„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ასობით პირმა შუალედური არჩევნების წინ მოახერხა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ჩაეწერა. შესაბამისად, ისინი ამ უბნის ამომრჩევლები გახდნენ. ამ დრომდე მათ რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ. ისინი მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ ჩაეწერნენ და „ოცნების ქალაქში“, მთავრობის მშენებარე კორპუსში, ბინის მიღების უფრო მყარი მოლოდინიც გაუჩნდათ.
ვის ეკუთვნის ბინა აქ, ამის დასადგენად სამთავრობო კომისიამ ადგილზე ბოლო 2 წელი იმუშავა. კომისიას სწორედ ამ უბნის მაჟორიტარობის სახელისუფლებო კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობდა. ამიტომაც მიიჩნევენ წინასაარჩევნო პროცესის დამკვირვებლები, რომ ეს მოწყვლადი ჯგუფის გამოყენებაა სასურველის მისაღებად და საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა.
წინასაარჩევნო გარემოს შეფასება მალხაზ ჭკადუას ვთხოვეთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აჭარა-გურიის კოორდინატორს.
- მალხაზ, ზოგადად რომ შეგვიფასოთ წინასაარჩევნო გარემო ბათუმში, წარიმართა თუ არა პროცესი კანონის შესაბამისად?
მეოთხე მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით რა ამბებიც განვითარდა, რა ბრალდებებიც გაისმა, რა ფარული ჩანაწერებიც გამოქვეყნდა, ყველა ეს ფაქტი ითხოვდა სახელმწიფოს მყისიერ, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას, ჩარევას. ვგულისხმობ ბატონი [ნუგზარ] ფუტკარაძის სიკვდილის გამოძიებას [ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრი].
ბატონი ფუტკარაძის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით საუბრის ჩანაწერების, მონაწილე ადამიანების გამოკითხვას და სულ მცირე სიმართლის დადგენის მცდელობას მაინც ხელისუფლების მხრიდან. ცხადია, ამას ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანად ითხოვდა, რადგან გარემოებები ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ის კითხვითი ნიშნები, რომლებიც დაისვა თავის დროზე, ბრალდებები, რომლებიც გაისმა, დღემდე უპასუხოდ რჩება. საზოგადოებამ არც არაფერი იცის ამ დრომდე – გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით მხოლოდ ის ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ შემდგომი შედეგი ჩვენ არ ვიცით. პრაქტიკულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წინ არ წასულა გამოძიება ამ მიმართულებით.
მეორე, რაც თვალში გვხვდებოდა, ეს არის გარდაცვლილის ოჯახთან კომუნიკაციის სიმწირე ხელისუფლების მხრიდან. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს არ იყო მასთან დაკავშირებული პირების ნამოქმედარი და ბრალდებები უსაფუძვლოა, მაშინ ამ ადამიანებს უნდა შეხვედროდნენ და საზოგადოებისთვისაც უნდა ეჩვენებინათ, რომ დიალოგის თუ გასაჭირის გაზიარების სურვილი გააჩნიათ. ჩვენ ესეც ვერ დავინახეთ.
- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე ასეული ადამიანი დარეგისტრირდა „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე და არჩევანის გაკეთების უფლებაც მიიღო.
დიახ, ეს არის მედიის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული და გადამოწმებული მონაცემები. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ტოტალურად გადმოეწერნენ და ადასტურებენ, რომ სხვა საარჩევნო ოლქში აძლევდნენ ხმას, სხვა მუნიციპალიტეტებშიც კი. ახლა გადაწყვიტეს, რომ გადმოწერილიყვნენ ბათუმში. ბუნებრივია, როცა საქმე ეხება არა ერთ ან ორ შემთხვევას და მასობრივი ხასიათი აქვს, ჩნდება კითხვის ნიშნები, ხომ არ ჰქონდა ამას ორგანიზებული, მართული ხასიათი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ამ ადამიანების ხმების სახით მიიღოს დამატებითი სარგებელი ამ არჩევნებში – მისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.
ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმარისზე მეტი საფუძველი ჰქონდა იმისთვის, ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაეწყო გამოძიება. ხომ არ იყო ამ ადამიანებზე ზეწოლა, ხომ არ იყო ერთგვარად მოსყიდვის მცდელობა, რომ თუ თქვენ გადმოეწერებით და მისცემთ ბატონ ჯინჭარაძეს ხმას, შეიძლება ბინა მიიღოთ. ასეთი გარემოებებს ხელისუფლება რეაგირების გარეშე არ უნდა ტოვებდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.
რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგვეძლება იმის გადამოწმება, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც 25 დღით ადრე მასობრივად გადაწყვიტეს გადმოწერა ბათუმში გაურკვეველ მისამართზე [კონკრეტული მისამართიც კი არ აქვთ, რაღაც დასახლებაა], ელოდებიან ბინების მიღებას – მათგან ვინ მიიღებს საკუთრებაში ფართობებს იმ მშენებარე კორპუსებში, რომლებსაც აჭარის მთავრობა აშენებს. შეიძლება აქ რამდენიმე დაემთხვეს, მაგრამ უკვე არსებული ვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევდა გამოძიების დაწყების საშუალებას.
ეს არ მომხდარა, რაც ძალიან სამწუხაროა და მიუთითებს იმაზე, რომ სახელისუფლებო კანდიდატისა და სხვა კანდიდატისთვის სასტარტო მდგომარეობა და არსებული მდგომარეობა განსხვავებულია.
- მთავრობამ რამდენიმე ახალი პროგრამის დაწყების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, ესეც არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა.
დიახ, არის ადმინისტრაციული რესურსის პირდაპირი თუ ირიბი გამოყენების ნიშნები. ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიკრიბნენ „ოცნების ქალაქში“ რეგიონული და ცენტრალური ფრთების წარმომადგენლები და საუბრობდნენ იმაზე, რომ ძალიან მალე დასრულდება კორპუსების მშენებლობა – ადამიანები მიიღებენ ფართობებს, დაკმაყოფილდებიან. ამავდროულად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იქვე, გვერდზე მდგომ რამაზ ჯინჭარაძეზე საუბრობდა, როგორც ადამიანზე, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ აჭარის მთავრობას გადაეწყვიტა ამ სახლების მშენებლობა.
ცხადია, ვინც რეგიონში ვმუშაობთ, ვიცით, რომ რამაზ ჯინჭარაძე მართლაც წლებია მუშაობს ეკომიგრანტებისა და, ზოგადად, განსახლების საკითხებზე, მაგრამ ის არის კანდიდატი. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მიერ, რეგიონის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტზე საუბრის დროს ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებენ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერისკენ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. შესაბამისმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და შემდგომ უკვე, მისი გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლომ კონკრეტული პირების დაჯარიმების საკითხი უნდა დასვას.
ჩვენ პრაქტიკულად წაშლილი გვაქვს პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარი.
და მესამე საკითხი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა – ეს არის წინასაარჩევნოდ რამდენიმე სოციალური პროგრამის ამოქმედება. ავარიული საცხოვრებელი სახლების ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლება არ იყო ახალი და ვიცით, რომ ამაზე მთავრობა მუშაობდა, მაგრამ პროგრამა დამტკიცდა წინასაარჩევნოდ. ეს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, შემდეგ კი ბრიფინგზე ისაუბრა [თორნიკე] რიჟვაძემ.
და მეორე პროგრამა, რომელიც ეხება უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამას. თავისთავად ცხადია, რომ ორივე პროგრამა არის სერიოზული სოციალური მიმართულების მნიშვნელობის მქონე, მაგრამ ორივეს მიღება და დამტკიცება ეხება წინასაარჩევნო პერიოდს. ეს, რა თქმა უნდა, უქმნის კეთილგანწყობის გარკვეულ ფონს ხელისუფლების მიერ წარდგენილ კანდიდატს. აი, ასეთ ვითარებაში ტარდება ბათუმში არჩევნები 2 აპრილს.
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ბოლო წლებში სულ საუბრობენ, ამჯერად ხელისუფლებას უფრო მეტი დასჭირდა გასამარჯვებლად. ადამიანების მასობრივი ჩაწერა ამაზეც ხომ არ მიანიშნებს?
ახალი ტაქტიკის გამოყენებაზე ნამდვილად არის საუბარი. ყველამ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნების შედეგებს ბათუმის საკრებულოს საბოლოო პოლიტიკური კონფიგურაციისთვის. ამიტომ ხელისუფლება ისევ და ისევ იყენებს ძალიან გამოცდილ მეთოდს – ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე დაუცველი, სოციალურად ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობით სარგებლობს: პრაქტიკულად ამ ადამიანებს იყენებს საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად.