ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ ამბობს ბათუმის მერია უარს ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლაზე – უპატრონო ნაპირი

13.02.2022 • 2464
რატომ ამბობს ბათუმის მერია უარს ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლაზე – უპატრონო ნაპირი

ბათუმში ბოლო პერიოდში აშენებული ნაპირდამცავი ნაგებობების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, რის გამოც ზიანდება როგორც თავად ეს ნაგებობები, ასევე სანაპირო, რომლის ნაწილი ზღვამ უკვე მიიტაცა.

ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების მთავარი მიზეზი ისაა, რომ აღარ შეაქვთ ზღვაში ნატანი ხელოვნურად.

ბოლო სამ თვეში შტორმმა ახალ ბულვართან [ინფრასტრუქტურაზე რომ არაფერი ვთქვათ] 300 მეტრი სიგრძის სანაპირო ისე დააზიანა, რომ სასეირნო ბილიკიდან ზღვაზე ჩასვლა სპეციალური კიბის მოწყობის გარეშე უკვე ვეღარ მოხერხდება.

ნაპირდამცავი ნაგებობების აღრიცხვასა და შემდგომში მის მოვლა-პატრონობაზე – როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული – ვერ თანხმდებიან: ბათუმის მერია, გარემოს ეროვნული სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი. ნაგებობების მშენებლობებში მერია ჩართული არ ყოფილა, თუმცა არც აშენებულ ქონებას იბარებს.

საუბარია ჯამში 68,8 მილიონი ლარის ნაპირდამცავ ნაგებობებზე, რომელთა ნაწილს, როგორც სახელმწიფო აუდიტი აღნიშნავს, შემოწმების პერიოდისთვის ვერც კი მიაკვლიეს.

აუდიტის მიხედვით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ირიცხება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული 13 337 285 ლარის საწყისი ღირებულების ნაპირსამაგრი ნაგებობები, რომლებიც სააგენტოს არაერთი მიმართვის მიუხედავად, ბათუმის მერიამ საკუთრებაში არ მიიღო.

აუდიტის ინფორმაციით, მერიაში აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ნაპირსამაგრი ნაგებობებია, მდებარეობს ზღვაში და, შესაბამისად, ვერ განიხილება, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ქონება.

„აუდიტის ჯგუფმა მერიის წამომადგენელთან ერთად, აღნიშნული ნაგებობების შესაძლო ადგილმდებარეობები დაათვალიერა, თუმცა მდინარე ჩაქვისწყლის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის [საწყისი ღირებულება − 141 250 ლარი] გარდა, სხვა ნაგებობები ვერ იქნა აღმოჩენილი“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ჭოროხის ხიდიდან მდინარის გასწვრივ [ორივე მხარეს] ნაპირსამაგრი კედლის [საწყისი ღირებულება − 12 977 492 ლარი], მწვანე კონცხზე − ნავმისადგომთან ტალღმტვრევის [საწყისი ღირებულება − 97 543 ლარი] და ტრავერსების [საწყისი ღირებულება − 121 000 ლარი] ფაქტობრივი მდგომარეობის გარკვევის მიზნით, აუდიტის ჯგუფის და შემდეგ მერიის მოთხოვნით საჭირო იყო ადგილმდებარეობის კოორდინატების დაზუსტება, თუმცა, პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოდან არ მიუღიათ, რაც არამართლზომიერი ქმედებების რისკებს წარმოშობს.“

აღნიშნული საკითხით სამართალდამცავებიც დაინტერესდებიან, ვინაიდან შესაბამისი მასალები აუდიტმა გენერალურ პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სხვა დაწესებულებების დაკვეთით აშენებული 68,8 მილიონი ლარის შენობა-ნაგებობების აღრიცხვასთან დაკავშირებით, არსებული შეუთანხმებელი საკითხები უარყოფითად მოქმედებს ქონების მოვლასა და სათანადო ექსპლუატაციაზე, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვა განაპირობოს“, – აცხადებს აუდიტი.

ბათუმის მერიის საკუთრებაში ამ დრომდე არ არის გადაცემული ნაპირდამცავი ნაგებობა ახალი ბულვარიდან/პირსიდან [რომელიც ზღვამ დეკემბერში ნაწილობრივ დაანგრია] აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთში.

აქ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითაარების ფონდმა განახორციელა პროექტი, რომლის ღირებულებამ 55,6 მილიონი ლარია – სანაპირო ზოლზე აშენდა 1750 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა [ქვის წყობა – ბერმა], დაიგო ბულვარის ახალი საფარი, პლაჟი შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.

„ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ წამოიჭრა საკითხი ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიციის შესაბამისად, პროექტის ფარგლებში შექმნილი ქონების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები ბათუმის მერიამ უნდა განახორციელოს, მათ შორის, სანაპირო ზოლის კვება [ინერტული მასალის შეტანა]. მერიის განმარტებით კი, შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე [იგულისხმება ფინანსური და ადამიანური რესურსი, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება] ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

„აუდიტის მიმდინარეობისას ჩატარებული დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ნაგებობის მოვლა-შენახვა არ არის უზრუნველყოფილი, სანაპირო ზოლში არ არის შეტანილი ინერტული მასალა, რის შედეგადაც ზღვაში აღმოჩნდა სანაპიროს გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსით შექმნილი ქონება, მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურას შორის შეუთანხმებლობის გამო, შეიძლება დაზიანდეს, რაც დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული“, – აცხადებს აუდიტი.

აღნიშნული ნაგებობა შტორმის დროს უკვე ზიანდება, თუმცა პროცესის შესაჩერებლად ამ დრომდე არაფერი კეთდება.

52 მილიონად გამაგრებული ნაპირი ბათუმში, სადაც პლაჟის აღდგენას ჯერ არავინ აპირებს

ნაპირდაცვითი ღონისძიებების არჩატარების გამო ბიუჯეტიდან დამატებით ფინანსები უკვე იხარჯება – დაზიანებულ სანაპიროსთან გადარჩენილი სხვადასხვა ინვენტარის დემონტაჟში, დასაწყობებაში [შემდეგ თანხა დაიხარჯება მათ ხელახლა დამონტაჟებასა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში – დანგრეულია პირსი, ზღვმ მიიტაცა სანაპირო, სკამები, დანგრეულია სასეირნო ბილიკი, დაზიანდა გარეგანათებისა და წყლის სისტემები].

ეს 300-მეტრიან მონაკვეთში ბოლო სამი თვის ზარალია, რომლის ოდენობაც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ დაუთვლია.

ზღვა ნელ-ნელა ანგრევს ანალოგიურ ნაგებობას [ქვის ბერმას], რომელიც ადრე აშენდა აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ჭოროხის შესართავის მიმართულებით. ამ ნაგებობის სიგრძე 1 კილომეტრია და მის ასაგებად სულ ცოტა 5 მილიონი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. 

ნაპირდამცავ ბერმას, რომელიც 2015 წელს აშენდა, ზღვა შლის / 12.02.2022

ნაპირდამცავ ბერმას, რომელიც 2015 წელს აშენდა, ზღვა შლის / 12.02.2022

ნაპირდამცავ ბერმას, რომელიც 2015 წელს აშენდა, ზღვა შლის / 12.02.2022

„ახალი“ და „ძველი“ ბერმა ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / 12.02.2022


[crosslist]

  • ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგება;
  • ამას დაემატა მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობა თურქეთში, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა; შემდეგ ამას დაერთო ჰესების მშენებლობა ჭოროხზე საქართველოში და ასევე მდინარე აჭარისწყალზე;
  • ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალები კი, ნაპირგამაგრების ნაცვლად მშენებლობებზე გამოიყენება.
  • შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა, შეწყდა ხელოვნური კვებაც. ამან გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რაც დღესაც გრძელდება.

[/crosslist]


ბათუმის პლაჟების შესანარჩუნებლად არსებობს ერთადერთი გზა – ინერტული მასალის ზღვაში ხელოვნურად შეტანა:

„თუ არ ვიმოქმედებთ, საზღვაო აკადემიამდე ისევ ამოვა ზღვა“ – ინტერვიუ ექსპერტთან

გადაბეჭდვის წესი