მთავარი,სიახლეები

„შეიძლება ამომრჩეველი გაგვიბრაზდეს“ – ენმ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრება

30.05.2022
„შეიძლება ამომრჩეველი გაგვიბრაზდეს“ – ენმ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრება

„პირველ სხდომაში არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რადგან დღის წესრიგით მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაა გათვალისწინებული. შემდეგ სხდომებს დავესწრებით,“ – განაცხადეს დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა ენმ-დან ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კანონი შეცვალა და მას პარლამენტში ენმ-მაც დაუჭირა მხარი, ბათუმის საკრებულო თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ იკრიბება.

„გულდასაწყვეტია, რომ ამ ცვლილებებს პარლამენტში ჩვენი პარტია ჩვენთან საფუძვლიანი კონსულტაციის გარეშე შეუერთდა… შესაძლებელია, ამომრჩეველი გაგვიბრაზდეს. გვესმის ამომრჩევლის გულისტკენაც, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამომრჩეველი დავიბრუნოთ,“ – გვითხრა ნოდარ დუმბაძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია ენმ-დან.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის თქმით, ისინი საკრებულოს შემდეგ სხდომებს დაესწრებიან.

„ვემიჯნებით აღნიშნულ ქმედებას, ზოგი ეთანხმება, ზოგი – არა, თუმცა პარტიას უნდა გვქონოდა ერთიანი მიდგომა, ეს ნაკლები კომუნიკაციის ბრალია,“ – აღნიშნა ნოდარ დუმბაძემ, რომელსაც ასევე ვკითხეთ, როგორ გაიგებს ამომრჩეველი იმას, რომ აქამდე თავად ოპოზიციისა და ექსპერტების შეფასებით თვითმმართველობისთვის დამაზიანებელ საკანონმდებლო ცვლილებას ენმ-ს წევრებმაც დაუჭირეს მხარი.

—–

ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომა ვერ დასრულდა. მიზეზი ამ დრომდე კვორუმის არარსებობაა. „ოცნებას“ 2 აპრილის არჩევნების შემდეგ უკვე საკმარისი ხმები აქვს თავმჯდომარე აირჩიო სიით შემადგენლობის უმრავლესობით, მაგრამ იმისთვის, რომ საკრებულომ ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ცნოს, კვორუმი უნდა შემდგარიყო, რისთვისაც 18 კაცი უნდა შეკრებილიყო.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას უკვე ცესკომ ცნო არჩევნების შედეგების საფუძველზე და მას კვორუმი და ოპოზიციის ჩართულობა აღარ დასჭირდა.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ის საკრებულოში უკვე 17 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციასაც, თუმცა მე-18 ხმა ირაკლი თავდგირიძეს ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას პოლიტიკური გუნდიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში და განაცხადა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: