„წამყვეს „ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტი და მაჩვენოს, სადაა უფასოდ ექიმი, ან უფასო კვლევები შშმ ბავშვებისთვის? დაფინანსებულია კი არა, 2 წელია ვერ მიმიყვანია შვილი ექიმთან,“ – ამბობს ეკა მაისურაძე. იგი მარტოხელა დედაა, ორი შვილი ჰყავს, სოციალურად დაუცველია და თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
ეკა მაისურაძის უფროსი შვილი – 17 წლის სალომე შშმ პირია. ეკა მაისურაძე პროპაგანდისტულ გზავნილებს აპროტესტებს, რომ თითქოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით, ან ზოგადად შშმ ბავშვებს უფინანსებენ სამედიცინო მომსახურებას.
მარტოხელა დედა გვიყვება, რომ შშმ ბავშვს არც მაშინ უფინანსებენ საჭირო კვლევებს, როცა ის სოციალურად დაუცველია.
„წამიყვანონ „იმედის“ წამყვანებმა უფასო კვლევებზე, მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია სჭირდება ჩემს შვილს, ენდოკრინოლოგიური კვლევები, რაც ჯამში 947 ლარი ჯდება. მოიხსნან ეს ვარდისფერი სათვალე და დაგვინახავენ…
სინამდვილეში ხდება ის, რომ ფინანსდება, მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი, მუცლის ღრუს ექოსკოპია, რაც ყველაზე დაბალფასიანია და ჯამში ღირს 45 ლარი. ამ დროს გვჭირდება ენცეფალოგრამის გადაღება და ეს ჯდება 150 ლარი, D ვიტამინის ანალიზი ჯდება 70 ლარი… კლინიკური კონსულტაციაც კი არ ფინანსდება. ოჯახის ექიმთან მიხვალ და ბავშვს ენდოკრინოლოგი ჩვენ არა გვყავსო.
ჩემი შემოსავალია შემწეობა 380 ლარი და 470 ლარი პენსია. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამით შესაძლებელია ყველა გადასახადის გადახდა, ქირა, არსებობა და სამედიცინო კვლევების დაფინანსება, ხელები ამიწევია.
თანაც, სალომე არის განსაკუთრებულ კვებაზე, მას სჭირდება უგლუტეინო, ულაქტოზო საკვები. ეს სჭირდება მის ჯანმრთელობას,“ – ამბობს ეკა მაისურაძე.

ეკა მაისურაძე შვილებთან ერთად
მარტოხელა დედა კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში არსებობს შინმოვლის პროგრამა, რაც გულისხმობს შშმ პირის აქტიურ მხარდაჭერას. ეკა მაისურაძე ამბობს, რომ ამ პროგრამაში ჩასართავად თბილისის მერიას 2023 წელს მიმართა, მაგრამ პროგრამაში ვერ ჩაერთო.
„რიგებიაო. ამ დროს გახდება ბავშვი 18 წლის და მერე ისედაც ვეღარ ჩაერთვება. თითქოს 18 წლის უკვე გამოჯანმრთელდა და აღარაფერი უნდა, ამათი გადასახედიდან.
სალომეს მარტო ვერ ვტოვებ, რომ სადმე გავიდე და ვიმუშაო, მასწავლებელი ვარ. რამდენიმე საათით დალაგებაზე თუ გავალ, ესაა.
გამგეობა მხოლოდ ქირის ფულის გადახდაში მეხმარება – ქირის ნაწილს მიხდიან,“ – ამბობს ეკა მაისურაძე.
ეკა მაისურაძეს განსაკუთრებულად ეამაყება იმ ახალგაზრდების, რომლებმაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ფული შეუგროვეს.
„ამ ბავშვების მეამაყება და ესენი არიან ჩემი იმედი. ვიცი, რომ ეს ბავშვები დამიდგებიან გვერდით.
„ოცნების“ პროპაგანდას სჭირდება გადაფარვა რეალური ისტორიებით, ადამიანებით… ისე იტყუებიან და ჰყვებიან, ყველაფერს ვაფინანსებთო, მერე ბევრს სჯერა.
კობახიძე რომ ამბობს, ხალხის ფულია და ხალხმა უნდა გადაწყვიტოსო, მე თანახმა ვარ, როგორც მოქალაქე, ბავშვებს წამალი ჰქონდეთ. არა მგონია, საქართველოში არსებობდეს მოქალაქე, რომელიც ბავშვების დახმარებაზე იტყვის უარს. მე ასეთი მოქალაქე არ მეგულება „ოცნების“ ამომრჩევლებშიც კი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ეკა მაისურაძემ.






