მთავარი,სიახლეები

ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

31.05.2022
ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

დღეს, 31 მაისს, ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხაიძემ, „ბათუმელებს“ უთხრა,  გათავისუფლების შესახებ ის ჯერ სიტყვიერად გააფრთხილეს.

„ჯერ ბრძანება არ არის დაწერილი, თუმცა სიტყვიერად გაგვათავისუფლეს. ვადა ამომეწურა. ვადის ამოწურვამდე უნდა დანიშნულიყო არჩევნები, მაგრამ არ შეკრებილა არც საბჭო, არც არაფერი, თუმცა ჰყავთ სხვა კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე და როცა კანდიდატი არჩევნებამდე ცნობილია, უკვე არაფერს აზრი არ აქვს“, – გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.

თეატრის ყოფილი დირექტორი თემურ მახარაძეც ამბობს, რომ ვადა ამოეწურა, თუმცა სამინისტროს ვადის ამოწურვამდე უნდა გამოეცხადებინა კონკურსი.  „რა თქმა უნდა, ვაპირებდით კონკურსში მონაწილეობას, მაგრამ 10 დღის წინ  კულუარებში გავიგეთ, რომ კონკურსის გამოცხადებამდე შეარჩიეს კანდიდატი. ყველაფერი წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი,“- გვითხრა მახარაძემ.

„ბათუმელები“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსაც ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ ბრძანების მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი 4 წლის ვადით ინიშნებიან. „ვადა ამოიწურა, ამიტომ ორივე ერთად გათავისუფლდა“, – განაცხადეს სამინისტროში.

კითხვაზე, თუ რატომ არ ჩატარდა ხელმძღვანელების გათავისუფლებამდე არჩევნები და არის თუ არა ირაკლი კიკვაძე სამინისტროს მიერ უკვე შერჩეული კანდიდატი? – სამინისტროში გვიპასუხეს, რომ კიკვაძის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

„კონკურსი აწი უნდა გამოცხადდეს“, – გვითხრეს სამინისტროში.

___

მთავარი ფოტო: გიორგი ჩხაიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: