მთავარი,სიახლეები

კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში

12.02.2026
კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში

„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიხე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა.

„გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 12 თებერვალს მთავრობის სხდომაზე.

კობახიძის თქმით, 1 კვ.მეტრის ფასი 1650 დოლარი იყო.

კობახიძემ  ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა შეიძინეს:

„ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო  კრწანისში. თქვენ იცით, რომ ოპოზიციას დაანონსებული ჰქონდა 15 000 -დოლარიანი ფასი, მათ იცოდნენ ინვესტორზე უკეთ რა ფასით გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი, დაახლოებით ათჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი, შესაბამისად ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც იყო ხელმისაწვდომი – ჩვენ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია.

გახსოვთ რამხელა კამპანია იყო აგებული ამ თემასთან დაკავშირებით. ცნობილი არაბიზაციის ტერმინი შემოიტანეს და ასე შემდეგ. აცხადებდნენ, რომ პრაქტიკულად ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და მთლიანად გაიყიდებოდა არაბებზე, სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ.

არაბეთის მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა შეიძინეს.

გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა. რომ არა ის ისტერიული კამპანია, რომელსაც ოპოზიციონერები აწარმოებენ, დარწმუნებული ვარ ქართველების წილი უფრო მაღალი იქნებოდა, დარწმუნებული ვარ მომავალში ეს წილი გაიზრდება. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას“ – თქვა კობახიძემ.

ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

რეესტრის  მონაცემების მიხედვით, კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ფიქსირდებიან საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და თორნიკე ზირაქიშვილი – სსიპ „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე.

კომპანიის 33.33% პროცენტი საქართველოს ეკუთვნის, 66,67 პროცენტი კი – „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედს“.

„Eagle Hills-თან“ თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც.

______________________

ფოტოზე: „იგლ ჰილსის“ გონიოს პროექტის ესკიზი.

ამავე თემაზე: 

 

გონიოში 257,9 ჰექტარი მიწა Eagle Hills-ისთვის მისაცემად აჭარამ სახელმწიფოს გადასცა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: