ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის, ასევე თბილისსა და გარდაბანში „კრწანისის პარკსა“ და მიმდებარე ნაკვეთებს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. „ოცნების“ მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
სტატუსის მინიჭების შესაბამის დადგენილებებს ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა.
უშუალოდ ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 588 888 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიას „ეკონომიკური და საინვესტიციო ფაქტორებიდან გამომდინარე, მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი“, – წერია დადგენილებაში, რომელიც 2 ივნისიდან ამოქმედდა.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მიმდებარე მიწის ნაკვეთები [მონიშნულია თეთრი ფერით], რომელთაც განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. / ფოტო მთავრობის დადგენილების დანართიდან
აღნიშნული კოდექსის მიხედვით:
„დიდი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, საკურორტო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სარეკრეაციო, კულტურული ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებას ან მუნიციპალიტეტს ან მისი ტერიტორიის ნაწილს შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი.
ასეთი ტერიტორიისთვის საქართველოს მთავრობა ამტკიცებს გენერალურ გეგმას, ხოლო სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო – განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას.
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისთვის დაადგინოს ამავე ტერიტორიაზე მოქმედი სპეციალური მარეგულირებელი ნორმები − ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების/დამტკიცების განსხვავებული წესები.
ასეთ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით“.
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია ამ ეტაპზე სახელმწიფოს საკუთრებაშია. აქ „არაბული ინვესტიციაა“ დააანონსებული.
„ეკონომიკური და საინვესტიციო ფაქტორებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი“ მიენიჭა ასევე თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს [ჯამში 6 335 813,3 კვადრატული მეტრი], სადაც ასევე „არაბული ინვესტიციაა“ დაანონსებული. ეს ნაკვეთები [კრწანისის პარკი] უკვე უზუფრუქტით შპს „იგლ ჰილს საქართველოზეა“ გადაცემული.

თბილისსა და გარდაბანში მიწის ნაკვეთები [მონიშნულია თეთრი ფერით], რომელთაც განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. / ფოტო მთავრობის დადგენილების დანართიდან
ამ თემაზე:
„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო






