ნეტგაზეთი • RU

„ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – რა შეიცვლება ბათუმის საკრებულოში

დღეს, 3 აპრილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2 აპრილის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა.

შედეგების თანახმად, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე გახდა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მან ხმების 69,013 პროცენტი მიიღო №4 მაჟორიტარულ ოლქში, 14 საარჩევნო უბანზე, სულ – 7225 ხმა.

მას მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მათე ფუტკარაძე. წინასწარი მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 30,987 პროცენტი მიიღო, 3244 ხმა.

მათე ფუტკარაძის მამა, ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოს არჩეული მაჟორიტარი წევრი იყო. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე მან გაიმარჯვა №4 მაჟორიტარულ ოლქში და ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა, თუმცა გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მის გარდაცვალებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სამთავრობო პარტიის ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

  • რა იცვლება რამაზ ჯინჭარაძის ბათუმის საკრებულოს წევრად არჩევით 

2 აპრილის არჩევნებმა ფაქტობრივად გადაწყვიტა, ვის ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.

35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.

ბათუმმა საკრებულო 2 ოქტომბერს აირჩია, მაგრამ საკრებულოს სხდომები არ იმართება და ვერ ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, რადგან ხმათა უმრავლესობა [18 ხმა] აქამდე არც „ოცნებას“ ჰქონდა და არც ოპოზიციას.

მართალია, 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები წინასწარია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი შეიცვლება, შესაბამისად, ბათუმის საკრებულოში „ოცნების“ წარმომადგენლის შესვლით პოლიტიკურ ძალთა ბალანსი იცვლება – ახლა „ოცნება“ საკრებულოში უკვე 17 წევრით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიცია – ასევე 17 წევრით და რჩება 1 დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც ამბობს, ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ სურს. დიდი ალბათობით, იგი „ოცნებას“ დაუჭერს მხარს.

ამ მოცემულობით, „ოცნებას“ უკვე შეუძლია ხმათა უმრავლესობით [17 + 1 დამოუკიდებელი კანდიდატი] აირჩიოს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს.

  • როგორ მოიგო ახლა „ოცნებამ“ არჩევნები იმ ოლქში, სადაც 2 ოქტომბერს ოპოზიციამ გაიმარჯვა 

2021 წლის 2 ოქტომბერს ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნუგზარ ფუტკარაძემ მოიგო. მან „ოცნების“ მაშინდელ კანდიდატზე, მამუკა კაკაბაძეზე 296-ით მეტი ხმა მიიღო, სულ 4 838 ხმა.

ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ბათუმის №4 საარჩევნო ოლქში 2021 წლის 2 ოქტომბრისა და 2022 წლის 2 აპრილის არჩევნებზე, ამომრჩეველთა რაოდენობაა.

2021 წლის 2 ოქტომბერს ამ ოლქში 20 138 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 2 აპრილის არჩევნებზე კი – 20 635, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობა 497-ით გაიზარდა. ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა, ძირითადად, „ოცნების ქალაქში“ 400-მდე ახალი ამომრჩევლის რეგისტრაციის ხარჯზე მოხდა. ამ ამომრჩევლების მისამართია – „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“. 

აქ, „მიმდებარედ“, „ოცნების ქალაქში“, სახელდახელოდ აშენებულ ბარაკებსა და ქოხებში მცხოვრები ასეულობით ოჯახი საცხოვრებელს ითხოვს. ახლა მთავრობა მათთვის კორპუსებს აშენებს, თუმცა ბარაკებში მცხოვრებმა ადამიანებმა ჯერ არ იციან ზუსტად, ვის მოუწევს ბინა. აქ წლობით მცხოვრები ადამიანები 2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს, როგორც ამ მისამართზე მცხოვრები ამომრჩევლები. ოპოზიციის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს სქემა გამოიყენა ამომრჩევლის მოსასყიდად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ოლქში „ოცნების“ კანდიდატის ვინაობაა. „ოცნების ქალაქში“ რამაზ ჯინჭარაძეს წლებია იცნობენ, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და აჭარის მთავრობის იმ კომისიის ხელმძღვანელს, რომელსაც ფაქტობრივად უნდა გადაეწყვიტა, ვინ მიიღებდა ბინას მთავრობის მიერ აშენებულ ახალ კორპუსებში.

სწორედ ამიტომ მიიჩნევდნენ წინასაარჩევნო პროცესის დამკვირვებლები, რომ საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა.

გუშინ, 2 აპრილს, როცა ცნობილი გახდა არჩევნების წინასწარი შედეგები, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ერთ-ერთმა აქტივისტმა ასე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება რამაზ ჯინჭარაძეს:

წყარო: facebook

მას შემდეგ რაც რამაზ ჯინჭარაძე „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად დაასახელა, „ბათუმელები“ არაერთხელ შეეცადა მასთან ინტერვიუს ჩაწერას.

მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ჯინჭარაძე აქამდე არ არიდებდა თავს ჟურნალისტებს, კანდიდატად დასახელების შემდეგ იგი „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა, პრესსამსახურში კი ორი თვის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ დააზუსტებდნენ, თუმცა „ბათუმელების“ ინტერვიუ რამაზ ჯინჭარაძესთან, როგორც ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქის კანდიდატთან, ვერ შედგა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სწორედ რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურა განიხილება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. აირჩევენ თუ არა მას, ამის შესახებ სულ მალე გახდება ცნობილი, როცა ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და ბათუმის საკრებულო შეიკრიბება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com