მთავარი,სიახლეები

„ჯილდო არ ამიღია, არ მცალია, ომში ვარ“ – უკრაინის გმირი, რომელიც კიევს იცავდა

30.05.2022 • 24520
„ჯილდო არ ამიღია, არ მცალია, ომში ვარ“ – უკრაინის გმირი, რომელიც კიევს იცავდა

განათლებით ისტორიკოსი ვასილ ბოეჩკო ახლა უკვე უკრაინის გმირია – არტილერისტი სამხედრო სამსახურში 2015 წელს გაიწვიეს. მაშინ ის 40 წლის იყო.

რეზერვის უფროსი ლეიტენანტი პირველად გაგზავნეს ყოველთვიურ გადამზადების კურსზე სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში. ორ კვირაში, წვრთნის დამთავრების შემდეგ კი, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში წავიდა და ქვეითი რეაქტიული არტილერიის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური გახდა. უკრაინის ცოცხალი გმირის შესახებ ვრცელ სტატიას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

რეზერვის უფროსი ლეიტენანტი, პირველად ჰეტმან პეტრო საგაიდაჩნის სახელობის სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში გაგზავნეს გადამზადების კურსზე. ორ კვირაში კი, წვრთნის დამთავრების შემდეგ, ის უკვე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იმყოფებოდა – ერთ-ერთი ქვეითი ბრიგადის, რეაქტიული საარტილერიო ბატარეის მეთაურის თანამდებობა დაიკავა.

ასე დაიწყო სერტიფიცირებული ისტორიკოსის, ვასილ ბოეჩკოს სამხედრო კარიერა, რომელიც არტილერისტი და ახლახან კიმუკრაინის გმირი გახდა.

17 წლის იყო, როცა ჩერნივცის ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. სურდა მეტი გაეგო უკრაინაზე, საბედისწერო და მღელვარე ამბებზე, რაც ამ მიწაზე მომხდარა.

ბოეჩკო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ არქეოლოგიურ ექსპედიციებში იღებდა მონაწილეობას ხშირად და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, ქვის იარაღების ნაშთები და სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა აქვს ნაპოვნი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 5 წელი მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად სოფლის სკოლაში. მერე დაქორწინდა და ქალიშვილი შეეძინა.

მასწავლებლის ხელფასი ოჯახისთვის საკმარისი არ იყო – ვასილმა თურქეთიდან ხალიჩების ჩამოტანა და გაყიდვა დაიწყო.

მრავალი წლის განმავლობაში უკრაინის შსს-ს რეგიონული სამმართველოს საგზაო პატრულის სამსახურის უფროსი ინსპექტორი, პასუხისმგებელი იყო მძღოლებსა და ქვეითებზე.

ისტორიკოსი მსროლელად გაამწესეს, რადგან ჩერნივცის ეროვნული უნივერსიტეტის სამხედრო სწავლებასაც გადიოდა და სროლას სწავლობდა – თეორიულად იცოდა, რისთვისაა საჭირო ღია და დახურული საცეცხლე პოზიციები და როგორაა ისინი აღჭურვილი.

თუმცა პრაქტიკა ისტორიკოს ვასილ ბოეჩკოს არ ჰქონდა და ეს პრაქტიკა მან წვრთნებისას, შემდეგ კი ომში მიიღო.

2015 წლის ომში, რეაქტიული საარტილერიო დანაყოფის მეთაურმა, პირველად გამოცადა ზალპური ცეცხლის სისტემების ძალა.

„მოწყენის დრო არ იყო, ომიც შრომაა, ოღონდ მძიმე შრომა. 8, 9 თვე ანტიტერორისტულ ოპერაციებში გადაბმულად ყოფნა, შემდეგ დაბრუნება მუდმივი განთავსების პუნქტში და მერე ისევ როტაცია დონბასში, რთული შრომაა,“ – ამბობს არტილერისტი.

„მისი ქვედანაყოფი მობილიზებული სამხედროებისგან შედგება, მათი კოორდინაცია ძირითადად ფრონტის ცხელ წერტილებსა და მინდვრებში, ველზე ხდება. ბოეჩკოს ქვედანაყოფი ახლაც, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც იმ შემადგენლობით იბრძვის, რა შემადგენლობითაც 2015 წელს იბრძოდა.

ბოეჩკოს დანაყოფის არცერთი წევრი ტყვედ არასდროს ჩავარდნილა და ეს უკრაინული არმიის ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენია საარტილერიო ქვედანაყოფებს შორის.

აღმოსავლეთის ფრონტიდან შინ ვასილი 2022 წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა, 4 იანვარს ოჯახთან ერთად 47 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ შინ ყოფნა არ დასცალდა – 24 თებერვალს ომი დაიწყო.

არტილერიის ოფიცერი ბოეჩკო 26 თებერვალს შეუერთდა ჯარებს, როცა მთელი უკრაინული არმია რუსების თავდასხმას იგერიებდა“ – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო.

„რვა თანამებრძოლი ომის პირველსავე დღეებში დამეღუპა, ხუთი დაიჭრა. ასე, ერთ წამში…“ – იხსენებს მეთაური ბოეჩკო.

