განათლება,მთავარი,სიახლეები

„ბარემ პირდაპირ მიუერთონ განათლების სამინისტრო შსს-ს“- რევაზ აფხაზავა

01.06.2026
„ბარემ პირდაპირ მიუერთონ განათლების სამინისტრო შსს-ს“- რევაზ აფხაზავა

პირველ ივნისს „112-ის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი არსოშვილს, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სსიპ-ი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ჩააბარეს.

გიორგი არსოშვილი მესამე ძალოვანია, რომელიც ამ უწყებაში დაინიშნა ბოლო ერთ წელში.

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია, მისი პირველი მოადგილე, გიორგი ღირსიაშვილი კი განათლების სისტემაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან მოვიდა. 

რაზე მეტყველებს, როცა მაღალჩინოსანი ძალოვნები განათლების სისტემაში გადადიან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, „თავისუფლების მოედნის“ წევრს, რევაზ აფხაზავას ესაუბრა.

მისი შეფასებით, განათლების სისტემაში ამდენი ძალოვნის მოყვანით, „ოცნება“ ცდილობს მოათვინიეროს სკოლა და უმაღლესი განათლების სისტემა.

„ცდილობენ განათლების სისტემა ამუშაონ არა ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მოსწავლეების თუ სტუდენტების უკეთესი მომავლისათვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, არამედ რაღაც ელექტორალური მოსავლის ასაღებად.

ეს არის მათი ამოცანა, რომ განათლების სისტემა იყოს ნახევრად მილიტარიზებული, რაღაც პოლიციური ორგანო. განსაკუთრებით სკოლებზე აქვთ აქცენტი და უმაღლეს სასწავლებლებზე, სადაც, წესით, უნდა იყოს აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია.

უნდათ, რომ სკოლები გადააქციონ რეგიონულ ოფისებად და ფაქტობრივად, ამ მიმართულებით უკვე ძალიან წინ არიან წასულები. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პოლიციის და უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნები ინიშნებიან აქ. ეს არ ხდება შემთხვევით იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან კონკრეტული მიზნები და ეს მიზანია განათლების სისტემის მორჩილება და პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევა“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

მისი შეფასებით, ამას ახერხებენ კიდეც გარკვეულწილად და რაც უფრო იზრდება წნეხი მასწავლებლებზე, მით უფრო იზრდება უკმაყოფილებაც.

„ჩვენ ვისმენთ პირად საუბრებში ამ უკმაყოფილებას და პოლიციური კონტროლი არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მართლა გულწრფელად მათი მხარდამჭერები არიან. ეს არის წნეხი, რომელსაც ერთხელაც ბზარი გაუჩნდება და გაარღვევს ამ რაღაც პოლიციური სისტემის დამბას და მართლა წარღვნასავით, ღვარცოფივით მიაწყდება მთელ სისტემას“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

რა გიჩენთ ამის განცდას? – ვკითხეთ მას. რევაზ აფხაზავას აზრით, პოლიტიკურ წნეხში განათლების სისტემის მოქცევას წინა ხელისუფლებაც ცდილობდა, თუმცა ამან ვერ გამოიღო სათანადო შედეგი.

„მათ მაინც ვერ მოიგეს არჩევნები. დღეს კი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ბევრად რეპრესიულია, იქნება ეს ტოტალური მოსმენები, რაც ჩვენ ვნახეთ ეს სუს-ის კრებსებშიც, სადაც გამოჩნდა, რომ უსმენდნენ არა მხოლოდ სასულიერო პირებს და პოლიტიკოსებს, არამედ სკოლის დირექტორებსაც და ამის მიხედვით იღებდნენ გადაწყვეტილებებს ვინ უნდა დაეტოვებინათ ან გაეშვათ სამსახურებიდან.

ფაქტობრივად დაცალეს მთელი სისტემა პროფესიონალებისგან, იმიტომ, რომ ამათ არ აინტერესებთ არც ზოგადი და არც უმაღლესი განათლება. აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება და მათი კეთილდღეობის შენარჩუნებას უნდათ, რომ გადააყოლონ ჩვენი შვილების მომავალი“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

რას გაგონებთ ეს? – ვკითხეთ რევაზ აფხაზავას. მისი შეფასებით, „ეს ყველაფერი, თუნდაც საპოლიციო ძალების გადმოსროლა ამ სისტემაში, ემსახურება იმ მიზანს, რომ ზეგავლენა მოახდინონ ახალგაზრდების თავისუფალ ნებაზე“.

„ეს ჩანაფიქრი და რეგლამენტიც საბჭოთაა, კრემლში დაწერილი სცენარია, რომლითაც ესენი ხელმძღვანელობენ. მაგრამ საბედნიეროდ, ეს ვერ შეძლეს ვერც საბჭოთა კავშირის დროს, როცა გაცილებით უფრო ძლიერი მექანიზმი მუშაობდა და გაცილებით თანმიმდევრული და ამათზე ჭკვიანი და საქმის გამკეთებელი ხალხი იყო, მაგრამ მაინც ჩამოიშალნენ.

იმიტომ, რომ ასეთი ტიპის იდეოლოგიური წნეხი ვერ მუშაობს.

„ოცნება“ დიდი ხანია ებრძვის სამოქალაქო განათლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, დამოუკიდებელი მსჯელობის უნარს, პროპაგანდის და ნამდვილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევას. აქამდე ებრძოდნენ ვითომ ფუნდამენტალისტური, ვითომ ეროვნული, რეალურად ფსევდოეროვნული ორგანიზაციების საშუალებით, მაგრამ ახლა თვითონ გადაიბარეს ეს ფუნქცია და ფაქტობრივად, საბჭოთა მიდგომებს გვიბრუნებენ, რომ სკოლა არის პარტიის დანაყოფი, პატარა უჯრედი, სადაც ხდება სისტემისთვის მორჩილი ხალხის გამოზრდა.

საბედნიეროდ, დღეს 21-ე საუკუნეა და ეს ასეთი ტიპის არქაული რეგლამენტებით და გზამკვლევებით მოქმედება შედეგს ვერ გამოიღებს. გახსოვთ ალბათ, საბჭოთა კავშირის დროსაც კი როგორი აგდებული დამოკიდებულება იყო ამ ყველაფრის მიმართ და არც პავლიკ მოროზოვი ყოფილა ქართველი.

ჩვენ სხვა ღირებულებების, სხვა ტრადიციების და სხვა იდენტობის ხალხი ვართ, ამათ კი უნდათ ამ რუსული გეგმით გავიდნენ, მაგრამ კისერს წაიტეხავენ“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

მის აზრით, დღეს თანამედროვე მსოფლიო გაცილებით დინამიკურია და წესით, „ქართული ოცნების“ არსებობა აქამდეც არ უნდა გაგრძელებულიყო.

„მაგრამ ესენი მანიპულირებენ ეკონომიკური მდგომარეობით და აი, ამ ფაქტობრივად სოციო-ეკონომიკურ ტყვეობაში ჰყავთ მასწავლებლებიც, ეკონომიკური შანტაჟით არიან დაკავებულები, რადგან დღეს მასწავლებლებისთვის სამსახურის დაკარგვა ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილის ტოლფასი.

ამით აშანტაჟებენ ადამიანებს, თორემ მზე და მთვარე არ ამოსდით „ქართულ ოცნებაზე“. უბრალოდ, მძევლად ჰყავთ აყვანილი ეს ხალხი ამ ეკონომიკური მდგომარეობით. თუმცა არის რაღაც მიჯნა, რომლის იქეთ ეს ეკონომიკური კეთილდღეობაც აღარ არის მნიშვნელოვანი, როცა ბავშვების მომავალს ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე და ფაქტობრივად, ხელისგულზეა ეს ყველაფერი“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

15 სექტემბრისთვის „ქართული ოცნება“ სკოლებში ახალ სახელმძღვანელოებს შეიტანს. რა ეწერება წიგნებში? რა საფრთხეები არსებობს? – ვკითხეთ მას.

„მაგალითად, 40-იან, 60-იან თუ 70-იან წლებში როცა რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული და სამყაროსთან შეხების ერთადერთი ფანჯარა სახელმძღვანელო იყო, მაშინაც კი არ ჭრიდა ასეთი იდეოლოგია. დღეს კი ახალგაზრდებმა გაცილებით მეტი იციან და მათი მოტყუება არ იქნება ადვილი.

ამიტომ, რასაც ესენი აკეთებენ ეს არის ანაქრონიზმი. დაკარგული აქვთ ადეკვატურობა. ფორმები რომ ჩააცვან ბავშვებს, ამასაც კი ვერ მოაბეს თავი, რადგან არც დაგეგმვა იციან და არც ანგარიში. ან რატომ უნდა ეცვას ყველა მოსწავლეს ერთ თარგზე მოჭრილი ფორმა, რა საჭიროა ეს ყველაფერი, რა განათლების საქმეა ეს.

გამოტენეს სამინისტრო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით, რომლებმაც არაფერი იციან განათლების, რომელიც ურთულესი სისტემაა და ყველა რგოლი ერთმანეთზე ახდენს გავლენას. ამათ კი საერთოდ განათლების სპეციალისტი აღარ ჰყავთ, რომელსაც შეუძლია ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დაადგინოს.

112-ის ყოფილი უფროსი კი ვერაფერს დაადგენს. საუკეთესო შემთხვევაში ის შეიძლება იყოს უფრო ტექნოკრატი ადამიანი, რომელიც რაღაც ადმინისტრაციულ საკითხებს აგვარებს.

ის უწყება, რომელიც მას ჩააბარეს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, რადგან აქ ხდება ინფორმაციის თავმოყრა, დახარისხება, რომ შემდეგ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდეს და მათ ამის კომპეტენცია არ აქვთ. ესენი ალბათ შსს-ს ბაზებს მიაბამენ სკოლის ბაზებს და ექნებათ კონტროლის რაღაც ერთიანი სისტემა, რომელიც ასევე ჩაუფლავდებათ.

ან რად უნდათ ასეთი სისტემა – სკოლაში ბავშვები აღარ დარჩათ, საზღვარგარეთ გარბიან ოჯახები ბავშვებით, მასწავლებლობის მსურველი აღარ ჰყავთ, მომზადების პროგრამები დაკეტეს და გაუბედურეს განათლების სისტემა.

მოიყვანონ ბარემ ჯარისკაცები, პოლიციელები, უშიშროების თანამშრომლები და დანიშნონ ან პირდაპირ მიუერთონ შინაგან საქმეთა სამინისტროს განათლების სისტემა თუ ნახევრად გასამხედროებული დაწესებულება უნდათ.

მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ცუდად მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, რადგან ამას გვაჩვენებს ისტორიის ყველა ეტაპი“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: