„უფრო გაგვიკვირდა ის, რომ გიორგი უძილაური გამოაცხადეს დასავლეთის ჯაშუშად, ვიდრე ის, რომ დასავლეთის ჯაშუშობისთვის ვინმე დაიჭირეს. ჯაშუშის დაანონსებული დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“- ამბობს „ბათუმელებთან“ თეონა აქუბარდია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.
რაზე მეტყველებს ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან კიდევ ერთი პირის დაკავება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ თეონა აქუბარდიას.

თეონა აქუბარდია
- ქალბატონო თეონა, გუშინ დააკავეს გიორგი უძილაური, ივანიშვილის ბანკის, „ქართუს” ყოფილი პიარმენეჯერი, რომელიც დაკავებამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. რაზე მეტყველებს გიორგი უძილაურის შემთხვევა, რატომ ხდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს ერთგულებას ეფიცებოდნენ, ციხეში არიან? როგორ ფიქრობთ, რა პროცესები მიდის ივანიშვილის კარზე რეალურად?
„დასავლეთის ჯაშუშს“ რომ გამოავლენდა სუსი, ამის შესახებ ჯერ კიდევ მამუკა მდინარაძემ დააანონსა „იმედის“ არხზე მას შემდეგ, რაც ის გადააყენეს სუს-ის უფროსობიდან.
უფრო ადრე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელზეც თქვეს, რომ რუსეთისთვის ჯაშუშობდაო და აქაც იგივე მეთოდი გამოიყენეს, – ჯერ პროპაგანდისტულმა მედიამ თქვა, რომ რუსეთის ჯაშუში იყო დაკავებული და შემდეგ დაადასტურა იგივე მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ისიც თქვა, რომ სალაპარაკო აღარ ექნება იმ ხალხს, ვინც ამბობდა, რომ 14 წლის მანძილზე “ქართულ ოცნებას” არ დაუკავებია რუსეთის არც ერთი ჯაშუშიო და რომ სხვა ქვეყნის ჯაშუშებსაც დაიჭერენ.
ანონსი ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით – ასეთი პრაქტიკა არ მახსენდება სხვა ქვეყნებში, მაგრამ „ქართული ოცნების” პირობებში სრულიად ლოგიკური იყო, რადგან სუს-ის ანგარიშებში პირდაპირ ხდება დასავლეთის დემონიზირება, სადაც წერია, რომ თურმე დასავლეთი გვებრძვის დეზინფორმაციით.
2016 წელს რუსეთი იყო ოფიციალურად აღიარებული ჰიბრიდული ომის საფრთხედ და ახლა უკვე გვიყვებიან, რომ ეს საფრთხე არის დასავლეთი, რაც სუს-ის პარტიის ინტერესებში ჩაყენების მაჩვენებელია.
რაც შეეხება თავად უძილაურის ფაქტს, უფრო გაგვიკვირდა ის, რომ უძილაური გამოაცხადეს დასავლეთის ჯაშუშად, ვიდრე ის, რომ მოსალოდნელი იყო ვინმეს დაჭერა დასავლეთის ჯაშუშობისთვის.
- რა იცით მის შესახებ, როგორ ფიქრობთ, რატომ გახვიეს ამ ამბავში?
უძილაურს ვიცნობ და ის 2012 წლამდე აქტიურად იყო საჯარო სივრცეში. მას თავისი, პირადი განწყობები ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, მანამდეც არ მალავდა ამ ნეგატიურ განწყობებს.
თუმცა ბოლო წლებში ის არავის გახსენებია და საჯაროდ მისი სახელითა და გვარით რაიმე ტიპის აქტივობები ბოლო პერიოდში არ ხდებოდა. ის, რომ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში მუშაობდა, შემდგომ გავიგეთ. რატომ დააკავეს და მით უმეტეს ამ ბრალდებით, ეს არის აქ ალბათ უფრო საინტერესო.
თუ გადავხედავთ ტენდენციას, რაც თავისიანებთან ბრძოლაში გამოხატა ივანიშვილმა – ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ბაჩიაშვილის დაჭერით, გარკვეულწილად ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც „ქართული ოცნების“ შიგნით აჩვენებს დაპირისპირებებს.
ამ ფორმით დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მით უმეტეს – დაანონსებული დაკავება. ერთია ის, რომ დასავლეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს (რომელი ქვეყნის, აღარ ამბობს პროპაგანდისტული მედია) და არა, მაგალითად, რუსეთის.
მით უმეტეს ის შინაარსი, რომელიც სუს-ის განცხადებაში იყო, მძაფრსიუჟეტიან ტრილერს მოაგონებდა ბევრს, რომ – „შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით“ და ასე შემდეგ. სერიოზული ჯაშუშური ჟანრის ფილმის შინაარსი გადმოსცა სუს-მა. მაგრამ ამავდროულად, ფაქტია ის, რომ კაცი, რომელიც ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსი იყო, რომელიც მასთან ერთად საჯაროდ ჩნდებოდა, ციხეში გაუშვეს.
- ამით რას ამბობს ივანიშვილი, რომ ჯაშუშები ჰყავს გარემოცვაში?
როგორც ჩანს, ჰყოლია ჯაშუშებიც, ისევე როგორც აღნიშნავდა, რომ „დიფ სთეითის“ ზარის შედეგად დანიშნა თურმე გახარია პრემიერ-მინისტრად. ახლა აღმოჩნდა, რომ კაცი, რომელიც მხრებზე ჰყავდა შესმული, თურმე დასავლეთის ჯაშუშია და როგორც ჩანს, დიდი ხანია ჰქონდათ გადაწყვეტილი მისი დაკავება. კორუფციის ბრალდებით ალბათ არ გამოუვიდათ და მოიგონეს ჯაშუშობა.
- ლილუაშვილის, გომელაურის, ღარიბაშვილის ან ფარცხალაძის შემთხვევაში საქმე ეხებოდა ფულს და ძალაუფლებას. უძილაური რის გამო შეიძლება აღმოჩენილიყო სამიზნე?
არ ვიცი რა ჰქონდათ უძილაურთან გასაყოფი, მაგრამ ითქვა, რომ მას საკუთარი ნაცნობობა და გავლენები ჰქონდა გამოყენებული. 2017 წელს რა გავლენები შეიძლება ჰქონოდა უძილაურს, არ ვიცი.
ფარცხალაძეს რაც შეეხება, ის დასავლეთის მიერ იყო სანქცირებული და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში როცა ამხილა აშშ-მ, „ოცნება“ პირიქით, გადაეფარა მას და ეროვნული ბანკის ბრძანებით ფულის გატანის და ქონების შვილზე გადაფორმების შესაძლებლობაც მისცეს.
- თუმცა შემდეგ შეკვეთილი მკვლელობის გამო თვითონ წაუყენეს ბრალი.
ამიტომ სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ სუს-ი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით მოქმედებს, ან ის, რომ აქ დასავლეთი მუშაობს სპეცსამსახურებით საქართველო რომ დააზიანოს, არ ვფიქრობ, რომ ადეკვატურია ამ ვითარებაში. ვფიქრობ, უფრო შიდა საკითხებს უკავშირდება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როცა პირველად თქვეს, რუსეთის აგენტი დავიჭირეთო, ეს კაცი აღმოჩნდა ახალგორელი და მას გამოექომაგა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი და არა რუსეთის სპეცსამსახური. თან, ორი გაგვექცაო, რომ თქვეს, საინტერესოა იმ ორთან დაკავშირებით რას შვრებიან.
ფაქტია, რომ შიდა პრობლემა მიაბეს ანტიდასავლურ განწყობებს. ანტიდასავლური განწყობების სოუსით დააკავეს უძილაური. რა თქმა უნდა, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამაზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სასამართლო, რომელსაც არ აქვს ნდობა და დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე, მოგვიანებით გაირკვევა ალბათ და უფრო მეტი ინფორმაცია იქნება რა და როგორ.
„ოცნების“ პროპაგანდისტის მოროშკინას პოსტიც იყო ტენდენციის მაჩვენებელი, რომ ივანიშვილი თავის ერთგულ პირებს ციხეში უშვებს სხვადასხვა ბრალდებით და ეს პრობლემად არის დანახული მათ მხარდამჭერებში. მეორეა ის, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის გასუფთავების და ირაკლი კობახიძეზე ბრალის აკიდების მცდელობას.
თუ იმ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილს სამ წელზე მეტი ხნით პრემიერ-მინისტრი არ გაუჩერებია, არსებობს ამასთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს ასე მოხდება. მაშინ როცა „ქართუს“ პრესსამსახურის ყოფილ უფროსს აჭერინებს, ისევე როგორც ყოფილ პრემიერს, სუს-ის ყოფილ უფროსსა და ბაჩიაშვილს, რომელიც მისი ერთგული კაცი იყო და მას შემდეგ გაუშვა ციხიდან, რაც წილები დაიბრუნა – ეს ყველაფერი აჩვენებს შიდა პრობლემებს „ქართულ ოცნებაში“.
- რა ტიპის გარემოცვა ჰყავს ივანიშვილს ამ სურათის მიხედვით?
ორი რამ არის საგულისხმო: ერთი ტენდენცია არის ის, რომ ის არ ენდობა არავის და ამის მაჩვენებელია ციხეში მისი ყოფილი ერთგული პირების ხილვა, იქნება ეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი თუ ახლა უკვე უძილაური.
თუ პირველ შემთხვევაში ფულის საკითხი იყო, აქ არ ვიცით რა საკითხია და მეორე – მისი შეთქმულების თეორიები, რომ “გლობალური ომის პარტია”, “დიფ სტეიტი” და დასავლეთი უპირისპირდება მას და თურმე ახლა მისივე საჯარო მოხელე „დაშიფრული ტექნოლოგიებით“ ინფორმაციას გადასცემდა დასავლეთს.
ანტიდასავლური ფობიები ივანიშვილს აქვს, რადგან მისი წინასაარჩევნო კამპანია და განცხადებები, რომ რუსეთი არ იყო დამნაშავე აგვისტოს ომში და სხვები აქეზებდნენ საქართველოს ომში ჩართვას, ესეც ამის ნაწილია. საგანგაშოა ის, რომ საუბრობენ დასავლეთის „ჯაშუშებზე“ მაშინ როცა რუსეთის ჯაშუშებით უნდა იყოს ქვეყანა სავსე, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე და ოკუპაციის პირობებში.
ამ შემთხვევაში, უძილაურის დაკავებაც ტენდენციის მაჩვენებელია. მიუხედავად კობახიძის ერევანში ჩასეირნებისა, „დასავლეთი რომ მტერია“ – ამ ხაზს აძლიერებს უძილაურის დაკავება.
იგივე ბოჭორიშვილის განცხადება, რომ პოლარიზაციას საქართველოში ევროკავშირი თესავს და არა „ქართული ოცნება“ – ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რუსული გავლენები მყარია საქართველოზე. ამაზე მეტყველებს სუს-ის ანგარიშიც, სადაც წერია, რომ თურმე დასავლეთი გვებრძვის დეზინფორმაციით და არა რუსეთი.
ვფიქრობ, ამ ტიპის დაკავება არ იქნება ბოლო, რადგან გვახსოვს ხომ, ოპოზიციის ლიდერების დაკავების საქმეში იყო საბოტაჟის და მტრული საქმიანობის გატარების მუხლები, თუმცა, ჩემი განცდით, ეს ნამდვილად არ აჩვენებს ივანიშვილის ხელისუფლების სიძლიერეს, პირიქით, სისუსტეს აჩვენებს, უბრალოდ, მეორე უბედურებაა ის, რომ ამის ალტერნატივა და პოლიტიკური პოზიციონირება არ ხდება შიდა დონეზე.