მას დაევალა, რუსების თავდასხმა მოეგერიებინა ვიშგოროდში, დედაქალაქის ჩრდილოეთით, ასევე ლუცკის ხიდზე უნდა მოეგერიებინა მტრის თავდასხმები მოშჩუნიდან, ბუჩადან და ირპენიდან.

27 თებერვალს კაპიტან ბოეჩკოს არტილერიამ ბუჩაში გაანადგურა რუსების სამხედრო ტექნიკის კოლონა და მოშჩუნში საბრძოლო მასალების საცავი. თუმცა მტრის თავდასხვამაც არ დააყოვნა.

„14 მარტს საშინელება მოხდა. რუსი დამპყრობლების მორიგ დაბომბვისას ჩემი ხელქვეითი და მეგობარი, ალექსანდრე ლაპუნსკი დაიღუპა. მას სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. გამოუსწორებელი დანაკარგია მთელი ჩვენი ქვედანაყოფისთვის“, – ამბობს ბოეჩკო.

ბოეჩკოს არტილერისტებმა გაანადგურეს რუსების საბრძოლო და სპეცტექნიკის ათობით ერთეული, ეს დანაყოფი სახანძრო დავალებებსაც ასრულებს ფრონტზე.

ბოეჩკოს დანაყოფმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანა შეასრულა: შეაჩერა მტრის კონტრშეტევა დედაქალაქზე სოფელ მოშჩუნიდან, რომელიც კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

„ჩვენი დანაყოფები ნოვისა და სტარი პეტრივცის მიდამოებში იყო განლაგებული. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება ყველაფერში იგრძნობოდა: ფართობის გამოყოფა, ტრანსპორტი, საკვები. და იცით, რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი? ხალხი, სოფლის უბრალო მცხოვრებლები: კაცები, ქალები, ბავშვები… დღედაღამ ჩვენ გვერდით მუშაობდნენ – გადაზიდვასა და აღჭურვაში გვეხმარებოდნენ.

და თვალები… მათ თვალებში დიდი სევდა იყო. დიდი სევდა, მაგრამ ამავე დროს იმედიც!“ – ამბობს ბოეჩკო.

ოფიცრის თქმით, ამ დასახლებებში მოეწყო საევაკუაციო ცენტრი, სადაც ყოველდღიურად 300-400 უკრაინელი ჩამოჰყავდათ ბუჩადან, ირპენიდან და ომით განადგურებული სხვა დასახლებებიდან. ბოეჩკო იხსენებს, რომ სოფლამდე ფეხით მოდიოდა ხალხი, ჭურვებზე აბიჯებდნენ და 10 კილომეტრს, ხანდახან მეტსაც გადიოდნენ სამშვიდობოს რომ გაეღწიათ.

ვასილი იხსენებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას: როგორ დაშავდა ქალი 7 წლის ვაჟით, მისი 2 წლის გოგო კი რუსი დამპყრობლების ჭურვს შეეწირა.

იხსენებს, როგორ ჩავიდა არტილერიის დანაყოფამდე სოფელში ქალი საბავშვო ეტლით, შიგ 5 თვის ბავშვი იყო. როცა სამხედროებმა მას ჰკითხეს, თუ საიდან ჩამოვიდა, ქალმა ვერაფერი უპასუხა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი მის სახლში შეჭრილმა ოკუპანტებმა უთხრეს, რომ ან სახლი უნდა დაეტოვებინა, ან დახვრეტდნენ.

ბოეჩკომ რუსი ოკუპანტების ფართომასშტაბიანი შეტევა ომის პირველი თვიდან გამოცადა. ქვედანაყოფის საშუალებით კიევის რეგიონში მისმა სიმამაცემ ქალაქის ბედი გადაწყვიტა: ხიდი დაიცვა და მტერი არ შეუშვა კიევში, არ მისცა შესაძლებლობა გარს შემორტყმოდნენ დედაქალაქს.

ამ სიმამაცისთვის ვასილ ბოეჩკოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 2022 წლის 10 მარტის ბრძანებით. უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა.

ბოეჩკომ ამ უმაღლესი სამხედრო ჯილდოს შესახებ მეგობრისგან შეიტყო, მეგობარმა კი ინტერნეტით გაიგო ყველაფერი.

„თავიდან არ მჯეროდა, მერე ვუყურე ინტერნეტში, რომ კი, ჩემზე ლაპარაკობდა პრეზიდენტი. ჯილდო ჯერ არ მიმიღია, არ მცალია, ომში ვარ, პოზიციებზე, რომლის დატოვებაც არ შეიძლება. ამის შესახებ იცის დედაჩემმაც, ჩემმა ცოლმაც და ქალიშვილმაც.

ამაყი ვარ იმ ხალხით, ვისაც ვემსახურები, უკრაინა მისი მამაცი გოგო-ბიჭებით დაუპყრობელი ქვეყანაა, დავამარცხებთ და განვდევნით მტერს ჩვენი მიწიდან“, – ამბობს უკრაინის გმირი.

ვასილ ბოეჩკო უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.


წყარო: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო: armyinform

მთავარ ფოტოზე: არტილერისტი, უკრაინის გმირი ვასილ ბოეჩკო/ფოტო: armyinform

გადაბეჭდვის წესი


ასევე: