რუსეთი, ადგილი სადაც ღმერთი არ არის – ორჯერ გადარჩენილი უკრაინელი მფრინავების ამბავი

წყარო: Nv.ua (Новое Время)

ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ, უკრაინელი მფრინავები, ივან პეპელიაშკო და ალექსეი ჩიჟი, კურსკში, რუსების საგამოძიებო იზოლატორში ისხდნენ. მიწისქვეშა სართულზე – ნესტიან, ჭუჭყიან და თაგვებიან სარდაფში – 13 საკანი იყო. იქ ომის დროს დატყვევებული უკრაინელი მოქალაქეები და სამხედროები ჰყავდათ.

„მიღების“ დღეს იზოლატორის თანამშრომლებმა ტყვეებს ყველა ნივთი ჩამოართვეს, მათ შორის ჯვრებიც.

„აქ ღმერთი არ არის,“ – ამბობდნენ ისინი.

და დაამტკიცეს კიდეც ეს, „დამაჯერებელი მეთოდებით“, რომელთა გამოყენების შემდეგაც ზოგიერთ ტყვეს მხოლოდ ერთ მხარეს შეეძლო ძილი, რადგან მეორე გვერდი საშინლად სტკიოდა.

„თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს – ის კურსკის იზოლატორშია,“ – გვეუბნება პეპელიაშკო. ის კიევის სამხედრო ჰოსპიტალშია, სადაც გათავისუფლების შემდეგ მოხვდა.

„მგონია, რომ ღმერთი ყველგანაა. ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის, მაგრამ არსებობს ადგილები, საიდანაც, ჩვენი ხმა არ აღწევს – იმ მიწისქვეშეთიდან“.

ის ჩუმად და პაუზებით ლაპარაკობს. გვერდით პალატაში მისი მეწყვილე წევს, მეწყვილე ცაში და ტყვეობაში – ჩიჟი. ალექსეის ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთეს, ამიტომაც მათ ამბავს, ორივეს ნაცვლად, პეპელიაშკო გვიყვება.

ქალაქის დასაცავად

ივან პეპელიაშკო უკვე 10 წელია სამხედრო ავიაციაშია: იყო კონგოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო მისიაში; 2014 წლიდან მსახურობდა დონბასში – ციდან ეხმარებოდა სადესანტო-მოიერიშე ჯგუფებს და მათ სამხედრო ოპერაციებს; ალყაშემორტყმული ილოვაისკიდან გამოჰყავდა უკრაინელი მებრძოლები.

2022 წლის 24 თებერვლიდან ჩიჟმა და პეპელიაშკომ კიევის დაცვა დაიწყეს. დილის 4 საათი იქნებოდა ბრძანება რომ მიიღეს – „ბორტზე“ –  წამებში გაემზადნენ, ავტომატები აიღეს და მი 8-ით შეუდგნენ სამხედრო დავალების შესრულებას: ჩიჟი – ეკიპაჟის მეთაური იყო, პეპელიაშკო – პილოტი-შტურმანი.

ივან პეპელიაშკო/ფოტო: nv.ua

როგორც ყოველთვის, აფრენამდე, ივანმა ახლაც გაამხნევა ეკიპაჟი. ადრე ბებიამ დიდხანს სიცოცხლე უწინასწარმეტყველა და ეს წინასწარმეტყველება მის თანამებრძოლებსაც აიმედებდა, რომ ტყვია მათ ვერ მისწვდებოდა და საბრძოლო დავალებიდან აუცილებლად დაბრუნდებოდნენ.

თუმცა 8 მარტს ვერ დაბრუნდნენ: ჩერნიგოვის თავზე რუსებმა მათი და კიდევ ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

მხოლოდ პეპელიაშკო და ჩიჟი გადარჩნენ.

„რაღაც დროის განმავლობაში, უგონოდ ვიყავით,“ – იხსენებს ივანი. – „გონზე სიცივემ და ტკივილმა მოგვიყვანა. მივხვდით, რომ მიწაზე ვეყარეთ. შოკი იყო. როგორ? რანაირად? ვერ ვიჯერებდი, რომ ჩამოგვაგდეს“.

იქვე ხედავდა ვერტმფრენის ნაგლეჯებს, ნახევრად უგონო ჩიჟს და უკვე უსიცოცხლო კაპიტან ვლადიმირ სკლიარს – ეკიპაჟის მესამე წევრს, ავიატექნიკოსს.

მფრინავებს მოტეხილობები ჰქონდათ. აფეთქების ტალღამ ისინი ვერტმფრენიდან გადმოისროლა – სასწაულებრივად გადარჩნენ.

„არც კი ვიცი, როგორ ავხსნა“, – ამბობს პეპელიაშკო, ჩაფიქრებული. – „ღვთის სასწაული იყო. უბრალოდ, სხვა ახსნა არ მაქვს. ესე იგი, ბევრი გვაქვს ჯერ გასაკეთებელი“.

მი 8-ის ჩამოვარდნის ადგილს ეგრევე ჯავშანმანქანებმა და სამხედროებმა შემოარტყეს ალყა. უკრაინელმა მფრინავებმა გაიფიქრეს, რომ მალე დახოცავდნენ, თუმცა რუსებმა ორივეს გამაყუჩებელი გაუკეთეს, არტაშანი დაადეს, ჯავშანმანქანაში ჩააწვინეს და წაიყვანეს.

ასე აღმოჩნდნენ პეპელიაშკო და ჩიჟი ტყვეობაში.

რამდენიმე გაჩერება ჯოჯოხეთამდე

ტყვეობის პირველი დღეები ივანს ბუნდოვნად ახსოვს. ეძინებოდა და თითქოს უკვე სულერთი იყო, ცოცხალი იქნებოდა თუ არა. ოკუპანტების ექიმები გადასხმებს უკეთებდნენ.

ეფ-ეს-ბემ ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიაზე დაკითხა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მფრინავები, შემდეგ კი საევაკუაციო კოლონით რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანა..

კოლონას დაჭრილი რუსი სამხედროები მიჰყავდა, ძირითადად ღამით მოძრაობდა და დროდადრო უკრაინელთა ცეცხლის ქვეშ ხვდებოდა.

პეპელიაშკოს უკვირდა, რომ გზაში არავის უცდია მათზე შურისძიება, თუმცა ამისთვის რუსებს ჯერ კიდევ ბევრი დრო ჰქონდათ.

„უბრალოდ მივდიოდით. იმათგან ერთ-ერთმა თქვა: „მორჩა, ბრძოლა დასრულდა, სამართლიანი ბრძოლა იყო, ახლა ფრონტის ხაზზე აღარ ვართ“, – პეპელიაშკო იხსენებს, რომ რუსი სამხედროს ეს ნათქვამი გაუკვირდა.

გაუკვირდა, რომ რუს სამხედროებს დაბნეულებსა და შეშინებულებს ხედავდა. გზაში დანაკარგებს განიხილავდნენ. მაშინ შეიტყო, ოკუპანტების ერთ-ერთი ასეულიდან მხოლოდ შვიდი ადამიანი გადარჩენილიყო.

უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, დატყვევებულ უკრაინელ მფრინავებს ნამდვილი „თავგადასავალი“ მოუწყვეს: ჯერ წაიყვანეს საველე ჰოსპიტალში, სადაც ოპერაცია ჩაუტარეს, შემდეგ – სამოქალაქო კლინიკაში, ქალაქ რილსკში, მერე – ტყვეთა ბანაკში, შემდეგ – კიდევ ერთ საავადმყოფოში და ბოლოს საგამოძიებო იზოლატორში.

რილსკის საავადმყოფოში პეპელიაშკომ სამი კვირა გაატარა. ერთხელ, პალატიდან გაიყვანეს, უთხრეს, რომ უნდა გაეცვალათ.

„კურსკის აეროპორტში უკვე ასაფრენ ბილიკზე ვიყავით. მესმოდა, როგორ ჯდებოდა 76 (სატვირთო თვითმფრინავი ილ-76). ის ისეთი ხმაურიანია,“ – იხსენებს პეპელიაშკო. – „დაჯდა, ჩატვირთვა დაიწყო. უცებ მითხრეს, რომ ჩვენმა მხარემ სიიდან ამომიღო. არ ვიცი, რამდენად მართალი იყო ეს. საწინააღმდეგო მიმართულებით წამიყვანეს“.

ახალი გაჩერება აღმოჩნდა ტყვეთა ბანაკი, მავთულხლართით, რომელიც რამდენიმე ჩვეულებრივი სამხედრო კარვისთვის შემოერტყათ გარს.

პეპელიაშკო ეგრევე ერთ-ერთ მათგანში მოათავსეს – სამედიცინოში, სადაც ჩიჟი დახვდა. ის ოკუპანტებს ერთი კვირის წინ გადმოეყვანათ რილსკის საავადმყოფოდან.

ალექსეი ჩიჟი/ფოტო: nv.ua

ბანაკში ძირითადად იწვნენ და სხვა უკრაინელი სამხედრო ტყვეები უვლიდნენ: აჭმევდნენ, გაჰყავდათ ტუალეტში, ინარჩუნებდნენ ღუმელში ცეცხლს და კარავში წესრიგს.

სამხედრო პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა იქაურობას. მწოლიარეებს ტუალეტში გასვლის ნებას დღეში მხოლოდ ერთხელ აძლევდნენ. იშვიათად უცვლიდნენ სახვევებს.

აი, ბრძანებები კი უშეცდომოდ უნდა შეესრულებინათ, რადგან თითოეული შეცდომა ტკივილს ნიშნავდა.

სამხედროებისთვის ასეთი პირობები მარტივად გასაძლები არ იყო, თუმცა შემდეგ ეტაპთან შედარებით – მაინც ასატანი.

„უკრაინელი კაზაკისთვის ამის ატანა რთული არაა,“ – გვიხსნის პეპელიაშკო. – „პრობლემები უფრო მეტად მოქალაქეებს ჰქონდათ. რუსი სამხედროები დისციპლინას მოითხოვენ. უბრალოდ, ნებართვის გარეშე, რაიმეს თხოვნა, თუნდაც ტუალეტში გასვლის, არ შეიძლება. არსებობს გრაფიკი, არსებობს ვადები. მაგალითად, საკვების მიღების ვადები ასეთი იყო: საუზმე 1-2 წუთი გრძელდებოდა (დამოკიდებული იყო მათ განწყობაზე), სადილი – 2-3 წუთი (შეიძლებოდა კიდევ შეემცირებინათ), ვახშამი – 2 წუთამდე. მოქალაქისთვის დროის ასე კონტროლი ძალიან რთულია“.

ბანაკის ორკვირიანი რეჟიმის შემდეგ ორივე ავიატორი კიდევ ერთ საავადმყოფოში გაგზავნეს, იქიდან კი – კურსკის საგამოძიებო იზოლატორში.

ოფიცრის საკანი

მიწისქვეშა სართულზე მფრინავებს იზოლატორის თითქმის ყველა თანამშრომელი დახვდათ – ასე 30 კაცი. „მიღება“ პირადი ნივთების ჩამორთმევის გარდა, „მასაჟის თანხლებით საუბარსაც“ ითვალისწინებდა. პეპელიაშკო არ აკონკრეტებს, რას ნიშნავს ეს, თუმცა ამბობს, რომ ბუჩის შემდეგ, რუსები სამხედრო ტყვეებს მოჩვენებითად რბილად ექცევიან.

ივანს და ალექსეის პატიმრის შავი ფორმები მისცეს: შარვალი, პერანგი, ქურთუკი. მეტი არაფერი: არც პირსახოცი, არც საცვალი, არც წინდები და არც კბილის ჯაგრისი.

ორივე მოათავსეს მომცრო საკანში, რომელშიც ორიარუსიანი მეტალის საწოლები იდგა. მათთან ერთად იქ 12 უკრაინელი სამხედრო იყო – ყველანი ოფიცრები.

დრო მიწისქვეშეთში გაუსაძლისად ნელა გადიოდა.

„მადლობა ღმერთს, დღე გავიდა. იზოლატორში კვირა ან ორი-სამი დღე კი არ იწელება, არამედ ერთი დღე. დილის ექვსზე უნდა ადგე და მერე, ღამის ათამდე, ვიდრე ბრძანებას არ მიიღებ, საწოლზე მიყრდნობის უფლებაც კი არ გაქვს. ამ დროში, ერთხელ ან ორჯერ (თუ გაგიმართლებს – არც ერთხელ) დაკითხვაზე გიძახებენ. დაკითხვების შემდეგ, როგორც წესი, რომელიმე მხარეს ძილი ძალიან არაკომფორტული ხდება“.

და დღე არ გადიოდა ისე, უკრაინელები რომ არ ეიძულებინათ, რუსული სიმღერები ემღერათ. ყველაზე ხშირად – რუსეთის ჰიმნი, რომელიც აუცილებლად ფეხზე, მწყობრში ჩამდგარებს უნდა შეესრულებინათ. და არავის აინტერესებდა, შეგეძლო ფეხზე დგომა თუა რა.

თუ იზოლატორის თანამშრომელს შენი ნამღერი არ მოეწონებოდა, „აგიხსნიდნენ“, რატომ ვერ იმღერე კარგად. „ახსნა უდავოდ იცოდნენ“, – ამბობს პეპელიაშკო.

თუკი შეამჩნევდნენ, რომ ვინმემ სიტყვები იცოდა ცუდად, აიძულებდნენ, 20-40 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად ემღერა.

ჩიჟსა და პეპელიაშკოს განსაკუთრებით უჭირდათ სამედიცინო დახმარების გარეშე. იზოლატორში ორივე თაბაშირებითა და ყავარჯნებით მიიყვანეს. დღისით დაწოლის უფლებას არ აძლევდნენ, ჯდომა არანაკლებ რთული იყო.

სინესტის გამო, ჭრილობები ყველას უწყლულდებოდა. გადახვევის იმედი არც უნდა გქონოდა.

„დაჭრილები ცდილობდნენ, დაჩირქებული ჭრილობებიდან გამონადენი ტუალეტის ქაღალდით მოეწმინდათ და ქაღალდითვე გადაეხვიათ,“ – იხსენებს პეპელიაშკო. – „იყო ერთი ძალიან ყურადღებიანი ბიჭი, რომელიც ყველას უხვევდა ჭრილობებს, თუმცა ტუალეტის ქაღალდიც ლიმიტირებული იყო – 28 სანტიმეტრი ერთ კაცზე დღე-ღამეში. ვცდილობდით, ნორმისთვის არ გადაგვეჭარბებინა.

ივანი ამბობს, რომ ძალიან რთულია იცხოვრო ისეთ პირობებში, როდესაც არ იცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ მაინც ცდილობდნენ, იმედი არ დაეკარგათ და მორალურად არ გატეხილიყვნენ.

„იზოლატორის თანამშრომლები ძალიან პროფესიონალურად ახერხებდნენ ადამიანის გატეხას. პირველად მივხვდი, რომ ამბები ტყვეებზე, რომლებიც ყველაფერს უძლებენ, ჩუმად არიან, კბილს კბილზე ჯიუტად აჭერენ, რომ შეკითხვებს არ უპასუხონ  – მხოლოდ წიგნებსა და ფილმებშია. ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ასე არ გამოდის. გაძლება შეიძლება, მაგრამ ისინი მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ“.

ყველაზე მძიმე მაინც დაკითხვის ოთახიდან ჩიჟის ხმის გაგონება იყო. პირველად მოისმინა ახლობელი ადამიანის განწირული ყვირილი და ამის გადატანა მარტივი არ აღმოჩნდა.

ჭკუიდან რომ არ გადასულიყვნენ, ოფიცრები საკანში „სახელობანასა“ და „ქალაქობანას“ თამაშობდნენ, ჰყვებოდნენ საკუთარ ოცნებებზე და ერთმანეთის მონათხრობის დახმარებით მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო. საკანში სათვალთვალო კამერა იდგა, ამიტომ ომსა და არმიაზე ლაპარაკი არ შეეძლოთ.

„ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩემთან ერთად ისხდნენ ძალიან განათლებული და ინტელექტუალი ოფიცრები,“ –  ამბობს პეპელიაშკო. – „მეჩვენებოდა, რომ „რა, სად, როდის“ მოთამაშეების წრეში მოვხვდი – ძალიან ჭკვიანი ბიჭები. უფრო სწორად, პატივსაცემი ბიძები: მაიორები, პოდპოლკოვნიკები, პოლკოვნიკები. მნიშვნელოვანი ხალხი. როდესაც ისინი „სახელობანას“ თამაშს იწყებდნენ, ხან 5-6 საათიც კი გრძელდებოდა“.

ყოველდღე ოფიცრები ლექტორს ნიშნავდნენ. კოსმონავტიკის დღეს, 12 აპრილს, ლექცია პეპელიაშკომ ჩაატარა. ჰყვებოდა კოსმოსზე, პლანეტებზე, ფრენაზე, უკრაინული კოსმონავტიკის დამფუძნებელზე, სერგეი კოროლიოვზე და თანამედროვე გამომგონებელზე – ილონ მასკზე.

„როცა ინტერნეტი არ არის, შენი ცოდნა ისაა, რაც თავში გაქვს და იმის ამარა ხარ. გახსენდება ყველაფერი, რაც კი როდისმე მოგისმენია ავიაციაზე. ბიჭებს ძალიან მოეწონათ: „მოდი ახლა ამაზე მოგვიყევი, ახლა იმაზე“. ვყვებოდი პლანეტებზე, როგორ დაფრინავენ ჩიტები, როგორ არკვევენ, საითაა ჩრდილოეთი და საით სამხრეთი, რატომაა მარსზე გაფრენა შესაძლებელი მხოლოდ კონკრეტულ დროს და რა ძალისხმევა დასჭირდა კოროლიოვს, რომ კოსმოსი გაეხსნა“.

ყოველდღე ახალი ლექტორი ჰყავდათ, ახალი თემით. თავშესაქცევი ამბებით იშორებდნენ მძიმე ფიქრებს და ივიწყებდნენ ტკივილებს.

საკანში სამხედროები ერთმანეთზე ზრუნავდნენ. სხვა ოფიცრები ყოველთვის უთმობდნენ ადგილს ჩიჟსა და პეპელიაშკოს. მოტეხილი ფეხით დიდხანს დგომა ძნელია, მაგრამ პეპელიაშკოსთვის ჯდომაც აუტანელი იყო – ფეხის გარდა კიდევ სამი მალა ჰქონდა გატეხილი.

როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა, ოფიცრები პეპელიაშკოს დროებით იატაკზე აწვენდნენ, ოთახის იმ მონაკვეთში, რომელსაც კამერა ვერ ხედავდა და თვითონ მის გარშემო სხდებოდნენ, რომ მწოლიარე კარის სარკმლიდანაც ვერავის დაენახა.

„პირველად ასე 30 წუთი ვიწექი – უბრალოდ ვიწექი იატაკზე,“ – იხსენებს ივანი.  – „გითხრათ, რომ ბედნიერება იყო? ეს იყო სიამოვნების უმაღლესი მწვერვალი“.

ტყვეები მუდმივად იგონებდნენ თარიღებს, როცა მათ გაცვლიდნენ. როდესაც „ვარაუდი“ არ მართლდებოდა, ამას ბედის უკუღმართობას აბრალებდნენ და ახალ თარიღებს ნიშნავდნენ.

13 აპრილს, საღამოს შვიდ საათზე საკანში მორიგე შევიდა – „პეპელიაშკო და ჩიჟი, გამოდით!“

თავი არცერთს არ აუწევია – იზოლატორის წესები ამას კრძალავდა, ამიტომ მხოლოდ დერეფანში გასულები მიხვდნენ, რომ სადღაც გადაჰყავდათ. საკანში ერთ-ერთს უთხრეს, მათი ლეიბები აელაგებინა.

ჩიჟი და პეპელიაშკო ჯერ რუსეთის ფედერაციის დაზვერვის განყოფილებაში მიიყვანეს, შემდეგ კი ჩასვეს ავტობუსში, რომელშიც უკრაინელებს ჟენევის კონვენციას უკითხავდნენ და უხსნიდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. პეპელიაშკოს სკამზე წამოწოლის უფლებაც კი მისცეს. დილით ყავა დაალევინეს და აჭამეს.

დილის ხუთი საათისთვის უკვე ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე იყვნენ. იქიდან ბიჭები დედაქალაქისკენ უკრაინულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა.

მთელი გზა ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ნამდვილად გაცვლა იყო. სასწრაფოს მძღოლს ეკითხებოდნენ, ვინაა გამოსახული გრივნის 100 და 200-იან კუპიურებზე. ის კი პასუხობდა, რომ არ იცის, რადგან ნაღდი ფულს არ იყენებს.

ამან მფრინავები შეაშფოთა. იფიქრეს, რომ გაცვლის ინსცენირება იყო და გადაწყვიტეს, ტყვეობაში თავს გადახდენილი ამბები არავისთან ეხსენებინათ.

კიევში, დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მისულებს უკრაინულად მოლაპარაკე ქალი შეხვდათ – სამსახურის უფროსის, კირილო ბუდანოვის ცოლი აღმოჩნდა. მერე კიდევ ერთი ახალგაზრდა – ჰუცულური აქცენტით.

საეჭვო უკვე აღარაფერი იყო.

კირილო ბუდანოვმა მფრინავებს კიევის დაცვის ამბები გამოჰკითხა და ცხელი ბორშჩით გაუმასპინძლდა. საერთო ფოტოც გადაიღეს.

მფრინავები სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსთან, კირილო ბუდანოვთან/ ფოტო: უკრაინის სამხედრო დაზვერვა

იმ დღეს, 14 აპრილს, დაზვერვის უფროსს ხშირად ურეკავდნენ. ერთ-ერთი ზარის შემდეგ, ბუდანოვი მფრინავებს მიუბრუნდა: „ბიჭებო, შესანიშნავი ამბავი მაქვს – „მოსკვა“ ფსკერისკენ მიექანება!“.

რეაბილიტაცია და ოცნება ცაზე

ჩიჟსა და პეპელიაშკოს კიევის ჰოსპიტალში ხელახლა გაუკეთეს ოპერაცია.

ჯერ კიდევ მკურნალობენ. შიშობენ, შეძლებენ კი ისევ ფრენას? იციან, რომ ეს მალე ნამდვილად არ მოხდება: ფეხიდან ტიტანის ფირფიტებს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხსნიან. ამის მერე მფრინავების ბედს სამედიცინო კომისია გადაწყვეტს.

„აკრძალვა – ალბათ, ეს იქნება ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება მოვისმინოთ“, – ნაღვლიანად ამბობს პეპელიაშკო. – „მაინც მაქვს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ფრენის უფლებას მოგვცემენ“.

ცა მათი ვნებაა, მათთვის ბედნიერება მოაქვს.

თუმცა ცის გარდა, მფრინავი ახლა საკუთარი თავის წინაშე კიდევ ერთ მისიას ხედავს: სამხედროების მორალურ-ფსიქოლოგიურ დახმარებას. უკრაინელმა პილოტებმა არ იციან, რას ნიშნავს ტყვეობა – ივანი მზადაა თავისი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.

და თითქოს უკვე ლექციას კითხულობსო, ამბობს:

„საერთოდაც, ტყვეობაში ადამიანი მოგონებებით ცხოვრობს. თუ ბევრი კარგი მოგონება გაქვს, ეს გიშველის. ტყვეობაში ყოფნა შედარებით იოლია იმისთვის, ვისაც ბევრი უნახავს, ბევრი წიგნი წაუკითხავს, ბევრის მოყოლა შეუძლია და ამით სხვებსაც ეხმარება – არ აძლევს სასოწარკვეთის საშუალებას.“

ავტორი: ნატალია როპი

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: ივან პეპელიაშკო და ალექსეი ჩიჟი/ფოტო: nv.ua

ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად თანამშრომლები აქციას მართავენ

დღეს, 31 მაისს, საღამოს, გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად „მეტროსითისთან“ აქცია იმართება.

აქციაზე სასტუმრო „ეუფორიას“ თანამშრომლები არიან გამოსულები და სკანდირებენ: „გალიფ ოზთურქ!“

აქცია „მეტროსითისთან“

„მეტროსითიში“ დღეს საგამოძიებო სამსახური შევიდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ, თუმცა ოფიციალური უწყებები ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ.

„გალიფ ოზთურქი უწესიერესი კაცია. ყველას ეხმარება, კეთილი საქმეების კეთება უყვარს.

ამის გამკეთებელი… ჩვენ თურქეთში მსგავსი ოპერაციები ბევრჯერ გადავიტანეთ. ეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ოპერაციაა. ამას ივანიშვილთან კავშირი არ აქვს. ვამბობ, რომ ეს სახელმწიფო ოპერაციაა, მაგრამ რას აკეთებენ, არაფერი ვიცით. რას ედავებიან ვერ გავიგეთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ აიჰან დაიოგლუმ, რომელიც გაგვეცნო, როგორც გალიფ ოზთურქის ყოფილი ბიზნესპარტნიორი.

„ბათუმელები“ აზუსტებს დეტალებს.

ამავე თემაზე: 

ჩინური ინვესტიციები და გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით – გალიფ ოზთურქის იმპერია ბათუმში

გაზი ბიზნესისთვის 23 თეთრით ძვირდება პირველი ივლისიდან

2022 წლის პირველი ივლისიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის გაზი 23 თეთრით ძვირდება.

ამჟამად არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 1.15 ლარია, „სოკარის“ ცნობით კი, პირველი ივლისიდან, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი იქნება 1 ლარი და 38 თეთრი, დღგ-ს ჩათვლით.

„ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე“ – აცხადებს „სოკარი“.

გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბოლოს 2021 წლის პირველი დეკემბერს გაიზარდა 20 თეთრით და 1 ლარი და 15 თეთრი გახდა.

ბიზნესისთვის ბუნებრივი გაზი 20 თეთრით ძვირდება – „სოკარი“

 

ხელვაჩაურში „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს, პარტია უარყოფს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას – „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი დაატოვებინეს. მესაკუთრის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა ოფისი უკვე დატოვეს.

„არ ვიცოდი ვინ იყვნენ, მერე ვნახე ინტერნეტში, „ალტ-ინფო“ ყოფილა, რაც არ მიმაჩნია ნორმალურად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“  როლანდ ფუტკარაძე, უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც პარტიის ოფისი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა.

„თვეში 1600 ლარს მიხდიდნენ, მაგრამ აგვიანებდნენ გადახდას. ესეც პრობლემა იყო… თავიდან მითხრეს, რომ იმუშავებდნენ რუსეთში ციტრუსის გატანაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რაც არ ყოფილა,“ – გვითხრა როლანდ ფუტკარაძემ.

„რაღაც საუბარი იყო, ძმა ჰყოლია ნაციონალი, მაგრამ ჩვენ ოფისი არ დაგვიტოვებია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ. თუმცა ამავე პარტიის წევრმა მირზა თევთიძემ, რომელიც ხელვაჩაურის ოფისში საქმიანობს, გვიპასუხა: „არანაირი პრობლემა. როგორც ვიცი, უკეთესი ადგილი შეირჩა“.

კონსტანტინე მორგოშიას განმარტებით, თუკი ერთწლიან ხელშეკრულებას მესაკუთრე მოშლის, მათ ორთვიანი ვადა აქვთ და სხვა ოფისს მოძებნიან.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 მაისს, „კონსერვატიული მოძრაობის“ ხელვაჩაურის პარტიის ოფისი უკრაინის დროშის ფერებში შეღება „ალტერნატივას“ აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ. მან წარწერებიც დატოვა ფასადზე: „Putin xuilo“, „Slava Ukraine“ , „სამშობლოს მტრებო!“

„ხათუნა ბერიძის საქმე“  მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 19 მაისს განიხილა. მოსამართლემ ის იერ-სახის დამახინჯების მოტივით 500 ლარით დააჯარიმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „კონსერვატიულ მოძრაობას“ პარტიულ ოფისს ატოვებინებენ. „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი „კონსერვატიულ მოძრაობას“ საოფისე ფართობი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

ტელევიზია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა 2021 წლის ნოემბერში დააფუძნეს პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.

____

მთავარი ფოტო: „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ხელვაჩაურში, მიშა ბოლქვაძის ფოტო

ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

დღეს, 31 მაისს, ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხაიძემ, „ბათუმელებს“ უთხრა,  გათავისუფლების შესახებ ის ჯერ სიტყვიერად გააფრთხილეს.

„ჯერ ბრძანება არ არის დაწერილი, თუმცა სიტყვიერად გაგვათავისუფლეს. ვადა ამომეწურა. ვადის ამოწურვამდე უნდა დანიშნულიყო არჩევნები, მაგრამ არ შეკრებილა არც საბჭო, არც არაფერი, თუმცა ჰყავთ სხვა კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე და როცა კანდიდატი არჩევნებამდე ცნობილია, უკვე არაფერს აზრი არ აქვს“, – გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.

თეატრის ყოფილი დირექტორი თემურ მახარაძეც ამბობს, რომ ვადა ამოეწურა, თუმცა სამინისტროს ვადის ამოწურვამდე უნდა გამოეცხადებინა კონკურსი.  „რა თქმა უნდა, ვაპირებდით კონკურსში მონაწილეობას, მაგრამ 10 დღის წინ  კულუარებში გავიგეთ, რომ კონკურსის გამოცხადებამდე შეარჩიეს კანდიდატი. ყველაფერი წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი,“- გვითხრა მახარაძემ.

„ბათუმელები“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსაც ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ ბრძანების მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი 4 წლის ვადით ინიშნებიან. „ვადა ამოიწურა, ამიტომ ორივე ერთად გათავისუფლდა“, – განაცხადეს სამინისტროში.

კითხვაზე, თუ რატომ არ ჩატარდა ხელმძღვანელების გათავისუფლებამდე არჩევნები და არის თუ არა ირაკლი კიკვაძე სამინისტროს მიერ უკვე შერჩეული კანდიდატი? – სამინისტროში გვიპასუხეს, რომ კიკვაძის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

„კონკურსი აწი უნდა გამოცხადდეს“, – გვითხრეს სამინისტროში.

___

მთავარი ფოტო: გიორგი ჩხაიძე

თიბისიმ ღონისძიებას – „თიბისი და პარტნიორები“ უმასპინძლა

თიბისიმ ღონისძიებას – „თიბისი და პარტნიორები“ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსა და რეგიონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესსექტორის პერსპექტივები მიმოიხილეს.

ღონისძიებას ბიზნესსექტორის, ფინანსური ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას თიბისის გენერალური დირექტორი – ვახტანგ ბუცხრიკიძე და მისი მოადგილე – გიორგი თხელიძე უძღვებოდნენ.

ღონისძიებაზე სპეციალურად იყო მოწვეული საერთაშორისო საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია Lazard-ის მმართველი დირექტორი – ბოჟიდარ დელიჩი, რომელმაც რეგიონულ ჭრილში მაკროეკონომიკური გარემო მიმოიხილა.

ასევე, ბიზნესსექტორისთვის აქტუალურ თემებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა – კობა გვენეტაძემ, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა – კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა – სებასტიან მოლინეუსმა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა – მაჩეი ჩურამ ისაუბრეს.

თიბისი წელს საიუბილეო – ოცდამეათე წელიწადს აღნიშნავს. შესაბამისად, მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვასთან ერთად, დამსწრე აუდიტორიამ თიბისის როგორც განვლილი წლის, ასევე 30 წლის ჯამური შედეგები მოისმინა.

2021 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი კავკასიის რეგიონში ყველაზე მსხვილი ბანკია როგორც აქტივების, ასევე კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. თიბისი, ჯგუფის მასშტაბით, საქართველოსა და უზბეკეთში, ჯამში 3,6 მილიონ მომხარებელს ემსახურება.

თიბისის ჯამური აქტივები – 25 მილიარდ ლარს, ჯამური დეპოზტიები კი 15 მილიარდ ლარს შეადგენს. თიბისის 776 000 ციფრული მომხმარებელი ჰყავს, ტრანზაქციების 98% კი ციფრულად სრულდება.

საქართველოს ეკონომიკის ჯამური დაკრედიტების წილი 72%-ია, საიდანაც თიბისის წილი 40%-ია.

სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, თიბისის გაცემული ჯამური დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომელიც ჯამში 4 600 კომპანიას მოხმარდა.

თიბისის ბაზრის წილი ღვინის სექტორში 33%-ს შეადგენს. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, 123 000 ტონამდე ყურძნის შესყიდვა დაფინანსდა და 380 ჰექტარი ფართობის ვენახები გაშენდა.

ტურიზმის მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 44%-ია. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, 44 სასტუმრო კომპლექსი აშენდა, რომელიც 6 416 ოთახს აერთიანებს.

საცალო ვაჭრობის მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 45%-ია. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, 125 882 კვ.მ ფართობზე, 642 ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა და 5 416 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

2022 წელს საერთაშორისო გამოცემამ – Global Finance, საინვესტიციო მიმართულებით თიბისის შვილობილი კომპანია – თიბისი კაპიტალი, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული ჯილდო Global Finance-ისგან ზედიზედ მეორედ მიიღო. თიბისი კაპიტალის დახმარებით განთავსებული ობლიგაციების მოცულობა ჯამში 9 მილიარდ ლარს შეადგენს.

თიბისი კაპიტალმა რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა, რომელიც ბაზრის შედეგიანობას ასახავს. არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის ობლიგაციების ბაზრის მონიტორინგის გამარტივების მიზნით, თიბისი კაპიტალმა 2 ინდექსი შეადგინა.

მიმდინარე წელს, თიბისი ჯგუფის ეკოსისტემას ახალი შვილობილი კომპანია დაემატა. „თიბისი – აქტივების მართვა“ აქტივების მართვის პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ფონდების შესახებ კანონის შემდეგ შეიქმნა. ამ ეტაპზე, ის მართავს ფონდს – დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. ფონდის მიერ განხორციელებული პირველი ტრანზაქციის მოცულობა 5 მილიონ დოლარს შეადგენს, აღნიშნულ ტრანზაქციის ინვესტორების 70% უცხოელია.

30 წლის განმავლობაში, თიბისის ერთ-ერთი მთავარი და უცვლელი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ჯამში 30 000 პარტნიორი დატრენინგდა.

თიბისი არსებობის IV ათწლეულს მომავალ თაობას უძღვნის. უკვე 30 წელია, რაც თიბისი ახალი თაობის მხარდამჭერია. მესამე წელია თიბისი სხვადასხვა სფეროში ნიჭიერ ახალგაზრდებს ყოველთვიური სტიპენდიით უჭერს მხარს. 3 წლის განმავლობაში, სტიპენდიატების პროგრამამ 380 მოზარდი გააერთიანა. ასევე, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში 1000-ზე მეტი სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ სასწავლებლად. 30 წლის განმვალობში, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში 200 მილიონი ლარი გამოიყო საგანმანათლებლო ბიზნესპორეტების დაფინასებისთვის.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე საქართველოს მოქალაქეებმა და კომპანიებმა ჯამში 2 მილიონი ლარი ჩარიცხეს.

თიბისი ჯგუფი დღესდღეობით 10 058 ადამიანს ასაქმებს, საიდანაც 63% ქალი, 37% კი მამაკაცია.

„ნებისმიერი ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ამის დასტურია არა მხოლოდ 2021 წლის, არამედ თიბისის 30 წლიანი არსებობის განმავლობაში, ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგები. თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის ყველა პროდუქტს, მომსახურებასა და შესაძლებლობას მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით. 30 წლის განმავლობაში მიღწეული ამბიციური მიზნები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება მარწმუნებს, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც მასშტაბური შედეგები გვექნება“, – თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

რუსეთმა ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთი ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდებას უწყვეტს. ამის შესახებ განცხადება რუსულმა „გაზპრომმა“ დღეს, 31 მაისს, გამოაქვეყნა.

„30 მაისის სამუშაო დღის ბოლოს Gazprom Export-ს არ მიუღია GasTerra B.V.-სგან აპრილში მიწოდებული გაზისთვის გადახდა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო რუსეთის პრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის ნომერ 172 ბრძანებულების შესაბამისად.

პირველი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე უნდა გადაიხადონ რუბლში ახალი ანგარიშის დეტალებით, რის შესახებაც სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული მონაწილე მხარეები,“ – ვკითხულობთ „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ნიდერლანდების კომპანია GasTerra B.-მ რომლის წილების ნაწილიც სახელმწიფო საკუთრებაა და შესყიდვებს მთავრობის სახელით აწარმოებს, აცხადებს, რომ უარს ამბობს ახალ პირობებზე – თანხის რუსულ რუბლში გადახდაზე:

„GasTerra არ შეასრულებს „გაზპრომის“ მოთხოვნებს გადახდის მეთოდებთან დაკავშირებით. რადგან ამის გაკეთება შექმნიდა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის რისკს. ასევე, კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მოთხოვნილი გადახდის გზასთან დაკავშირებულია ძალიან ბევრი ფინანსური და საოპერაციო რისკი. კერძოდ, ესაა ანგარიშების გახსნა მოსკოვში რუსული კანონმდებლობის ქვეშ, ხოლო ამ ანგარიშების რუსული რეჟიმის მიერ კონტროლი ქმნის უზარმაზარ რისკს,“ – წერს ჰოლანდიური კომპანია 30 მაისს გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ნიდერლანდები მეოთხე ქვეყანაა, რომელსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რუბლში გადახდაზე უარის გამო. მანამდე იმავე ქმედების სამიზნე გახდნენ ფინეთი, პოლონეთი და ბულგარეთი.

უკრაინაში შეჭრისა და იქ ომის დაწყების შემდეგ დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. საპასუხოდ, რუსული ეროვნული ვალუტა რომ გადაერჩინა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რუსეთმა გაზის გაყიდვა რუბლში დაიწყო. რუსეთი გაზის გადაკეტვით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან ამ ულტიმატუმზე.

მას, ვისაც რუსული გაზის მიღება სურს, ანგარიში უნდა გახსნას რუსულ ბანკში და რუბლში გადაიხადოს გაზის საფასური. აღნიშნული მიუღებელი აღმოჩნდა ევროპის არაერთი სახელმწიფოსთვის. ბულგარეთს, პოლონეთსა და ფინეთს სწორედ ამ მიზეზით შეუწყვიტეს გაზის მიწოდება.

თავის მხრივ, უკრაინა ომის დაწყების დღიდან ითხოვს, დაწესდეს ემბარგო რუსულ ენერგორესურსებზე, რადგან ევროპაში ენერგორესურსების გაყიდვით რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ მილიარდობით დოლარი მიიღო.

______

მთავარი ფოტო: NU.nl

 

ლორწოვანი საფარი შავ ზღვაშიც გამოჩნდა – თურქული მედია

ზღვის ლორწოვანი საფარი, რომელიც რამდენიმე წელია მარმარილოს ზღვის ზედაპირზე ჩნდება, შავ ზღვაშიც გამოჩნდა, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში – ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს.

ორდუს პროვინციაში, შავი ზღვისპირას მდებარე ქალაქ ფატსაში ზღვის ზედაპირი ლორწოს ფენისგან უკვე გაწმინდეს, მაგრამ ორდუს უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მეჰმედ აიდანი, ამბობს, რომ დაახლოებით 3-5 წელიწადში შავი ზღვა, შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. 

მისი თქმით, ლორწოს გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა დაბინძურებამ, რის გამომწვევ ფაქტორადაც აზოტისა და ფოსფორის გადაჭარბებული რაოდენობა მიიჩნევა. ამ ნივთიერებებს  თურქეთის სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, ჩაისა და თხილის პლანტაციებში აქტიურად იყენებენ. პროფესორი ამბობს, რომ მარმარილოს და შავი ზღვის ერთმანეთისგან გაუმიჯნაობის გამო მათში ჩაშვებული სამრეწველო პროდუქტის ნარჩენები აუარესებს მდგომარეობას. 

სპეციალისტების ცნობით, ლორწოვანი საფარი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე მარმარილოს ზღვისთვის, ამიტომაც თურქეთის მთავრობამ დაისახა 22-პუნქტიანი გეგმა პრობლემის მოსაგვარებლად. 

მარმარილოს ზღვაში ლორწოვან საფარს თურქეთში ბოლო რამდენიმე წელიწადია ებრძვიან. ლორწოვანი საფარი ზღვაში გამოჩნდა გასულ წელსაც. 

წელს კი მარმარილოს ზღვაში ლორწოვანი საფარი თებერვლის ბოლოს დააფიქსირეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაბინძურების ტემპი გაიზრდება ზაფხულში. 

ლორწოვანი საფარის წარმოქმნის ძირითად მიზეზებად დაბინძურება და კლიმატის ცვლილება სახელდება. ლორწო ფარავს წყლის ზედაპირს, შესაბამისად საფრთხეს უქმნის წყალქვეშა ფლორასა და ფაუნას, ასევე, თევზჭერას. 

____________

ფოტოზე: თურქეთი, ლორწოვანი საფარი სტამბოლის სანაპიროზე, 2021 წელი. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN.

ამავე თემაზე: 

სტამბოლში, ზღვის სანაპიროზე, ლორწოვანი საფარი გამოჩნდა | ფოტო

___________________

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მაისის 21 საათიდან პირველი ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 2-3 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

უკრაინის ომში მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება – აშშ-ის გენერალი

უკრაინაში ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს – ამის შესახებ FOX News-ის ეთერში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში ყველაფერს აკეთებენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„მიმაჩნია, რომ ყოველთვის არსებობს ესკალაციის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ამის შანსები შევაფასოთ. ამას ვაკეთებთ კიდეც. სწორედ ამიტომაც მინისტრი ოსტინი ელაპარაკება თავის კოლეგებს, რუს კოლეგებს, რათა არ დავუშვათ, ეს ომი გადაიზარდოს რაიმე კიდევ უფრო საშინელში, ვიდრე ახლაა“.

მარკ მილი დარწმუნებულია, რომ მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება.

„ახლა დონბასში მნიშვნელოვანი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის. დიდწილად, სწორედ უახლოესი კვირები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში“.

გენერლის აზრით, დონბასის ბრძოლების შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს პოზიციურ ომზე გადასვლა ან რომელიმე მხარის გამარჯვება. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე, ახლა საუკეთესო გამოსავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებია.

„ვვარაუდობ, რომ მოლაპარაკებები ლოგიკური არჩევანი იქნებოდა“, – ამბობს აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კომიტეტის მეთაური. თუმცა, მისი თქმით, მხარეები ამ გადაწყვეტილებამდე თავად უნდა მივიდნენ. – „წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი შეიძლება იყოს რომელიმე მხარის გამარჯვება ან ჩიხი“.

გენერალ მილის აზრით, ჯერჯერობით კვლავ ადრეა იმაზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება დამთავრდეს ომი უკრაინაში, თუმცა „როგორ დამთავრდება ყველაფერი, ეს პრეზიდენტებმა ზელენსკიმ და პუტინმა უნდა გადაწყვიტონ.“

გუშინ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება „ნაკლებად სავარაუდო“ იქნება, თუ აშშ უკრაინას შორსმოქმედ არტილერიას არ მიაწვდის.

მთავარი ფოტო: გენერალი მარკ მილი/აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ფოტო

სევეროდონეცკის ნაწილს რუსები აკონტროლებენ, ბრძოლა გრძელდება – გაიდაი

უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკის ნაწილს რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, განაცხადა ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ.

მისი თქმით, ლუგანსკის რეგიონში მდგომარეობა უკიდურესად რთულია, სევეროდონეცკის ნაწილს ამ დროისთვის რუსები აკონტროლებენ, თუმცა ქალაქში რჩებიან უკრაინელი მებრძოლები და რუსებს თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლიათ.

გაიდაი ამბობს, რომ ოკუპანტები გეგმავენ ოპერაციას სევეროდენცკის მიმდებარე სოფლების გასასუფთავებლად.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ უცნობია გუშინ, 30 მაისს, სასწრაფო მანქანიდან დაკარგული 3 ექიმის ბედი.

გაიდაის თქმით, უკრაინულ ჯარებს სევეროდონეცკში ალყა არ ემუქრებათ და მათ აქვთ უკან დახევის შესაძლებლობა.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტელეგრამში წერს, რომ გასულ 24 საათში სევეროდენცკში 12 სახლი დაზიანდა და რუსების ძირითადი ძალისხმევა ახლა მიმართულია ქალაქ სევეროდონეცკზე კონტროლის დამყარებაზე.

„შტურმით მოდიან, მაგრამ უშედეგოდ, ბრძოლები გრძელდება,“ – წერს გაიდაი.

_________________

ფოტოზე: რუსეთის მიერ დაბომბილი სოფელი დონეცკის ოლქში. 2022 წლის 29 მაისი. ფოტო: EPA-EFE/STR

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მაისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 358 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 3 302 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 649 ერთეული [+6]
  • MLRS – 207 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 208 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 174 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 515 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 120 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 275 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 48 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 184 თვითმფრინავი
  • 128 ვერტმფრენი
  • 1 070 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 325 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 342 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 454 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 738 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 311 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]სევეროდონეცკის ნაწილს რუსები აკონტროლებენ, ბრძოლა გრძელდება – გაიდაი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„ჯილდო არ ამიღია, არ მცალია, ომში ვარ“ – უკრაინის გმირი, რომელიც კიევს იცავდა

 

რა ხდება ზონაში, რომლის ყულფში მოქცევასაც რუსეთის ჯარი ცდილობს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის მიერ ლიმანის დაკავება იმ საბრძოლო ამოცანის ნაწილია, რომელიც სევეროდონეცკისა და ლუგანსკში მყოფი უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას გულისხმობს – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

უწყების 31 მაისის სადაზვერვო ცნობარის მიხედვით, გრძელდება ინტენსიური სროლა, სევეროდონეცკის გარეუბნებში კი ბრძოლები ქუჩებში მიდის.

„რუსეთის არმიის სამხრეთ დანაყოფები შედარებით წარმატებულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ. მათ ჩრდილოეთიდან შეტევით ცენტრალური დაჯგუფებებიც ეხმარებიან,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ ზონა, რომლის ყულფში მოქცევასაც რუსეთის ჯარები ცდილობენ, სავარაუდოდ, კვლავ უკრაინელთა კონტროლქვეშაა.

„რუსეთმა ამ რეგიონში უფრო მეტ ლოკალურ წარმატებას მიაღწია, ვიდრე მანამდე, იმის ხარჯზე, რომ მთელი ძალები და ცეცხლი შედარებით მცირე ტერიტორიისკენ მიმართა“, – აღნიშნავს უწყება.

დაზვერვის ვარაუდით, ეს ფაქტორი რუსეთს აიძულებს, გარკვეულ რისკებზე წავიდეს სხვა უკვე ოკუპირებული ტერიტორიებზე.

უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ამოცანა ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთლიანად დაპყრობაა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. 30 მაისის პოსტში ტვიტერზე უწყება რუსეთის შეიარაღებულ ძალების მდგომარეობაზე წერდა, რომ რუსეთს დიდი დანაკარგი აქვს ოფიცრების შემადგენლობაში, არმიაში კი ადგილი აქვს ლოკალურ აჯანყებებს.

მთავარი ფოტო: უკრაინის საომარი მოქმედებების რუკა 30 მაისის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

კიდევ ერთი პირსი ბათუმში, რომელსაც ზღვა ანგრევს [ფოტო]

ბათუმის ახალ ბულვარში ზღვა კიდევ ერთ პირსს ანგრევს. ამ დროისთვის ნაგებობა ისეა დაზიანებული და დეფორმირებული, რომ მასზე გასვლა უკვე სახიფათოა.

ბოლო პერიოდში ბათუმში ზღვა აზიანებს როგორც სხვადასხვა ნაგებობას სანაპიროზე, ასევე, საქალაქო ინფრასტრუქტურას და უშუალოდ ნაპირს.

ზღვისგან დაზიანებული პირსი ბათუმში / 31.05.2022
ზღვისგან დაზიანებული პირსი ბათუმში / 31.05.2022
ზღვისგან დაზიანებული პირსი ბათუმში / 31.05.2022

ზღვაში მდინარეების მიერ ნატანის შემცირების გამო შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს წლების განმავლობაში ანგრევდა, განსაკუთრებით აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ადლიის მიმდებარედ.

ამ პროცესის შესაჩერებლად გასული საუკუნის ბოლოს დაიწყეს ნატანის ზღვაში ხელოვნური ჩაყრა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა ეს პროცესი აღარ გაგრძელებულა.

ახალი ბულვარის ბოლოდან მდინარე ჭოროხის შესართავამდე ქვის ლოდებით დამცავი ნაგებობაც კი მოეწყო, თუმცა ზღვამ უკვე ახალი ბულვარის მიმდებარე ნაპირის წარეცხვა დაიწყო. ზიანდება თავად ეს ნაგებობებიც, რომელთა გასწვრივ პლაჟი, ფაქტობრივად, აღარ დარჩა.

ზღვისგან დაზიანებული პირსი ბათუმში / 31.05.2022
ზღვისგან დაზიანებული პირსი ბათუმში / 31.05.2022
მზის ამოსვლა ბათუმში / ხედი პირსიდან, რომელსაც ზღვა ანგრევს / 31.05.2022

ეს პირსი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს აღებული შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპს“.

ახალ ბულვარში მდებარე კიდევ ერთი პირსი ზღვამ 2021 წლის 23 დეკემბერს დაანგრია:

ბათუმი / 12.02.2022 /

საფრთხე ემუქრება ძველი ბულვარის პლაჟებსაც.

„ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა.“

ამ თემაზე ვრცლად:

რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 

 

ქედაში სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში სახლი დაიწვა. სახანძრო სამსახური ამ დროისთვის [10:30] დამხმარე ნაგებობაზე გაჩენილ ხანძარს აქრობს. ორივე შენობა ხის იყო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტში დაუდასტურეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახლში, რომელიც დაიწვა, 5 ადამიანი ცხოვრობდა.

სოფელში ქედის მერიის წარმომადგენლის, ზორბეგ არძენაძის თქმით, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს ამაღამ მეზობელთან გადაიყვანენ ღამის გასათევად.

ბალანსი საკრებულოს კომისიებში, 1 ოპოზიციონერის პროტესტი და თავმჯდომარის პასუხი

„თქვენი მოსაზრება ხომ გამოთქვით, გეუბნებით, რომ არანაირი კაზუსი არ არის და ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რა არის, ვერ გავიგე“, – მიმართა საკრებულოს წევრს, აკაკი გვიანიძეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ. მას შემდეგ, რაც მან საკრებულოს კომისიების დაკომპლექტების შეთავაზებული ვერსია გააპროტესტა.

აკაკი გვიანიძე საკრებულოს წევრია „გახარია საქართველოდან“ და დაჟინებით ითხოვდა მისთვის განემარტათ, რა პრინციპით გადაანაწილეს კომისიებში ადგილები და რატომ იყო „ოცნების“ შეთავაზებული გადანაწილება კანონთან შესაბამისი. საკრებულოს უმრავლესობამ საკითხი ისე დაამტკიცა, მისი განხილვა ამოწურული არ იყო.

რამაზ ჯინჭარაძემ დღესვე, თავმჯდომარის ამპლუაში პირველივე სხდომაზე ჩათვალა, რომ რადგან საკრებულოს წევრს მოსაზრების დაფიქსირების საშუალება მიეცა, საკითხის განხილვა ამოიწურა, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მან განმარტება, ან ეს განმარტება იქნება თუ არა გასაგები ამომრჩევლისთვის, რომელიც საკრებულოს მუშაობას თვალს ადევნებს. ამის შემდეგ, მალევე თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.

„მომხრე… წინააღმდეგი? – ასე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია“, – ეს იყო რამაზ ჯინჭარაძის ბოლო სიტყვა კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის პროტესტზე.

როგორც დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რამაზ ჯინჭარაძეს ჯერ კარგად არ გაუაზრებია, რომ საკრებულო სამინისტრო არ არის, სადაც მინისტრმა შეიძლება მოისმინოს, მაგალითად, მოადგილის მოსაზრება, თუმცა გადაწყვეტილებას ის თავად იღებს და დისკუსია შეიძლება აქ აუცილებელი არ იყოს. საკრებულო კი კოლეგიალური ორგანოა და აქ დისკუსიის, ზოგჯერ კი ცხარე დისკუსიის ადგილია. თვითმმართველობის რეალური არსი სწორედ ის არის, რომ საკითხები კოლეგიალურად, ღიად განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე საკითხების მხოლოდ ჩამონათვალი მიიტანეს და სრული პაკეტი არც ვებგვერდზე გამოუქვეყნებიათ.

„ასე აპირებთ თანამშრომლობას?“ – უკმაყოფილება გამოხატა აკაკი გვიანიძემ – „ამიხსენით…“

ამის შემდეგ სიტყვა ითხოვა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ. მან კოლეგის უკმაყოფილება უგულებელყო და თავმჯდომარეს დღის წესრიგში ორი საკითხის დამატება სთხოვა.

აკაკი გვიანიძის პროტესტი კომისიების დაკომპლექტების შემოთავაზებულ ვერსიას შეეხებოდა.

საკრებულოში იმუშავებს ოთხი კომისია: იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურის  და განათლების კომისია. ყველაზე მეტი დატვირთვა მოდის ორ  – იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს განაცხადა, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი კომისია 15-წევრიანი იქნება, ხოლო დარჩენილი სამი კომისია – 12-წევრიანი. კანონის მიხედვით, ადგილები კომისიებში პროპორციულად ნაწილდება.

„ოცნება“ აცხადებს, რომ მნიშვნელოვან ორ კომისიაში ოპოზიციას 8, „ოცნებას“ კი 7 წევრი ეყოლება. დარჩენილ სამ 12-წევრიან კომისიაში კი 6-6 წევრის შეყვანის უფლება ექნება როგორც „ოცნებას“, ასევე ოპოზიციას.

ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი სამართლიანია, თუმცა რა მოხდება, თუ საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირაკლი თავდგირიძე, რომელსაც დღეს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს, საფინანსო-საბიუჯეტო და ასევე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში მოინდომებს შესვლას? – ამ კომისიებშიც ძალები გათანაბრდება, გადაწყვეტილებას კი ხმების გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარეები მიიღებენ. ოთხივე კომისიის თავმჯდომარე „ოცნების“ წევრია.

საკრებულოს წევრი აკაკი  გვიანიძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ მიისაკუთრა უმრავლესობა კომისიებში. მისი განმარტებით, „ოცნებას“ ოფიციალურად აქვს მანდატების 48%. ორ კომისიაში, სადაც შესაძლებელია „მათი მხარდამჭერი“ დამოუკიდებელი დეპუტატის დამატება, წევრთა რაოდენობად განისაზღვრა 15 ადგილი, აქედან, 7 მანდატი ერგო „ოცნებას“ +1 დამოუკიდებელი წევრი იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში ფორმალურად დაცულია კანონის მოთხოვნები.

„რაც შეეხება კომისიებს, სადაც აღარ იყო საშუალება მხარდამჭერი დამოუკიდებელი დეპუტატის დამატება, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა 12 ადგილით, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 6 ადგილი მიიღო. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კვოტა არის ნახევარი, ანუ 50%, რაც არ არის სრული შემადგენლობის 48% პროპორციული წარმომადგენლობა. ამასთან, ხუთივე კომისიის თავმჯდომარედ საკრებულომ აირჩია „ოცნების“ წარმომადგენელი და სხდომაზეც გაჟღერდა, რომ ხმების გაყოფის შემთხვევაში აპირებენ ე.წ. თავმჯდომარის პრივილეგიით  სარგებლობას, ანუ მისი გადამწყვეტი ხმის უფლებით აღჭურვას. ყოველი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკრებულოს გადაწყვეტილება კვოტირებასთან დაკავშირებით მიმაჩნია კანონთან შეუსაბამოდ და ვაპირებ სასამართლოში დავას“, – აცხადებს აკაკი გვიანიძე.

35-წევრიან საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 17 მანდატი, დამოუკიდებელი დეპუტატი – 1 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 მანდატი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2 მანდატი, „ლელო“ – 1 მანდატი.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით:

მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“

აკაკი გვიანიძემ საკითხის შესწავლის თხოვნით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს – „საიასა“ და „გამჭვირვალობა საქართველოს“ მიმართა.

მარნეულელი 18 წლის სტუდენტის ცხოვრება ბათუმში

18 წლის სამინა რუსტამოვა ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ის ქალაქ მარნეულიდანაა, ახლა ბათუმში ცხოვრობს და სწავლობს. 2021 წელს მან პროგრამა 1+4-ით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.

სამინას ვკითხეთ, თუ რატომ ამჯობინა თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში სწავლას ბათუმი და ბსუ. მან გვითხრა, რომ მთავარი მიზეზი ზღვის განსაკუთრებული სიყვარული იყო:

„ძალიან მიყვარს ზღვის სუნი. სულ სანაპიროზე ვარ და ტალღების ხმას ვუსმენ“.

ბსუ-ში 20-მდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს. 2021-2022 წელს კი აქ ოთხმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სტუდენტმა ჩააბარა.

სამინამ უნივერსიტეტში პირველი სემესტრი ონლაინ ისწავლა. ამბობს, რომ არ ეგონა, თუ ბსუ-ში გაზაფხულის სემესტრში სწავლა აუდიტორიებში დაიწყებოდა, ამიტომ მშვიდად იყო. ის არ ეძებდა საცხოვრებელს ბათუმში და არ ფიქრობდა სხვა დეტალებზე, რაც ბათუმში მის საცხოვრებლად გადმოსვლას შეიძლება ხლებოდა თან.

მას შემდეგ, რაც სამინამ გაიგო, რომ უნივერსიტეტში სწავლა აუდიტორიებში გაგრძელდებოდა, მან და მისმა ოჯახის წევრებმა ბათუმში ბინის ძებნა დაიწყეს. გვიყვება, რომ ბინის პოვნა ძალიან გაუჭირდათ, იმის გამოც, რომ ბათუმში ვერ მოდიოდნენ და მარნეულიდან ეძებდნენ ბინას.

„ბინას ვერ ვპოულობდით, ყველა ბინა ძალიან ძვირი ღირდა. საბოლოოდ, უნივერსიტეტის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მოვახერხეთ ბინის დაქირავება უნივერსიტეტთან ახლოს“ – გვიყვება სამინა.

„ყოველთვის ძალიან მინდოდა ქართული ენის სწავლა, იმიტომ, რომ საქართველოში ვცხოვრობ და ქართული ენა ჩემი მეორე დედა ენაა“, – გვითხრა მან. მისი საყვარელი საგანი უნივერსიტეტში ახლა ქართული ენის გრამატიკაა. სამომავლოდ სამინა სწავლის გაგრძელებს ისევ ბსუ-ში, სამედიცინო ფაკულტეტზე აპირებს.

სამინა რუსტამოვა კურსელებთან ერთად ბსუ-ში. ფოტო: თათია დავითაძე

მისი 1 წლის სწავლის საფასური უნივერსიტეტში 2250 ლარია.

„ჩემი აზრით, საქართველოს უნივერსიტეტებში არ უნდა იხდიდნენ სტუდენტები სწავლის საფასურს ეთნიკური უმცირესობებიდან, რადგან ყველას ოჯახს არ შეუძლია ამ საფასურის გადახდა სტუდენტებისთვის“, – ამბობს სამინა.

სამინა ქართულ ენას სკოლაში პირველი კლასიდან სწავლობდა. მისი თქმით, ქართულად საუბარი მხოლოდ მე-11 კლასში შეძლო. ის ამ დროს დამატებით მეცადინეობდა ქართულ ენას მასწავლებელთან:

„ბევრი მოსწავლეა მარნეულში და მარნეულის სოფლებში, ვისაც უნდა, რომ ქართულში დამატებითაც იმეცადინონ მასწავლებლებთან, თუმცა ვერ ახერხებენ, რადგან სწავლის საფასურს ვერ გადაიხდიან“.

სამინას თმით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში კარგი ქართულის მასწავლებელი გყავს, შესაძლებელია სკოლის ასაკიდან შეძლო ქართულად საუბრის დაწყება, მაგრამ თუ არ გყავს, კარგი ქართულის მასწავლებლის გარეშე ეს შეუძლებელია.

სამინა ბათუმში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩამოვიდა. დედამისი პროფესიით დიზაინერია და მარნეულში საკუთარ ატელიეში მუშაობდა. სამინას თქმით, დედას მასთან ერთად საცხოვრებლად ბათუმში გადმოსვლაზე არც კი უყოყმანია, რადგან არ უნდოდა ის უცხო ქალაქში მარტო დარჩენილიყო.

სამინას დედა თავისი პროფესიით დასაქმდა ბათუმში, ერთ-ერთ ატელიეში. მარნეულში კი ახლა სამინას უმცროსი ძმა და მამა მარტო ცხოვრობენ.

სამინა ახლახან ბსუ-ს ვოკალისტთა ჯგუფს შეუერთდა: „ბავშვობიდან ვუკრავ პიანინოზე, ვმღერი. გადავწყვიტე ბსუ-ს ვოკალის ჯგუფში მევლო. დიდი ხანი არ არის რაც დავდივარ, თუმცა ძალიან მომწონს“.

სამინას ვკითხეთ, აპირებს თუ არა ბათუმში დარჩენას წელს უნივერსიტეტში არდადეგების დროს. მან გვითხრა, რომ დარჩენა და ვოკალის ჯგუფში მეცადინეობა უნდა. არ ვიცი, რამდენად შევძლებ ბათუმში საყვარელ ადგილებს, ბულვარს და ცენტრალურ პარკს შეველიო თუნდაც რამდენიმე თვით – ამბობს სამინა. 

სამინა ბათუმში ხშირად სეირნობს დედასთან და მეგობრებთან ერთად. მას ბათუმში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მეგობრები ჰყავს.

„ეთნიკურად ქართველები ნაკლებად ინტერესდებიან როგორ ვცხოვრობთ ჩვენ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები. მე ძალიან მინდა დაინტერესდნენ და ხშირად ვესაუბრები მათ ჩვენს შესახებ“ – გვითხრა სამინამ.

ის ამბობს, რომ მოსწონს ბსუ და ის მასწავლებლები, რომლებიც მას ასწავლიან. მისი აზრით, კარგი იქნება თუ ეთნიკურად ბევრი აზერბაიჯანელი აირჩევს ბსუ-ს.

________________

მთავარ ფოტოზე: სამინა რუსტამოვა

ამავე თემაზე:

რატომ გადაწყვიტა მარნეულელმა ბიჭმა სტუდენტობა ბათუმში

„ჯილდო არ ამიღია, არ მცალია, ომში ვარ“ – უკრაინის გმირი, რომელიც კიევს იცავდა

განათლებით ისტორიკოსი ვასილ ბოეჩკო ახლა უკვე უკრაინის გმირია – არტილერისტი სამხედრო სამსახურში 2015 წელს გაიწვიეს. მაშინ ის 40 წლის იყო.

რეზერვის უფროსი ლეიტენანტი პირველად გაგზავნეს ყოველთვიურ გადამზადების კურსზე სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში. ორ კვირაში, წვრთნის დამთავრების შემდეგ კი, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში წავიდა და ქვეითი რეაქტიული არტილერიის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური გახდა. უკრაინის ცოცხალი გმირის შესახებ ვრცელ სტატიას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

რეზერვის უფროსი ლეიტენანტი, პირველად ჰეტმან პეტრო საგაიდაჩნის სახელობის სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში გაგზავნეს გადამზადების კურსზე. ორ კვირაში კი, წვრთნის დამთავრების შემდეგ, ის უკვე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იმყოფებოდა – ერთ-ერთი ქვეითი ბრიგადის, რეაქტიული საარტილერიო ბატარეის მეთაურის თანამდებობა დაიკავა.

ასე დაიწყო სერტიფიცირებული ისტორიკოსის, ვასილ ბოეჩკოს სამხედრო კარიერა, რომელიც არტილერისტი და ახლახან კიმუკრაინის გმირი გახდა.

17 წლის იყო, როცა ჩერნივცის ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. სურდა მეტი გაეგო უკრაინაზე, საბედისწერო და მღელვარე ამბებზე, რაც ამ მიწაზე მომხდარა.

ბოეჩკო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ არქეოლოგიურ ექსპედიციებში იღებდა მონაწილეობას ხშირად და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, ქვის იარაღების ნაშთები და სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა აქვს ნაპოვნი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 5 წელი მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად სოფლის სკოლაში. მერე დაქორწინდა და ქალიშვილი შეეძინა.

მასწავლებლის ხელფასი ოჯახისთვის საკმარისი არ იყო – ვასილმა თურქეთიდან ხალიჩების ჩამოტანა და გაყიდვა დაიწყო.

მრავალი წლის განმავლობაში უკრაინის შსს-ს რეგიონული სამმართველოს საგზაო პატრულის სამსახურის უფროსი ინსპექტორი, პასუხისმგებელი იყო მძღოლებსა და ქვეითებზე.

ისტორიკოსი მსროლელად გაამწესეს, რადგან ჩერნივცის ეროვნული უნივერსიტეტის სამხედრო სწავლებასაც გადიოდა და სროლას სწავლობდა – თეორიულად იცოდა, რისთვისაა საჭირო ღია და დახურული საცეცხლე პოზიციები და როგორაა ისინი აღჭურვილი.

თუმცა პრაქტიკა ისტორიკოს ვასილ ბოეჩკოს არ ჰქონდა და ეს პრაქტიკა მან წვრთნებისას, შემდეგ კი ომში მიიღო.

2015 წლის ომში, რეაქტიული საარტილერიო დანაყოფის მეთაურმა, პირველად გამოცადა ზალპური ცეცხლის სისტემების ძალა.

„მოწყენის დრო არ იყო, ომიც შრომაა, ოღონდ მძიმე შრომა. 8, 9 თვე ანტიტერორისტულ ოპერაციებში გადაბმულად ყოფნა, შემდეგ დაბრუნება მუდმივი განთავსების პუნქტში და მერე ისევ როტაცია დონბასში, რთული შრომაა,“ – ამბობს არტილერისტი.

„მისი ქვედანაყოფი მობილიზებული სამხედროებისგან შედგება, მათი კოორდინაცია ძირითადად ფრონტის ცხელ წერტილებსა და მინდვრებში, ველზე ხდება. ბოეჩკოს ქვედანაყოფი ახლაც, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც იმ შემადგენლობით იბრძვის, რა შემადგენლობითაც 2015 წელს იბრძოდა.

ბოეჩკოს დანაყოფის არცერთი წევრი ტყვედ არასდროს ჩავარდნილა და ეს უკრაინული არმიის ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენია საარტილერიო ქვედანაყოფებს შორის.

აღმოსავლეთის ფრონტიდან შინ ვასილი 2022 წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა, 4 იანვარს ოჯახთან ერთად 47 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ შინ ყოფნა არ დასცალდა – 24 თებერვალს ომი დაიწყო.

არტილერიის ოფიცერი ბოეჩკო 26 თებერვალს შეუერთდა ჯარებს, როცა მთელი უკრაინული არმია რუსების თავდასხმას იგერიებდა“ – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო.

„რვა თანამებრძოლი ომის პირველსავე დღეებში დამეღუპა, ხუთი დაიჭრა. ასე, ერთ წამში…“ – იხსენებს მეთაური ბოეჩკო.

მას დაევალა, რუსების თავდასხმა მოეგერიებინა ვიშგოროდში, დედაქალაქის ჩრდილოეთით, ასევე ლუცკის ხიდზე უნდა მოეგერიებინა მტრის თავდასხმები მოშჩუნიდან, ბუჩადან და ირპენიდან.

27 თებერვალს კაპიტან ბოეჩკოს არტილერიამ ბუჩაში გაანადგურა რუსების სამხედრო ტექნიკის კოლონა და მოშჩუნში საბრძოლო მასალების საცავი. თუმცა მტრის თავდასხვამაც არ დააყოვნა.

„14 მარტს საშინელება მოხდა. რუსი დამპყრობლების მორიგ დაბომბვისას ჩემი ხელქვეითი და მეგობარი, ალექსანდრე ლაპუნსკი დაიღუპა. მას სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. გამოუსწორებელი დანაკარგია მთელი ჩვენი ქვედანაყოფისთვის“, – ამბობს ბოეჩკო.

ბოეჩკოს არტილერისტებმა გაანადგურეს რუსების საბრძოლო და სპეცტექნიკის ათობით ერთეული, ეს დანაყოფი სახანძრო დავალებებსაც ასრულებს ფრონტზე.

ბოეჩკოს დანაყოფმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანა შეასრულა: შეაჩერა მტრის კონტრშეტევა დედაქალაქზე სოფელ მოშჩუნიდან, რომელიც კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

„ჩვენი დანაყოფები ნოვისა და სტარი პეტრივცის მიდამოებში იყო განლაგებული. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება ყველაფერში იგრძნობოდა: ფართობის გამოყოფა, ტრანსპორტი, საკვები. და იცით, რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი? ხალხი, სოფლის უბრალო მცხოვრებლები: კაცები, ქალები, ბავშვები… დღედაღამ ჩვენ გვერდით მუშაობდნენ – გადაზიდვასა და აღჭურვაში გვეხმარებოდნენ.

და თვალები… მათ თვალებში დიდი სევდა იყო. დიდი სევდა, მაგრამ ამავე დროს იმედიც!“ – ამბობს ბოეჩკო.

ოფიცრის თქმით, ამ დასახლებებში მოეწყო საევაკუაციო ცენტრი, სადაც ყოველდღიურად 300-400 უკრაინელი ჩამოჰყავდათ ბუჩადან, ირპენიდან და ომით განადგურებული სხვა დასახლებებიდან. ბოეჩკო იხსენებს, რომ სოფლამდე ფეხით მოდიოდა ხალხი, ჭურვებზე აბიჯებდნენ და 10 კილომეტრს, ხანდახან მეტსაც გადიოდნენ სამშვიდობოს რომ გაეღწიათ.

ვასილი იხსენებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას: როგორ დაშავდა ქალი 7 წლის ვაჟით, მისი 2 წლის გოგო კი რუსი დამპყრობლების ჭურვს შეეწირა.

იხსენებს, როგორ ჩავიდა არტილერიის დანაყოფამდე სოფელში ქალი საბავშვო ეტლით, შიგ 5 თვის ბავშვი იყო. როცა სამხედროებმა მას ჰკითხეს, თუ საიდან ჩამოვიდა, ქალმა ვერაფერი უპასუხა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი მის სახლში შეჭრილმა ოკუპანტებმა უთხრეს, რომ ან სახლი უნდა დაეტოვებინა, ან დახვრეტდნენ.

ბოეჩკომ რუსი ოკუპანტების ფართომასშტაბიანი შეტევა ომის პირველი თვიდან გამოცადა. ქვედანაყოფის საშუალებით კიევის რეგიონში მისმა სიმამაცემ ქალაქის ბედი გადაწყვიტა: ხიდი დაიცვა და მტერი არ შეუშვა კიევში, არ მისცა შესაძლებლობა გარს შემორტყმოდნენ დედაქალაქს.

ამ სიმამაცისთვის ვასილ ბოეჩკოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 2022 წლის 10 მარტის ბრძანებით. უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა.

ბოეჩკომ ამ უმაღლესი სამხედრო ჯილდოს შესახებ მეგობრისგან შეიტყო, მეგობარმა კი ინტერნეტით გაიგო ყველაფერი.

„თავიდან არ მჯეროდა, მერე ვუყურე ინტერნეტში, რომ კი, ჩემზე ლაპარაკობდა პრეზიდენტი. ჯილდო ჯერ არ მიმიღია, არ მცალია, ომში ვარ, პოზიციებზე, რომლის დატოვებაც არ შეიძლება. ამის შესახებ იცის დედაჩემმაც, ჩემმა ცოლმაც და ქალიშვილმაც.

ამაყი ვარ იმ ხალხით, ვისაც ვემსახურები, უკრაინა მისი მამაცი გოგო-ბიჭებით დაუპყრობელი ქვეყანაა, დავამარცხებთ და განვდევნით მტერს ჩვენი მიწიდან“, – ამბობს უკრაინის გმირი.

ვასილ ბოეჩკო უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.


წყარო: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო: armyinform

მთავარ ფოტოზე: არტილერისტი, უკრაინის გმირი ვასილ ბოეჩკო/ფოტო: armyinform

პირველი რუსი სამხედრო, რომელსაც უკრაინაში გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლებენ

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში ომის დროს ჩადენილი გაუპატიურების პირველი საქმე გაგზავნა.

ბრალდებული მიხაილ რომანოვია, რომელსაც ბრალად ედება კიევის ოლქში ადგილობრივი მცხოვრების მკვლელობა და მისი ცოლის გაუპატიურება. ის პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც სექსუალური ძალადობის ბრალდებით გაასამართლებენ.

საქმის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ დაწერა.

გამოძიების მტკიცებით, ომის დანაშაულები 239-ე პოლკის 90-ე გვარდიის სატანკო დივიზიის სამხედრო მოსამსახურემ, მიხიალ რომანოვმა, 2022 წლის მარტში, ოკუპირებულ ბროვარსკის რაიონში ჩაიდინა. ბრალდების თანახმად, ის ერთ-ერთ სოფელში, კერძო სახლში შევარდა და სახლის მეპატრონე მოკლა. კაცის მკვლელობის შემდეგ კი, მთვრალმა რომანოვმა და სხვა სამხედროებმა რამდენჯერმე გააუპატიურეს მისი ცოლი. ქალს თან იარაღით ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, რომ იძალადებდნენ მის არასრულწლოვან შვილზეც, რომელიც იმ დროს იქვე იმყოფებოდა.

გენერალური პროკურორი აღნიშნავს, რომ მიხაილ რომანოვი ამჟამად უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფება, თუმცა მას აუცილებლად დააკავებენ და პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულისთვის.

ირინა ვენედიქტოვამ მიმართა ყველას, ვისაც შეიძლება დამატებითი ინფორმაცია ჰქონდეს მიხაილ რომანოვის მიერ ჩადენილი სხვა სამხედრო დანაშაულების შესახებ, აცნობონ სამართალდამცველებს.

გენერალურმა პროკურორმა ასევე მოუწოდა ომის დროს ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, რომ როდესაც კი ამისთვის მზად იქნებიან, მიმართონ პროკურატურას.

უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ არაერთხელ ისაუბრა გაუპატიურების ფაქტებზე ომის პერიოდში, მათ შორის არასრულწლოვანებზე. მისი თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია დასახლებული პუნქტების ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების მასშტაბის შეფასება.

მთავარი ფოტო: ფოტოკოლაჟი – მიხაილ რომანოვი, ირინა ვენედიქტოვა/ფოტოები ირინა ვენედიქტოვას ფეისბუქ გვერდიდან

სამთავრობო და არა საპარლამენტო რესპუბლიკა – რამდენიმე შენიშვნა კონსტიტუციაზე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი 

____________________

საზოგადოებები, სახელმწიფოები ცხოვრობენ დაწერილი ტექსტებით. კანონი სჭირდებათ არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ იცოდნენ, როგორ იმუშაონ, არამედ ის ხშირად საზოგადოების ინფორმირების, ერთგვარ სასწავლო ფუნქციასაც ასრულებს.

მაგალითად, ქალთა უფლებადამცველების თქმით, 18 წლამდე პირის ქორწინების კანონისმიერი აკრძალვის შემდეგ ბევრმა ოჯახმა თქვა უარი ბავშვის დაქორწინებაზე იმ მოტივით, რომ ეს კანონითაა დაუშვებელი.

სამართლებრივი დოკუმენტი მხოლოდ ფორმალობა არაა. ის გარკვეულწილად მორალური კომპასის, დიდაქტიკურ როლსაც ასრულებს, მიუთითებს კარგსა და ცუდზე. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, თუ რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიმოხილვასაც ვაპირებ ამ სტატიაში.

კონსტიტუციის მე-4 მუხლით საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდაა აღიარებული. ეს კი ნიშნავს, რომ ის განსაზღვრული წესით, ხალხის ფართო ჩართულობით, დამტკიცებული წერილობითი ტექსტებით, სამართლებრივად უნდა ცხოვრობდეს და იმართებოდეს. 2 წლის წინ მსგავსი მიმოხილვა დავწერე რუსეთის კონსტიტუციის შესახებ. იქაც მკაფიოდ გამოიკვეთა რუსეთის ავტორიტარიზმის მიზეზიც და შედეგებიც. თუმცა ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ როგორი სახელმწიფოს შესაქმნელი პროგრამული კოდი დევს საკუთრივ საქართველოს კონსტიტუციაში.

არასწორი ტექსტით ხომ არ ვცხოვრობთ?

საქართველოს ტერიტორია განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით (მუხ. 1.2). ნიშანდობლივია ისიც, რომ თარიღად იმავე წლის 9 აპრილი ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე კი არა, არამედ საბჭოთა კავშირის დაშლის თარიღი ჩავწერეთ. არადა, აპრილიდან დეკემბრამდე საქართველო 8 თვის განმავლობაში იყო უკვე დამოუკიდებელი და მდიდარი პოლიტიკური გამოცდილების დაგროვებაც მოასწრო.

რადგან ჩვენ საბჭოთა კავშირში საქართველოს ყოფნას ვაფასებთ ოკუპაციად, ლოგიკური იქნებოდა, სახელმწიფოს ტერიტორია ოკუპაციის წინა დღეს არსებული მდგომარეობით განგვესაზღვრა. ოკუპაცია სამართალდარღვევაა. შესაბამისად სამართლის დარღვევით მიღებული ყოველგვარი ტერიტორიული გადაწყვეტილებები შეგვეძლო ბათილად გამოგვეცხადებინა, თუმცა ეს მეზობლებთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ საზღვრების შეცვლას კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მეზობელ და არა სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან მიმართებაში.

კონსტიტუციის 4.2 მუხლის მიხედვით ადამიანის უფლებებით შეზღუდულია როგორც სახელმწიფო, ასევე ხალხი. ეს ნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში უმრავლესობის აზრი არ იქნება გათვალისწინებული, თუ ის მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უმცირესობას, თუნდაც ერთ ადამიანს.

ამაზევე მიუთითებს კონსტიტუციის 52.2 მუხლი, რომელიც კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას ადამიანის ძირითადი უფლებების შესაზღუდად. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ არ წერია, რომ რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმით შეიძლება შეიცვალოს. გამოდის, რომ ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაც მის გარეშე შეიძლება.

4.3 მუხლში წერია, რომ ხელისუფლება დანაწილებულია, თუმცა საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეა მიბმული ვინ მოვა ხელისუფლებაში, როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელ შტოში, დანაწილება უფრო დეკლარაციული ხასიათისაა. ეს მუხლი ალბათ იმ დროიდანაა შემორჩენილი, როდესაც საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო, ანუ როდესაც მთავარ აღმასრულებელს, პრეზიდენტს, პარლამენტისგან დამოუკიდებლად ვირჩევდით და, შესაბამისად, შესაძლებელი იყო, პრეზიდენტად პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტიისგან განსხვავებული პარტიის კანდიდატი არჩეულიყო.

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას. ამავდროულად ის არამხოლოდ აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში და სახელმწიფოსგან მის დამოუკიდებლობას (დავუკვირდეთ, ეკლესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას და არა პირიქით. შეიძლება, ეს საბჭოთა წარსულითაა ნაკარნახევი, როდესაც ეკლესია სახელმწიფოსგან იდევნებოდა და ამგვარი დამოკიდებულებისგან დაზღვევას ისახავს მიზნად, მაგრამ მსოფლიოში პირიქითაც არსებობენ თეოკრატიული რეჟიმები, სადაც სახელმწიფო რელიგიურ დაწესებულებას/ლიდერს ემორჩილება და არც ასეთ ქვეყნებში იქმნება სახარბიელო ვითარება. სხვათა შორის, თავად ეკლესიისთვისაც პოლიტიკური ძალაუფლება საკმაოდ საშიშია. ამ შემთხვევაში რელიგიური სტრუქტურა სულიერებაზე ფიქრის ნაცვლად დიდ დროსა და ენერგიას უთმობს პოლიტიკას, ფინანსების მართვას), არამედ დებს კონსტიტუციურ შეთანხმებასაც, რომელიც უამრავ საგადასახადო პრივილეგიას ითვალისწინებს.

ფიზიკური ანუ სხეულის ხელშეუხებლობა (მუხლი 10) მნიშვნელოვანი უფლებაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ნების გარეშე მის სხეულში ვერ შეიყვანენ ვერანაირ პრეპარატს, საგანს; ვერ გამოიყენებენ მის ორგანოებს, სისხლსა თუ სხეულის სხვა ნაწილებს; ვერ ჩაატარებენ ექსპერიმენტს.

11.4 მუხლი ისე ჟღერს, თითქოს საყოველთაო სიღარიბისა და მწირი რესურსების პირობებში სახელმწიფო შშმ პირებისთვის ჩრდილოეთ ევროპული სტანდარტების ცხოვრების უზრუნველყოფას კისრულობდეს. არადა, თემი ვითხოვთ, რომ ჩვენ სხვებზე პრივილეგირებულები კი არ ვიყოთ, არამედ სხვებზე მეტად არ ვიჩაგრებოდეთ; სხვებზე მეტად არ გვიჭირდეს განათლების მიღება, დასაქმება და მისთ.

„განსაკუთრებული“ კი არ უნდა შექმნან ჩვენი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, არამედ პირობები უნდა შექმნან.

ამავე მუხლის თანახმად სახელმწიფო იღებს ზომებს ქალთა და კაცთა არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად. გასაგებია, რომ საქართველოში ქაღალდზე, სამართლებრივად ქალი და კაცი ათწლეულებია, რაც თანასწორია. მაგრამ პრაქტიკაში უთანასწორობას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. სწორედ მის პროაქტიულად გამოსასწორებლად იღებს სახელმწიფო არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის (და არა ხელშეწყობის) ვალდებულებას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანს არ აქვს უფლება გაეცნოს მის შესახებ შენახულ ინფორმაციას, თუკი ის პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს (18.2). სახელმწიფო უსაფრთხოება, სამართალდაცვითი ინტერესები კიდევ გასაგებია, მაგრამ როდესაც ადამიანის უფლების შეზღუდვის დასაშვებ გამონაკლისებზე ვლაპარაკობთ, რამდენიმესაფეხურიანი ტესტი გამოიყენება.

მიზანი, რომლის მისაღწევადაც იზღუდება უფლება, გამართლებული უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მაგალითად, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამართლებული მიზანი ვერ იქნება რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის პირველობის, მისთვის წარმმართველი როლის მინიჭება. რამდენიმე არსებულიდან ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი ზომა უნდა მიიღონ. ასევე უფლების შეზღუდვა უფრო მცირეხარისხოვანი უნდა იყოს, ვიდრე შეზღუდვის შედეგად დაცული სიკეთე. ამ შემთხვევაში რა გამოდის, ვიღაცის კომერციული ინტერესი, ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ადამიანის უფლებები, რომლის შესახებაც გროვდება ინფორმაცია?

გაუგებარია 20.3 მუხლის ფარგლები. მაგალითად, დასაშვებია თუ არა სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებების შელახვის საფუძვლით ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, რომელიც სქესის ნიშნით დისკრიმინაციას ნერგავს?

24.2 მუხლით არჩევნებსა და რეფერენდუმში ხმის მიცემა მძიმე დანაშაულისთვის გამტყუნებულ პირებთან ერთად ეკრძალებათ სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებებად ცნობილ პირებს, რომლებიც მოთავსებულნი არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

ჩანაწერი ზედმეტად ზოგადი და ბუნდოვანია.

ჯერ ერთი რომ, მაგალითად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ხალხი არამხოლოდ გამწვავების დროსაა ჰოსპიტალიზებული, არამედ ბევრი არასამედიცინო მიზეზებით, უსახლკარობის გამოც. ოჯახები ხშირად სახლიდან აგდებენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს, მათ არ უტოვებენ მემკვიდრეობით ქონებას. რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ ხმის მიცემის უფლება? რატომ უთანაბრდებიან ისინი მძიმე დანაშაულის ჩამდენებს?

გარდა ამისა შესაძლოა, ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირებიც იყვნენ მოთავსებულნი სამედიცინო დაწესებულებაში მდგომარეობის გამოსაკვლევად, დიაგნოზის დასაზუსტებლად. ამასთან ხაზგასასმელია, რომ 39.5.ე მუხლის თანახმად პარლამენტის წევრს მანდატი უწყდება სასამართლოს მიერ მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ თუ მხარდამჭერის მიმღებად გამოცხადებული დეპუტატი ჰოსპიტალიზებული არაა, ის შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას. ეს სწორიცაა: მხარდამჭერს ევალება არა მხარდასაჭერი პირის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება, არამედ მისი სწორი ინფორმირება, თანაც მხარდაჭერა უნდა დაწესდეს ძალიან კონკრეტულ სფეროებში (მაგ. კონკრეტულ თანხაზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების გასხვისება).

44.4 მუხლით კონკრეტულად არ არის განსაზღვრული საპარლამენტო სხდომის დახურვის კრიტერიუმები. ნებისმიერ საკითხზე მიმდინარე სხდომის დახურვა შეუძლიათ საფუძველს გარეშე.

42-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადება, ინფორმაციის მიწოდება და პროცედურებში მონაწილეობა სავალდებულოა, თუმცა ამ ვალდებულებისათვის თავის არიდების შემთხვევისთვის კონსტიტუციაში ნახსენები არაა სასჯელი. არადა, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა კონსტიტუციის 62.1 მუხლის მიხედვით ისჯება კანონით.

პრეზიდენტის მიერ კანონზე „ვეტოს“ დადებამ და კანონის პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებამ ფაქტობრივად აზრი დაკარგა და მხოლოდ დროის გასაწელად არსებობს. იმიტომ, რომ პრეზიდენტის „ვეტოს“ დასაძლევად მეტი ხმა არ არის საჭირო, ვიდრე რა რაოდენობითაც კანონი თავდაპირველად მიიღეს. პრეზიდენტს, ფაქტობრივად, კონსულტანტის ფუნქციაღა აქვს საკანონმდებლო საქმიანობაში.

კონსტრუქციული ურთიერთობების პირობებში ამ მექანიზმს შეეძლება მუშაობა, თუ პარლამენტი საქმის კარგად კეთებაზეა ორიენტირებული და არა ძალაუფლების დემონსტრირებაზე. 49-ე მუხლით პრეზიდენტი უმაღლეს მთავარსარდლადაა აღიარებული, თუმცა 70.6 მუხლი აწესებს საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ ძალებზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობას.

არაპროპორციულად დიდია არაარჩევითი ორგანოს, მთავრობის უფლებამოსილება: მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების მარეგულირებელი კანონპროექტის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ მთავრობას (54.8); ბიუჯეტის პროექტსაც მთავრობა წარადგენს, მასში ცვლილებაზეც მთავრობამ უნდა გასცეს თანხმობა. მთავრობის თანხმობის გარეშე იკრძალება ისეთი კანონის მიღება, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფო ხარჯის ზრდას, შემოსავლების შემცირებასა თუ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას (66.2,3,4). პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებაც კი არ შეუძლია პარლამენტს ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის გარეშე (66.7). თავდაცვის ძალების რაოდენობასა და შემადგენლობასაც პარლამენტი მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს (70.4).

გამოდის, რომ სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, ფინანსებსა და უსაფრთხოებას, არჩევითი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თავისი ინიციატივით ვერ არეგულირებს. არადა, საპარლამენტო რესპუბლიკის ხიბლი სწორედ ისაა, რომ მეტი ადამიანი, დეპუტატების სახით, უნდა იყოს ჩართული ქვეყნის მართვაში. ქართულ კონსტიტუციურ რეალობაში კი მივიღეთ სამთავრობო და არა საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც დიდი ძალაუფლებაა არაარჩევითი კოლექტივის ხელშია.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უამრავი საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, კონსტიტუცია ზემოაღწერილი ხარვეზების გამო ვერ ამკვიდრებს გამჭვირვალე, ხალხისთვის ადვილად განჭვრეტად სახელმწიფოს; დარღვეულია სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის პრინციპებიც.

შეიძლება ითქვას, რომ  არასწორი ინსტრუქციით, პროგრამული კოდით ვცხოვრობთ. კონსტიტუციის ზოგი ხარვეზი უბრალო გაუფრთხილებლობის შედეგი კი შეიძლება იყოს, მაგრამ, მაგალითად, მთავრობისთვის არაპროპორციულად დიდი ძალაუფლების მინიჭება; პარლამენტისთვის სხდომათა დახურვის კრიტერიუმთა განუსაზღვრელობა; მხარდაჭერის მიმღებთა საარჩევნო უფლების გაუმართლებელი შელახვა და სახელმწიფოსა და საპატრიარქოს დამოკიდებულების დაუბალანსებლობა (ამ უკანასკნელისთვის ფინანსური პრივილეგიების მინიჭება ანგარიშვალდებულების გარეშე) ქმნის წინასწარგანზრახულობის განცდას. ცხადია, გატარებული საკონსტიტუციო რეფორმა უკანასკნელი ვერ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ტერიტორიული აღდგენის შემთხვევაში გათვალისწინებულია ორპალატიანი პარლამენტის შექმნა.

______________

ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში ფრაქციის შექმნაზე განაცხადი დაარეგისტრირა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში ფრაქციას შექმნის, ამასთან დაკავშირებით პარტიამ განაცხადი დღეს დაარეგისტრირა. ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა კილაბერია იქნება, მოადგილეების თანამდებობებზე კი ნაზი ფუტკარაძე, ბაჩი მექვაბიშვილი და ნოდარ დუმბაძე წარადგინეს.

ენმ-ის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს ოთხი მოადგილე ეყოლება: „შევჯერდებით, ვინ იქნება მეოთხე.“ – გვითხრა ლაშა კილაბერიამ.

ფრაქციის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი საკრებულომ ცნობად მიიღო.

საკრებულოში ფრაქცია უკვე აქვს „ქართულ ოცნებას“. ამ ფრაქციას საკრებულოს წევრი თენგიზ აფახაზავა ხელმძღვანელობს, მას ხუთი მოადგილე ჰყავს.

ფრაქციის თავმჯდომარის ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი 2000 ლარით განსაზღვრეს. ფრაქციას ეკუთვნის სახელმწიფო ავტომანქანა, მძღოლის მომსახურება, საწვავი, სატელეფონო და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯი.

დღეს, 30 მაისს, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს: იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დავით მახარაძეს ჩააბარეს, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი ნერიმან ცინცაძემ დაიკავა, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე გახდა.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარის პოსტი მინდია გოგუაძემ დაიკავა. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე გახდა.

სამარხების თხრა უკვე ძაღლებმა დაიწყეს – როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ მარიუპოლში

წყარო: Hromadske.ua 

ოკუპირებულ მარიუპოლში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი რჩება. უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა მათთვის შეუძლებელია: რუსი სამხედროები არ უშვებენ.

საოკუპაციო ძალები ქალაქში საკუთარი წესრიგის დამყარებას ცდილობენ: ხალხს ნანგრევების გაწმენდას აიძულებენ, სკოლებში სწავლას იწყებენ, ხსნიან მაღაზიებს. მარიუპოლის ქუჩები კვლავაც სავსეა ცხედრებით.

როგორ ცხოვრობენ დანგრეულ და ოკუპირებულ მარიუპოლში – ამის შესახებ გვიყვება Hromadske-ს რეპორტაჟი.

სიჩუმის 50 დღე

ეკატერინამ 50 დღის განმავლობაში არ იცოდა, რა დაემართათ მის მშობლებს. მათ მარიუპოლიდან გასვლა ვერ მოასწრეს, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო, შემდეგ კი კავშირი გაწყდა.

ეკატერინა გამუდმებით ათვალიერებდა პრორუსულ ტელეგრამარხებს, რომლებიც მარიუპოლელთა ვიდეოებს აქვეყნებდნენ და ერთხელ კადრებში დედა დაინახა. ცოცხალი. ჰუმანიტარული დახმარების რიგში იდგა. ვიდეოში ჰყვებოდა, რომ კარგადაა, ქმარი ფეხში დაიჭრა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საავადმყოფოში გადაიყვანეს. კონკრეტულად სად, ქალმა არ იცოდა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედროებმა მას უფლება არ მისცეს, ქმარს გაჰყოლოდა.

ეკატერინამ ინფორმაციის ძებნა დაიწყო. ერთ-ერთ ჩატში მიაგნო ქალს, რომელიც დათანხმდა, დონეცკის საავადმყოფოში მისი მამობილი მოენახულებინა. ამ ქალის ტელეფონით ელაპარაკა ეკატერინა მამობილს და შეიტყო, რომ მარტის ბოლოს მისი მშობლების კორპუსს ჭურვი დაეცა, მამობილი კი ნამსხვრევებით დაიჭრა. მარიუპოლში დასაბრუნებლად მას ფილტრაცია უნდა გაევლო.

„ის დონეცკში რიგში ჩადგა. უთხრეს, რომ ოთხი კვირა უნდა მოეცადა. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც სრულიად უფულოდ, ტანსაცმლისა და ნივთების გარეშე იყო უცხო ქალაქში, ერთი თვე უნდა დალოდებოდა ფილტრაციას“.

კაცმა გადაწყვიტა ქალაქში ცნობის გარეშე დაბრუნებულიყო და მოახერხა კიდეც. ავტობუსით ჩავიდა ნოვოაზოვსკში, სადაც ეკატერინამ მას ტაქსი მოუძებნა და 2.5 ათასი გრივნა გადაუხადა მძღოლს, რომელმაც მისი მამობილი სარტანაში ჩაიყვანა. დანარჩენი 20 კილომეტრი მამობილმა ფეხით გაიარა. როდესაც საკუთარ სახლს მიაღწია, მისთვის ცხადი გახდა, რომ ისინი მარიუპოლიდან ვეღარ გამოაღწევდნენ.

„მათ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა და მერე იქიდან ევროპაში წასვლაც კი არ შეუძლიათ. ამისთვის ფილტრაციის გავლაა საჭირო. უახლოესი პუნქტები დოკუჩაევსკსა და ნოვოაზოვსკშია. უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიისკენ კი ჰუმანიტარული დერეფანი აღარ არსებობს“, – წუხს ეკატერინა.

დაღუპულთა ცხედრები ისევ ქუჩაშია

ეკატერინას მშობლები იძულებულნი გახდნენ, ცხოვრება დანგრეულ მარიუპოლში გაეგრძელებინათ, ქალაქში, რომლის ქუჩებშიც დაუმარხავი გვამებია. დროებით სამარხებს კი ძაღლები თხრიან და სხეულის ნაწილები აქეთ-იქით დააქვთ.

„ჩემი მშობლების ბინა გადარჩა, მაგრამ იქ როგორ უნდა იცხოვრონ… მთელი ავეჯი განადგურებულია, კედლები ჩამოშლილი, ფანჯრები და აივნები აღარაა.“

ეკატერინას მშობლებს მარიუპოლის დატოვება არ შეუძლიათ. მათ ფილტრაცია არ გაუვლიათ. ქალაქშიც საშვების სისტემა მოქმედებს – მიკრორაიონებს შორის საგუშაგოები დგას.

„მძევლებად იქცნენ. დედა ამბობს, რომ ციხეში არიან“.

მარიუპოლი, ხედი ფანჯრიდან. 21 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO GUERRA

ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ ტალონებითაა, რომლებსაც საოკუპაციო ხელისუფლება თვეში ერთხელ გასცემს. ეკატერინას დედას პროდუქტის რიგში დგომა სამი-ოთხი დღე უწევს.

„თავიდან მშობლები საერთოდ უარს ამბობდნენ ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე. მიჰქონდათ ეს დახმარება და როგორც ძაღლებს, ისე უყრიდნენ, მერე კამერით იღებდნენ ამას. როდესაც საჭმელი სრულებით გათავდა, იძულებულნი გახდნენ, გამოერთმიათ“.

მამობილისთვის წამლებიც არ აქვთ. ეკატერინამ იპოვა მოხალისე, რომელიც დათანხმდა, მედიკამენტები ნოვოაზოვსკიდან ჩაიტანოს.

„დედა ამბობს, რომ ქალაქში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედროები აღარ არიან. კადიროველები შევიდნენ. როგორც მათ უთხრეს, მარიუპოლში დაუმორჩილებელი ხალხია, ამიტომაც ისინი კადიროველებს გადააბარეს. დაუმორჩილებლები იმიტომ, რომ გამარჯვების დღის ზეიმზე არავინ გავიდა.“

ტელეფონის დამუხტვა ბაზარში გენერატორზე შეიძლება

კიეველი ანასტასიას მშობლები და 16 წლის დაც მარიუპოლში დარჩნენ.

„თავიდან ჩემს ორ ავადმყოფ ბებიას ვერ ტოვებდნენ. ერთი საავადმყოფოში მოხვდა და იქ ვინმეს უნდა მიეხედა მისთვის, საჭმელი მიეტანა, მოევლო. მერე დარჩენა არჩიეს. ფიქრობენ, რომ ქალაქში ცხოვრება ასე თუ ისე მოწესრიგდება.“

ერთი თვის წინ ანასტასიას ოჯახის წევრები, მარიუპოლში ფილტრაციის რიგში ჩადგნენ. მათ წინ ასე 3 ათასი ადამიანი მაინც იყო. ერთი კვირის განმავლობაში რიგმა სულ რაღაც 100 კაცით წაიწია წინ, ძალიან მალე კი ოკუპანტებმა ეს პუნქტი საერთოდ გააუქმეს. ახლა ფილტრაციის გასავლელად სხვა ქალაქებში წასვლაა საჭირო, თუმცა მშობლებს იქ მისვლა არ უნდათ, ეშინიათ, ანასტასიას მამა რუსეთის არმიაში არ წაიყვანონ.

„დედას ვკითხე, დაუმარხავი გვამების სუნი თუ დგას ქალაქში. მათ რაიონში ეს არ იგრძნობა, მაგრამ იმ რაიონებში, სადაც გაუწმენდავი ნანგრევებია, იქ ძალიან იგრძნობა“.

ქალაქის ზოგიერთ რაიონში უკვე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, კორპუსების პირველ სართულებზე, ზოგან, წყალიც მოდის. ანასტასიას მშობლებამდე „ცივილიზაციის ამ სიკეთეებს“ ჯერ არ მიუღწევია. წყალი ქალაქის კონკრეტულ წერტილებში მიაქვთ და არიგებენ, ხან კი ანასტასიას მამა ჭიდან იღებს. დასაბანად ოჯახი აბანოში დადის.

„დედა მიყვება, რომ ქალაქში ოთხი აფთიაქი გახსნეს. მუშაობა დაიწყო მაღაზიებმაც. ისე ჩანს, თითქოს ძველი რეზერვებიდან გამოაქვთ პროდუქტები. იღებენ რუბლსაც და გრივნასაც. მიმდებარე სოფლებიდან ხალხს ბაზარშიც ჩამოაქვს რაღაც პროდუქტები. ბაზარში დგას გენერატორიც, რომელზეც 20-30 გრივნად ტელეფონის დამუხტვა შეიძლება.

„როგორ ვურთიერთობ მშობლებთან? მათ „ფენიქსის“ ბარათი აქვთ. ასეთივე ბარათი აქვს ჩვენს ყოფილ მეზობელს, რომელიც ბეზიმენნოეში გადავიდა და იქ ინტერნეტიც აქვს. დედა ურეკავს მეზობელს ტელეფონით, ის ინტერნეტით მირეკავს მე და ასე გვაკავშირებს ერთმანეთს“.

მარიუპოლელებს არწმუნებენ, რომ ისინი არავის სჭირდება

არც მარიუპოლელი იგორი (მისი სახელი შეცვლილია) აპირებს რეგიონის დატოვებას. 12 მაისს ის მარიუპოლიდან მელეკინოში გადავიდა.

„ვერ წარმოიდგენთ, როგორი პროპაგანდა მიდის მარიუპოლში. იქ ხალხს უმტკიცებენ, რომ ეს ქალაქი არავის სჭირდება, რომ მარიუპოლელებს არსად ელიან და რომ მათთვის ერთადერთი გზა რუსეთში წასვლაა“.

იგორმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ინტერნეტი გაიყვანა და პირველად შეძლო ახლობლებისა და მეგობრებისთვის შეეტყობინებინა, რომ ცოცხალია.

„მშობლები ხშირად მიდიან ქალაქში, კომენდატურაში. კვირები დგანან რიგში, რომ მანქანის 7-დღიანი საშვი აიღონ. მე თუ მათთან ერთად სადმე წასვლას მოვინდომებ, მეც კომენდატურაში უნდა მივიდე, თუმცა ახლა მარიუპოლში ჩასვლის აზრს ვერ ვხედავ. არ მინდა, არმიაში გამომიძახონ.

ადრე სკოლაში ვმუშაობდი, იქ დაბრუნებას არ ვგეგმავ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინული პროგრამა ნაციონალისტურია. ბავშვები ზაფხულშიც ისწავლიან, საგნებს შორის კი იქნება რუსეთის ისტორია და რუსული ენა. ყველა სახელმძღვანელო რუსულით უნდა შეიცვალოს“.

იგორი ჰყვება, რომ ქალაქი ცხოვრებას ძალიან ნელი ტემპით უბრუნდება. ქუჩებში წყალი მოდის, რადგან დაბომბვებისას წყალგაყვანილობა დაზიანდა. როდესაც ელექტროენერგია ჩართეს, რამდენიმე სახლში მოკლე ჩართვის გამო ხანძარი გაჩნდა.

„ყველაფერი, რასაც აკეთებენ, ფიქციაა, ადგილობრივებს რომ თვალში ნაცარი შეაყარონ. არ ჰყოფნით ხალხი. ვიღაცამ ხომ უნდა შეაკეთოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები, სპეციალისტებს კი დარჩენილებს შორის ეძებენ.  ხალხს ჰპირდებიან სამუშაოს – 30 ათას რუბლს ქალაქის გაწმენდისთვის, ნანგრევების გაწმენდისთვის. მარიუპოლელები მიდიან, მუშაობენ, მაგრამ ეს ფული ჯერ არავის აუღია. მშრალი საკვების სანაცვლოდ მუშაობს ხალხი. ადგილობრივებს ფული საერთოდ არ აქვთ, ჰუმანიტარული დახმარება კი, როგორც თქვეს, ამ თვეში უკანასკნელად მიიტანეს“.

თუმცა მარიუპოლში არიან ადამიანები, ვისთვისაც ბარათზე ფულის ჩარიცხვა შეიძლება. შემდეგ ისინი ამ ფულს ხელზე მიუტანენ ადრესატს, თუმცა მომსახურების სანაცვლოდ თანხის 10-30 %-ს იღებენ.

„მაღაზიებსა და ბაზარში ჯერ კიდევ იღებენ გრივნას, თუმცა რუბლით გადახდა უფრო მოსახერხებელია. გრივნის კურსი ძალიან დაეცა. ბაზრებში ძეხვი და ყველი დონეცკიდან მოაქვთ, ან რუსული წარმოებისაა, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი – ხერსონიდან. ყველაფერი ძვირია.“

საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ახლობლების დაკრძალვასაც სთავაზობენ, თუმცა 3-5 ათასი უნდა გადაიხადო იმისთვის, რომ ცხედარი დროებითი სამარხიდან ამოიღონ, მერე კიდევ დამატებით, რომ ახალ ადგილას დაკრძალონ.

„ვაპირებ თუ არა წასვლას? – არა. კონტრშეტევას ველოდები და იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება. მთავარია, ბუჩის სცენარი არ გამეორდეს და აქ დარჩენილები არ დახვრიტონ.“

დაკრძალვა მარიუპოლის შემოგარენში მდებარე სოფელ სტარი კრიმში. 21 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO GUERRA

თარგმნა: თამარ რუხაძემ

როგორ იქცა ბათუმში ოპოზიციური საკრებულო „ოცნების“ საკრებულოდ – მოკლედ

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებიდან თითქმის 7 თვის შემდეგ, დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულომ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მუშაობას შეუდგა.

ბათუმის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეიცვალა – თვითმმართველობის მმართველი ორგანო აღარ არის ოპოზიციური, როგორც ეს 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად იყო. 35 წევრისგან შემდგარ საკრებულოში ახლა 17 წევრი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, 17 – ოპოზიციას, ხოლო 1 წევრი უპარტიოა, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერი.

საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ კვოტით აირჩიეს.

ამ მოცემულობამდე ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულომ რამდენიმეთვიანი გზა გაიარა. ამ სტატიაში ქრონოლოგიურად მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ იქცა ბათუმის ახალი მოწვევის ოპოზიციური საკრებულო „ოცნების“ საკრებულოდ.

  • 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები 

2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა. მათგან 15 წევრი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა, 3 – გახარიას პარტიას და 1 – „ლელოს“.

16 წევრი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“.

წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან მოკლე ხანში, საკრებულოს შეკრებამდე, ბათუმში პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს განხილვა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი პარტიისთვის. ძირითადად განიხილებოდა „ლელოს“ წევრისა და გახარიას პარტიის წარმომადგენლების კანდიდატურები, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

  • გახარიას პარტიის წევრის „განეიტრალება“ 

სანამ ბათუმში მომავალი საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობას განიხილავდნენ, გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ბათუმის საკრებულოში, ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც ასევე გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, გუნდი დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში მუშაობას გააგრძელებდა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

ეს გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობა“.

მისი ამ განცხადებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ირაკლი თავდგირიძე მმართველმა პარტიამ მოისყიდა. სწორედ ეს ეჭვი გააჟღერა გახარიას პარტიამაც. „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ – განაცხადა მაშინ გახარიას გუნდმა.

„ჩემი ქმედება გამოაჩენს, მე გაყიდული ვიყავი, მოსყიდული ვიყავი თუ ქალაქისთვის მივიღე გადაწყვეტილება“ – ასე გამოეხმაურა ირაკლი თავდგირიძე ყოფილი თანაპარტიელების განცხადებას.

დღეს, 30 მაისს, ირაკლი თავდგირიძემ მხარი დაუჭირა „ოცნების“ წარმომადგენლის, რამაზ ჯინჭარაძის არჩევას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. მისი მისვლა დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გადამწყვეტი იყო – წინააღმდეგ შემთხვევაში კვორუმი ვერ შედგებოდა და სხდომა ჩაიშლებოდა.

გახარიას პარტიის ყოფილი წევრის პოზიცია დღეს „ოცნებამ“ დააფასა – იგი მმართველმა პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაასახელა და აირჩია კიდეც.

  • საკრებულოს ოპოზიციური წევრის გარდაცვალება 

საკრებულოს შეკრებამდე, 2021 წლის 18 ნოემბერს, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდა, 100 000 დოლარი შესთავაზეს და მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

ამის დასადასტურებლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა აუდიოფაილი, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ ჩაწერა. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, როგორ სთავაზობდნენ ნუგზარ ფუტკარაძეს, დატოვოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გახდეს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და „ნეიტრალი“.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მისი შედეგების შესახებ ამ დრომდე არ არის ცნობილი.

  • შუალედური არჩევნები „ოცნების“ სასარგებლოდ 

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დღის წესრიგში დადგა შუალედური არჩევნების გამართვის საკითხი იმ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც ფუტკარაძე წარმოადგენდა ბათუმის საკრებულოში.

2022 წლის 2 აპრილს ბათუმის №4 საარჩევნო ოლქში თვითმმართველობის შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე, რომელიც საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილია და „ქართული ოცნებიდან“ – რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

№4 საარჩევნო ოლქში 2 აპრილის არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 497-ით გაიზარდა. ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა, ძირითადად, „ოცნების ქალაქში“ 400-მდე ახალი ამომრჩევლის რეგისტრაციის ხარჯზე მოხდა. ამ ამომრჩევლების მისამართი ასე იყო მითითებული – „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“, იქ, სადაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის აჭარის მთავრობა კორპუსებს აშენებს, თუმცა ჯერ უცნობია, ზუსტად ვინ მიიღებს ბინას ახალაშენებულ კორპუსებში.

ოპოზიციის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს სქემა გამოიყენა ამომრჩევლის მოსასყიდად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ოლქში „ოცნების“ კანდიდატის ვინაობა იყო. „ოცნების ქალაქში“ რამაზ ჯინჭარაძეს წლებია იცნობენ, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და აჭარის მთავრობის იმ კომისიის ხელმძღვანელს, რომელსაც, ფაქტობრივად, უნდა გადაეწყვიტა, ვინ მიიღებდა ბინას მთავრობის მიერ აშენებულ ახალ კორპუსებში.

სწორედ ამიტომ მიიჩნევდნენ წინასაარჩევნო პროცესის დამკვირვებლები, რომ საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა.

  • როგორ შეიცვალა კანონი 

რამაზ ჯინჭარაძის ბათუმის საკრებულოს წევრად არჩევა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ბათუმის საკრებულოს მუშაობა დაეწყო. საქმე იმაშია, რომ ჯინჭარაძის საკრებულოს წევრად უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო იყო ბათუმის საკრებულო შეკრებილიყო, კვორუმი კი არ დგებოდა, რადგან „ოცნების“ წევრთა რაოდენობა კვორუმისთვის საკმარისი არ იყო, ოპოზიცია კი პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ მიდიოდა.

სიტუაცია ჩიხში შედიოდა და დგებოდა ბათუმის საკრებულოს არჩევნების ხელახლა ჩატარების საკითხი.

10 მაისს საქართველოს პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ შეიტანეს განსახილველად კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად – შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება აღარ იყოს საჭირო. პარლამენტმა კანონი დაამტკიცა და ამგვარად, რამაზ ჯინჭარაძე ავტომატურად გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი.

საბოლოოდ, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც დღეს, 30 მაისს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩია „ოცნებამ“. დღეს სხდომას პოზიცია არ ესწრებოდა.

  • ვის რამდენი ხმა აქვს ამჟამად ბათუმის საკრებულოში 

პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ბათუმის საკრებულოში ასე ნაწილდება:

„ქართულ ოცნებას“  საკრებულოში 17 წევრი ჰყავს: რამაზ ჯინჭარაძე, ნატალია ზოიძე, ზურაბ ნაკაიძე, ასლან ბალაძე, როსტომ ხალვაში, ნერიმან ცინცაძე, რიჩარდ სირაბიძე, ლევან ცხოიძე, დავით მახარაძე, ნინო ცხვარაძე, ლევან ბერიძე, თენგიზ აფხაზავა, თეონა ბერიძე, გოჩა მგელაძე, ლევან დოლიძე, გიორგი ლომთათიძე და მინდია გოგუაძე.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის საკრებულოში 14 წევრი ჰყავს: კახაბერ ქაშიბაძე, რევაზ ხარაზი, ლაშა კილაბერია, მამუკა ქობულაძე, ნატო ნაცარაშვილი, ალექსანდრე ვარშალომიძე, ილია ჯინჭარაძე, ქეთევან ლასტაკანიძე, ბაჩი მექვაბიშვილი, ირაკლი ზოიძე, ეკატერინე ზარია, თეკლა კავაზიშვილი, ნაზი ფუტკარაძე და ნოდარ დუმბაძე.

პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“ საკრებულოში ჰყავს 2 წევრი: აკაკი გვიანიძე და ნატალია ძიძიგური.

„ლელოს“ საკრებულოში 1 წევრი ჰყავს: დღემდე, 30 მაისამდე, საკრებულოში „ლელოს“ ირაკლი კუპრაძე წარმოადგენდა, თუმცა მან მანდატი დატოვა და დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კუპრაძის ნაცვლად „ლელოდან“ საკრებულოში შედის ვაჟა დარჩია.

1 დამოუკიდებელი დეპუტატი – ეს ირაკლი თავდგირიძეა, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელიც დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს და დიდი ალბათობით, იგი „ოცნებას“ დაუჭერს მხარს.

 

უკრაინიდან ხორბლის ქურდობაში მონაწილე რუს მეზღვაურებს ინტერპოლი დააკავებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, სირიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემის მიერ სავარაუდოდ უკრაინიდან მოპარული ხორბლის ჩატანას გამოეხმაურა.

პოდოლიაკის თქმით, ყოველი მეზღვაური, ვინც მონაწილეობს მსგავს ქმედებებში, ძებნილთა საერთაშორისო სიაში მოხვდება და მათ ინტერპოლი დააპატიმრებს.

„რუსეთი აგრძელებს სისხლიანი უკრაინული ხორბლის ექსპორტს სირიაში. ყოველი მეზღვაური, რომელიც მონაწილეობს რუსულ დანაშაულებრივ სქემაში და ყიდის დანაშაულებრივად მითვისებულ ქონებას, იქნება იდენტიფიცირებული და მოხვდება საერთაშორისო ძებნილთა სიაში. მძარცველებს მსოფლიოს ყველა პორტში დაპატიმრების ორდერით დაელოდება ინტერპოლი,“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

CNN-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსების მიერ უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ერთ-ერთი გადამზიდი გემი – „მატროსი პოზინიჩი“ სირიის ქალაქ ლატაკიაში შევიდა. როგორც გამოცემა წერს, ეს ამ გემის მეორე მოგზაურობაა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში. ერთჯერადად გემს დაახლოებით 30 000 მეტრული ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ რუსებმა უკრაინიდან 400 000 ტონა ხორბალი მოიპარეს და გაიტანეს.

რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინული ხორბალი შავი ზღვის გავლით გადის ექსპორტზე. უკრაინა ხორბლის მეხუთე, ხოლო სიმინდის მეოთხე – უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთიდან და უკრაინიდან გადატანილი ხორბალი კი, გლობალური ბაზრის 30%-ს შეადგენდა ომამდე.

აღნიშნული გარემოებები უკვე გახდა სურსათის გლობალური კრიზისის შიშის საფუძველი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

__________________

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 

ყირიმის პორტში რუსული გემები უკრაინიდან მოპარული ხორბლით დაიტვირთა – CNN

ლუგანსკში რუსმა სამხედროებმა ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს – სამხედრო ადმინისტრაცია

ლუგანსკში რუსმა სამხედროებმა საევაკუაციო ავტომობილი დაცხრილეს, დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი – ამის შესახებ ტელეგრამარხზე ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ დაწერა.

მისი თქმით, ეს იყო ჯავშნიანი ავტომანქანა, რომელსაც ოლქიდან ათამდე ადამიანი უნდა გამოეყვანა.

„ჭურვის ნამსხვრევებმა მანქანის ჯავშანი გატეხა. სასიკვდილოდ დაიჭრა ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ევაკუაციის შესახებ მასალას ამზადებდა. პატრულის თანამშრომელი ჩაფხუტმა გადაარჩინა“, – წერს გაიდაი.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტის აკრედიტაციის მოწმობის ფოტოც გამოაქვეყნა. ფრედერიკ ლეკრერ იმჰოფი BFM TV-ს რეპორტიორი იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაცემული აკრედიტაცია. ფოტო/სერგეი გაიდაის ტელეგრამარხიდან

მომხდარის გამო ლუგანსკის ოლქიდან მოქალაქეთა ევაკუაცია შეჩერებულია. ოლქის 95 % ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. უკრაინა მხოლოდ ქალაქებს – სევეროდენცკსა და ლისიჩანსკის აკონტროლებს.

მთავარი ფოტო: დაცხრილული ავტომანქანის საქარე მინა/ სერგეი გაიდაის ტელეგრამარხიდან.

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

„კომისიამ მთავრობის და ასევე, სხვა მხარეების ჩართულობით შეიმუშავა განაწილების საბოლოო კრიტერიუმები, რომელიც ადგენს საკმაოდ სამართლიან სტანდარტს,“ – განაცხადა დღეს, 30 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით. მანამდე კი, მან ბათუმის საკრებულოს პირველ შეკრებაზე გააკეთა აქცენტი.

ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ასეულობით ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა – აქ წინასაარჩევნოდ 338 ამომრჩეველი დაარეგისტრირეს, რაც, მაგალითად, საია-მ კანონის დარღვევად შეაფასა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა არჩევნების შემდეგ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები ისევ შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და კრიტერიუმების განსაზღვრა მოითხოვეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, საცხოვრებელ ბინებს ვერ მიიღებენ ის ოჯახები, რომლებსაც 2019 წლის მდგომარეობით ჰქონდათ უძრავი ქონება საქართველოს რომელიმე თვითმმართველ ქალაქში, ან 2019 წლის შემდეგ ქონება გაყიდეს.

ბინას ვერ მიიღებს ვერც ის ოჯახი, ვისაც ეკომიგრანტის სტატუსი აქვს და უკვე ისარგებლა ეკომიგრანტის საცხოვრისის უზრუნველყოფის პროგრამით.

„ოცნების ქალაქში“ ბინას ვერ მიიღებენ ასევე ის ადამიანები, ვისი შემოსავალიც 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ყოველწლიურად 40 ათას ლარს აჭარბებდა.

ვინ მიიღებს ბინას? – ჯაბა ფუტკარაძის თქმით, რიგითობა 15 კრიტერიუმის მიხედვით განსაზღვრეს და, პირველ რიგში, იმ ოჯახებს დააკმაყოფილებენ ბინებით, ვისი თვითნებურად აგებული ქოხების ნაცვლად, მესამე საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს.

ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ტერიტორიული პრინციპის შემდეგ, რიგითობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: შშმ პირის და შშმ ბავშვის სტატუსი, სპეციალური სამედიცინო საჭიროება, მარტოხელა მშობელი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მშობელი, მრავალშვილიანი ოჯახები და ოჯახები, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, მრავალსულიანი ოჯახები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები.

რუსი მაროდიორების მინიატურები უკრაინის დასახმარებლად

ლიეტუველმა არტისტმა, ტომას უპსკასმა, აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა რუსი სამხედროების მინიატურული ფიგურები. კოლექცია, სახელწოდებით „იარაღის ძმები“, მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ფოტო: ტომას უპსკასის ფეისბუქიდან

“იარაღის ძმები დასრულებულია! ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიწყებ 2 000 ევროთი, საწყისი ფასით. თითოეული ცენტი უკრაინის დასახმარებლად წავა”, – დაწერა არტისტმა ფეისბუქზე.

ფოტო: ტომას უპსკასის ფეისბუქიდან

მინიატურები ასახავს, თუ რას აკეთებენ რუსი სამხედროები უკრაინელთა სახლებში: ძარცვავენ, სვამენ, ხსნიან რადიატორებსა და უნიტაზებს და იქვე ისაქმებენ.

ფოტო: ტომას უპსკასის ფეისბუქიდან

მაკეტის საწყისი ფასი 2 ათასი ევროა. მინიატურებიდან მიღებული შემოსავლით არტისტი უკრაინის დახმარებას გეგმავს.

ფოტო: ტომას უპსკასის ფეისბუქიდან

მთავარი ფოტო: ტომას უპსკასის ფეისბუქიდან

„ლევილი სარეველას მიაქვს” – მამულის სარეაბილიტაციოდ 5 მილიონი ევროა გამოყოფილი

პარიზის ლევილის მამული, სადაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის წევრები ცხოვრობდნენ, საქართველოს ოფიციალურად 2016 წელს გადმოეცა.

ლევილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზეა.

მოქალაქე ანი კალმახელიძე სოციალურ ქსელში ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რა მდგომარეობაშია ლევილის მამული, რომლის რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციისთვისაც 2016 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, 5 მილიონი ევრო უნდა გამოეყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

ანი კალმახელიძემ ლევილის მამულის ფოტოები 2022 წლის 29 მაისს გადაიღო. ლევილის მამული სარეველაშია ჩაფლული, ფოტოებზე შენობის მინების ნაწილი ჩამსხვრეულია. ანი კალმახელიძე გვიყვება, რომ მამულის დასათვალიერებლად მისულს არც დარაჯი შეხვედრია და არც დაცვა.

ანი ამბობს, რომ მამულის ეზოში სულ მცირე ორი წლის წინ გაჩერებული, დაჟანგული და მიტოვებული ავტომანქანა დგას, რომელიც ნაგვითაა სავსე და უკანა სავარძელზე ალკოჰოლის ბოთლები ყრია.

 

„ლევილში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. დასათვალიერებლად პირველად მივედი და ასეთი მდგომარეობა დამხვდა. შატოს, ამ ისტორიული ძეგლის მინები ჩამსხვრეულია, იქ შესვლა ნებისმიერს შეუძლია. მე იქ არავინ დამხვედრია, ლევილის მამულს არავინ აკონტროლებს. შენობას მეორე მხრიდან უზარმაზარი ლურჯი „ბრეზენტი“ აქვს გადმოფარებული, რადგან როგორც მივხვდი, შატოში წყალი ჩადის.

შატოში რომ შეიხედოთ, უწესრიგოდ ყრია რუსულ-ფრანგული ხელნაწერები, წიგნები, სამზარეულოს ნივთები…

ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, წარმოდგენა არ მაქვს. სარეველებში არანაკლებ ორი წლის წინ გაჩერებული მანქანა გდია. შიგ სიბინძურე იყო, უკანა სავარძლებზე ალკოჰოლის ბოთლები და რაღაც დოკუმენტებიც ეყარა. არაფერს შევხებივარ, მხოლოდ ფოტოები გადავიღე. არ ვიცოდი რა მექნა.

გვაქვს უზარმაზარი შატო პარიზში, რელიკვია, რომელიც წყალს და სარეველას მიაქვს,“ – ამბობს ანი კალმახელიძე.

ლევილის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდა.

აშენდა კამპუსი, ორანჟერეა, 150 კვადრატული მეტრის ფართობი, სადაც შატოს სრულ რეაბილიტაციამდე საქართველოს პირველი მთავრობის წევრების შთამომავლების 4 ოჯახს უნდა ეცხოვრა.

რეაბილიტაციის პირველი ნაწილის დასრულებისას, 2021 წელს, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ იზრუნებდა ლევილის რეაბილიტაციის პროექტის ყველა დანარჩენი ეტაპის წარმატებით განხორციელებაზე.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ლევილის მამულის რეაბილიტაციის დროდ 2017-2027 წლებია განსაზღვრული, ვადის ნახევარი უკვე გასულია.

ლევილის ბაზაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის განკარგულებით იგეგმება ლევილის ქართული აკადემიის გახსნა, აქ უნდა მოეწყოს ქართული სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ეთნოკულტურული გარემო და სხვა.

აქვე უნდა მოეწყოს კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციის მქონე ცენტრიც. ლევილის შატოს პირველი სართული მთლიანად უნდა დაიკავოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილმა ისტორიულმა სივრცემ.

ლევილის შატოს მეორე სართულზე, ნოე ჟორდანიას კუთვნილ ოთახში, უნდა მოეწყოს ნოე ჟორდანიას კაბინეტი.

ქართულ აკადემიაში კი, რომლის დაარსებასაც აქ გეგმავს საქართველოს მთავრობა, რამდენიმეთვიანი როტაციის პრინციპის დაცვით, საქართველოდან პარიზში გაგზავნიან ისტორიულ-კულტურული სფეროს წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და მკვლევრებს.

შატოს მეორე სართულის სივრცის ნაწილში უნდა მოეწყოს რეზიდენტებისთვის საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულო და სასადილო სივრცე.

ეს არის ცხრილი, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ლევილის რეაბილიტაციისას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ევრო 2017-დან 2026 წლამდე.

თანხის გადანაწილების ცხრილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის განკარგულებაშია მოცემული [განკარგულება №1456, 2016 წლის 21 ივლისი].

თუ ამ ოფიციალურ დოკუმენტს დავეყრდნობით, ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის უკვე დაიხარჯა 3 მილიონ 245 ათასი ევრო – 2017-დან 2021 წლის ჩათვლით, მიმდინარე, 2022 წელს კი, 651 ათასი ევრო დაიხარჯება.

რუსმა სამხედროებმა ლამის მოკლეს ბუნტის ჩასახშობად მისული გენერალი – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახური აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ კონტრაქტზე მომუშავე რუსი სამხედროები შეტევაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

„დონეცკის ოლქში რუსმა კონტრაქტორებმა ლამის ჩაცხრილეს თავიანთი გენერალი (ოლქის მეთაური, ვალერი სოლოდჩუკი), რომელიც ადგილზე ბუნტის ჩასახშობად მივიდა და აიძულებდა სამხედროებს, ბრძოლა გაეგრძელებინათ“, – წერს უკრაინის უშიშროების სამსახური.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერში სამხედრო ეუბნება ცოლს, რომ მათი 600-კაციანი ბრიგადიდან მესამედიღაა დარჩენილი, აღარც შეიარაღება და გადაადგილების საშუალებები აქვთ:

  • გუშინ ღამით მოვიდა მეთაური.
  • ასეულის მეთაური?
  • არა, რა ასეულის, ოლქის. კითხვები დაუსვეს, ვისაც კონტრაქტი ეწურებოდა. მე მეკითხება, კონტრაქტით რამდენი ხანი დაგრჩაო. მეთქი, ასე ოცი დღე, ჰოდა, ოცი დღე გაქვს, რომ აქ ამოგხდეს სულიო, მიპასუხა.
  • ეგ რა, გამო****და?
  • აი, ეგრე. მერე ყველამ უარი თქვა შეტევაზე. სრული სიგიჟეა. ჩვენ მთელი ბრიგადიდან, 600 კაციდან, 215 კაცი დავრჩით.
  • ამის დედაც… ეგ რა გამო**** ბულია
  • მთელი ბრიგადა უარზე იყო. იმან დაიწყო იარაღის ქნევა, სროლა „მე გეუბნებით, გაგანადგურებთ, თქვენი დედაც… თუ არ წახვალთ! მერე ერთ ბიჭს ეუბნება „წადი რო გეუბნები!“ იმან კიდე ყუმბარა ამოიღო, დამცავი გამოაძრო და ეუბნება „მიდი, მესროლე, ერთად ავფეთქდებით.“ სპეცრაზმელებმა იარაღი მოგვიშვირეს, ჩვენც მივუშვირეთ. მოკლედ, ლამის გადავცხრილეთ ერთმანეთი. ბოლოს ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა.
  • ნა***უი, წამოდი სახლში უკვე!
    მეც ეგრე ვფიქრობ, ამის მერე საერთოდ აქ გაჩერება აღარ მინდა, ნა*უი.. მეუბნება, ოცი დღე გაქვსო
  • რა გვარია?
  • სოლოდჩუკი, გენერალ-პოლკოვნიკი სოლოდჩუკი.
  • სვოლოჩუკი?
  • სო-ლოდ-ჩუ-კი, გენერალ-პოლკოვნიკი
  • პი****სტი, ***
  • სულ გამო***ვდა ეგ თქვენი სოლოდჩუკ-ვოლოჩუკი
  • ჩვენს ბრიგადას უკვე აღარაფრის აღება აღარ შეუძლია, აღარაფერი შეუძლია. ყველაფერი განადგურებულია, არც პირადი შემადგენლობაა, არაფერი. შეიარაღებიდანაც აღარაფერი დაგვრჩა. 20 მანქანიდან მხოლოდ სამი ვარგა.

“უკრაინსკა პრავდას” ცნობით, უშიშროების სამსახურმა მანამდე გამოაცხადა ცხელი ხაზის ნომრები რუსი სამხედროებისთვის, მათთვის, ვისაც ბრძოლაზე უარის თქმა სურს და გამოსავალს ეძებს.

მაისის ბოლოს სრულდება პუტინის რეჟიმის მიერ გამოცხადებული ე.წ. სპეცოპერაციისთვის დადგენილი 90-დღიანი ვადა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტრაქტორებს შეუძლიათ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კანონიერად დატოვონ სამსახური.

მთავარი ფოტო: გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი სოლოდჩუკი. ფოტო/zhzh.info

პირველი ივნისიდან ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო საათები იზრდება

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო იზრდება.

ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ სხვადასხვა სამარშრუტო ხაზის სამუშაო საათები სხვადასხვა დროით გახანგრძლივდება. მცირედით შემოკლდა ტრანსპორტის მოძრაობას შორის ინტერვალები.

აღნიშნული ცვლილება საზაფხულო სეზონს უკავშირდება.

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი ასე გამოიყურება:

მარშრუტი

დასახელება სამუშაოს დაწყების დრო მოძრაობებს შორის ინტერვალი ბოლო წრის დაწყების დრო
№ 1 აღმაშენებლის ქ. – ნონეშვილის ქ. 07:00 00:12 23:36
№ 1ა აღმაშენებლის ქ – ნონეშვილის ქ 07:10 00:12 23:34
№ 2 ადლიის ქ. – ახალშენის ცენტრი 07:00 00:32 22:28
№ 2ა ახალშენის ცენტრი-ადლიის ქ. 07:16 00:32 22:44
№ 3 აფხაზეთის ქ. – კაჩინსკების ქ. 07:00 00:14 23:06
№ 4 აღმაშენებლის ქ. – სვიშევსკის ქ. 07:10 00:12 23:34
№ 6 ასათიანის ქ. – ჩაქვი 06:52 00:32 22:20
№ 7 ვარშანიძის  ქ. (წრიული) ვარშანიძის  ქ. 07:30 00:15 23:00
№ 7ა ვარშანიძის  ქ. (წრიული) ვარშანიძის  ქ. 07:38 00:15 23:08
№ 8 აღმაშენებლის ქ. – მახინჯაური 06:50 00:15 23:20
№ 9 ქათამაძის ქ. – ივანე მესხის ქ. 07:00 00:15 23:00
№ 10 ბოტანიკური ბაღი – აეროპორტი 06:40 00:34 23:40
№ 10ა აეროპორტი –სახალვაშო 06:50 00:34 23:50
№ 11 აღმაშენებლის ქ. – ფერიის ქ. 07:00 00:12 23:24
№ 12 ხელვაჩაური – მაიაკოვსკის ქ. 06:25 00:21 22:52
№ 12ა მაიაკოვსკის ქ. – მახოს ხიდი 06:56 00:21 23:02
№ 13 ორბელიანის ქ. – საბაგირო 08:00 00:11 23:57
№ 14 ლ. ასათიანის ქ. – ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. 07:40 00:13 23:42
№ 15 ზედაღელის ქ. – ქათამაძის ქ. 07:05 00:30 22:35
№ 16 მაიკოვსკის ქ. -სარფი 06:40 00:17 23:06

სევეროდონეცკში ბრძოლა უკვე ქუჩებში მიმდინარეობს

30 მაისის მონაცემებით, უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბანში, რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოჩნდნენ, ბრძოლები უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ ქალაქში მდგომარეობა „ძალიან მძიმეა“, დანგრეულია სევეროდონეცკის ინფრასტრუქტურა, საბინაო მარაგის 60%  საცხოვრებლად უკვე გამოუსადეგარია. ქალაქში არ არის ელექტროენერგია, გაზი და წყალი.

სერგეი გაიდაიმ დღეს ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა, რომ ქალაქში გვამების სუნია, ქუჩებში ბევრი რუსი ჯარისკაცის ცხედარია, რამაც ცხელ ამინდში შესაძლოა ინფექციების განვითარება გამოიწვიოს.

მისივე თქმით, სევეროდონეცკში სამი ექიმი დაიკარგა, იპოვეს მხოლოდ დაზიანებული სასწრაფო დახმარების მანქანა, რუსული ჭურვების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, რომლებიც კორპუსის ეზოში საკვებს ამზადებდნენ.

ქალაქი სევეროდონეცკი ლუგანსკის ოლქში მდებარეობს, ქალაქში 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ამავე თემაზე: 

აჯობებს უკრაინელებმა დროულად გამოიყვანონ დანაყოფები შესაძლო ალყის ზონებიდან – ინტერვიუ

 

ირაკლი კუპრაძის ნაცვლად ბათუმის საკრებულოში ვაჟა დარჩია შევა „ლელოდან“

ირაკლი კუპრაძის ნაცვლად ბათუმის საკრებულოში „ლელოდან“ ვაჟა დარჩია იმუშავებს. ის ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე „ლელოს“ პარტიული სიის მეორე ნომერია, სიის პირველმა ნომერმა, ირაკლი კუპრაძემ კი, დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა.

„საკრებულოს შემდეგ სხდომას დავესწრები უკვე. ირაკლი კუპრაძემ მიიღო პერსონალური გადაწყვეტილება, რასაც ვეთანხმებით, თუმცა მანდატის და ტრიბუნის გამოყენებას ვაპირებთ,“ – აღნიშნა ვაჟა დარჩიამ „ბათუმელებთან“.

„მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ მოწვევის საკრებულოში, მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სხვა ფლანგზე ბრძოლით. ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ შრომას, ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივრისთვის მხარდაჭერის ფარგლებში. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთი მზადაა, მომავალში უკრაინის უსაფრთხოების ოფიციალური გარანტი გახდეს.

„მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორც მეზობლების. ამიტომაც, როდესაც ომი დასრულდება, თუ სამშვიდობო შეთანხმების ასეთი პირობა იარსებებს და თუ უკრაინა შემოგვთავაზებს, რომ ვიყოთ მისი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს“, – თქვა ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში.

უკრაინული მედიის ცნობით, როგორც მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა მუშაობს შეთანხმებაზე საერთაშორისო პარტნიორებისგან უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, თუმცა რუსეთის მონაწილეობის გარეშე. მისი თქმით, პროექტი შემუშავებულია, შესათანხმებელი რჩება გარკვეული დეტალები.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იყო განხილვის ერთ-ერთი თემა 8 მაისს, დიდი შვიდეულის შეხვედრაზეც.

ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი, დავით არახამია ამბობდა, რომ უკრაინას თავისი უსაფრთხოების გარანტებად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების ხილვა სურს – მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ისრაელის.

გამოცემა „ნოვოე ვრემია“ წერს, რომ უკრაინას ამ ქვეყნებისგან უფრო ძლიერი გარანტიების მიღება სურს, ვიდრე ამას კოლექტიური თავდაცვის შესახებ NATO-ს მეხუთე მუხლი ითვალისწინებს. გარანტორები ვალდებულნი იქნებიან, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, უკრაინას დახმარება რამდენიმე დღეში აღმოუჩინონ.

მთავარი ფოტო: ანჯეი დუდა კიევში/ფოტო პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტიდან.

გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. ის ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, თუმცა მან პარტია საკრებულოში შესვლის წინ დატოვა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებდა.

პარტიიდან ირაკლი თავდგირიძის წასვლის შემდეგ გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 3400 ლარია.

დღეს, 30 მაისს, ირაკლი თავდგირიძემ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს – რამაზ ჯინჭარაძეს დაუჭირა მხარი.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ასევე იქნებიან: ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში თავდაპირველად უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა, თუმცა ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა., გამოძიება დაიწყო ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას შედეგი არ დაუდია. ფუტკარაძეს „ნეიტრალურის დაჭერას“ სთხოვდნენ იმ აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს გაავრცელა

_____________________________________

ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომა ვერ დასრულდა. მიზეზი ამ დრომდე კვორუმის არარსებობა იყო. „ქართულ ოცნებას“ 2 აპრილის არჩევნების შემდეგ უკვე საკმარისი ხმები ჰქონდა, მაგრამ იმისთვის, რომ საკრებულოს ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ეცნო, კვორუმი უნდა შემდგარიყო, რისთვისაც 18 კაცი იყო საჭირო.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას უკვე ცესკომ ცნო არჩევნების შედეგების საფუძველზე და მას კვორუმი და ოპოზიციის ჩართულობა აღარ დასჭირდა.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ის საკრებულოში უკვე 17 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციასაც, თუმცა მე-18 ხმა ირაკლი თავდგირიძეს ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას პოლიტიკური გუნდიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში, თუმცა მალევე განაცხადა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს, დატოვა გახარიას პარტია და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატია.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულო დაახლოებით ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბა და თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. მას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 17 წევრი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ხოლო ერთი დამოუკიდებელი წევრია.

ოპოზიცია დღეს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა, გამონაკლისია მხოლოდ აკაკი გვიანიძე პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“, თუმცა მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

რამაზ ჯინჭარაძეს „ქართული ოცნების“ გარდა მხარი დაუჭირა ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატია.

რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოში 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. ეს არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მანამდე ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას უმრავლესობა ჰქონდა.

შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 338 ამომრჩეველი „ოცნების ქალაქში“ დაარეგისტრირეს. ეს ის უბანია, სადაც ასობით ოჯახი ამ დრომდე ხელისუფლებისგან საცხოვრებელ ბინებს ელოდება. საია ამომრჩევლის მოსყიდვის ან ზეგავლენის მოხდენის მუხლებით გამოძიების დაწყებას ითხოვდა, თუმცა გამოძიება არც დაწყებულა.

გამოძიება დაიწყო „ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას შედეგი არ დაუდია. მას „ნეიტრალურის დაჭერას“ სთხოვდნენ, იმ აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს გაავრცელა.

ენმ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრო, შემდეგ სხდომებს ეს პოლიტიკური ძალა დაესწრება.

საკრებულოს წევრის მანდატი პროტესტის ნიშნად დატოვა ირაკლი კუპრაძემ, ის ბათუმის საკრებულოში „ლელოს“ წარმოადგენდა.

______________

ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომა ვერ დასრულდა. მიზეზი ამ დრომდე კვორუმის არარსებობა იყო. „ქართულ ოცნებას“ 2 აპრილის არჩევნების შემდეგ უკვე საკმარისი ხმები ჰქონდა, მაგრამ იმისთვის, რომ საკრებულოს ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ეცნო, კვორუმი უნდა შემდგარიყო, რისთვისაც 18 კაცი იყო საჭირო.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას უკვე ცესკომ ცნო არჩევნების შედეგების საფუძველზე და მას კვორუმი და ოპოზიციის ჩართულობა აღარ დასჭირდა.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ის საკრებულოში უკვე 17 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციასაც, თუმცა მე-18 ხმა ირაკლი თავდგირიძეს ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას პოლიტიკური გუნდიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში და განაცხადა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს.

ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე საკრებულოს მანდატს ტოვებს.

ამის შესახებ დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, ნერიმან ცინცაძემ. მისი თქმით, ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს განცხადებით უკვე მიმართა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომაზე ირაკლი კუპრაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დატოვა მან საკრებულო. კუპრაძემ აღნიშნა, რომ ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება.

„მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ მოწვევის საკრებულოში, მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სხვა ფლანგზე ბრძოლით. ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ შრომას, ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივრისთვის იმ მხარდაჭერის ფარგლებში. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას,“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ნახეთ ირაკლი კუპრაძის კომენტარი: 

დღეს, 30 მაისს, ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად შეიკრიბა ჯერ კიდევ 2021 წლის 2 ოქტომბერს არჩეული საკრებულო, რომელიც ამ დრომდე ვერ მუშაობდა.

ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომა ვერ დასრულდა. მიზეზი ამ დრომდე კვორუმის არარსებობა იყო. „ოცნებას“ 2 აპრილის არჩევნების შემდეგ უკვე საკმარისი ხმები აქვს თავმჯდომარე აირჩიო სიით შემადგენლობის უმრავლესობით, მაგრამ იმისთვის, რომ საკრებულოს ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ეცნო, კვორუმი უნდა შემდგარიყო, რისთვისაც 18 კაცი უნდა შეკრებილიყო.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ცესკომ ცნო არჩევნების შედეგების საფუძველზე და მას კვორუმი და ოპოზიციის ჩართულობა აღარ დასჭირდა.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ის საკრებულოში უკვე 17 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციასაც, თუმცა მე-18 ხმა ირაკლი თავდგირიძეს ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას პოლიტიკური გუნდიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში და განაცხადა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს.

Exit mobile version