მთავარი,სიახლეები

პირველი რუსი სამხედრო, რომელსაც უკრაინაში გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლებენ

30.05.2022
პირველი რუსი სამხედრო, რომელსაც უკრაინაში გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლებენ

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში ომის დროს ჩადენილი გაუპატიურების პირველი საქმე გაგზავნა.

ბრალდებული მიხაილ რომანოვია, რომელსაც ბრალად ედება კიევის ოლქში ადგილობრივი მცხოვრების მკვლელობა და მისი ცოლის გაუპატიურება. ის პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც სექსუალური ძალადობის ბრალდებით გაასამართლებენ.

საქმის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ დაწერა.

გამოძიების მტკიცებით, ომის დანაშაულები 239-ე პოლკის 90-ე გვარდიის სატანკო დივიზიის სამხედრო მოსამსახურემ, მიხიალ რომანოვმა, 2022 წლის მარტში, ოკუპირებულ ბროვარსკის რაიონში ჩაიდინა. ბრალდების თანახმად, ის ერთ-ერთ სოფელში, კერძო სახლში შევარდა და სახლის მეპატრონე მოკლა. კაცის მკვლელობის შემდეგ კი, მთვრალმა რომანოვმა და სხვა სამხედროებმა რამდენჯერმე გააუპატიურეს მისი ცოლი. ქალს თან იარაღით ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, რომ იძალადებდნენ მის არასრულწლოვან შვილზეც, რომელიც იმ დროს იქვე იმყოფებოდა.

გენერალური პროკურორი აღნიშნავს, რომ მიხაილ რომანოვი ამჟამად უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფება, თუმცა მას აუცილებლად დააკავებენ და პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულისთვის.

ირინა ვენედიქტოვამ მიმართა ყველას, ვისაც შეიძლება დამატებითი ინფორმაცია ჰქონდეს მიხაილ რომანოვის მიერ ჩადენილი სხვა სამხედრო დანაშაულების შესახებ, აცნობონ სამართალდამცველებს.

გენერალურმა პროკურორმა ასევე მოუწოდა ომის დროს ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, რომ როდესაც კი ამისთვის მზად იქნებიან, მიმართონ პროკურატურას.

უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ არაერთხელ ისაუბრა გაუპატიურების ფაქტებზე ომის პერიოდში, მათ შორის არასრულწლოვანებზე. მისი თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია დასახლებული პუნქტების ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების მასშტაბის შეფასება.

მთავარი ფოტო: ფოტოკოლაჟი – მიხაილ რომანოვი, ირინა ვენედიქტოვა/ფოტოები ირინა ვენედიქტოვას ფეისბუქ გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: