მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი ხორბლის სქემაშია, ის უნდა დასანქცირდეს – ელენე ხოშტარია

11.05.2022 • 2708
ივანიშვილი ხორბლის სქემაშია, ის უნდა დასანქცირდეს – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია „დროას“ ხელმძღვანელმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, 11 მაისს, ბათუმში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსების მიერ მოპარული ხორბლის გატანის სქემაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს.

„მინდა გაგიზიაროთ დამატებითი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სანქციების თავიდან არიდების სქემის შესახებ და კონკრეტული ფაქტები წარმოვადგინო.

7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე. კერძოდ, მან თქვა, რომ პუტინი უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს პრორუსულ ქვეყნებს გაუზიარებს.

8 მაისს ზელენსკიმ ისაუბრა ამაზე, თუმცა თქვა, რომ არ უნდა დაასახელოს კონკრეტული ქვეყნები. თუმცა ის ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთმა მოიპარა მარცვლეული და მას გაუზიარებს პრორუსულ ქვეყნებს.

10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა ანალოგიური განცხადება.

ახლა დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბარს ხორბალთან დაკავშირებით და ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ალი უზდენოვი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში 2016 წლიდან ჩაერთო და ევტუშენკოვის გადაწყვეტილებით შექმნეს სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგი „სტეპი“.  2018 წელს „სტეპმა“, რომელიც სისტემის ნაწილია, აზოვის ზღვაში მარცვლეულის პორტის მშენებლობა დაიწყო. ანუ ალი უზდენოვი და ევტუშენკოვი კონკრეტულად არიან ხორბლის მასშტაბურ ბიზნესში. სხვათა შორის, ღარიბაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ ეს ვიზიტი სწორედ ხორბალს ეხებოდა, თუმცა შემდეგ დაიწყეს ამის უარყოფა,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, დასაბუთებული ეჭვი ჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილი მოპარული ხორბლის გაყიდვის სქემაშია ჩართული.

„ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სქემაში მონაწილეობს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს სქემა არის ბიძინა ივანიშვილის და არა ქართველი ხალხის. შესაბამისად, სანქციებს იმსახურებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი და არა ქართველი ხალხი.

ამიტომ, ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, რომელიც აბსოლუტურად ერთსულოვანია უკრაინის მხარდაჭერაში, უნდა მოვითხოვოთ ყველამ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს სანქცირებული,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარიას თქმით, „ხორბალი მოპარულია და ახლა მსოფლიო აკვირდება რომელ ქვეყნებში მოხვდება ის და რა გზით. სამსჯელოა, ვართ თუ არა ამ ქვეყნებში ჩვენ, მაგრამ ფაქტია, რომ ევტუშენკოვი ბიძინას ელაპარაკა ხორბალზე და გამოაგზავნა კაცი, რომელიც არის ხორბლის ბიზნესში. ძალიან ლეგიტიმური ფაქტები არსებობს, რომ ამ სქემაში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს“.

ხოშტარია შეეხო ნახატების გატანის საკითხსაც. მისი თქმით, უკავშირდება თუ არა ეს საკითხი სანქციებს, ამაზე ინფორმაცია უნდა მოვისმინოთ საერთაშორისო პარტნიორებისგან.

„არ მინდა ამაზე სპეკულაცია, დაველოდოთ განმარტებას, უკავშირდება ეს კონკრეტულად სანქციებს, თუ უბრალოდ ტექნიკური საკითხია, მაგრამ კობახიძის და „ქართული ოცნების“ ისტერიკა ამ საკითხზე აჩვენებს, რომ მათ ღიად დაიწყეს დაპირისპირება დასავლეთთან, იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ შევისწავლით, გავარკვევთ საკითხს, არამედ პირდაპირ დაიწყეს თავდასხმა დასავლეთზე.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ეს შიშები მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც დისკომფორტი აქვს, ისინი ამას უკავშირებენ შესაძლო სანქციებს და არიან ძალიან აღელვებული,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს ბათუმში პარტიის ოფისს ხსნის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: