„წასასვლელი არსად მაქვს, ღია ცის ქვეშ ვარ, არ ვიცი, სად წავიდე“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. ის უსახლკარო ქალია და მარტოხელა დედა, ნაქირავებში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ერთად და „ოცნების“ მთავრობისგან ბინით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვს.
გუშინ, 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი ისევ მივიდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში მიღებული აქვს, ჯამში, 13 800 ლარი.“
მაშინ, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი მარტო 1 თვეში 13 600 ლარია.
„როცა ამდენი უსახლკაროა და უსახლკარო ქალს უთვლი, რომ თურმე იმდენით დაეხმარა სახელმწიფო 2023-2026 წლებში ჯამურად, რა ხელფასსაც შენ მარტო 1 თვეში იღებ, ეს არის უზნეობა, რადგან შენ ხარ პასუხისმგებელი ადამიანების, ამ ქვეყნის მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე.
…ერთეული ადამიანები გამდიდრდნენ კორუფციული გზებით. ეს მივიღეთ ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიის საბინაო ფონდი გაიზარდა და ქალაქს შეეძლო უსახლკაროების პრობლემები გადაეწყვიტა,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი. მასთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო გიორგი, რას აჩვენებს თქვენთვის აჭარის მთავრობის განცხადება, რომ „აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში მიღებული აქვს ჯამში 13 800 ლარი“ უსახლკარო ქალს და მარტოხელა დედას? ამ დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 1 თვის ხელფასი 13 600 ლარია.
ეს არის უზნეო განცხადება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თუ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ხელფასები დავაჯამოთ: რა აქვთ ჯამში აღებული და ვნახავთ, რამხელა იქნება სხვაობა. ვიღაცები წელიწადში 100 000 ლარზე მეტს იღებენ და სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ქალს, რომელსაც ბინა არ აქვს, სამი წლის განმავლობაში რა შემწეობაც კი მიუღია სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურიდან, ამ თანხებს უთვლიან.
ამ ყველაფერს ვუყურებთ და ამ დროს ივანიშვილი და მისი გარემოცვა გვეუბნება, რომ ქვეყანაში თურმე ეკონომიკური ბუმია, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ და ამდენი უსახლკარო გვყავს ქვეყანაში. გაზრდილია სოციალურად დაუცველების რაოდენობა, შრომისუნარიანი ადამიანები უბრალოდ გარბიან ქვეყნიდან, რომ ოჯახები არჩინონ.
ამით ჩანს, რომ თუკი რამე ეკონომიკური აქტივობა არსებობს, ერთეულების ჯიბეში მიდის. ეს აისახება ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეულ და მაქსიმუმ ასეულ ოჯახზე. სოციალური უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო ღრმავდება.

გიორგი კირთაძე
რაც შეეხება საბინაო პრობლემებს, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ ქალაქში შუქი და წყალი არ იყო, თავის დროზე ბათუმის მერიას, აჭარის მთავრობას საბინაო ფონდი ჰქონოდა და ამით, პირველ რიგში, ასეთ მოწყვლად ადამიანებს ეხმარებოდა.
მაგრამ დღეს ყველა კარგად ვხედავთ, რომ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, როგორ არის შესული კორუფციულ გარიგებებში „ქართული ოცნების“ სხვადასხვა თანამდებობის პირი.
- რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როგორ მოძრაობდნენ ბათუმის ბულვარის პრომენადზე ავტომანქანები. თქვენი აზრით, ეს შემთხვევაც აჩენს კითხვას კორუფციაზე?
ეს შემთხვევა, მათ შორის და კიდევ ბევრი სხვა შემთხვევა აჩვენებს იმას, თუ როგორ უყურებს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ამ ქვეყანაში საკუთარ როლს. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ სხვანაირად უნდა ცხოვრობდნენ, სხვანაირად უნდა ეტყობოდეთ ფინანსური შესაძლებლობები, ხოლო დანარჩენი საზოგადოება მათ უნდა ემსახურებოდეს.
სხვაობა მეტი რა შეიძლება: როცა ბულვარში ღამის 3 საათზე მივიდნენ და ბარები დაუმსხვრიეს ხალხს ისე, რომ არც კი შეეკითხნენ, მეორე მხრივ, იმავე ბულვარში ავტომანქანებით კაზინოდან მილიარდერები მიჰყავთ…
თავგასულობას და უტიფრობას, ყველაფერს ერთად აჩვენებს ეს ფაქტი, რაც ბულვარში ვნახეთ.
კორუფციის რისკები ბათუმში ყოველი ფეხის გადადგმაზე გვაქვს: ხან ავტომანქანა ჩავარდება უხარისხოდ დაგებულ გზაზე, ხან ადამიანი აივანზე გამოდის და უცებ ხვდება ამოშენებული ყრუ კედელი. ასეთი გადაწყვეტილების და მავნებლობის უკან წარმოუდგენელია არ იდგეს კორუფცია.
- თქვენ ახსენეთ სოციალური უთანასწორობა. უთანასწორობაა, როცა ხელფასი გაქვს თვეში 13 600 ლარი, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ამ დროს შესაბამისი პროგრამების შემუშავების ნაცვლად, უსახლკარო ქალს უჯამებ, 4 წელიწადში სულ 13 800 ლარი მოგეცითო?
რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია, რამხელაა სხვაობა ელიტას და დანარჩენს საზოგადოებას შორის.
მაღალი ხელფასი საჯარო სამსახურში კარგია და მისასალმებელი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უნდა ჯდებოდეს გონივრულ ფარგლებში? ევროპის ქვეყნებშიც მაღალია თანამდებობის პირის ხელფასი, მაგრამ იქ არის შესაბამისი სოციალური პროგრამები. ევროპის ქვეყნებში წარმოუდგენელია ამხელა სხვაობა საზოგადოებას და არჩეულ, თუ დანიშნულ საჯარო მოხელეს შორის.
როცა ქვეყანაში იქნება ღირსეული პენსია, როცა სოციალური მდგომარეობა იქნება იმგვარი, რომ შესაძლებელი იქნება ასეთი მაღალი ხელფასების არსებობა, მაშინ ბუნებრივია კარგი ანაზღაურება თანამდებობის პირისთვის.მაგრამ როცა ამდენი უსახლკაროა და უსახლკარო ქალს უთვლი, როგორ დაეხმარა სახელმწიფო და თურმე იმდენით დაეხმარა 2023-2026 წლებში ჯამურად, რა ხელფასსაც შენ 1 თვეში იღებ, ეს არის უზნეობა, რადგან შენ ხარ პასუხისმგებელი ადამიანების, ამ ქვეყნის მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე.
აჭარის მთავრობა ვალდებულია შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, სამინისტროები იქნება ეს თუ საქვეუწყებო დაწესებულებები, შეიმუშაოს იმგვარი პროგრამები, რომელიც ასეთი პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. „იაფი სახლის“ პროგრამა იყო და უბედურება დაემართათ, საბინაო ფონდზე თუ ვილაპარაკებთ, ერთი მხრივ, ჩაგვიბეტონეს ქალაქი და დაამახინჯეს საუკუნოდ, რადგან ამის გამოსწორება უძნელესი ამბავი იქნება, მეორე მხრივ, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ერთეული ადამიანები გამდიდრდნენ კორუფციული გზებით.
ეს მივიღეთ ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიის საბინაო ფონდი გაიზარდა და ქალაქს შეეძლო უსახლკაროების პრობლემები გადაეწყვიტა.
- „ოცნება“ განიხილავს, რომ ოზთურქისთვის საპროცესო შეთანხმების შედეგად ჩამორთმეული კორპუსები გადასცეს უსახლკაროებს, თუმცა უცნობია, შეხვდება თუ არა ბინა სოცდაუცველ ადამიანებს, მარტოხელა დედებს… რამდენიმე უსახლკარომ გვითხრა, რომ 2028 წელს აპირებს „ოცნება“ ბინების დარიგებას, ანუ საარჩევნო წელს.
ისე, როგორც ეს ვნახეთ „ოცნების ქალაქში“ – ჩვენი ფულით აშენებული სახლების გადაცემას სპეციალურად არჩევნებს ამთხვევდნენ. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც იმავეს გააკეთებენ.
ვიდრე ოზთურქს დალაგებული ჰქონდა საქმე „ოცნებასთან“, ყველას გვახსოვს, რომ არაფერი ხდებოდა – არ შეუჩერებიათ უკანონო მშენებლობა ქალაქში. მთელ ქალაქში იყო პროტესტი და ამის მიუხედავად მშენებლობა გრძელდებოდა.
- თქვენ რომ იყოთ მთავრობაში, რას გააკეთებდით და რა ფინანსური შესაძლებლობებით?
გამოსავალი არის საბინაო ფონდი, რაც ახლა აქვს მერიას, რომელსაც სჭირდება სწორად გამოყენება. სწორად გაწერილი კრიტერიუმებით შესაძლებელია ამ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებიც ახლა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში არიან.
მთავრობის ეფექტური მუშაობით ეს პრობლემები დაძლევადია. ვერ ვიტყვით, რომ ამის შესაძლებლობა არ აქვს ქალაქს და რეგიონს. ყველა კარგად ვხედავთ, რა მასშტაბის მშენებლობებია ქალაქში. თუ ამ ყველაფერს გამოვაკლებთ კორუფციულ ინტერესებს და შემუშავებული იქნება შესაბამისი პროგრამები, ამ ადამიანების დახმარება შესაძლებელია.






