ანაბარა დატოვებული.
- ამ დღეებში ზახაროვა აქებდა „ოცნებას“, მრავალპოლუსიან პოლიტიკას ინარჩუნებენო, ამის ჩვენება უნდათ ამ დაკავებებით, რომ თითქოს არც რუსეთის „აგენტებს“ ინდობენ და არც დასავლეთის – ამის გაგრძელებაა ეს?
ის „სუვერენიტეტი“, რასაც „ქართული ოცნება“ აწვება, რუსული კონცეფციის გაგრძელებაა, სურკოვის „სუვერენული დემოკრატიაა“. როდესაც ისინი ამ გზით იცავენ თავს დასავლეთის კრიტიკისგან, დემოკრატიის უკუსვლასა და ხელყოფასთან დაკავშირებით. რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და კეთილდღეობის რეალური პერსპექტივა, ამერიკისა და დასავლეთის მტკიცე გარანტიებით, სწორედ დღეს იქმნება, მაგრამ ამ პროცესიდან სრულიად ამოვარდნილია საქართველო ივანიშვილის პოლიტიკის წყალობით.
მაშინ გვითხრას მამუკა მდინარაძემ, როგორ აქვთ „სუვერენული საქართველო“, როცა მის ხელმოწერილ სუს-ის ანგარიშში წერია, რომ რუსეთს ყველაფერი მზად აქვს ანექსიისთვის და უბრალოდ ხელსაყრელ დროს ელოდება. ამაზე არც მაკა ბოჭორიშვილი იღებს ხმას და არც არავინ მათი ხელისუფლებიდან.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ სიყალბეზე, რასაც ისინი სუვერენიტეტის სახელით ფუთავენ იმისთვის, რომ საქართველო დააშორონ ცივილიზაციურ არჩევანს. არავითარი მრავალვექტორულობა აქ არ გვაქვს. ერთი ვექტორია მხოლოდ – ეს არის რუსეთი.
ზახაროვა იმავე ვრცელ ინტერვიუში ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს, მათ ინტეგრაციაზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად იცის მამუკა მდინარაძემ, მაგრამ ამას უყურებს უჩუმრად და ეს ყველაფერი ნათელს ხდის მთელ ამ საქმეს.
ჩემი აზრით, მთელი ეს ციკლი, გარკვეულწილად მუქარა და გაფრთხილება არა ნამდვილი სპეცსამსახურების წინააღმდეგ, არამედ უბრალო მოქალაქეების წინააღმდეგ იმისთვის, რომ დაიცვან რეჟიმი.
- „სიძულვილის ენის“ კონტექსტშიც ახსენეს დღეს „გარე ძალები“ – თითქოს იქიდან არის თავსმოხვეული აგრესია.
მით უფრო გაუგებარი იყო მდინარაძის ნათქვამი, რომ გააფრთხილა თურმე გულბაათ რცხილაძე, რომ მოშვებულიყო ამ საქმეს. ანუ იცის, რომ კაცი ჯაშუშია, იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და გააფრთხილა გაჩერდიო. არ გაჩერდა და მერე დაიჭირა.
უბრალოდ, რეჟიმმა დაინახა ის საფრთხე, რომ რცხილაძის საქმიანობიდან გამომდინარე ფეისბუქზე ანტირუსულ გამონათქვამებზე მოუწევდათ რეაგირება და ამას მოჰყვებოდა დაჭერები, რასაც ამას ვეღარ გაუძლებდა „ოცნება“.
სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო რცხილაძის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი, თორემ რცხილაძეს გუშინ კი არ დაუწყია რუსეთზე მუშაობა – ეს ეწერა კიდეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებში.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რუსეთი აქ გვარიანად მუშაობს თავისი ქსელით და „ოცნების“ მოქმედება ნამდვილად არ ჯდება იმ პოლიტიკაში, რომელიც ნამდვილი სუვერენიტეტის დამცველია. ეს გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ რეჟიმი აქ დამკვიდრდეს სამარადჟამოდ.







