ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ჩინური ინვესტიციები და გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით – გალიფ ოზთურქის იმპერია ბათუმში

10.12.2021 • 16808
ჩინური ინვესტიციები და გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით – გალიფ ოზთურქის იმპერია ბათუმში

ავტორები: თედო ჯორბენაძე, ირმა დიმიტრაძე

ბათუმში, ბონის დასახლებაში, „მეტრო ჰოლდინგში  შემავალი ერთ-ერთი კომპანიის მიერ უკანონოდ აშენებულ 9 კორპუსში უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ სულ სხვა კომპანია – „ჰექსინ ჯგუფი“ იუწყება. ახალ დასახლებას, რომელიც რამდენიმე თვეში უკანონოდ აშენდა, ქონების მესაკუთრეები ასე მოიხსენიებენ – „ბონი სითი“ ან „ჰექსინ მომავლის ქალაქი“.

„მეტრო“ გავლენიანი და ცნობილი ჰოლდინგია საქართველოში. „ბათუმელები“ ბოლო 2 თვეა სწორედ ამ ჰოლდინგთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობას იკვლევდა.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ბონის დასახლებაში, კონკრეტულად კი გოგოლის ქუჩის 11ბ-ში, რეგისტრირებულია რამდენიმე კომპანია, რომელთა მესაკუთრე/დირექტორი ასევე ფლობს ერთ-ერთ კომპანიას სახელწოდებით „ჭენჭი“. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, სწორედ „ჭენჭის“ ერთ-ერთ სასტუმროს სეიფში აღმოაჩინა პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ჩინეთის 38 მოქალაქის პასპორტები.

გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

ვის ეკუთვნის კომპანია „ჭენჭი“ და რას წარმოადგენს კიდევ ერთი კომპანია – „ჰექსინ ჯგუფი“, რომელიც „მეტრო ჰოლდინგის“ უკანონოდ აშენებულ კორპუსებს ყიდის ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, როგორც თავად უწოდებენ Hexin Future City/„ჰექსინ მომავლის ქალაქში“?

ვინ არიან „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიები

გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით ბათუმში – ჩინეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

ბოლო 4 თვის განმავლობაში „ბათუმელები“ შეხვდა ჩინეთის არაერთ მოქალაქეს, რომლებიც ბათუმში დაასაქმეს. დამსაქმებლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან, თუმცა კონკრეტულად რას საქმიანობენ, მკაცრად გასაიდუმლოებულია.

უკვე ერთი თვეა, რაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით. ეს საქმე ჩინეთის მოქალაქეებს უკავშირდება – პოლიციამ ნოემბრის თვეში შპს „ჭენჭის ნავსადგურის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის“ მფლობელობაში არსებული სასტუმროს – „პრაიმ ჰოტელის“ სეიფში ჩაკეტილი 38 პასპორტი იპოვა.

ტაბიძის 26-ში მდებარე „პრაიმ ჰოტელი“ კომპანიას იჯარით აქვს აღებული.

პასპორტები ჩინეთის იმ მოქალაქეების ეკუთვნით, რომლებიც ამავე სასტუმროში მუშაობდნენ.

კომპანია „ჭენჭს“ ერთი მესაკუთრე ჰყავს და ის ფილიპინების მოქალაქე მაიკლ ოზაეტაა. კომპანია ბათუმში 2021 წლის ივლისში დააფუძნეს.

ნოემბრის თვეში ბათუმში ძალადობის ბრალდებით ჩინეთის 5 მოქალაქე დააკავეს. მათ საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა: დაზარალებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – საქმის მასალების მიხედვით, მათ დაკავებულებმა სცემეს. ცემის ფაქტი სასტუმრო „პრაიმ ჰოტელში“ დაფიქსირდა. აქვე მუშაობდნენ ბრალდებულებიც.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული საქმის მასალების მიხედვით, გამოიკვეთა შესაძლო ტრეფიკინგის ნიშნები – გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო კიდეც. თუმცა, ჯერჯერობით, დევნა არავის მიმართ არ მიმდინარეობს.

პოლიცია ამ ეტაპზე იმ მოქალაქეების გამოკითხვას აწარმოებს, რომლებსაც პასპორტები ეკუთვნით.

დეტალების გასარკვევად „ბათუმელები“ დაუკავშირდა ჩინეთის საელჩოს საქართველოში. შეთანხმების მიუხედავად, პასუხების გაცემაზე საელჩომ საბოლოოდ უარი გვითხრა.

თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში [ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უკრაინაში] გაავრცელა ოფიციალური განცხადება ჩინეთის მოქალაქეების სხვადასხვა არალეგალურ საქმიანობაში მოტყუებით ჩართვის ტენდენციებზე.

დუბაი-კიევი-ბათუმი – რა უთხრა დაზარალებულმა პოლიციას 

ცემის საქმეში დაზარალებული დამუ ჟ. ჰყვება, როგორ აღმოჩნდა საქართველოში: თავის მეგობარს აკზოლ ა.-ს ყაზახეთში გააცნეს პიროვნება, რომელმაც მას შესთავაზა დუბაიში სამსახური, რაც დაკავშირებული იყო კომპიუტერულ საქმიანობასთან.

საქმის მასალების მიხედვით, დამუ ჟ. და აკზოლ ა. 2021 წლის აგვისტოში ჩაფრინდნენ დუბაიში.

„მგზავრობის ხარჯები უზრუნველყო კომპანიამ, რომლის ოფიციალური დასახელება არ ვიცი. აეროპორტში ჩასვლისას დაგვხვდა 3 ან 4 კაცი, რომლებმაც პანდემიის გამო ავტომანქანით წაგვიყვანეს კარანტინში, სადაც გავჩერდით 10 დღე, რა დროის განმავლობაშიც აღნიშნულმა უცნობმა პირებმა ჩამოგვართვეს პასპორტები“, – ამბობს დამუ ჟ.

მისივე მონათხრობით, ისინი დუბაიდან წაიყვანეს კიევში, სადაც 10-15 დღეს ასწავლიდნენ, როგორ შეექმნათ ყალბი გვერდები ფეისბუქზე. საქმის მასალების მიხედვით:

„თავს ვასაღებდით როგორც გოგონები, პროფილის სურათებად ვდებდით ლამაზი გოგონების ფოტოებს, რომლის საშუალებითაც ვიმატებდით უცხო კაცებს, ვწერდით, ვაბამდით მათთან რომანს, რის შემდეგაც ვეუბნებოდით, როგორ შეიძლებოდა ადვილად ფულის შოვნა და გაგვყავდა ყალბ საინვესტიციო პლატფორმა TRADING MT 5 -ზე. მოტყუების შემდეგ კლიენტი გადადიოდა მთავარ აგენტთან, რომელიც იყო ჩინელი, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი. პლატფორმაზე შემოტყუების შემდეგ კლიენტთან მუშაობდა ერთი და იგივე აგენტი. ჩვენ გვევალებოდა კლიენტების მოზიდვა, რაც შეეხება პლატფორმაზე ფულის ჩადებას, ამის თაობაზე მუშაობდა აგენტი“.

დამუ ჟ.-მ გამოძიებას უთხრა, რომ უკრაინაში ყოფნისას, სექტემბრის თვეში, მასთან მივიდა „ერთ-ერთი ჩინელი, რომელიც იყო მთავარი აგენტ-მენეჯერი, ყალბ საინვესტიციო პლატფორმაზე“ და უთხრა, რომ უნდა წასულიყო ბათუმში.

„მე მისთვის უარი არ მითქვამს, რამეთუ მეშინოდა. მათ ჰქონდათ ჩემი პასპორტი, აკრძალული მქონდა თავისუფლად გადაადგილება და ვიყავი შანტაჟის ქვეშ“.

დამუ ჟ. ასევე ჰყვება, რომ მას უკრაინიდან ჩამოჰყვა ჩინეთის რამდენიმე მოქალაქე და ბათუმში ჩამოფრენის შემდეგ აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში გაიარა 10-დღიანი კარანტინი. შემდეგ გადავიდა „ორანჯ ჰოტელში“, „სადაც გადმოვიდნენ და დარჩნენ ის ჩინელები, რომლებმაც ჩამომიყვანეს უკრაინიდან“.

მისივე თქმით, მან ბათუმში გააგრძელა იგივე საქმიანობა, რასაც უკრაინაში აკეთებდა:

„ჩემ მიერ შესრულებული სამუშაო იყო ყალბ საინვესტიციო პლატფორმა – TRADING M გვერდზე, ჩემ მიერ ყალბი ფეისბუქგვერდით გაცნობილი და გადმობირებული კაცების გადამისამართება, რათა მათ შემდგომში განეხორციელებინათ ინვესტიციები და კომპანიას მიეღო უკანონო ყალბი სარგებელი. „ორანჯ ჰოტელში“ ყალბი საინვესტიციო პლატფორმის TRADING MT 5-ის ფუნქციონირებისთვის ვიყენებდით დაახლოებით 30 კომპიუტერს“.

დამუ ჟ. ამბობს, რომ დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დაახლოებით 15 საათს: „მუშაობას ვიწყებდით ღამის 3 ან 4 საათიდან და ვმუშაობდით საღამოს 7 ან 8 საათამდე. თუ ვერ მოვიზიდავდით ბევრ კლიენტს, გვიწევდა მუშაობა თითქმის 24 საათი. თუ არ შევასრულებდით მოთხოვნას, დაგვაკლებდნენ ხელფასს, ათასი ლარის ფარგლებში. ხელფასი თვეში 3 000 ლარი იყო“.

დაზარალებული არც ერთ კომპანიას არ ასახელებს და აცხადებს, რომ კომპანიების ოფიციალური დასახელებები არ ახსოვს. მისივე მონაყოლით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადაუხადეს ერთი თვის ხელფასი, ასევე ბონუსი – 2000 ლარი.

საქმის მასალების მიხედვით, დამუ ჟ.-ს 8 ნოემბერს, ხოლო მის მეგობარ აკზოლ ა.-ს 7 ნოემბერს სცემეს. მაშინ აკზოლ ა. არასრულწლოვანი იყო.

მისივე თქმით, 8 ნოემბერს კონფლიქტი მოუვიდა „ჩინელ მამაკაცთან, რომელიც არის ყალბი საინვესტიციო პლატფორმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი“ [რომელიც ჩამოჰყვა უკრაინიდან] იმის გამო, რომ მას მისცა საჭმლის ფული, თუმცა საკვები არ მიუტანეს.

„როგორც აკზოლ ა.-სგან გავიგე, პასპორტის დაბრუნებაში ითხოვდნენ 25 ათას ლარს, რაც დახარჯული ჰქონდათ ჩვენს ტრანსპორტირებაში, კვებაში და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაში. მე, პირადად, არც ერთი მათგანისთვის არ მიმიმართავს პასპორტის დაბრუნებისა და სამუშაოს შეწყვეტის მოთხოვნით. მეშინოდა, რომ მცემდნენ და მომაყენებდნენ შეურაცხყოფას“, – ამბობს დამუ ჟ.

ამონარიდი დამუ ჟ.-ის გამოკითხვის ოქმიდან

„ბათუმელებმა“ მოიპოვა ასევე განცხადებები, რომლებითაც დაზარალებულები [დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენიდან 18 დღის შემდეგ] მიმართავენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და აჭარის პროკურორს.

„გაცნობებთ, რომ ბრალდებულების მიმართ არავითარი პრეტენზია არ გაგვაჩნია, მათ სრულად ამინაზღაურეს მოყენებული ზიანი, არ ვითხოვ მათ დასჯას. ასევე გთხოვთ და ვშუამდგომლობ თქვენ წინაშე, რომ მათ მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული ყველა სახის საპროცესო შეღავათი, კერძოდ თანახმა ვარ, რომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახე დაპატიმრება შეეცვალოთ გირაოთი, გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება, ასევე თანახმა ვარ მათ მიმართ დანიშნული იქნას არასაპატიმრო სასჯელი“, – აღნიშნულია დაზარალებულების განცხადებაში.

სეიფიდან ამოღებული 38 პასპორტი – „გვითხრეს, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე“

ამავე საქმეზე პოლიციამ გამოჰკითხა „პრაიმ ჰოტელში“ დასაქმებული ერთ-ერთი პირი, გუანგცი ჯ. რომელიც ამბობს, რომ ცხოვრობს ჩინეთში, არის ჩინეთის მოქალაქე, სადაც დასაქმებული იყო ბრინჯის შესანახი ტომრების ყიდვა-გაყიდვით.

„2021 წლის სექტემბრის თვეში გადავწყვიტე დასვენება საქართველოში ტურისტული მიზნით. მანამდე ასევე ტურისტული მიზნით დაახლოებით 28-29 დღე ვიმყოფებოდი უკრაინაში, ქალაქ კიევში, საიდანაც თვითმფრინავით ჩამოვფრინდი ბათუმში 2021 წლის 15 სექტემბერს. გავატარე კარანტინში 7-8 დღე, სასტუმრო მდებარეობდა ბათუმში, აეროპორტთან ახლოს, თუმცა სასტუმროს დასახელება არ მახსოვს. ბათუმში ცხოვრობდა ჩემი ჩინელი ნაცნობი მამაკაცი სახელად ლოგენი, რომლის გვარი არ ვიცი, ასევე არ ვიცი, თუ რას საქმიანობდა. მე მასთან მივედი სახლში, თუმცა სახლის მისამართი არ ვიცი, ასევე არ ვიცი, თუ რა უბანი იყო, მე  არ მიკითხავს და არ დავინტერესებულვარ, თუ რას საქმიანობდა ლოგენი. მასთან მქონდა კონტაქტი სოციალური ქსელით, თუმცა მისი ტელეფონის ნომერი არ მიწერია. მე ლოგენთან გავჩერდი დაახლოებით 8-9 დღე… ის სად მუშაობდა, ამის შესახებ არაფერი უთქვამს და არც სადმე კონკრეტულად სამუშაოდ წასული არ მინახავს“.

გამოკითხვის ოქმის მიხედვით, გუანგცი ჯ. ამის შემდეგ საცხოვრებლად გადადის სხვადასხვა მისამართზე, „მათ შორის ერთ-ერთ ჩინურ ჰოსტელში“, რომლის მისამართი ასევე არ ახსოვს.

„ბათუმში გავიცანი რამდენიმე ჩინელი ეროვნების პიროვნება. ერთ-ერთმა მათგანმა, რომლის სახელი იყო ჯეკი, რომელიც ასევე ცხოვრობდა ბათუმში, საკონტაქტო ქსელ ტელეგრამის საშუალებით მომწერა, რომ იყო სამსახური ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც მდებარეობდა აეროპორტთან ახლოს, რომლის სახელი არ მახსოვს, სადაც მივედი და გავესაუბრე სასტუმროს თანამშრომელს, რომლის სახელი იყო ლოცენგი, გვარი არ მახსოვს…“ – ამბობს გუანგცი ჯ, რომელიც ამ სასტუმროში დაასაქმეს.

„ოქტომბრის თვეში 20 დღე ვიმუშავე… აქვე დავაზუსტებ, რომ მე, მართალია, არ მახსოვს სასტუმროს ზუსტი მისამართი და დასახელება, თუმცა სასტუმრო ეკუთვნოდა ქართველს, პერსონალი იყო ძირითადად ჩინელები. ამასთან, ეს სასტუმრო არ იყო განკუთვნილი ვიზიტორების მისაღებად, იქ ცხოვრობდნენ ჩინელები, რომლებიც იყვნენ დაკავებულნი ჩინური საკვები პროდუქტების გაყიდვით, რომლის დეტალები მე არ ვიცი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ამ სასტუმროში დასაქმებული პირების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა“, – ჰყვება გუანგცი ჯ.

მისივე მონათხრობით, ის ემორჩილებოდა ვინმე ალანს, მოგვიანებით კი [ოქტომბრის ბოლოს], გადავიდნენ ტაბიძის 26-ში მდებარე სასტუმროში.

„რაც შეეხება აღნიშნულ სასტუმროს ნომერში მომუშავე პირებს, მე ზუსტად არ ვიცი, თუ რას საქმიანობდნენ ისინი, თუმცა დაახლოებით 30-40 პირი, რომლებსაც ხელმძღვანელობდა საუფანი, აღნიშნული პირები მუშაობდნენ იქვე სასტუმროში არსებულ კომპიუტერებთან, მათი საქმიანობით არ დავინტერესებულვარ, ვიცი მხოლოდ ის, რომ ისინი ახორციელებდნენ ჩინური საკვები პროდუქტების ყიდვა-გაყიდვას. როგორც ვიცი, კომპანიას გააჩნდა ასევე ფილიალი ჩინეთში, რომელთანაც ჰქონდა კონტაქტი ჩვენი ადგილობრივი სასტუმროს მენეჯერს და თანამშრომლებს. ზემოთ აღნიშნული ფული კი, რომელიც იყო სეიფში შენახული, იყო თანამშრომლების მიერ გამომუშავებული, თუმცა კონკრეტულად რა გზით, არ ვიცი“, – ამბობს გუანგცი ჯ.

ტაბიძის 26-ში სასტუმრო უკვე ცარიელი და დაკეტილია. ერთ-ერთ შესასვლელ კარზე გამოკრულია წარწერა, რომ დაუკავშირდნენ გამომძიებელს, კიდევ ერთი შესასვლელი კარი კი დალუქულია შსს-ს მიერ.

გუანგცისავე თქმით: „2021 წლის 11 ნოემბერს ვიმყოფებოდი სასტუმროში, ღამის საათებში, რა დროსაც მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ახლდათ თარჯიმანი და გვითხრეს, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე და უნდა მომხდარიყო სასტუმროში ჩხრეკა, რასაც მე დავეთანხმე და ჩემს საცხოვრებელ ნომერში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც იქვე არსებული სეიფიდან ამოღებული იქნა ჩინელი ეროვნების პირების პასპორტები, რომლებიც ჰქონდა ალანს შენახული. როგორც მახსოვს, იყო 38 პასპორტი. ასევე ამოღებული იქნა ფულადი თანხა და იჯარის ხელშეკრულება. გარდა ამისა, აღნიშნულ ოთახში არსებული მოთეთრო-მოყავისფრო ჩემოდნიდან ამოღებული იქნა პასპორტი გაცემული იანგ ჩ-ს სახელზე და იყო ფულადი თანხაც.“

გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ამ სეიფში ალანი ინახავდა ფულს და ანაწილებდა ხელფასებს.

გამოკითხვის დროს, როგორც ჩანს, გამოძიება ელექტრონული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საკითხითაც დაინტერესებულა.

„აღნიშნული პირები დაკავებული იყვნენ თუ არა ელექტრონულ პლატფორმაზე ვალუტების ყიდვა-გაყიდვით და კლიენტების მოზიდვით, ჩემთვის უცნობია.“ – პასუხობს გამოძიებას გუანგცი ჯ.

„ჭენჭის ნავსადგურის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია“ და კავშირი „მეტროსთან“

„პრაიმ ჰოტელში“ დასაქმებული გუანგცი ჯ, რომელიც პოლიციამ ზემოთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოჰკითხა, ამბობს, რომ სასტუმროს იჯარით აღების ხელშეკრულებაზე ხელი ალანის თხოვნით [2021 წლის ოქტომბრის თვეში] თავად მოაწერა.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვითი, ტაბიძის 26-ში მდებარე ამ სასტუმროს შენობის [ჯამში 2450 კვ.მ – პირველი სართულის ნაწილი და მეორე-მესამე სართულები მთლიანად] იჯარით აღებული აქვს შპს „ჭენჭის ნავსადგურის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიას“. იჯარის ხელშეკრულება რეესტრში დამოწმებულია 2021 წლის 25 აგვისტოს, ანუ გუანგცი ჯ.-ის ბათუმში ჩამოსვლამდე.

დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული შპს ჩინეთის მოქალაქე ფენგ ხუანგმა ბათუმში 2021 წლის ივლისში დააფუძნა. დაახლოებით ერთ თვეში კი, კომპანიის 100 პროცენტი წილი უსასყიდლოდ ფილიპინების მოქალაქე მაიკლ ოზაეტას გადასცა.

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, მაიკლ ოზაეტა წილებს ფლობს ან/და დირექტორია დაახლოებით 18 კომპანიის, რომელთა უმეტესობაში პარტნიორები არიან ჩინეთის მოქალაქეები. ეს კომპანიები მიმდინარე წლის ივლისშია რეგისტრირებული და იურიდიულ მისამართად ყველას მითითებული აქვს ბათუმი, გოგოლის ქუჩა 11ბ.

ამ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთი „მეტრო ჰოლდინგის“ საკუთრებაა და იქ მრავალსართულიანი შენობები უკანონოდ შენდება.

2021 წლის მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდში, ბათუმში, ჩინეთის, კამბოჯას, ფილიპინებისა და ნიდერლანდების მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები, ძირითადი საქმიანობისა და იურიდიული მისამართის მიხედვით, რომლებიც „მეტრო ჰოლდინგთან“ არიან დაკავშირებული / „ბათუმელების“ მიერ მოძიებული მონაცემებით, მარტო გოგოლის ქუჩის 11ბ-ში, სადაც უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ბოლო 6 თვეში 25 კომპანიაა რეგისტრირებული.

„ჭენჭის ნავსადგურის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიას“, თავის მხრივ, ბათუმში არაერთი კომერციული თუ საცხოვრებელი ფართობი აქვს აღებული იჯარით [ძირითადად, 2026 წლამდე]. მათ შორის, რამდენიმე სასტუმროც. იმ ობიექტებში, სადაც „ბათუმელები“ იმყოფებოდა, დაცვის თანამშრომლები ერთსა და იმავე პასუხს გვცემდნენ: „სასტუმრო არ მუშაობს… არაფერი ვიცით“.

რა მიზნით იქირავა შენობები კომპანიამ არც იმ მეიჯარეებმა იციან, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა.

„ჩვენ, ბუნებრივია, ვკითხეთ საქმიანობის შესახებ, თუმცა მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მათ მიერ დასაქმებული პირები შენობაში იმუშავებდნენ და თან იქვე იცხოვრებდნენ… ჩვენ იჯარის ხელშეკრულებაში ჩავუწერეთ, რომ თავად არიან პასუხისმგებლები ყველა ისეთ შესაძლო ქმედებაზე, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია – მაგალითად, ეს იქნება პროსტიტუციის მიზნით ფართობის დათმობა თუ, ვთქვათ, სახანძრო უსაფრთხოების დაცვა“ – გვითხრა ერთ-ერთმა მეიჯარემ.

„ჰექსინ მომავლის ქალაქი“ – უკანონოდ აშენებული კორპუსები ბათუმში და საინვესტიციო შეთავაზება

ჰექსინ მომავლის ქალაქი/Hexin Future City – ამ სახელწოდებით წარმოადგენს კომპანია „ჰექსინ ჯგუფი“ ბათუმში, გოგოლის 11ბ-ში უკანონო მშენებლობის პროექტს. სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დამონტაჟებულ მონიტორზე გადის, ჩინურ და ქართულ ენებზეა და მომხმარებელს „მსხვილი ინვესტიციების“ შესახებ აწვდის ინფორმაციას.

„ჰექსინ ჯგუფის“ შეთავაზება – მშენებლობა გოგოლის 11ბ-ში

„საცხოვრებელ-კომერციული ფართობი, კონფიდენციალური მენეჯმენტი, მულტიფუნქციური ზონა, მწვანე გარემო“,  – ასე სთავაზობს „ჰექსინ ჯგუფი“ მომხმარებელს უკანონოდ აშენებულ კორპუსებს [ეს მშენებლობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე ახლაც გრძელდება].

„ჰექსინ მომავლის ქალაქად“ წოდებული პროექტი „მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთ კომპანიას – სააქციო საზოგადოება „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ეკუთვნის. „მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთ საინფორმაციო ბიულეტენში ამ უკანონო მშენებლობას „ბონი სითის“ სახელითაც მოიხსენიებენ.

ჩინურენოვანი ბანერები ბათუმში „ჰექსინ ჯგუფის“ ბრენდირებითაა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა კომპანია „ჰექსინ ჯგუფით“.

სამეწარმეო რეესტრში სიტყვა „ჰექსინ“-ზე მხოლოდ სამი კომპანია იძებნება:

  • შპს ჰექსინ კაზინო სისტემ მაინთენანს
  • შპს ჰექსინ ონლაინ გეიმ დეველოფმენთ
  • შპს ჰექსინ ოფშორ ელეკტრონიკ სფორტს

სამივე მათგანი 2021 წლის 27 აგვისტოს, ბათუმში, „მეტროსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანიის, სააქციო საზოგადოება „მეტრო ატლას ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ მისამართზეა რეგისტრირებული.

ამ კომპანიების ძირითადი საქმიანობა, წესდებების მიხედვით, არის: კაზინო, ონლაინკაზინო, კაზინოს მომსახურება, ტექნიკური მომსახურებები, ონლაინთამაშები და ონლაინსპორტი.

სამივე კომპანიის მფლობელი საქართველოს მოქალაქე, 21 წლის მარადი ღორჯომელაძეა. მას ფეისბუქის მეშვეობით დავუკავშირდით და დაადასტურა, რომ „ჰექსინ ჯგუფში“ მუშაობს. თუმცა არ გვიპასუხა კითხვაზე – რა კავშირია ამ კომპანიასა და მის სახელზე რეგისტრირებულ სამ შპს-ს შორის. ასევე ვკითხეთ, არის თუ არა „ჰექსინ ჯგუფი“ სხვა რომელიმე სამართლებრივი სამეწარმეო ფორმით რეგისტრირებული საქართველოში. „ბევრ კითხვას სვამთ“, – გვიპასუხა მან.

ჯეიმსი, რომელსაც „ბონი სითის“ პროექტი აბარია

„ჰექსინ ჯგუფის“ ვიდეორგოლში მითითებულ ნომერზე „ბათუმელების“ სატელეფონო კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე შედგა. ჩვენ ვიკითხეთ ყიდდა თუ არა ეს კომპანია ბინებსა და ოფისებს „ბონი სითის“ პროექტში. მოსაუბრემ, თავდაპირველად ვერ გაიგო კითხვის შინაარსი, თუმცა მას შემდეგ, რაც დავაზუსტეთ, რომ „ჰექსინ მომავლის ქალაქს“ ვგულისხმობდით, გვიპასუხა – „დიახ, მაგრამ ჯერ კიდევ მშენებლობა მიმდინარეობს“.

დავინტერესდით, იყო თუ არა გაყიდვა დაწყებული და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ეტაპზე შეძენა. „ჰექსინ ჯგუფის“ წარმომადგენელმა „პასუხისმგებელ პირთან“, ვინმე ჯეიმსთან გადაგვამისამართა და თურქეთში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი მოგვაწოდა.

ჯეიმსმა გვკითხა, რატომ გვაინტერესებდა ეს პროექტი. მას შემდეგ კი, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტები ვართ, თქვა, რომ გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა. კითხვაზე, როდის იწყებენ გაყიდვას,  გვიპასუხა, რომ მან ამ პროექტის შესახებ არაფერი იცის და მასთან შეხება არ აქვს.

ჯეიმსთან საუბრის შეწყვეტიდან მალევე დაგვიკავშირდა პირი, რომელიც გაგვეცნო, როგორც „ბატონი ჯეიმსის ადვოკატი“ და დაინტერესდა, როგორ გავიგეთ მისი კლიენტის ნომერი.

ადვოკატმა სხვა არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

„ჰექსინ ჯგუფს“ განცხადება ჩინური დასაქმების საიტზეც აქვს გამოქვეყნებული, სადაც მითითებულია, რომ კომპანია 2020 წელს ბათუმშია დაფუძნებული.

„ჰექსინ ჯგუფთან“ გასაუბრების მიზნით „ბათუმელები“ იმყოფებოდა ბათუმის აეროპორტში, სადაც ამ კომპანიის საინფორმაციო შოურუმი მდებარეობს.

შოურუმში ვნახეთ ორი ტიპის საინფორმაციო ბროშურა „სქაი თაუერისა“ და „ჰექსინ ჯგუფის“ სერვისების შესახებ. ქალმა, რომელიც შოურუმში დაგვხვდა, ჩინურ ენაზე აგვიხსნა, თუ რას წარმოადგენდა ეს კომპანია: „გვაქვს სასტუმროები, კვებით მომსახურება, რესტორნები, მანქანების გაქირავება… ახლახან გავაქირავეთ სახლი კაზინოს მოსაწყობად“.

მისივე თქმით, კომპანიას ოფისები აქვს „სქაი თაუერსა“ და სასტუმრო „ინტურისტში“. ორივე მათგანი „მეტრო ჰოლდინგის“ საკუთრებაშია.

„ჰექსინ ჯგუფის“ ბეიჯებით მუშაობენ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ჩინური პროდუქტების სუპერმარკეტშიც.

მაღაზიაში დასაქმებული ჩინეთის მოქალაქისგან, 29 წლის ლიოსგან გავიგეთ, რომ მაღაზია „ჰექსინ ჯგუფს“ ეკუთვნის. ლიოს თქმით, კომპანიას დუბაიშიც აქვს წარმომადგენლობა.

„ჰექსინ ჯგუფის“ წარმომადგენლებისთვის კითხვების დასასმელად ბათუმში ჯამში 9 მისამართზე მდბარე ოფისებში მივედით. „ბათუმელებთან“ გასაუბრება არც ერთ მისამართზე არ ისურვეს.

„ჰექსინ ჯგუფის“ ოფისი ბათუმში / ინტურისტის შენობა რუსთაველის ქუჩის მხრიდან

გოგოლის 11ბ-ში, უკანონო მშენებლობის ადგილზე მისულებს დაცვამ გვითხრა, რომ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ პასუხისმგებელი პირები. კითხვაზე, მუშაობდნენ თუ არა მშენებლობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ ინფორმაციის გაცემა აკრძალული აქვთ.

„ჰექსინ ჯგუფთან“ დასაკავშირებლად სარეკლამო ბანერზე მითითებულ კიდევ ერთ ნომერზე დავრეკეთ, როგრც ჟურნალისტებმა. მოსაუბრემ ამჯერად გვითხრა, რომ ის თავადაა „ჰექსინ ჯგუფის“ მენეჯერი, თუმცა კომპანია „ახლახან ჩამოვიდა ბათუმში და ჯერ საქმიანობა არ დაუწყია.“ მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ შეუძლია და არც სურს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„ჰექსინ ჯგუფს“ ასევე მივმართეთ, როგორც კლიენტებმა ჩინეთიდან. ამ შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს ქონების შეძენა თუ ქირაობა, ასევე სხვა სერვისებიც – მათ შორის სავიზო საკითხებთან დაკავშირებული მომსახურება, კრიპტოვალუტა, იურიდიული და ფინანსური სერვისები, საოფისე სივრცეები, მრავალფეროვანი სამზარეულო და ა.შ. მომსახურების პირობებზე საუბრისას „ჰექსინ ჯგუფის“ წარმომადგენელი დაინტერესდა დუბაიში ვიმყოფებოდით თუ არა. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კომუნიკაცია შეწყვიტა.

ფოტო, რომელიც „ჰექსინ ჯგუფში“ დასაქმების აგენტმა მოგვაწოდა კომპანიის გადასამოწმებლად

უკანონო მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე და ბათუმის მერიის „რეაგირება“

ბათუმში, ბონის დასახლებაში, უკანონო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვა „ბათუმელებმა“ ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს დაუსვა.

„რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს. გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ დაწყებული გვაქვს წარმოება. თვეების განმავლობაში არაერთხელ მოხდა რეაგირება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ და კონკრეტული საჯარიმო სანქციებია გატარებული, რაც ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ამავდროულად მიმდინარეობს სასამართლო დავები სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასა და მერიას შორის, გასაჩივრებულია ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად შევეცდებით, რომ იმ საკანონმდებლო სინამდვილეში და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ეს ხაზი გავატაროთ“, – გვითხრა მერმა.

თუმცა „საჯარიმო სანქციები“, რასაც მერი აცხადებს, „გატარდა“ არა იმ კომპანიის მიმართ, რომელსაც ეკუთვნის კონკრეტული ტერიტორია, არამედ სულ სხვა კომპანიის მიმართ.

[red_box]გალიფ ოზთურქი[/red_box]

უკანონო მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე „მეტრო ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიებს უკავშირდება. ტერიტორიაც მათი საკუთრებაა. სწორედ „მეტროსთან“ არის დაკავშირებული ჩინური ინვესტიციები.

„მეტრო ჰოლდინგის“ მფლობელია ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი. მას წინასწარგანზრახული მკვლელობის საქმის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი თურქეთში. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თურქეთის საელჩოში დაუდასტურეს.

„გაცნობებთ, რომ თურქეთის მოქალაქე გალიფ ოზთურქი სტამბოლის მე-19 სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია წინასწარგანზრახული მკვლელობის საქმის გამორაზედაც მას მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა. ამ საქმესთან დაკავშირებით, თურქეთის უწყებებმა მოითხოვეს მისი საქართველოდან ექსტრადირება.

აღნიშნული პირის სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდების კომპეტენცია გააჩნიათ თურქეთის სამართლებრივ უწყებებს. ამ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ სტამბოლის რესპუბლიკურ პროკურატურას.“ – მოგვწერეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოდან.

გალიფ ოზთურქი თურქეთის პრეზიდენტთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრებთან ერთად. ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა წელს.

გალიფ ოზთურქმა 2 თებერვალს “ტვიტერის” ოფიციალურ ანგარიშზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ თავს არ მიიჩნევს დამნაშავედ და მოითხოვს საქმის გადასინჯვას.

“მე არ ვარ გაქცეული. მე ვარ ამ ეპოქის მსხვერპლი. თურქეთის სასამართლოს მიმართ ჩემი ნდობა უსაზღვროა! მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში განმეორებით პროცესის განხილვა გარანტირებულად მომიხდებოდა, ვინაიდან ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ამისი, მაინც გადავწყვიტე მე მოვითხოვო განმეორებით პროცესის განხილვა სასამართლოში! სამაგალითო წესდება”, – წერს გალიფ ოზთურქი და პოსტზე თაგავს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

„ბათუმელებმა“ „მეტრო ჰოლდინგში“ გალიფ ოზთურქთან წერილობითი ინტერვიუც შეათანხმა და კითხვები 7 დეკემბერს მიაწოდა. პასუხებს ამ დრომდე ველოდებით.

გალიფ ოზთურქი, რომელსაც თურქეთის და საქართველოს [2015 წლიდან] მოქალაქეობა აქვს, ბათუმში ცხოვრობს. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრებთან ხშირად ჩნდებოდა და ერთ-ერთ სახელმწიფო ფონდში [სოლიდარობის ფონდი] რამდენიმე მილიონი ლარი აქვს გადარიცხული.

„მეტრო ჰოლდინგს“ ათეულობით შვილობილი კომპანია და სააქციო საზოგადოება უკავშირდება საქართველოში, ძირითადად ბათუმში. ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“, რომლის იურიდიული მისამართი დღეს ბათუმშია, ერთ-ერთი პირველია, რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა [2010 წლის დეკემბერში].

ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი

„ბათუმელებმა“ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია: ჩინეთის რამდენმა მოქალაქემ მიმართა სააგენტოს საქართველოში ბინადრობის მისაღებად 2021 წელს, ასევე, ჩინეთის რამდენ მოქალაქეზე გაიცა შრომითი ბინადრობის ნებართვა და რამდენს ეთქვა უარი. პასუხი სააგენტოსგან ორი თვის დაგვიანებით მივიღეთ:

წყარო: სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო

სააგენტოსგან ვითხოვდით ასევე დეტალურ ინფორმაციას ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში საემიგრაციო ვიზის [სამუშაო ვიზა] გაცემის ან უარის თქმის შესახებ. სააგენტოდან მოგვწერეს, რომ აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ ჩვენი წერილი გაუგზავნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. საგარეო უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან „ბათუმელებმა“ იმ პროექტების ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით – ა) ხორციელდება ან ბ) შეთანხმებულია და იგეგმება განხორციელება. ვითხოვდით ასევე ამ ეტაპზე რამდენია ჩინური ინვესტიციის მოცულობა, რაც 2021 წლის აპრილის შემდეგ შემოვიდა საქართველოში და რა მოცულობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება 2022 წლიდან ჩინეთთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფების მიერ.

პასუხი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მივიღეთ:

ჩინური ინვესტიციები საქართველოში [აპრილი-ნოემბერი, 2021 წ.] წყარო: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

„გაცნობებთ, რომ შპს „სი ი ეფ სი-ს [ევრო-აზიური]“ ხელშეკრულება ითვალისწინებს დათქმას კონფიდენციალურობის თაობაზე, შესაბამისად სააგენტომ უზრუნველყო შესაბამის კონტრაჰენტთან შესათანხმებელი წერილის გაგზავნა და მათგან მიღებული დადებითი პასუხის შემთხვევაში გეცნობებათ დამატებით წერილობითი სახით.“ – მოგვწერეს ქონების სააგენტოდან.

კომპანია „ვესთ თაუერსმა“ [ყოფილი „დე ჯგუფი“] მიწის ნაკვეთი ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, აუქციონზე შეიძინა. „აღნიშნული აუქციონი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა… მყიდველის მიერ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით გადახდილია სრული საპრივატიზებო საფასური – 30 063 000 ლარი. ასევე გაცნობებთ, რომ სააგენტოში ინფორმაცია იმ ინვესტიცი[ებ]ის წარმომავლობის შესახებ, რომლითაც უძრავ ქონებაზე მესაკუთრემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, დაცული არ არის“, – მოგვწერეს ქონების სააგენტოდან.

____

მთავარი ფოტო: გალიფ ოზთურქი, ირაკლი ღარიბაშვილი და ბათუმში უკანონოდ აშენებული კორპუსები.  ბათუმში მცხოვრები ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 2015 წელს შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სოლიდარობის ფონდს 500 000 ლარი შესწირა. გალიფ ოზთურქს მსხვილი დონაციები საქართველოს სოლიდარობის ფონდში თითქმის ყველა პრემიერ-მინისტრის მმართველობის დროს აქვს შეტანილი.

გალიფ ოზთურქი ბათუმში, ბონის დასახლებაში „ბონი სითის“, ანუ უბანს აშენებს. მეტრო ჰონდინგთა დაკაშირებულმა კომპანიამ 9 კორპუსი აქ ყოველგავრი ნებართვის გარეშე უკვე ააშენა. მშენებლობა დღესაც გრძელდება.

___

____

გადაბეჭდვის წესი


ასევე: