მთავარი,სიახლეები

„კანონს არღვევენ“ – საია საარჩევნოდ 338 ადამიანის ბათუმში, ერთ მისამართზე ჩაწერაზე

29.03.2022 •
„კანონს არღვევენ“ – საია საარჩევნოდ 338 ადამიანის ბათუმში, ერთ მისამართზე ჩაწერაზე

„მისამართი უნდა იყო დაზუსტებული. კანონი ავალდებულებს რეესტრს ზუსტი მისამართის დადგენას. დამისამართების პრობლემა ბევრგან არსებობს და ეს გამოიყენა მმართველმა გუნდმა თავის სასარგებლოდ… ამ შემთხვევაში რეესტრი კანონს არღვევს,“ – გვიპასუხა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, როცა მას ვკითხეთ წინასაარჩევნოდ ასობით ადამიანის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ბათუმში გადმოწერაზე, კონკრეტულად კი, „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“.

ამ მისამართზე „ოცნების ქალაქია“ – ადგილი, სადაც ასეულობით ოჯახი წლებია საცხოვრებელს ითხოვს, ბოლო გადაწყვეტილებით კი, იქ მთავრობა მათთვის კორპუსებს აშენებს. თუმცა ბარაკებში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იციან ზუსტად, ვის მოუწევს ბინა. რამდენიმე დღის წინ აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატთან – რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად თორნიკე რიჟვაძეც გამოჩნდა და ადამიანებს ბინების გადაცემას დაჰპირდა.

„მიმდებარედ“ – ასე გაურკვევლად უწერია მისამართი დაახლოებით 338 ამომრჩეველს, რომლებმაც წინა არჩევნებზე ხულოში, შუახევში, ქობულეთში თუ წალკაში უკვე გააკეთა არჩევანი. მათ ახლა, 2 აპრილსაც მოუწევთ „გადამწყვეტ“ არჩევნებზე წასვლა. გადამწყვეტზე იმიტომ, რომ ეს არჩევნები გადაწყვეტს: ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა.

დღეს, 29 მარტს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და „ქართული ოცნების“ კანდიდატის – რამაზ ჯინჭარაძისთვის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 48 საათი აქვს. ოპოზიციის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს სქემა გამოიყენა ამომრჩევლის მოსასყიდად.

„აქამდეც ოცნების ქალაქში ვცხოვრობდით, რეგისტრაცია არ გვქონდა უბრალოდ,“ – ეს რამდენიმე ადამიანმა გვითხრა, რომლებიც ბათუმის მე-4 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლები 2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდნენ. მათ ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტეს ბათუმში საცხოვრებელი რეგისტრაციის გავლა ახლა, არჩევნების წინ, როცა წლების განმავლობაში ეს სურვილი არ გასჩენიათ.

„მე, პირადად, ოპერაციის გაკეთება მჭირდება და ამიტომ გავაკეთე ეს რეგისტრაცია. მითხრეს, რომ ბათუმის მცხოვრები თუ ვიქნებოდი, მივიღებდი დაფინანსებას ბათუმის ბიუჯეტიდან… დაახლოებით 20 დღის წინ გავიარე რეგისტრაცია ბათუმში. ისე, 10 წელია უკვე „ოცნების ქალაქში“ ვცხოვრობ,“ – გვითხრა რევაზ შაინიძემ, რომელიც მანამდე ქობულეთის სოფელ ოჩხამურში იყო რეგისტრირებული.

ადამიანები, რომლებმაც წინასაარჩევნოდ გადაწყვიტეს ბათუმში რეგისტრაცია, ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არჩევნებს საერთოდ არ უკავშირდება და არც „ქართული ოცნების კანდიდატს რამაზ ჯინჭარაძეს, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის სტატუსით ყველაზე აქტიურად იყო დაკავშირებული ხელისუფლებიდან „ოცნების ქალაქთან“.

„სოციალურში გავიგე შემთხვევით და განცხადება დავწერე,“ – ამბობს როზეტა მაისურაძე. ისიც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. მისი თქმით, მას წლების განმავლობაში არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეეძლო საცხოვრებელი რეგისტრაციის გავლა იმის მიუხედავად, რომ ქონების მესაკუთრე არ იყო.

„ჩაწერის თაობაზე თავად გავიგე, ეგეც დამალული ინფორმაციაა და თუ არ იცი უფლებები, ვერც ვხვდებით გლეხები, კარგი იქნება, საჯარო რომ იყოს მსგავსი ინფორმაცია და უფლებები… „ოცნებიდან“ არავის არაფერი არ უთქვამს. მე, უბრალოდ, საბუთებისთვის გავაკეთე მისამართი, ზუსტი რომ მქონოდა ამჟამინდელი, სადაც ვარ,“ – გვითხრა როზეტა მაისურაძემ.

„წინა არჩევნებმაც აჩვენა, რომ ზოგჯერ ერთი და ორი ხმაც გადამწყვეტია. როცა ასეულობით ადამიანს ასე არეგისტრირებენ, ეს აჩენს ეჭვს ამომრჩევლის მოსყიდვასა და იძულებაზე,“ – ამბობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე და ყურადღებას ამახვილებს „ოცნების ქალაქში“ თორნიკე რიჟვაძის სტუმრობაზე, რომელიც ბინების გადაცემას დაჰპირდა ადამიანებს.

მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები ტარდება, სულ 20 635 ამომრჩეველია.

საია-ში მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაწყებულიყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის და იძულების მუხლით და სამართალდამცველებს მოეკვლიათ ინფორმაცია. იურისტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულთანაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება.

კიდევ ერთი დეტალი – იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ამომრჩეველმა, საჭიროა საცხოვრებლის რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის არაა საჭირო რომელიმე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო, მაგრამ ამ პროცედურის გასავლელად თქვენ დაგჭირდებათ მესაკუთრის თანხმობა, ან ორი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ თქვენ ამ უძრავ ქონებას იკავებთ. საცხოვრებელი რეგისტრაციის გავლა არ ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრე ხდებით, თუმცა, მაგალითად, შეგიძლიათ იმ უბანზე ხმა მისცეთ.

თითოეულ ამომრჩეველს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი მისამართი.

ამ შემთხვევაში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები მესაკუთრეები არ არიან. ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას იკავებენ.

რატომ დათანხმდა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ასეულობით ადამიანისთვის საცხოვრებელი რეგისტრაციის გავლას? – ეს კითხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში დავსვით, სადაც გვითხრეს, რომ მათ თანხმობა არ გაუციათ და არ აქვთ ინფორმაცია, როგორ გაიარეს ადამიანებმა რეგისტრაცია აჭარის ქონებაზე.

„ოცნების ქალაქში“ კი გვითხრეს, რომ „მესაკუთრის თანხმობა არ დასჭირდათ“ და იუსტიციის სახლში, როცა განაცხადი დაწერეს, მათთან ერთად სხვა არავინ იყო.

„გვითხრეს, რომ არ იყო ეს საჭირო. განცხადება დაიტოვეს და სულ ეს იყო,“ – გვითხრა რევაზ შაინიძემ „ოცნების ქალაქიდან“.

___

ამავე თემაზე:

ენმ: ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში 1053-ით მეტი ახალი ამომრჩეველია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: