მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს, პარტია უარყოფს

31.05.2022 • 1324
ხელვაჩაურში „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს, პარტია უარყოფს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას – „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი დაატოვებინეს. მესაკუთრის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა ოფისი უკვე დატოვეს.

„არ ვიცოდი ვინ იყვნენ, მერე ვნახე ინტერნეტში, „ალტ-ინფო“ ყოფილა, რაც არ მიმაჩნია ნორმალურად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“  როლანდ ფუტკარაძე, უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც პარტიის ოფისი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა.

„თვეში 1600 ლარს მიხდიდნენ, მაგრამ აგვიანებდნენ გადახდას. ესეც პრობლემა იყო… თავიდან მითხრეს, რომ იმუშავებდნენ რუსეთში ციტრუსის გატანაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რაც არ ყოფილა,“ – გვითხრა როლანდ ფუტკარაძემ.

„რაღაც საუბარი იყო, ძმა ჰყოლია ნაციონალი, მაგრამ ჩვენ ოფისი არ დაგვიტოვებია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ. თუმცა ამავე პარტიის წევრმა მირზა თევთიძემ, რომელიც ხელვაჩაურის ოფისში საქმიანობს, გვიპასუხა: „არანაირი პრობლემა. როგორც ვიცი, უკეთესი ადგილი შეირჩა“.

კონსტანტინე მორგოშიას განმარტებით, თუკი ერთწლიან ხელშეკრულებას მესაკუთრე მოშლის, მათ ორთვიანი ვადა აქვთ და სხვა ოფისს მოძებნიან.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 მაისს, „კონსერვატიული მოძრაობის“ ხელვაჩაურის პარტიის ოფისი უკრაინის დროშის ფერებში შეღება „ალტერნატივას“ აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ. მან წარწერებიც დატოვა ფასადზე: „Putin xuilo“, „Slava Ukraine“ , „სამშობლოს მტრებო!“

„ხათუნა ბერიძის საქმე“  მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 19 მაისს განიხილა. მოსამართლემ ის იერ-სახის დამახინჯების მოტივით 500 ლარით დააჯარიმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „კონსერვატიულ მოძრაობას“ პარტიულ ოფისს ატოვებინებენ. „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი „კონსერვატიულ მოძრაობას“ საოფისე ფართობი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

ტელევიზია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა 2021 წლის ნოემბერში დააფუძნეს პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.

____

მთავარი ფოტო: „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ხელვაჩაურში, მიშა ბოლქვაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: