მთავარი,სიახლეები

სურსათის დეფიციტის თავიდან ასარიდებლად მოგვეცით შეიარაღება – პოდოლიაკი მსოფლიოს

22.05.2022
სურსათის დეფიციტის თავიდან ასარიდებლად მოგვეცით შეიარაღება – პოდოლიაკი მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ყოველკვირეული ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის 19 მაისის გამოცემის მთავარ თემას გამოეხმაურა.

The Economist-ის მიმდინარე კვირის ნომრის გარეკანზე დიზაინერ რიკარდო რეის ილუსტრაციაა, პურის თავთავები, რომლებსაც მარცვლების ნაცვლად თავის ქალები ასხია.

„მოახლოებული სასურსათო კატასტროფა,“ – ასე ჰქვია სტატიას. როგორც თავად გამომცემლობა წერს ტვიტერზე, სტატია მოგვითხრობს, თუ როგორ შეიძლება ომით გამოწვეული მოსალოდნელი მასობრივი შიმშილობის უბედურების მინიმუმამდე შემცირება.

„უკრაინაზე თავდასხმით ვლადიმერ პუტინი გაანადგურებს ბრძოლის ველიდან გაცილებით შორს მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ეს ისეთი მასშტაბის იქნება, მან შესაძლოა ინანოს კიდეც,” – ასე იწყება სტატია, რომელშიც განხილულია ომით გამოწვეული საკვების დეფიციტი. საუბარია უკრაინიდან მარცვლეულისა და ზეთოვანი თესლის ექსპორტის შეჩერებასა და იმაზე, რომ შესაძლოა იგივე მოხდეს რუსეთის შემთხვევაშიც.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ წლის დასაწყისიდან 53%-ით გაზრდილი ხორბლის ფასი 16 მაისს, ინდოეთის მიერ ხორბლის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, კიდევ 6%-ით გაიზარდა. The Economist წერს, რომ ომმა კიდევ უფრო შეარყია კოვიდპანდემიის, გლობალური დათბობისა და ენერგეტიკული შოკისგან ისედაც დასუსტებული გლობალური სასურსათო სისტემა.

„როგორც მოსალოდნელია, თუ ომი კიდევ გაგრძელდება, რუსეთიდან და უკრაინიდან მარაგები იქნება ლიმიტირებული, ასობით მილიონი ადამიანი ჩავარდება სიღარიბეში. გავრცელდება პოლიტიკური არეულობა, დაირღვევა ბავშვების განვითარება და ხალხი იშიმშილებს,“ – ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც, როგორც პოდოლიაკი წერს, მსოფლიოს სთავაზობს მიაღწიონ შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთთან, შავ ზღვაში სურსათის საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ მსგავსი შეთანხმებისთვის რუსეთთან ვაჭრობაზე უკეთესი იდეაა უკრაინის სარაკეტო სისტემებითა და სხვა მძიმე იარაღით მომარაგება.

„სურსათის დეფიციტის გამო შესაძლოა 1,6 მილიარდ ადამიანს არასრულფასოვანი კვება დაემუქროს. ფასების ზრდასთან დაკავშირებით ასობით მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება. ასე პროგრნოზირებს The Economist-ი ომის ეფექტს და მსოფლიოს შავ ზღვაში სურსათის საერთაშორისო გადაზიდვებზე რუსეთსა და უკრაინასთან შეთანხმების მიღწევას სთავაზობს.

ვევაჭროთ ქვეყანას, რომელმაც მძევლები აიყვანა? ჩვენ უკეთესი იდეა გვაქვს. მსოფლიო უნდა შეთანხმდეს MLRS – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და სხვა აუცილებელი მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემაზე, შავ ზღვაში ბლოკადის მოსახსნელად. ამის შემდეგ ყველაფერს თავად გავაკეთებთ,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: