მთავარი,სიახლეები

უკრაინის ომში მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება – აშშ-ის გენერალი

31.05.2022
უკრაინის ომში მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება – აშშ-ის გენერალი

უკრაინაში ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს – ამის შესახებ FOX News-ის ეთერში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში ყველაფერს აკეთებენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„მიმაჩნია, რომ ყოველთვის არსებობს ესკალაციის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ამის შანსები შევაფასოთ. ამას ვაკეთებთ კიდეც. სწორედ ამიტომაც მინისტრი ოსტინი ელაპარაკება თავის კოლეგებს, რუს კოლეგებს, რათა არ დავუშვათ, ეს ომი გადაიზარდოს რაიმე კიდევ უფრო საშინელში, ვიდრე ახლაა“.

მარკ მილი დარწმუნებულია, რომ მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება.

„ახლა დონბასში მნიშვნელოვანი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის. დიდწილად, სწორედ უახლოესი კვირები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში“.

გენერლის აზრით, დონბასის ბრძოლების შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს პოზიციურ ომზე გადასვლა ან რომელიმე მხარის გამარჯვება. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე, ახლა საუკეთესო გამოსავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებია.

„ვვარაუდობ, რომ მოლაპარაკებები ლოგიკური არჩევანი იქნებოდა“, – ამბობს აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კომიტეტის მეთაური. თუმცა, მისი თქმით, მხარეები ამ გადაწყვეტილებამდე თავად უნდა მივიდნენ. – „წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი შეიძლება იყოს რომელიმე მხარის გამარჯვება ან ჩიხი“.

გენერალ მილის აზრით, ჯერჯერობით კვლავ ადრეა იმაზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება დამთავრდეს ომი უკრაინაში, თუმცა „როგორ დამთავრდება ყველაფერი, ეს პრეზიდენტებმა ზელენსკიმ და პუტინმა უნდა გადაწყვიტონ.“

გუშინ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება „ნაკლებად სავარაუდო“ იქნება, თუ აშშ უკრაინას შორსმოქმედ არტილერიას არ მიაწვდის.

მთავარი ფოტო: გენერალი მარკ მილი/აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: