მთავარი,სიახლეები

„თუ არ ვიმოქმედებთ, საზღვაო აკადემიამდე ისევ ამოვა ზღვა“ – ინტერვიუ ექსპერტთან

06.02.2022 • 5629
„თუ არ ვიმოქმედებთ, საზღვაო აკადემიამდე ისევ ამოვა ზღვა“ – ინტერვიუ ექსპერტთან

„კატასტროფამდე მივალთ, თუ არ ჩავყრით ინერტულ მასალას ზღვაში,“ – მიიჩნევს გეოლოგი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი ტარიელ ტუსკია, რომელსაც ზღვის მიერ ბათუმის სანაპირო ზოლის დაზიანებაზე ვესაუბრეთ – მორიგი შტორმის დროს ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ზღვამ წაიღო, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

  • ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, რა არის საჭირო ბათუმის სანაპირო ზოლის გადასარჩენად?  

პირველ რიგში, საჭიროა დასხდნენ სპეციალისტები და გამოხატონ პოზიციები. ჩემი მოსაზრება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ასე უნდა გაკეთდეს.

ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტურია ზღვის ხელოვნური კვება, ანუ ზღვაში ინერტული მასალის პერიოდულად შეტანა, შემდეგ ზღვა ამას თავად ანაწილებს. ზღვის აბრაზია ხშირად ხდება ამ მონაკვეთში. ახალ ბულვარში, რომელიც ახლა შტორმმა ძლიერ დააზიანა, ადრე გემთმშენებელი ქარხანა იყო და კომუნისტების დროსაც ხდებოდა ნაპირის წართმევა. დაახლოებით 2009 წელს ჩვენ დავიწყეთ ნაპირგამაგრება ამ ტერიტორიაზე ინერტული მასალის შეტანით. მაშინ 100 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა შევიტანეთ ზღვაში და მოხდა პლაჟის გასწორხაზოვნება, რამდენიმე მონაკვეთში 10 – 15 მეტრით მოიმატა კიდეც პლაჟმა აბრაზიულ მონაკვეთში. შემდეგ წლებში მე აღარ გამიგია, რომ ინერტული მასალა ვინმეს შეეტანოს ზღვაში.

  • რატომ შეჩერდა ინერტული მასალის შეტანა, ანუ ზღვის ხელოვნური კვება? ხომ არ ჰქონდა ამ ჩარევას რამე უარყოფითი გავლენა? 

შეჩერდა ალბათ დაფინანსების გამო, სხვა უარყოფითი გავლენა მე არ გამიგია… შედეგი იყო აშკარად სახეზე: აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია თითქმის მთლიანად იყო წარეცხილი, ადლიაშიც გახსოვთ, სახლებს როგორ გამოურეცხა საძირკველი ზღვამ, ახლა იმ ადგილზე გზა გადის და უსაფრთხო გახდა ის მონაკვეთი.

რაც საკუთარი თვალით ვნახე, ინერტული მასალის ჩაყრამ ჩვენ მოგვცა შედეგი.

ჩვენ მარტო გამოვყავით უბნები, სადაც შეიძლებოდა ინერტული მასალის ზღვაში შეტანა, ვყრიდით ამას ტრაქტორით, ზღვა შტორმის დროს თვითონ ანაწილებდა ამას.

ისეთი ამბავიც შეგვემთხვა ერთხელ, რომ 60 ათასი კუბური მეტრი მასალა ჩავყარეთ აეროპორტის მიმდებარედ, იმ ღამეს იყო ძლიერი შტორმი და მთლიანად, ერთიანად გაიტაცა ზღვამ ინერტული მასალა, კინაღამ პროკურატურაში გვარბენინეს, სად წავიდა ამდენი მასალა ასე უცებო. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ყველაზე ეფექტური.

ტარიელ ტუსკია – გეოლოგი

  • ბულვარის დაზიანებულ მონაკვეთამდე პლაჟზე ჩაწყობილია ქვის ლოდები. თქვენი აზრით, ამ ლოდებმა რატომ ვერ დაიცვა სანაპირო წარეცხვისგან? 

მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამ ლოდების ჩაწყობის. მე გეოლოგი ვარ და ნაპირდაცვის უძლიერესი სპეციალისტი საშა ხორავაც გახსოვთ თქვენ, რომ ამის წინააღმდეგი იყო. წინააღმდეგი იყო შოთა ფაღავაც… ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენთან მწვანე კონცხამდე ზღვის სანაპირო არის სხვა გეოლოგიური აგებულების, ვიდრე, მაგალითად, მეზობელ თურქეთში, სადაც ლოდების ჩაწყობით დაახლოებით 10 მეტრი სანაპირო წაართვეს ზღვას. ჩვენთან თურქეთისგან განსხვავებით არაა კლდოვანი ნაპირი.

ბათუმში მდინარეების ნატანია ქვემოთ, ქვების ჩაწყობით ეს არ გაჩერდება არაფრით, მწვანე კონცხამდე სულ სხვა სიტუაციაა, 100 – 150 მეტრამდე მდინარე ჭოროხის ნატანია და წვრილმარცვლოვანი ქანია, კლდოვანი არაა არაფერი.

ჩვენი სანაპირო არის მდინარე ჭოროხის დელტა და ჭოროხს გრამი ნატანი აღარ შემოაქვს ჰესების აშენების შემდეგ. ჩვენ კატასტროფამდე მივალთ, თუ არ ჩავყრით ინერტულ მასალას ზღვაში.

  • რა შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში, თუ არ დაიწყება ნაპირგამაგრება? 

წლების წინ ზღვა ახლანდელ საზღვაო აკადემიამდე ამოდიოდა. ეს ცნობილია და ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია ფოტოები ნახოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიცაა გამოკრული.

წარეცხვა შესაძლოა გაგრძელდეს ძველ ბულვარშიც და ამ პროცესს ვერ შეაჩერებ, თუკი ზღვას ხელოვნურად არ გამოვკვებავთ. ზღვას სჭირდება საკვები, როგორც მშიერ ადამიანს და თუ მან ეს ვერ მიიღო, მიიტაცებს სანაპიროს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: