„არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ – ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები თუ სომხები. მე ვფიქრობ, ყველამ, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო ენა“, – ამბობს ჰადი ბადირხანოვი.
20 წლის ჰადი ბადირხანოვი მარნეულიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. მან ბსუ-ში პროგრამით – 4+1 ჩააბარა. იგი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლას ივლისის ბოლოს ამთავრებს.
მას სამომავლოდ მუშაობა საჯარო სამსახურში უნდა, სწავლის გაგრძელებას ბსუ-ში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე აპირებს.
ჰადი გვიყვება, რომ ძალიან მოსწონს ბოლო წლებში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტივიზმი და თავადაც ცდილობს აქტიურობას.
„მე მხარს ვუჭერ კამპანიას – „მასწავლე ქართული ენა უფასოდ“. მინდა, რომ ამ კამპანიას კარგი შედეგი ჰქონდეს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ამ კამპანიის მხარდასაჭერად იქნება საჭირო“, – ამბობს ჰადი.
ჰადის სწავლის ყოველწლიური გადასახადი ბსუ-ში 2250 ლარია. მისი თქმით, სწავლის საფასურის გადახდაში მშობლები ეხმარებიან.
კითხვაზე, რატომ არჩია ბათუმში სწავლის გაგრძელება, ჰადი პასუხობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარნეულთან ახლოსაა დედაქალაქი, მაინც არასდროს სდომებია თბილისში ცხოვრება და იქ სწავლა, რადგან უყვარს ბათუმი და ახარებს, რომ აქ ზღვაცაა.
ჰადი ბსუ-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. მისი თქმით, საერთო საცხოვრებელში 20-მდე ქართველი და 4 აზერბაიჯანელი ცხოვრობენ და ერთმანეთს ყველაფერში ეხმარებიან, ერთად მეცადინეობენ, თამაშობენ და ა.შ.
ჰადი მიიჩნევს, რომ მათთვის, ვისაც არ აქვს სწავლის საფასურის გადახდის საშუალება, სწავლა უფასო უნდა იყოს.
მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები, შუახნის და ხანდაზმული აზერბაიჯანელები შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ მათთვის ქართული ენის ცოდნა არ არის აუცილებელი, მაგრამ მისი შეფასებით, ამ საკითხისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდებს – ისინი მიიჩნევენ, რომ ქართული ენის სწავლა აუცილებელია.
ჰადის ოჯახი ქალაქ მარნეულში ცხოვრობს. გვიყვება, რომ მარნეულში სკოლაში სწავლობდა ქართულს და სკოლაში ქართულ ენაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ის და მისი მეგობრები.
ჰადის თქმით, მარნეულში მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. გვიყვება, რომ მარნეულის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, მართალია, თავის სარჩენად ბოსტნეული მოჰყავთ, მაგრამ მათ დიდ ნაწილს მიწის მცირე ნაკვეთები აქვთ.
„ერთ ოჯახში 5 ოჯახის წევრი მაინც ცხოვრობს და პატარა მიწის ნაკვეთზე ვერაფერს ახერხებენ” – ამბობს ჰადი. მან ასევე გვითხრა, რომ მარნეულს წყლის პრობლემასაც აწუხებს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყალი საერთოდ არ არის, რაც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.