მთავარი,სიახლეები

ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს

30.05.2022 • 1681
ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე საკრებულოს მანდატს ტოვებს.

ამის შესახებ დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, ნერიმან ცინცაძემ. მისი თქმით, ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს განცხადებით უკვე მიმართა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომაზე ირაკლი კუპრაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დატოვა მან საკრებულო. კუპრაძემ აღნიშნა, რომ ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება.

„მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ მოწვევის საკრებულოში, მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სხვა ფლანგზე ბრძოლით. ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ შრომას, ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივრისთვის იმ მხარდაჭერის ფარგლებში. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას,“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ნახეთ ირაკლი კუპრაძის კომენტარი: 

დღეს, 30 მაისს, ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად შეიკრიბა ჯერ კიდევ 2021 წლის 2 ოქტომბერს არჩეული საკრებულო, რომელიც ამ დრომდე ვერ მუშაობდა.

ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომა ვერ დასრულდა. მიზეზი ამ დრომდე კვორუმის არარსებობა იყო. „ოცნებას“ 2 აპრილის არჩევნების შემდეგ უკვე საკმარისი ხმები აქვს თავმჯდომარე აირჩიო სიით შემადგენლობის უმრავლესობით, მაგრამ იმისთვის, რომ საკრებულოს ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ეცნო, კვორუმი უნდა შემდგარიყო, რისთვისაც 18 კაცი უნდა შეკრებილიყო.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ცესკომ ცნო არჩევნების შედეგების საფუძველზე და მას კვორუმი და ოპოზიციის ჩართულობა აღარ დასჭირდა.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ის საკრებულოში უკვე 17 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციასაც, თუმცა მე-18 ხმა ირაკლი თავდგირიძეს ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას პოლიტიკური გუნდიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში და განაცხადა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: