ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

29.03.2026
„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული, მთლიანად მოქცეულია ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შეზღუდულია.

აეროდრომის დაცვის არეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგენს და ამავე არეში შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების [ობიექტების] დასაშვებ სიმაღლეს.

პარალელურად, ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ახალი „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავებაზე“ სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, „ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრადი ურბანული განვითარება“ იქნება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით „აეროდრომის დაცვის არეში ობიექტის მშენებლობის და დასაშვები სიმაღლის დადგენის მიზანია აეროდრომის თავზე და მის სიახლოვეს დაბრკოლებებისაგან თავისუფალი საჰაერო სივრცის დაცვა, რათა ფრენების დროს არიდებულ იქნას საჰაერო ხომალდის დაბრკოლებასთან [ობიექტებთან – შენობა/ნაგებობებთან] შეჯახება.“

აეროპორტის დაცვის არის [აეროდრომის რაიონის] პერიოდულ შემოწმებას აეროპორტის/აეროდრომის ექსპლუატანტიც ახორციელებს.

ბათუმის შემთხვევაში აეროპორტის ექსპლუატანტი არის კომპანია „ტავ ჯორჯია“, რომელსაც არსებული ხელშეკრულებით ბათუმის აეროპორტის მართვის უფლება 2027 წლის აგვისტომდე აქვს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ტავ ჯორჯიას“,  იგეგმება თუ არა ბათუმის აეროპორტის მართვის ვადის გაგრძელება და როდემდე?

ამასთან, კომპანიას ვკითხეთ, მოქცეულია თუ არა გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია აეროდრომის დაცვის არეში და მაქსიმუმ რამდენმეტრიანი შენობის აშენებაა დასაშვები ამ არეში?

„ტავ ჯორჯიას“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ვადა მოქმედი ხელშეკრულებით მართლაც იწურება 2027 წლის აგვისტოში, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები  საქართველოს მთავრობასთან, რათა კონცესიის ვადა გახანგრძლივდეს [კონკრეტულ ვადას ვერ დაავასახელებთ, ვინაიდან მოლაპარაკებები მიმდინარე ეტაპზეა]“, – მოგვწერეს „ტავ ჯორჯიადან“ ჩვენი კითხვების პასუხად 2026 წლის 25 თებერვალს.

რაც შეეხება ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასთან დაკავშირებულ კითხვას, „ტავ ჯორჯიადან“ მოგვწერეს, რომ „ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე ჩვენი კომპანია არ არის უფლებამოსილი. გთხოვთ, საკითხთან დაკავშირებით მიმართოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.“

„ბათუმელებმა“ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიასთან დაკავშირებით იმავე შეკითხვით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ დაგვიდასტურა, რომ აღნიშნული ტერიტორია შედის აეროდრომის დაცვის არეში, თუმცა შენობა-ნაგებობების დასაშვებ მაქსიმალურ სიმაღლეებზე კონკრეტულად არ გვიპასუხა.

„თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის დაცვის არეში, შესაბამისად, შენობა-ნაგებობების დასაშვები სიმაღლე, მიწის დონიდან დამოკიდებული იქნება განთავსების ადგილმდებარეობაზე და სამშენებლო მოედნის შემაღლებაზე,“ – მოგვწერეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან 2026 წლის 24 მარტს.

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონის [დაცვის არის] სქემის“ მიხედვით, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, ყოფილი პოლიგონის ტერიტორია აეროპორტის დაცვის არის იმ ზონაშია, სადაც შენობა-ნაგებობის დაშვებული მაქსიმალური სიმაღლე 56,4 მეტრია.

ბათუმის აეროპორტის დაცვის არე / მარჯვნივ წითელი ხაზებით დაშტრიხულია გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული

თუ ამ 56,4-მეტრიან ზღვარს ავიღებთ და შენობის მაქსიმალურ სართულიანობას გამოვთვლით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება ის, რომ მთლიანი შენობის კონსტრუქციული ნაწილი – მიწის დონიდან სახურავის ჩათვლით [ლიფტის შახტების, პარაპეტების და ვენტილაციის დანადგარების გათვალისწინებით], არ უნდა აღემატებოდეს ამ 56,4-მეტრიან ნიშნულს [ამასთან, თუ შენობაზე დაგეგმილია რამე დეკორატიული ელემენტი, მაგალითად, შპილი ან ანძა, ისიც ამ სიმაღლეში უნდა ჩაეტიოს].

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება აშენდეს:

  • საცხოვრებელი ტიპის შენობა – მაქსიმუმ 17 სართული [სტანდარტული 3-მეტრიანი ჭერით].
  • ბიზნესცენტრი – 13 სართული [თანამედროვე კომუნიკაციების გათვალისწინებით].
  • პრემიუმ სასტუმრო – 12 სართული [მაღალი ლობითა და საერთაშორისო სტანდარტით].

ეს უხეში გათვლებით, თუმცა, როგორც სააგენტოდან მოგვწერეს „შენობა-ნაგებობების დასაშვები სიმაღლე მიწის დონიდან დამოკიდებული იქნება განთავსების ადგილმდებარეობასა და სამშენებლო მოედნის შემაღლებაზე“.

ბათუმის აეროპორტი / ფოტო „ტავ ჯორჯია“. ბათუმის აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს. „ტავ ჯორჯიადან“ თებერვალში მოგვწერეს ასევე, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინეს ბათუმის აეროპორტის გაფართოების გეგმა, თუმცა რას გულისხმობს ეს გეგმა, არ დაუკონკრეტებიათ. „2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი და მგზავრთნაკადმა მიაღწია 1,2 მილიონს. ზრდის ტენდენციისა და ავიაკომპანიების მხრიდან მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაშიც „ტავ ჯორჯია“ მზად არის ინვესტიცია განახორციელოს.“ – მოგვწერეს კომპანიიდან.

როგორაა დაცული დასაშვები სიმაღლეების საკითხი ბათუმის აეროპორტის, ასე ვთქვათ, მეორე [ქალაქის] მხარეს, ამაზე „ბათუმელები“ წლების წინ წერდა [მაშინ ახლანდელი 56,4-მეტრიანი ნიშნული კიდევ უფრო მცირე იყო – 45 მეტრი].

ვრცლად ამ თემაზე: უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

ბათუმის აეროპორტის დაცვის ზონაში დაბრკოლებათა მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების დასადგენად კვლევის ჩატარებას ამჯერად „საქაერონავიგაცია“ გეგმავს და მომსახურებას ტენდერის გარეშე შეისყიდის.

კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება.

რა სიმაღლეებს დაადგენენ ამჯერად, წინასწარ უცნობია, თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ „ამ დავალების წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს, როგორც საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო ოპერირებას, ასევე ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრად ურბანულ განვითარებას / ქალაქის ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.

აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის ახალი წესი, რომელიც ვრცელდება როგორც აეროდრომის ექსპლუატანტზე, ისე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე – მოცემულ შემთხვევაში, „საქაერონავიგაციაზე“.

ამ თემაზე ვრცლად: ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად 518 ათასი ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, გარდა იმისა, რომ აეროპორტის დაცვის არეშია, ის ნაწილობრივ ან/და მთლიანად შედის „სამიგრაციო ძაბრისა“ და „ზურმუხტის ქსელში“.

ბათუმში არის ათკილომეტრიანი ე.წ. „სამიგრაციო ძაბრი“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.

ამ სამიგრაციო ძაბრის ნაწილია სწორედ ჭოროხის დელტაც, რომელიც, თავის მხრივ, შედის „ზურმუხტის ქსელში“.

„ზურმუხტის ქსელი“ კი პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება.

ამ თემაზე ვრცლად: ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი

ჭოროხის დელტას და ნაწილობრივ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც კონკრეტულად მიგრირებადი სახეობებისთვის, ასევე ბერნის კონვენციის ამოცანებისა და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით.

თუმცა, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის არც „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრების შენარჩუნებაა პრიორიტეტი და მისი კორექტირებაც გადაწყვეტილი აქვს.

არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს.

სამინისტროდან გასული წლის ბოლოს მოგვწერეს, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“

ამ თემაზე ვრცლად: Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება

ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია „იგლ ჰილსმა“ [Eagle Hills] საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. „იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

ვინაიდან ხელშეკრულების დეტალები გასაიდუმლოებულია, გამორიცხული არაა ყოფილ პოლიგონზე მაღალი შენობების აშენების გარანტია სახელმწიფოს უკვე მიცემული ჰქონდეს არაბული კომპანიისთვის.

საქართველოში რეგისტრირებულია კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“, რომლის 33.33% პროცენტი საქართველოს[სახელმწიფოს] ეკუთვნის, 66,67 პროცენტი კი – „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედს“.

„იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ფიქსირდებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და თორნიკე ზირაქიშვილი – სსიპ „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე. თუმცა, 2026 წლის 26 თებერვალს ზირაქიშვილმა სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

„Eagle Hills-თან“ თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, ძირითადად, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია.

ამ თემაზე: გონიოში 257,9 ჰექტარი მიწა Eagle Hills-ისთვის მისაცემად აჭარამ სახელმწიფოს გადასცა

„ოცნების“ ხელისუფლება დაახლოებით თვენახევრის წინ ირწმუნებოდა, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა.

ბათუმის აეროპორტი და მიმდებარე ტერიტორია

მთავარი ფოტო: ბათუმის აეროპორტი/„ტავ ჯორჯია“

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: