„რუსული გემის წინააღმდეგ რომ აქცია იყო, 2023 წელს, მაშინ დამაკავეს და დამაჯარიმეს – 2140 ლარით, უკვე 3 წელია ვერ გადავიხადე ეს ჯარიმა, ამის გამო ანგარიშიც დამიყადაღეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები გიორგი უკლება.
გიორგი უკლებას თქმით, ყოველდღიურად მუშაობს შაბათ-კვირის ჩათვლით დღეში 9 საათი იმის მიუხედავად, რომ შშმ პირის სტატუსი აქვს. თუმცა მისი შემოსავალი თვეში დაახლოებით 900 ლარია. გიორგი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს მეგობართან ერთად.
„მაინც გამოვდივარ აქციაზე, როცა ვახერხებ. საფრთხე კი არ შემცირებულა, პირიქით – გაიზარდა. ბრძოლის გარეშე არაფერი არ გამოვა,“ – ამბობს გიორგი უკლება.
- საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE-ს ბათუმში შემოსვლას 2023 წლის ივლისში საპროტესტო აქცია მოჰყვა. ამ აქციაზე 23 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. აქციაზე დაკავებულები 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. იგივე საკრუიზო გემის მარშრუტში ბათუმი წელსაც გაჩნდა, თუმცა მალევე მარშრუტის მიმართულებებში საქართველო ამოიღეს.
„ისე მომენტალურად დამაკავეს პოლიციელებმა, ვერც კი მივხვდი. ორი ცალი კვერცხი მეჭირა ხელში, ამ დროს რუსული გემი ბათუმში, სანაპიროზე იდგა, მე რუსების შემოსვლას ვაპროტესტებდი, ამიტომაც მივედი აქციაზე…
შუადღისკენ პოლიციელებმა ჩვენი დაკავება დაიწყეს“, – გვიყვება გიორგი უკლება. იგი იხსენებს, როგორ გახდა პოლიციელებისგან არაადამიანური, სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი, როგორც დაკავების დროს, ისე მის შემდეგ:
„დაკავების დროს ისე დავკარგე ფეხსაცმელი, ვერც მივხვდი, სად წავიდა. ოთხმა პოლიციელმა შემომახია ტანსაცმელი და ჩამსვა მანქანაში. იზოლატორში გადამიყვანეს, იქ მისვლამდე კი, გზაში, თავში მირტყამდნენ მუშტებს, თან მაგინებდნენ: ფული გადაგიხადეს და ამიტომ იდექით აქციაზე? კარგად ჩაიჯიბე 1000 ლარიო?
ვუთხარი, რომ მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები კოვიდის შემდეგ და არ დაერტყათ. იმ პერიოდში არ მქონდა შშმ პირის სტატუსი, შემდეგ მომანიჭეს – 2025 წელს, მაგრამ არავის შეუსწავლია, უკავშირდებოდა თუ არა ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები ამ ცემას.
იზოლატორში როცა შემიყვანეს, სახეზეც მეტყობოდა დაზიანებები, მაგრამ ეს არავინ შეიმჩნია. სახალხო დამცველი მოვითხოვე და რად გინდა სახალხო დამცველი, რატომ ითხოვო?
ორი დღის მერე მიმიყვანეს სასამართლოში. ვიღაც კაცი იყო მოსამართლე, სახელიც არ მახსოვს. მე საიას ადვოკატი მოვითხოვე, მაგრამ სახაზინო ადვოკატია აგერ და ეგ დაგიცავსო. პოლიციელებმა უთხრეს მოსამართლეს, რომ თითქოს ვაგინებდი, წინააღმდეგობას ვუწევდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი. მოსამართლეს ვუთხარი, ქუჩაში ვცხოვრობ, ჯარიმას ვერ გადავიხდი-მეთქი.
იმ პერიოდში მართლაც ქუჩაში ვცხოვრობდი – ჭაჭის კოშკთან მქონდა გაშლილი კარავი და 6 თვე იქ ვიყავი.
მოსამართლემ მაინც დამაჯარიმა, მაგრამ რით უნდა გადამეხადა?
პოლიციელების ძალადობაზე არ დამირეკავს 112-ში, ან სადმე. უკვე დაკარგული მქონდა ყველანაირი იმედი. მობილური ტელეფონი, რომელიც დაკავების დროს ჩამომართვეს, დამიბრუნეს, მაგრამ ისე დამტვრეული იყო ვერც დავურეკავდი ვინმეს.
რაღაც პერიოდი მეტაქსას ქუჩაზე ვცხოვრობდი თავშესაფარში, მუშაობა დავიწყე, ჩამერიცხა თუ არა თანხა, ჩამომეჭრა მაშინვე და ჯარიმა ჩამოვიდა 1740 ლარზე. ამ დროს უკვე ჩემი ანგარიში დაყადაღებული იყო.
ახლა ქირის ფულს მეგობართან ერთად ვინაწილებ და ჯამში 600 ლარს ვიხდით“, – ამბობს გიორგი უკლება.

გიორგი უკლება ბათუმის პროევროპულ აქციაზე
გიორგი უკლებას, რომელიც რუსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, 1740 ლარის შეგროვება სჭირდება.
რა არის საჭირო წინააღმდეგობის გასაძლიერებლად? – ვეკითხებით მას საუბრის ბოლოს.
„ერთობა“ – მოკლე პასუხი აქვს შეკითხვაზე გიორგი უკლებას, პაუზის შემდეგ კი, დასძენს: „მე არ მეშინია არაფრის. როდემდე უნდა ვიყოთ ასე, წნეხის ქვეშ?“
________________________________
გიორგი უკლებას დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე:
„ლიბერთი ბანკი“
GE93LB0211140909405000
მიმღები პირი: გიორგი უკლება






