მთავარი,სიახლეები

რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 

22.04.2022
რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 

ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაში ვერ ამბობენ, აღადგენენ თუ არა პრომინადს ბათუმის ახალ ბულვარში ზაფხულის სეზონის დაწყებამდე. ამ ეტაპზე თებერვალში ჩამონგრეული პრომინადს იკვლევენ, რაც კომპანია „ქოსთ დიზაინმა“ აპრილის ბოლოს, ანუ რამდენიმე დღეში უნდა დაასრულოს. ამავე კომპანიამ სანაპიროს აღდგენის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.

ეს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა.

შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარი რამდენჯერმე დააზიანა, მათ შორის, 2022 წლის 5 თებერვალს, როცა ზღვამ სანაპიროს ნაწილი წაიღო. ამ დრომდე შემოღობილია პრომინადის ჩამონგრეული ნაწილი და ფეხით მოსიარულეები ველობილიკის სავალ ნაწილს იყენებენ. ექსპერტების თქმით, ზღვისგან სანაპიროს მიტაცების პროცესი გაგრძელდება, თუკი ინერტულ მასალას ზღვაში პერიოდულად არ ჩაყრიან. ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში ინერტული მასალა წლებია არ ჩაუყრიათ.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2 მარტს დაავალა აჭარის მთავრობამ ამ უწყებას შტორმის შედეგების აღმოფხვრის მიზნით „სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“

სამმართველოდან ასევე გამოგვიგზავნეს თორნიკე რიჟვაძის მიერ 7 მარტს ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც „…გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 19 700 ლარი“.

გამარტივებული შესყიდვის ფორმით, სამმართველომ ხელშეკრულება „ქოსთ დიზაინს“ გაუფორმა 2022 წლის 22 მარტს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 40 დღეში უნდა დაასრულოს სანაპიროს კონკრეტული უბნის სკრინინგი და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია მოამზადოს.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.

„ქოსთ დიზაინი“ ამოცანაა ტექნიკური დავალების მიხედვით მომზადდეს ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“.

ვინ ჩაიბარებს შესრულებულ სამუშაოებს და ვინ მუშაობს სახელმწიფოს მხრიდან ბათუმის სანაპიროს აღდგენაზე? – „ჰიდროტექნიკოსი, ოკეანოლოგი, ჰიდროლოგი, გეოდეზისტი, ხარჯთაღმრიცხველი, სკრინინგის სპეციალისტი…“ – მოგვწერეს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოდან. ბათუმის მერიის მსგავსად, არც ამ უწყებაში დაგვიკონკრეტეს სპეციალისტების ვინაობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: