მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

08.05.2026
„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე შეისწავლა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მსუბუქი მანქანების შესყიდვები. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტის ფულით სულ ცოტა 175 მილიონ 292 ათასი ლარის მსუბუქი ავტომანქანაა შეძენილი.

ჩვენს მიერ გადამოწმებული ელექტრონული შესყიდვებით შეძენილ ავტომანქანებში შედის ახალი ფურგონიანი მსუბუქი ავტომანქანები, სედანები, ჯიპები, პიკაპები, პოლიციის მანქანები, ასევე მინივენები და მეორადი მსუბუქი ავტომანქანებიც.

12 წლის განმავლობაში სახელმწიფო ორგანიზაციებს მხოლოდ ჯიპებში 17 მილიონზე მეტი ლარი აქვთ გადახდილი.

ეს მაშინ, როცა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, თითქმის ორი წელია ჯანდაცვის სამინისტროსგან უშედეგოდ ითხოვენ წამლის დაფინანსებას. გასულ წელს მათ სამინისტროსთან აქცია გამართეს, 2026 წლიდან კი საპროტესტო აქციებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადმოინაცვლა – მშობლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

დაახლოებით ერთი თვის წინ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ დააკმაყოფილებს მშობლების მოთხოვნას წამლების დაფინანსებაზე. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ მოთხოვნილი წამლები ძალიან ძვირია და კითხვები აქვთ, როგორც ამ წამლების უსაფრთხოებასთან, ასევე მათ ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

დღეს, 7 მაისს კი, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისთვის დაფინანსებული სამედიცინო სერვისები იზრდება.

დღემდე „ოცნების“ მთავრობა იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების წამლების სიძვირეზე საუბრობს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციები თავიანთი კომფორტისთვის ძვირადღირებული მსუბუქი ავტომანქანების შესყიდვას აგრძელებენ.

2013 წლიდან დღემდე „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ჯამში 175 მილიონი ლარის მსუბუქი ავტომანქანა შეიძინეს.

გამოდის, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები 2013 წლიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში, წელიწადში, საშუალოდ, მინიმუმ, 13 მილიონი ლარის მსუბუქ ავტომანქანებს ყიდულობენ.

2026 წელს კი, უკვე ნაყიდი ავტომანქანების ფასები, ასევე კონსოლიდირებული თუ ჩვეულებრივი ტენდერების სავარაუდო ღირებულებები რომ შევაჯამოთ, მსუბუქი და სპეციალიზებული ავტომანქანების შესაძენად 36 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს წლის ბოლომდე.

უახლესი მონაცემებით, წელს ყველაზე მეტ ავტომანქანას შსს იყიდის.

სახელმწიფო-საბიუჯეტო ორგანიზაციები ავტომანქანებს ყიდულობენ, როგორც ტენდერებით ასევე ტენდერის გარეშეც. მსუბუქი ავტომანქანები შეძენილია კონსოლიდირებული ტენდერების გზითაც.

ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით, 2013 წლიდან დღემდე სულ ცოტა 16 მილიონი ლარის ავტომანქანებია შეძენილი, ძირითადად ამ გზით მანქანებს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები ყიდულობენ.

საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 24 დეკემბერს 25 ცალი პირველი კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომანქანის შესყიდვაზე გააფორმა ხელშეკრულება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთან“ 2 554 837 ლარზე. მეორე დღეს კი კომპანიას  2 299 353 ლარი ავანსად გადაურიცხა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ პარლამენტს მანქანები [Toyota Motor Corporation, Toyota/Camry Hybrid] 240 დღეში უნდა მიაწოდოს.

2025 წლის ბოლოს, 10 დეკემბერს გააფორმა ხელშეკრულება აჭარის მთავრობამ სამი მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის [მარკა: HYUNDAI; მოდელი: TUCSON] შეძენაზე „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“, საერთო ღირებულებით – 193 650 ლარი [ერთი ავტომანქანის ფასი 64 550 ლარი]. კომპანიას აჭარის მთავრობამ თანხა სრულად გადაურიცხა ავანსად. მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეა.

აჭარის მთავრობამ შარშან კიდევ ერთი მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა [Skoda Kodiaq] იყიდა – 118 125 ლარად.

გასულ წელს II კლასის მაღალი გამავლობის 4 მსუბუქი ავტომობილი [CHERY TIGGO 7] შეისყიდა აჭარის უმაღლესმა საბჭომ 218 000 ლარად [ერთი მანქანის ღირებულება: 54 500 ლარი].

სამი CHERY TIGGO 7 შეისყიდა 2025 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც – ჯამში 152 478 ლარად [ერთი ავტომობილის ღირებულება 50 826 ლარი].

ასევე CHERY TIGGO 7 იყიდა 59 500 ლარად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ.

5 მსუბუქი ავტომანქანა იყიდა გასულ წელს აჭარის ახლადშექმნილმა კულტურის სამინისტრომ, რაშიც ბიუჯეტიდან ჯამში 294 500 ლარი დაიხარჯა: 47 800 ლარად – მეორე კლასის მსუბუქი ავტომანქანა [Hyundai, Elantra], 189 000 ლარად – სამი ცალი Renault Duster [ერთი მანქანის ღირებულება 63 000 ლარი] და 57 700 ლარად – ერთი ცალი CHERY TIGGO 7.

„ფეხით ვერ დავდივართ, შორია ჩვენი ოფისი“, – ასე უპასუხა აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას შეკითხვას, რატომ იყიდა აჭარის კულტურის სამინისტრომ ავტომობილები. ინფორმაციისთვის: აჭარის კულტურის სამინისტრო ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში [საბაგიროსთან ახლოს], ბაქოს ქუჩის 8 ნომერშია განთავსებული.

2026 წელს რაც შეეხება – 7 მაისის მდგომარეობით გამოცხადებული მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერებით 513 ავტომანქანის შესყიდვაა დაგეგმილი. ამ ავტომანქანების ზღვრულ ღირებულებებს თუ დავაჯამებთ, მათ შესაძენად ბიუჯეტიდან მინიმუმ 28 მილიონზე მეტი ლარია საჭირო.

ერთ-ერთი კონსოლიდირებული ტენდერით სახელმწიფო III კლასის მსუბუქი, სრულად ჰიბრიდი [HEV] 113 ცალ მანქანის შეძენას გეგმავს. ამ შემთხვევაში ერთეული ავტომანქანის [ზღვრული] ღირებულება კონსოლიდირებულ ტენდერში მითითებულია 50 490 ლარი, ანუ ჯამში 5 705 370 ლარი.

ეს ავტომანქანები შემდეგ ორგანიზაციებზე გადანაწილდება:

  • შემოსავლების სამსახური – 90 მანქანა,
  • თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო – 7 მანქანა
  • სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა – 6 მანქანა
  • ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი – 10 მანქანა

აღნიშნულ ცენტრს წელს დამატებით ცალკე ტენდერიც აქვს გამოცხადებული და ექვსი სპეციალიზებული კლასის [პიკაპის] ავტომობილის შესყიდვას გეგმავს, ჯამში 561 600 ლარად.

ოპერატიული დანიშნულების 400 მანქანას შეისყიდის შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე. ამ ტენდერის მიხედვით, ერთი მანქანის ზღვრული ღირებულება 56 575 ლარია [ანუ, ჯამში 22 630 000 ლარი].

უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წელს ორი ტენდერი ცალკეც აქვს გამოცხადებული, რითაც „ავტოსატრანსპორტო საშუალებების“ შესყიდვას გეგმავს, თუმცა, კონკრეტულად რის შეძენას აპირებს – გასაიდუმლოებულია.

შსს-ს ამ საიდუმლო ტენდერების მიხედვით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, ჯამში 7 267 797 ლარია.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2026 წელს:

74 400 ლარით ერთი მსუბუქი ჰიბრიდი ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებული აქვს მუზეუმების გაერთიანებას.

მესამე კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახური – 56 350 ლარად.

75 275 ლარით აქვს გამოცხადებული ტენდერი აჭარის სპორტის დეპარტამენტს, რომელიც ასევე მესამე კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს.

ორი ცალი პირველი კლასის მსუბუქ ჰიბრიდულ ავტომობილს ჯამში 181 044 ლარად იყიდის საქართველოს ეროვნული ბანკი [სებს ერთი ავტომობილი უკვე ნაყიდი აქვს, რაშიც გადახდილია 90 522 ლარი].

101 036 ლარად ერთი ავტომანქანა [Toyota Camry] იყიდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ.

ხელშეკრულება დადებული აქვს და ერთი მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 67 150 ლარად იყიდის.

372 000 ლარად იყიდა 6 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანა [RENAULT Duster] ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ.

მსოფლიო ბანკისგან მიღებული კრედიტით მაღალი გამავლობის ხუთი ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რისთვისაც ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

93 225 ლარად ერთი პიკაპი იყიდა შპს „გოდერძი რიზორტსმა“. ერთი პიკაპის შეძენას 95 418 ლარად აპირებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, 69 555 ლარად – ხაშურის მუნიციპალიტეტი, ხოლო II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს 77 275 ლარად იყიდის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საპროტოკოლო დანიშნულების, ბიზნეს კლასის, სედანის ტიპის ავტომანქანის [Skoda Superb Combi LK] შესყიდვას გეგმავს 152 045 ლარად სურსათის ეროვნული სააგენტო. სააგენტო 180 165 ლარად ასევე ყიდულობს ერთ ერთეულ საპროტოკოლო დანიშნულების, ბიზნეს კლასის, ლუქს კატეგორიის მინივენს [მარკა: HYUNDAI, მოდელი: STARIA].

სურსათის სააგენტო ამ მანქანების შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ტენდერები გამოაცხადა. ამ ეტაპზე ორივე ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა.

საბიუჯეტო ორგანიზაციები ავტომანქანებს, ძირითადად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ მიხედვით ყიდულობენ. აღნიშნული წესი საქართველოს მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა და დღემდე მასში თექვსმეტჯერ შეიტანა ცვლილება.

ეს წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე შე­ია­რაღებული ძალების [სამხედრო ფუნქციების განხორციელების ნაწილ­ში] და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საპროტო­კო­ლო/სასტუმრო ავტომობილებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: