მთავარი,სიახლეები

რუსეთმა ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

31.05.2022 • 1063
რუსეთმა ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთი ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდებას უწყვეტს. ამის შესახებ განცხადება რუსულმა „გაზპრომმა“ დღეს, 31 მაისს, გამოაქვეყნა.

„30 მაისის სამუშაო დღის ბოლოს Gazprom Export-ს არ მიუღია GasTerra B.V.-სგან აპრილში მიწოდებული გაზისთვის გადახდა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო რუსეთის პრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის ნომერ 172 ბრძანებულების შესაბამისად.

პირველი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე უნდა გადაიხადონ რუბლში ახალი ანგარიშის დეტალებით, რის შესახებაც სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული მონაწილე მხარეები,“ – ვკითხულობთ „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ნიდერლანდების კომპანია GasTerra B.-მ რომლის წილების ნაწილიც სახელმწიფო საკუთრებაა და შესყიდვებს მთავრობის სახელით აწარმოებს, აცხადებს, რომ უარს ამბობს ახალ პირობებზე – თანხის რუსულ რუბლში გადახდაზე:

„GasTerra არ შეასრულებს „გაზპრომის“ მოთხოვნებს გადახდის მეთოდებთან დაკავშირებით. რადგან ამის გაკეთება შექმნიდა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის რისკს. ასევე, კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მოთხოვნილი გადახდის გზასთან დაკავშირებულია ძალიან ბევრი ფინანსური და საოპერაციო რისკი. კერძოდ, ესაა ანგარიშების გახსნა მოსკოვში რუსული კანონმდებლობის ქვეშ, ხოლო ამ ანგარიშების რუსული რეჟიმის მიერ კონტროლი ქმნის უზარმაზარ რისკს,“ – წერს ჰოლანდიური კომპანია 30 მაისს გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ნიდერლანდები მეოთხე ქვეყანაა, რომელსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რუბლში გადახდაზე უარის გამო. მანამდე იმავე ქმედების სამიზნე გახდნენ ფინეთი, პოლონეთი და ბულგარეთი.

უკრაინაში შეჭრისა და იქ ომის დაწყების შემდეგ დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. საპასუხოდ, რუსული ეროვნული ვალუტა რომ გადაერჩინა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რუსეთმა გაზის გაყიდვა რუბლში დაიწყო. რუსეთი გაზის გადაკეტვით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან ამ ულტიმატუმზე.

მას, ვისაც რუსული გაზის მიღება სურს, ანგარიში უნდა გახსნას რუსულ ბანკში და რუბლში გადაიხადოს გაზის საფასური. აღნიშნული მიუღებელი აღმოჩნდა ევროპის არაერთი სახელმწიფოსთვის. ბულგარეთს, პოლონეთსა და ფინეთს სწორედ ამ მიზეზით შეუწყვიტეს გაზის მიწოდება.

თავის მხრივ, უკრაინა ომის დაწყების დღიდან ითხოვს, დაწესდეს ემბარგო რუსულ ენერგორესურსებზე, რადგან ევროპაში ენერგორესურსების გაყიდვით რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ მილიარდობით დოლარი მიიღო.

______

მთავარი ფოტო: NU.nl

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: