მთავარი,სიახლეები

ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმში – რა მოიფიქრეს ოპოზიციურმა პარტიებმა

22.10.2021 • 7452
ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმში – რა მოიფიქრეს ოპოზიციურმა პარტიებმა

„ჩვენთვის წითელი ხაზები არ არსებობს,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, როცა მას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის თემაზე ვესაუბრეთ. აკაკი გვიანიძე ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია.

„წითელი ხაზი“ რომ არსებობს, ამის შესახებ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უთხრეს გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრებს ბათუმში შეხვედრის დროს: „არ დაუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ – ცალსახაა მესამე სექტორის პოზიცია იმაზე, თუ საითკენ არ უნდა წავიდეს გახარიას პარტიის წარმომადგენლის ხმები, როცა ამ პოლიტიკური ძალის სამი წარმომადგენლის გარდა „ოცნებასა“ და დანარჩენ ოპოზიციას შორის ძალთა ბალანსი ასე ნაწილდება: 16 – 16.

ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ გახარიას პოლიტიკური გუნდი ნამდვილად ოპოზიციაა და ის „ოცნებას“ არ დაუჭერს მხარს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. თავის მხრივ, „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს: „ბათუმის საკრებულოში გვეყოლება უმრავლესობა“.

„ეს ძალიან საშიში განცხადებაა, თუმცა პრესა რატომ თვლის, რომ მაინცადამაინც ჩვენ გვიგულისხმა? იქნებ „ნაცმოძრაობას“ გულისხმობს ან „ლელოს“?“ – ამბობს აკაკი გვიანიძე და დასძენს, რომ ეს არც უკვირს, რადგან ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ შეიძლება იყოს უფრო მეტი ეჭვი.

თუკი გახარიას პარტიის წევრების მხარდაჭერის გარეშე ოპოზიციას საკუთარი კანდიდატურის გაყვანა არ შეუძლია, რამდენად შესაძლებელია ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გახარიას პარტიიდან საკრებულოში შესულ წევრებს დაუჭიროს მხარი, მაგალითად, ნინო ბაციაშვილს, რომელიც „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო? – ვკითხეთ თავად ნინო ბაციაშვილს, ჭადრაკში ტიტულოვანი სპორტსმენსა და მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატს. მან მოგვწერა, რომ ამ თემაზე არ უფიქრია, რადგან პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.

აკაკი გვიანიძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია და „ქართული ოცნებაც“ მეორე ტურამდე რეალური ნაბიჯების გადადგმით არ არის დაინტერესებული. არჩევნების საბოლოო შედეგების შემდეგ ერთიც და მეორეც იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს და რეალური პოლიტიკით დაკავდეს.

„მთავარია ის, თუ რა დაუკვეთა საზოგადოებამ. საზოგადოების დაკვეთაა კოალიციური მმართველობა. ჩვენი მისიაა, არ დავუშვათ რომელიმე პოლიტიკური ძალის უპირატესობა,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას ვკითხეთ, როგორ გამოვა ეს და რამდენად რეალურია რასაც ამბობს, როცა ერთს ან მეორეს აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი.

რამდენად შესაძლებელია, თავად გახარიას პარტიის წარმომადგენელი, მათ შორის, აკაკი გვიანიძე გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე?

„თუკი ამაზე შევთანხმდებით, ესეც შესაძლებელია. ჩვენ არავითარ თანამდებობას არ ვითხოვთ. შესაძლებელია, არც ერთი თანამდებობა ჩვენ არ გვქონდეს, მაგრამ თუკი იტყვიან, რომ ჩვენ უნდა დავიკავოთ რომელიმე თანამდებობა, დავთანხმდებით,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე „ბათუმელებთან“.

მესამე სექტორთან გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრების შეხვედრის დროს ირაკლი მიქელაძემ, რომელიც „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი იყო ბათუმში, ხაზი გაუსვა იმას, რამდენად ლოგიკურია მხარი დაუჭიროს „ლელოდან“ საკრებულოში შესულ ირაკლი კუპრაძეს, როცა მისმა პარტიამ არჩევნებში 3 მანდატი მოიპოვა?

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, კატეგორიულად არ უარვყოფთ ამ ამბავს,“ – გვითხრა ბათუმის მერობის კანდიდატმა ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძემ, რომელსაც ვკითხეთ, დაუჭერენ თუ არა მხარს გახარიას პოლიტიკური გუნდიდან საკრებულოში შესულ ადამიანებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე იმ მოტივით, რომ ეს პოლიტიკური თანამდებობა ოპოზიციონერმა დაიკავოს.

„ჩვენთვის კატეგორიული არასდროს ყოფილა ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა. მთავარია, ოპოზიციური პარტიიდან იქნება საკრებულოს თავმჯდომარე,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა გაჟღერდა საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე, თუმცა ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება.

გიორგი კირთაძის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მაღალი ალბათობით ირაკლი კუპრაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

„თუმცა ვნახოთ რას აჩვენებს და რა გადაწყდება მოლაპარაკებებზე… ვფიქრობ, ირაკლი კუპრაძე იქნება საკრებულოს კარგი თავმჯდომარე,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

რეზო ხარაზი არ ჩქარობს და მოლოდინი აქვს, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები აისახება ამ გადაწყვეტილებაზეც.

„მე უფრო დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისს არ შექმნის გახარიას პარტია და დარჩება ოპოზიციაში. ვფიქრობ, კოალიციური მმართველობის მაგალითი შეიქმნება ბათუმის საკრებულოში… არჩევნების შედეგებით ჩანს, რა არის ხალხის დაკვეთა. დაკვეთა არის, რომ ხმა მისცა უმრავლესობამ ოპოზიციას და არა „ოცნებას“. თუ გახარიას პოლიტიკური გუნდი ამას გააკეთებს, გამოჩნდება, ვინ სად დგას,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

„საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ასარჩევია არამხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ კიდევ 7 თანამდებობის პირი საკრებულოში: 2 მოადგილე და 5 კომისიის თავმჯდომარე. აკაკი გვიანიძე მიიჩნევს, რომ ამ თანამდებობებზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის არჩევით არის შესაძლებელი კოალიციურობის პრინციპის დაცვა და პასუხისმგებლობის გადანაწილება.

„საკრებულოში ასარჩევია 8 თანამდებობის პირი. რატომ მიიჩნევს რომელიმე პარტია, რომ ყველა თანამდებობა მათ ერგებათ? ჩვენ ამ ეტაპზე გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ დიალოგის პროცესს და მზა ფორმულა არ შევთავაზოთ, კონკრეტულ პროპორციებზე საუბარი არ არის… ვინ უნდა გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე, ეს არის ამ ოთხი პოლიტიკური ძალის შეთანხმების საგანი. ჩვენ ფასილიტატორის როლს ვითავსებთ და დაზღვევაც ვიქნებით, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე.

გახარიას პოლიტიკური გუნდი ბათუმის საკრებულოში შესულ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის, „„ქართულ ოცნებას“, ერთობლივ მოლაპარაკებას სთავაზობს, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

ვის დაუჭერს მხარს „ლელო“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე? – „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს დღეს არ უპასუხა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც „ლელოს“ სიით მოხვდა საკრებულოში.

____

ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 16 მანდატი მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 15, „გახარია საქართველოსთვის“ – 3 და „ლელომ“ – 1 მანდატი.

მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულოს წევრები: რეზო ხარაზი, ნინო ბაციაშვილი, აკაკი გვიანიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: